კვერცხუჯრედის გაყინვა არის თანამედროვე რეპროდუქციული ტექნოლოგია, რომლის დროსაც ქალის საკვერცხეებიდან მიღებული კვერცხუჯრედები ლაბორატორიულ პირობებში იყინება და ინახება მომავალში გამოსაყენებლად.
ეს მეთოდი ქალებს საშუალებას აძლევს შეინარჩუნონ ნაყოფიერება იმ დროისთვისაც კი, როცა მათი კვერცხუჯრედები სათანადოდ ხარისხიანი შეიძლება აღარ იყოს, როდესაც ისინი შვილის გაჩენას გადაწყვეტენ და ორსულობას დაგეგმავენ.ამ მეთოდს მსოფლიოს მასშტაბით არაერთი ქალი მიმართავს. ამის მსურველთა რიცხვმა საქართველოშიც მოიმატა.Ambebi.ge ამ თემაზე ექიმ-რეპროდუქტოლოგ-გინეკოლოგს, მანანა მგალობლიშვილს ესაუბრა.
- დღევანდელი ჩვენი საუბრის თემაა - კვერცხუჯრედის გაყინვა. პირველ რიგში, გვითხარით, რა არის კვერცხუჯრედის გაყინვა და რა შემთხვევაში მიმართავენ მას ქალბატონები?
- კვერცხუჯრედის გაყინვა ქალს აძლევს შესაძლებლობას, საკუთარი ბიოლოგიური მასალა მომავლისთვის შეინახოს. ძირითადად, ამას ორი ძირითადი მიზეზი აქვს:
სოციალური მიზეზი (ცხოვრების დაგეგმვა):
როდესაც ქალს სხვა გეგმები აქვს და იმ ეტაპზე ვერ ახერხებს დროულად ორსულობის დაგეგმვას (მაგალითად, არ ჰყავს მეუღლე, პარტნიორი, დაკავებულია კარიერით და ა.შ.) და სურს, მარაგი მომავლისთვის შეინარჩუნოს.
სამედიცინო ჩვენება:
ონკოლოგიური დაავადებები: თუ პაციენტს სჭირდება ქიმიოთერაპია ან სხვა მკურნალობა, რეკომენდებულია, მკურნალობის დაწყებამდე მოხდეს კვერცხუჯრედების ასპირაცია და შენახვა.
არაონკოლოგიური დაავადებები და ქირურგიული ჩარევები:
მაგალითად, თუ ახალგაზრდა გოგონას აქვს დიდი ზომის საკვერცხის კისტა (ვთქვათ, ენდომეტრიოიდული კისტა) და ესაჭიროება ოპერაცია. ქირურგიული ჩარევისას, განსაკუთრებით დიდი ზომის კისტის მოცილებისას, შესაძლოა ნაწილობრივ ჯანმრთელი ქსოვილიც გაყვეს, რამაც შეიძლება საკვერცხის მარაგის ნაადრევი განლევა გამოიწვიოს. ამ რისკების შესამცირებლად, ზოგ შემთხვევაში, აუცილებელი ან სასურველია კვერცხუჯრედის შენახვა. თუმცა, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს: ეს არ ნიშნავს, რომ ყველას, ვისაც ცალი საკვერცხე აქვს ან კისტისკენ მიდრეკილება, ავტომატურად კვერცხუჯრედის გაყინვა სჭირდება - ყველა შემთხვევა მკაცრად ინდივიდუალურია.
- თუ გადავხედავთ სტატისტიკას, რამდენად აქტიურია დღეს ეს პროცედურა და ზოგადად, რამდენად ხელმისაწვდომი იყო ის წარსულში?
- კვერცხუჯრედის გაყინვა გაცილებით რთული პროცესია, ვიდრე, მაგალითად, ემბრიონის ან სპერმის გაყინვა. ის მკაცრ ტექნოლოგიურ რეჟიმებსა და პროცესებს მოითხოვს. 20–30 წლის წინ ემბრიონის გაყინვა უკვე შესაძლებელი იყო, მაგრამ კვერცხუჯრედს იმავე ხარისხით ვერ ყინავდნენ - მარაგი და ხარისხი ფუჭდებოდა. ტექნოლოგია ბოლო ათწლეულში საოცრად დაიხვეწა და დღეს კვერცხუჯრედის გაყინვა-გადნობის შედეგები თითქმის უთანაბრდება ემბრიონისას (თუ ემბრიონის შემთხვევაში შენარჩუნების მაჩვენებელი დაახლოებით 95%-ია, კვერცხუჯრედის შემთხვევაში - ეს მაჩვენებელი დაახლოებით 80%-ს შეადგენს, რაც ასევე ძალიან მაღალია).რაც შეეხება მსოფლიო და ადგილობრივ სტატისტიკას: მაგალითად, ბრიტანეთის ოფიციალური მონაცემებით, 2024 წელს დაახლოებით 5.580 ქალმა შეინახა კვერცხუჯრედი. საქართველოში ბოლო ერთი-ორი წელია, რაც ამ პროცედურის მსურველთა ნაკადი საგრძნობლად გააქტიურდა, რაც სწორედ ტექნოლოგიურ პროგრესს უკავშირდება.
- არის თუ არა კვერცხუჯრედის გაყინვა მომავალი ორსულობის ასპროცენტიანი გარანტია?
- მნიშვნელოვანია გავაფრთხილოთ მკითხველი და აუცილებლად უნდა გავუსვათ ხაზი ერთ მნიშვნელოვან გარემოებას: კვერცხუჯრედის გაყინვა არის შესაძლებლობა და არა გარანტია. ბევრს ჰგონია, რომ თუ კვერცხუჯრედს შეინახავს, ნებისმიერ ასაკში ზუსტად იმდენ ბავშვს გააჩენს, რამდენიც მოუნდება. ეს ასე არ არის. ჩვენ წინასწარ არ ვიცით, რამდენად კარგი ხარისხის იქნება გაყინული უჯრედი წლების შემდეგ. განაგრძეთ კითხვა