რა მიიჩნევა პირად მიმოწერად და როდის ითვლება მისი გასაჯაროება ადამიანის პირადი ცხოვრების ხელყოფად - ადვოკატი საუბრობს - მშობლები

რა მიიჩნევა პირად მიმოწერად და როდის ითვლება მისი გასაჯაროება ადამიანის პირადი ცხოვრების ხელყოფად - ადვოკატის განმარტებები

2026-11-04 10:55:11+04:00

ადვოკატი, ადვოკატთა ასოციაციის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კომიტეტის თანათავმჯდომარე, ზაზა დათუკიშვილი, გადაცემაში "ახალი დღე" საუბრობს, რა მიიჩნევა პირად მიმოწერად, რა შემთხვევაშია მიმოწერის საჯაროდ გავრცელება დანაშაული და როდისაა გამონაკლისი დასაშვები:

- დღევანდელ მდგომარეობასა და სამართლებრივ სივრცეში პირადი მიმოწერა გულისხმობს ორ ან მეტ პირს შორის განხორციელებულ ნებისმიერი სახის კომუნიკაციას. ეს შეიძლება იყოს როგორც ციფრული არხებით - მესენჯერით, ტელეგრამით, ინსტაგრამით, უათსაპითა და სხვა კომპიუტერული აპლიკაციებით, ასევე ელექტრონული ფოსტით მიმდინარე მიმოწერა, ისევე როგორც ტრადიციული ფორმები, როგორებიცაა ფოსტა ან ტელეგრამი, მათ შორის მიმოწერის დროს გაზიარებული ვიდეო და ხმოვანი შეტყობინებები. მოკლედ რომ ვთქვათ, ორ ან მეტ ადამიანს შორის განხორციელებული ნებისმიერი სახის კომუნიკაცია პირადი მიმოწერა ითვლება.

- და თუ ამ მიმოწერის ერთ-ერთი მონაწილე შეეცდება, რომ გაასაჯაროოს, ვთქვათ, ეს მიმოწერა, აქვს თუ არა ადამიანს უფლება, მეორე პირის გარეშე გააკეთოს ეს?

​- აქ ყველაზე მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ კომუნიკაციის მონაწილეთა რაოდენობას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს - იქნება ეს ორი ადამიანი, რამდენიმე, თუ თუნდაც დღეს ძალიან გავრცელებული სამსახურებრივი ჩატები. თუ კომუნიკაციაში 20 ან 30 პირი მონაწილეობს და ისინი რაღაც დახურულ ჯგუფში იმყოფებიან, ერთ-ერთი მათგანის თანხმობის გარეშეც კი ამ მიმოწერის გასაჯაროება და გავრცელება დანაშაულია.

- და როდის არის ნებადართული ეს ყველაფერი?

- დღევანდელი მდგომარეობით, კანონი ითვალისწინებს მხოლოდ და მხოლოდ ერთ გამონაკლისს. პირადი მიმოწერის გავრცელება დანაშაულად არ მიიჩნევა მაშინ, თუ პირი ამ მიმოწერას სამართალდამცავ ორგანოს წარადგენს. ანუ, თუ ადამიანმა სხვისი პირადი მიმოწერა, სადაც თავადაც მონაწილეობდა (ან თუნდაც ისეთი მიმოწერა, სადაც მონაწილე არ ყოფილა, მაგრამ თანხმობა არ ჰქონია), სამართალდამცავ ორგანოებს წარუდგინა და ამ გზით მიაწოდა ფორმა მოსალოდნელი ან უკვე მომხდარი დანაშაულის შესახებ, კანონი მხოლოდ ამ შემთხვევაში უშვებს გამონაკლისს, რომ მსგავსი შემთხვევა დანაშაულს არ წარმოადგენს. ყველა სხვა შემთხვევაში მსგავსი ქმედება კანონდარღვევაა.

თუ გაქირავებულ ბინაში იმაზე მეტი ცხოვრობს, ვიდრე შეთანხმდით, თუ დამქირავებელი ფულს არ იხდის და თუ გაქირავებული ბინიდან წყალი ჩამოდის... - იურისტის განმარტებები
როდესაც დამქირავებელი ქირას აღარ იხდის ან ბინის დაცლაზე უარს ამბობს - ადვოკატის რჩევები მესაკუთრეებს