59 წლის მსახიობი ენდრიუ შუ, რომელიც ცნობილია „მელროუზ პლეისში“ ბილი კემპბელის როლით, 49 წლის ადვოკატ მარილი ფიბიგზე დაქორწინდა. მათი ურთიერთობა ორივეს ყოფილი მეორე ნახევრის მონაწილეობით ხმაურიანი ღალატის სკანდალის შემდეგ დაიწყო.
შუ ადრე დაქორწინებული იყო ტელეწამყვან ემი როუბაკზე, რომელიც ტიჯეი ჰოლმსთან ერთად „GMA3: What You Need to Know“-ის უძღვება.

ჰოლმსი, თავის მხრივ, დაქორწინებული იყო ფიბიგზე. ორივე წყვილი მეგობრობდა და ხშირად ატარებდნენ დროს ერთად. თუმცა, 2022 წლის შემოდგომაზე გავრცელდა ინფორმაცია როუბაკსა და ჰოლმსს შორის რომანის შესახებ. წამყვანების იდუმალი პაემანის და ამბორის ფოტოებს ნამდვილი სკანდალი მოჰყვა. საბოლოოდ, ორივე მათგანი ეთერიდან ჩამოაშორეს, მოგვიანებით კი სულაც გაუშვეს ABC News-დან.
შუ და როუბაკი 2023 წლის მარტში განქორწინდნენ, ხოლო ჰოლმსი და ფიბიგი ოფიციალურად იმავე წლის ოქტომბერში დაშორდნენ.
თუმცა როგორც ჩანს, ამ პერიპეტიებმა გულნატკენი და იმედგაცრუებული მეორე ნახევრები დააახლოვა და დეკემბერში უკვე გამოცხადდა, რომ შუ და ფიბიგი ხვდებოდნენ. გასული წლის თებერვალში მსახიობი და ადვოკატი ერთად გადავიდნენ საცხოვრებლად და 2026 წლის გაზაფხულზე მათ ნიშნობა გამოაცხადეს.

გასულ შაბათ-კვირას კი წყვილი დაქორწინდა.


„არ ვიცი, როგორ მოხდა ეს, მაგრამ ამ ამბავს ბედნიერი დასასრული აქვს. ბევრი ტკივილის, სირთულისა და შეგუების გადატანა მომიწია. მაგრამ საბოლოოდ მადლიერი ვარ. ისე გამოვიდა, რომ ერთმანეთი უკეთ გავიცანით და გული გავუხსენით იმ დროს, როდესაც ორივეს ერთმანეთი გვჭირდებოდა“, - განუცხადა ენდრიუმ Entertainment Weekly-ს.
აღსანიშნავია, რომ შუსა და ფიბიგის ყოფილი მეუღლეები, ემი როუბაკი და ტიჯეი ჰოლმსი, ასევე დაქორწინდნენ მიმდინარე წლის სექტემბერში. 2023 წლიდან ისინი ერთად წამყვანები არიან პოდკასტისა „ემი და ტიჯეი“. პირველ ეპიზოდში წყვილმა დაასკვნა: „ჩვენ დავკარგეთ სამსახური, რომელიც გვიყვარდა, რადგან ერთმანეთი გვიყვარს“.

