რატომ იცვლება სისხლი ორსულობის დროს და როდის მიანიშნებს ანალიზი პრობლემაზე - მეან-გინეკოლოგი ვრცლად საუბრობს - მშობლები

რატომ იცვლება სისხლი ორსულობის დროს და როდის მიანიშნებს ანალიზი პრობლემაზე - მეან-გინეკოლოგი ვრცლად საუბრობს

2026-11-06 10:45:37+04:00

ორსულობის დროს ქალის ორგანიზმში მნიშვნელოვანი ცვლილებები მიმდინარეობს, რაც სისხლის მაჩვენებლებზეც აისახება. რომელი ცვლილებებია ფიზიოლოგიური, როდის უნდა გავამახვილოთ ყურადღება ანალიზის პასუხებზე და რატომ არის მნიშვნელოვანი სისხლის მაჩვენებლების კონტროლი - ამ საკითხებზე მეან-გინეკოლოგი, ჰემოსტაზიოლოგი, მედიცინის დოქტორი მარინა ჯანგიძე გადაცემაში "პირადი ექიმი მარი მალაზონია" საუბრობს:

- რატომ იცვლება სისხლი ორსულობის დროს?

- არ შემიძლია, არ აღვნიშნო, რომ ორსულობა არაჩვეულებრივი პერიოდია - ულამაზესი, შეუდარებელი და ნამდვილი საოცრება. თუმცა, ამავე დროს, ქალის ორგანიზმისა და, ზოგადად, მისი ცხოვრებისთვის ეს ძალიან რთული, საყურადღებო და საპასუხისმგებლო პერიოდია.

მინდა გითხრათ, რომ ორსულობის პერიოდში შესაძლოა გამოიკვეთოს სხვადასხვა დაავადების განვითარების წინაპირობა. ორსულობა ერთგვარი გამოცდაა, რომელიც ფარულ ცვლილებებს ამჟღავნებს. შესაძლოა, პაციენტს არაფერი აწუხებდეს, მაგრამ ორსულობამ ეს გამოავლინოს, რადგან ეს მხოლოდ დედობისთვის სასიამოვნო მომზადების პერიოდი არ არის - ამ დროს სხვადასხვა ორგანოზე დატვირთვა იზრდება. თუ ორგანიზმში სუსტი ადგილი არსებობს, ორსულობა სწორედ ამას ამჟღავნებს.

ორსულობის დროს მთელი ორგანიზმის გარდაქმნა ხდება - იცვლება სისტემები და ყველა უჯრედი. ორგანიზმი მუშაობას ახალ, განსაკუთრებულ რეჟიმში იწყებს. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ შეიქმნას ოპტიმალური პირობები და განაყოფიერებული კვერცხუჯრედი - ბლასტოცისტა - დედის ორგანიზმში ნორმალურად მიმაგრდეს. შედეგად, იწყება პლაცენტისა და ნაყოფის ორგანოთა სისტემების ეტაპობრივი განვითარება ემბრიონული პერიოდიდან ფეტალურ პერიოდამდე.

ორსულობის პერიოდში ყველა სისტემა გლობალურად იცვლება. ეს ცვლილებები და გარდაქმნები ძალიან კარგად აისახება სისხლის საერთო ანალიზში, რომლის გაკეთებაც ყველა ორსულისთვის აუცილებელია. როგორც გითხარით, ეს პერიოდი ძალიან საყურადღებოა და ამ სისტემის კონტროლიც აუცილებელია.

მარი მალაზონია: - თქვენ ბრძანეთ, რომ სისხლი, მრავალ სხვა სისტემასთან ერთად, ჩართულია ამ ცვლილებების პროცესში და ემსახურება იმ ამოცანების შესრულებას, რომლებზეც უკვე ისაუბრეთ. თუმცა, სისხლზე საუბრისას, მართალია, ეს ერთი სიტყვაა, მაგრამ ძალიან ტევადია და ბევრ კომპონენტსა და მდგენელს გულისხმობს.

დღეს ყველა კომპონენტზე არ ვისაუბრებთ. გვინდა, რამდენიმე საკითხი გამოვყოთ და, კერძოდ, ფორმიან ელემენტებზე - ეგრეთ წოდებულ წითელ და თეთრ უჯრედებსა და ფირფიტებზე გავამახვილოთ ყურადღება.

აუცილებლად მინდა ხაზი გავუსვა ერთ გარემოებას: ხშირად ამბობენ, თითქოს სამი ტიპის უჯრედი არსებობს, მაგრამ ასე არ არის. ჩვენ გვაქვს თეთრი უჯრედები, ანუ ლეიკოციტები; წითელი უჯრედები, ანუ ერითროციტები; და ფირფიტები, რომლებსაც თრომბოციტების სახელით ვიცნობთ.

მოდით, მივყვეთ ამ ცვლილებების კანონზომიერებას და აღვნიშნოთ, რომ ისინი სამივე კომპონენტზე აისახება. მოკლედ შევეხოთ ერითროციტებსაც, რადგან წითელი სისხლისა და ჰემოგლობინის ცვლილება საზოგადოებაში ყველაზე ფართოდ ცნობილი თემაა.

მარინა ჯანგიძე: - რა თქმა უნდა, ორსულობის პერიოდში ლეიკოციტების რაოდენობა იმატებს. ეს ფიზიოლოგიური და ადაპტაციური ლეიკოციტოზია.

თუ ვიცით, რომ ლეიკოციტების ნორმა 4-დან 9 ათასამდეა (ანუ 4-დან 9 გამრავლებული 10-ის მეცხრე ხარისხზე ლიტრზე), ორსულობის დროს ეს რაოდენობა იზრდება და დაახლოებით 12-15 ათასს აღწევს.

- ლეიკოციტების რაოდენობის ზრდა პათოლოგიაა?

- მშობიარობის დროს ლეიკოციტების რაოდენობა კიდევ უფრო მეტად იმატებს და შესაძლოა, 20-30 ათასსაც კი მიაღწიოს. ეს პათოლოგია არ არის, თუმცა ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ინფექციის ნიშნების არსებობა-არარსებობა. თუ ინფექციის ნიშნები არსებობს, მაშინ საკითხს სხვაგვარად ვუდგებით. ხოლო თუ არ არსებობს, ვამბობთ, რომ საქმე გვაქვს ფიზიოლოგიურ ლეიკოციტოზთან.

ეს გამოწვეულია იმით, რომ სისხლის მიმოქცევის მოცულობა იზრდება - პლაზმის მოცულობა უფრო სწრაფად იმატებს, ვიდრე თავად ლეიკოციტების რაოდენობა. ლეიკოციტების მატება ძირითადად ნეიტროფილების და, კერძოდ, ჩხირბირთვიანი ნეიტროფილების ხარჯზე ხდება.

ეს აუცილებელია დედის იმუნური სისტემის დასაცავად და იმისთვის, რომ ნაყოფი ნაადრევად არ განიდევნოს. ჩვენ ვიცით, რომ ნაყოფი გენეტიკური ინფორმაციის ნახევარს მამისგან იღებს და დედის ორგანიზმისთვის ის უცხო სხეულია. მთელი ორსულობის განმავლობაში დედის ორგანიზმი ცდილობს, ეს უცხო სხეული არ განდევნოს.

არსებობს დამცავი მექანიზმები, მათ შორის დედის იმუნური სისტემის აქტივობის დაქვეითებაც. თუმცა საოცრება ის არის, რომ ამ ფონზე ფარული ინფექციები, რომლებიც ორსულობამდე ლატენტურ ფორმაში იყო, შესაძლოა, გამოვლინდეს. თუმცა ეს არ ხდება, რადგან დედის ორგანიზმში ბალანსი ნარჩუნდება და სწორედ ლეიკოციტების მატების ხარჯზეა ის დაცული ამ ინფექციებისგან.

გარდა ამისა, ლეიკოციტები მშობიარობის დროსაც ასრულებენ დამცავ ფუნქციას და იცავენ დაზიანებულ ზედაპირებსა და ჭრილობებს, რომლებიც მშობიარობისას ჩნდება. ასეთი მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვთ ლეიკოციტებს.

- თქვენი განმარტებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ლეიკოციტების რაოდენობის ცვლილება ემსახურება შეგუებასა და ადაპტაციას იმ მდგომარეობასთან, რასაც ორსულობა და შემდგომ მშობიარობა ჰქვია. ახლა კი წითელ სისხლზე გადავიდეთ.

- ეს ქრონიკული ანემია კი არა, ადაპტაციური, ანუ ფიზიოლოგიური ანემიაა, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ პლაცენტაში სისხლის მიმოქცევა ნორმალურად მიმდინარეობდეს, ნაყოფმა კი ჟანგბადი და საჭირო საკვები ნივთიერებები მიიღოს.

ამ პერიოდში პლაზმის მოცულობა იზრდება და სისხლის გათხიერება ხდება. ერითროციტების რაოდენობაც იმატებს, მაგრამ პლაზმა უფრო სწრაფი ტემპით იზრდება, ვიდრე უჯრედების რაოდენობა. სწორედ ამიტომ, ჰემოგლობინისა და ერითროციტების მაჩვენებლები შედარებით დაბალია.

თუ ორსული ქალი საკუთარ ანალიზს წაიკითხავს და ნახავს, რომ ქალისთვის ჰემოგლობინის ნორმა 120 გ/ლ-ზე მეტია, მას კი უფრო დაბალი მაჩვენებელი უფიქსირდება, შესაძლოა იფიქროს, რომ რაღაც სჭირს. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ორსულობისას მიმდინარე გარდაქმნები იწვევს სისხლის გათხიერებასა და პლაზმის მოცულობის ზრდას.

თუ ნორმაში ჰემოგლობინი 120 გ/ლ-ია, ორსულობის პირველ, მეორე და მესამე ტრიმესტრებში ნორმა დაახლოებით 110 გ/ლ-ია. მეორე ტრიმესტრში შესაძლოა 105 გ/ლ-მდეც ჩამოვიდეს.

ეს პათოლოგია არ არის. ასეთი ცვლილება საჭიროა იმისთვის, რომ სისხლი გათხიერდეს, ნორმალურად იმოძრაოს წვრილ მიკროსისხლძარღვებში, თავიდან აიცილოს სისხლის მიმოქცევის შეფერხება და ნაყოფს ჟანგბადი და საკვები ნივთიერებები მიაწოდოს.

თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ეს არ ნიშნავს, თითქოს ანემია და ჰემოგლობინის დაქვეითება ყოველთვის ფიზიოლოგიურ მოვლენად უნდა აღვიქვათ. ორსულებში ანემია სათანადოდ უნდა იმართებოდეს, დედაც და ნაყოფიც კი ადეკვატურად უნდა მარაგდებოდნენ ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით, რასაც აუცილებლად სჭირდება ყურადღება.

- ლეიკოციტებისა და თრომბოციტების მსგავსად, მნიშვნელოვანია წინაპირობებიც. თუ ქალს ორსულობამდეც ჰქონდა ინფექცია და ორსულობა სწორედ ამ ინფექციის ფონზე დადგა, ზრდის თუ არა ეს რისკებს? ასევე, რა მიდგომაა საჭირო მაშინ, როდესაც თრომბოციტების რაოდენობა ორსულობამდეც დარღვეული იყო?

- აუცილებელია განსხვავებული მიდგომა, რადგან თუ პაციენტს ინფექცია და მისით გამოწვეული ლეიკოციტოზი ჰქონდა, სიტუაცია სხვაგვარია. ასეთ დროს იზრდება თრომბოზული გართულებებისა და სეფსისური მდგომარეობების რისკი, რაც უარყოფითად აისახება ნაყოფის განვითარებაზე. ამიტომ აუცილებელია მკაცრი კონტროლი და ექიმთან ვიზიტი ორსულობის ადრეულ ეტაპზევე.

რაც შეეხება სისხლის საერთო ანალიზის რუტინულ კონტროლს, ის ორსულობის განმავლობაში სისტემატურად უნდა ტარდებოდეს. უფრო მეტიც, სასურველია, ქალი ორსულობამდეც იყოს მომზადებული და პრეგრავიდარული (პრეკონცეფციური) მომზადება გაიაროს.

თუ წყვილმა ბავშვის ყოლა გადაწყვიტა, დაორსულებამდე აუცილებელია ორგანიზმის გამოკვლევა და არსებული პრობლემების - ინფექციების, ჰორმონალური დარღვევებისა და იმუნური პათოლოგიების - მოგვარება.

უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ ორსულობის დროს ნორმები განსხვავებულია. ქალბატონმა ეს უნდა იცოდეს, რათა არ შეშინდეს და მაჩვენებლების სწორი ინტერპრეტაცია ექიმისგან მიიღოს.

გარდა ამისა, მშობიარობით ყველაფერი არ მთავრდება - მშობიარობის შემდგომ პერიოდშიც აუცილებელია ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სისხლის მაჩვენებლების მკაცრი კონტროლი.

როგორ უვლიან ქალებს მშობიარობის შემდეგ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში – ტრადიციები, რომლებიც გაგაოცებთ
რა უნდა იცოდეს მამაკაცმა, რომელიც ცოლის მშობიარობაზე დასწრებას აპირებს - მეან-გინეკოლოგების 6 მნიშვნელოვანი რჩევა