როგორ უნდა მიხვდეთ, რომ ბავშვი ჯობს, ნეიროფსიქოლოგმა გასინჯოს: "უჭირს სწავლა, დამახსოვრება, აზრის გამოტანა" - მშობლები

როგორ უნდა მიხვდეთ, რომ ბავშვი ჯობს, ნეიროფსიქოლოგმა გასინჯოს: "უჭირს სწავლა, დამახსოვრება, აზრის გამოტანა"

2026-11-07 09:56:18+04:00

ბევრი მშობლისთვის ნაცნობია სიტუაცია, როდესაც ბავშვი თითქოს ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია, მაგრამ შედეგს მაინც ვერ აღწევს. თანატოლებთან შედარებით გვიან იწყებს ლაპარაკს, ერთი და იმავე მითითების რამდენჯერმე გამეორება სჭირდება, საშინაო დავალების შესრულება კი მთელ საღამოს გრძელდება.

თავდაპირველად მშობლები იმედოვნებენ, რომ ასაკის მატებასთან ერთად სირთულეები თავისთავად გაქრება. შემდეგ მიმართავენ ლოგოპედს, პედაგოგს, ბავშვს დამატებით ამეცადინებენ, თუმცა შედეგი ყოველთვის ისეთი არ არის, როგორსაც ელოდნენ.

რატომ არ არის ზოგჯერ საკმარისი ჩვეულებრივი მეცადინეობა და როდის შეიძლება ბავშვს ნეიროფსიქოლოგის დახმარება დასჭირდეს?

რატომ არ არის ბავშვის მონდომება ყოველთვის საკმარისი?

ბავშვის სირთულეებს უფროსები ხშირად მარტივად ხსნიან: „ზარმაცია“, „არ უნდა მეცადინეობა“, „ყურადღებას არ აქცევს“ ან „ჯიუტობს“.

ზოგჯერ პრობლემას მართლაც ქცევითი მიზეზები აქვს, თუმცა ხშირად გარეგნული სიჯიუტისა და უყურადღებობის მიღმა სხვა სირთულეები იმალება.

მაგალითად, ბავშვი შეიძლება ყურადღებით უსმენდეს უფროსს, მაგრამ ვერ იმახსოვრებდეს მის მითითებას. შესაძლოა, უჭირდეს მეტყველების ბგერების ერთმანეთისგან გარჩევა. ზოგჯერ დავალებას სწორად იწყებს, მაგრამ მალევე ავიწყდება მოქმედებების თანმიმდევრობა და იბნევა.

ზოგი ბავშვი სწრაფად იღლება ხმაურისგან, მკვეთრი განათებისგან, ხალხმრავლობისგან ან დიდხანს ერთ ადგილას ჯდომისგან. სხვებს ესმით დავალების შინაარსი, მაგრამ მისი ეტაპობრივად შესრულება უჭირთ.

გარედან ეს შეიძლება სიჯიუტეს ან უყურადღებობას ჰგავდეს. ნეიროფსიქოლოგიური შეფასება კი ეხმარება სპეციალისტს გაარკვიოს, კონკრეტულად რა უშლის ბავშვს ხელს – მეხსიერება, ყურადღება, აღქმა თუ მოქმედებების დაგეგმვა.

როდის მიმართავენ ბავშვს ნეიროფსიქოლოგთან?

ერთ-ერთი გავრცელებული მიზეზი მეტყველების განვითარების შეფერხებაა. ბავშვი გვიან იწყებს ლაპარაკს, უჭირს მიმართული მეტყველების გაგება, წინადადებების შედგენა ან ცალკეული ბგერების წარმოთქმა.

მშობლებს ბავშვი ლოგოპედთან დაჰყავთ, სახლში სავარჯიშოებს ასრულებენ, მაგრამ პროგრესი უმნიშვნელოა ან არასტაბილური.

ასეთ დროს მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, კონკრეტულად რა აფერხებს მეტყველების განვითარებას. პრობლემა ყოველთვის მხოლოდ ბგერების წარმოთქმას არ უკავშირდება. მეტყველება დაკავშირებულია სმენით აღქმასთან, ყურადღებასთან, მეხსიერებასთან, მოძრაობასთან და ნერვული სისტემის მომწიფებასთან.

neiropsiologi-1794031410.jpeg

ნეიროფსიქოლოგთან მიმართვის კიდევ ერთი ხშირი მიზეზი სასკოლო სირთულეებია. მაგალითად, როდესაც ბავშვს უჭირს:

  • კითხვა, წერა ან ანგარიში;

  • დაფიდან ტექსტის გადმოწერა;

  • წერისას სტრიქონის დაცვა;

  • ნიმუშის მიხედვით დავალების შესრულება;

  • ყურადღების შენარჩუნება და დაწყებული საქმის დასრულება;

  • მსგავსი ასოებისა და ნიშნების ერთმანეთისგან გარჩევა.

ასეთი ბავშვები ხშირად დიდ დროს ატარებენ მეცადინეობაში, სწრაფად იღლებიან, ტოვებენ ასოებს ან ერთი მოქმედებიდან მეორეზე გადადიან.

მშობლები ხედავენ, რომ ბავშვმა დღეს ახსნილი მასალა გაიგო, მაგრამ მეორე დღეს ისევ იმავე შეცდომებს უშვებს.

ეს შეიძლება ხდებოდეს მაშინ, როდესაც გარკვეული უნარი ჯერ ავტომატიზებული არ არის და ბავშვს ყოველი მოქმედების შესრულება დიდ ძალისხმევად უჯდება.

რატომ ეკითხება ნეიროფსიქოლოგი მშობლებს ბავშვის ცოცვისა და წამყვანი ხელის შესახებ?

კონსულტაციაზე მშობლებს ზოგჯერ უკვირთ კითხვები, რომლებიც თითქოს არაფერ შუაშია ბავშვის სასკოლო პრობლემებთან.

სპეციალისტი შეიძლება დაინტერესდეს, როდის დაიწყო ბავშვმა ცოცვა და სიარული, როგორ მოძრაობდა ადრეულ ასაკში, რომელი ხელით წერს, როგორ უჭირავს ფანქარი და როგორ რეაგირებს ხმაურსა თუ ახალ გარემოზე.

ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანია, რადგან მოძრაობის, მეტყველების, ყურადღების, კითხვისა და წერის განვითარება ერთმანეთთან არის დაკავშირებული.

ყურადღების პრობლემა ყოველთვის უდისციპლინობას არ ნიშნავს

დავალების შესასრულებლად ბავშვს რამდენიმე მოქმედების თანმიმდევრულად შესრულება სჭირდება: უნდა მოისმინოს მითითება, გაიგოს, დაიმახსოვროს, დაიწყოს მუშაობა, არ გაეფანტოს ყურადღება და შეამჩნიოს შეცდომა.

ბავშვისთვის, რომელსაც თვითრეგულაციის სირთულეები აქვს, თითოეული ეტაპი შეიძლება რთული აღმოჩნდეს.

ამიტომ ფრაზა „უბრალოდ მოინდომე და ყურადღება მოიკრიბე“ ყოველთვის არ მუშაობს.

ბავშვს შეიძლება გულწრფელად სურდეს დავალების შესრულება, მაგრამ მალევე ავიწყდებოდეს წესი, იღლებოდეს, ღიზიანდებოდეს ან საერთოდ უარს ამბობდეს გაგრძელებაზე.

სპეციალისტი ცდილობს გაარკვიოს, კონკრეტულად სად წარმოიქმნება პრობლემა. ერთ ბავშვს მითითების დამახსოვრებაში სჭირდება დახმარება, მეორეს – ყურადღების გადართვაში, მესამეს – შფოთვის შემცირებაში, მეოთხეს კი შედარებით მსუბუქი სასწავლო დატვირთვა ესაჭიროება.

ენურეზი, შიშები და ხმაურის მიმართ ძლიერი მგრძნობელობა

ნეიროფსიქოლოგთან მხოლოდ მეტყველების, კითხვისა და წერის პრობლემების გამო არ მიდიან.

მიმართვის მიზეზი ზოგჯერ შეიძლება იყოს ენურეზი (უნებლიე შარდვა), საკუთარი ქცევის კონტროლის სირთულე, სამედიცინო პროცედურების ძლიერი შიში ან უჩვეულოდ მძაფრი რეაქცია ხმაზე, შეხებასა და ახალ გარემოზე.

ბავშვის თვითრეგულაცია, სხეულებრივი შეგრძნებები, შფოთვა და ქცევა ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული.

ენურეზის შემთხვევაში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ შარდის ბუშტის ფუნქციონირების შეფასება, არამედ ბავშვის ემოციური მდგომარეობისა და ოჯახური გარემოს გათვალისწინებაც. პირველ რიგში კი აუცილებელია შესაძლო სამედიცინო მიზეზების გამორიცხვა.

თუ ბავშვი მუდმივად დაძაბულია, მხოლოდ მოთხოვნები და დასჯა პრობლემას ვერ მოაგვარებს და ზოგჯერ მდგომარეობასაც ამძიმებს.

სამედიცინო პროცედურების შიშის შემთხვევაშიც მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, კონკრეტულად რა აშინებს ბავშვს – ხმა, შეხება, უძრავად წოლის აუცილებლობა, უცხო გარემო თუ ექიმი. მიზეზის ცოდნა საშუალებას იძლევა, ბავშვი პროცედურისთვის თანდათან, ზედმეტი ზეწოლის გარეშე მოამზადონ.

მშობლების შეცდომები, რომლებიც ბავშვს სწავლის სურვილს უკლავენ: დაფიქრდით, რა უშლის ხელს, რომ თავად მოუნდეს სწავლა?
4 მიზეზი, რის გამოც ბავშვი შეიძლება შეგნებულად არ ინდომებს კარგად სწავლას: ზოგჯერ ცუდი მოსწავლის იმიჯი მისთვის თავშესაფარია
რისი ეშინიათ მოსწავლეებს ყველაზე მეტად საკლასო ოთახებში და როგორ უშლით ეს შიში ხელს სწავლასა და აზროვნებაში