ბავშვს შეუძლია სათამაშო დათუნიას თავისი თავი გააცნოს, მოუყვეს, რა აწუხებს, ჰკითხოს რჩევა და მისგან სასიყვარულო სიტყვებიც მოისმინოს. ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან ერთად ბაზარზე სულ უფრო მეტი ისეთი სათამაშო ჩნდება, რომელიც უბრალოდ ხმას კი არ გამოსცემს, ბავშვთან სრულფასოვანი საუბრის იმიტაციას ქმნის. თუმცა ფსიქოლოგები კითხულობენ: რამდენად სასარგებლოა ბავშვისთვის ისეთი მეგობარი, რომელსაც რეალურად არც გრძნობები აქვს და არც მისი ემოციების სრულად გაგება შეუძლია?
ბავშვობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი თამაშია. სათამაშოები ყოველთვის ეხმარებოდა პატარებს წარმოსახვის განვითარებაში, ემოციების გამოხატვასა და სამყაროს შეცნობაში. თუმცა ტექნოლოგიების განვითარებამ ეს სფეროც შეცვალა.თუ ადრე სათამაშო დათუნია ბავშვის წარმოსახვაში საუბრობდა, დღეს უკვე არსებობს ისეთი მოწყობილობები, რომლებსაც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შეუძლიათ ბავშვის შეკითხვებზე პასუხის გაცემა, საუბრის გაგრძელება, სახელისა და ზოგიერთი პირადი ინფორმაციის დამახსოვრება.ეს სათამაშოები ბავშვებს ზღაპრებს უყვებიან, კითხვებს უსვამენ, თამაშობენ, ზოგჯერ მათ მეგობრებადაც ეცნობიან.
ერთი შეხედვით, მშობლებისთვის ეს მოსახერხებელი და საინტერესო სიახლეა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სათამაშო საგანმანათლებლო ფუნქციით იყიდება და ბავშვს ენის შესწავლასა თუ კომუნიკაციის განვითარებაში დახმარებას ჰპირდება.მაგრამ სპეციალისტები ამბობენ, რომ ამ ტექნოლოგიას აქვს რისკები, რომელთა შესახებ მშობლებმა სათამაშოს შეძენამდე უნდა იცოდნენ.
2026 წლის მარტში კემბრიჯის უნივერსიტეტის მკვლევრებმა გამოაქვეყნეს ანგარიში, რომელიც მცირეწლოვანი ბავშვების მიერ ხელოვნური ინტელექტის სათამაშოების გამოყენებას ეხება.კვლევის ფარგლებში მეცნიერები აკვირდებოდნენ, როგორ ურთიერთობდნენ ბავშვები ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილ რბილ სათამაშოსთან, სახელად Gabbo.
დაკვირვებაში 14 ბავშვი მონაწილეობდა. მკვლევრებმა შენიშნეს, რომ სათამაშოს ზოგჯერ უჭირდა ბავშვების ემოციებისა და ნათქვამის სწორად გაგება. ის ყოველთვის ვერ ახერხებდა საუბრის ბუნებრივად გაგრძელებას და ზოგჯერ ისეთ პასუხებსაც იძლეოდა, რომლებიც ბავშვის განცდას საერთოდ არ შეესაბამებოდა.ერთ-ერთმა სამი წლის ბავშვმა სათამაშოს უთხრა, რომ მოწყენილი იყო. პასუხად კი მიიღო: „არ ინერვიულო! მე ბედნიერი პატარა რობოტი ვარ. მოდი, გავერთოთ!“
მკვლევრების აზრით, ასეთმა პასუხმა შესაძლოა ბავშვს აგრძნობინოს, რომ მისი ემოცია მნიშვნელოვანი არ არის ან სათამაშომ მისი განცდა ვერ გაიგო.
სხვა შემთხვევაში ბავშვმა სათამაშოს წარმოსახვითი საჩუქარი შესთავაზა, თუმცა რობოტმა უპასუხა, რომ წარმოსახვით საჩუქარს ვერ გახსნიდა და საუბარი სხვა თემაზე გადაიტანა.
ეს მაგალითები აჩვენებს, რომ ხელოვნური ინტელექტი ჯერ კიდევ ვერ ახერხებს იმ ბუნებრივი სოციალური თამაშის სრულფასოვან იმიტაციას, რომელიც ბავშვის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ საჭიროა სათამაშოების უსაფრთხოების უფრო მკაცრი სტანდარტები, გამჭვირვალე კონფიდენციალურობის წესები და მშობლებისთვის გასაგები ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მონაცემებს აგროვებს მოწყობილობა.
ადრეულ ასაკში ბავშვი სწავლობს, რას ნიშნავს მეგობრობა, თანაგრძნობა, სხვისი მოსმენა, ემოციების გაზიარება და ურთიერთობაში საკუთარი თავის გამოხატვა.ეს უნარები რეალურ ადამიანებთან ურთიერთობისას ყალიბდება. ბავშვი ხედავს თანამოსაუბრის სახეს, ამჩნევს მის ემოციებს, სწავლობს, რომ ზოგჯერ სხვას განსხვავებული აზრი აქვს და ყოველთვის არ ეთანხმება.
ხელოვნური ინტელექტის სათამაშო კი ხშირად ისეა შექმნილი, რომ ბავშვთან საუბარი მაქსიმალურად მარტივი და სასიამოვნო იყოს. ის ცდილობს საუბარი გააგრძელოს, ყურადღება შეინარჩუნოს და ხშირად ბავშვის სურვილებსაც ეთანხმება.
ფსიქოლოგების ნაწილი სწორედ ამაში ხედავს პრობლემას: ბავშვმა შეიძლება ისწავლოს, რომ კარგი ურთიერთობა ყოველთვის ისეთია, როდესაც მეორე მხარე მის ყველა სურვილს ეთანხმება და არასდროს ეკამათება.რეალურ ცხოვრებაში კი ურთიერთობები გაცილებით რთულია. საჭიროა მოთმინება, სხვისი მოსმენა, კომპრომისი და უთანხმოების გადალახვა.
კიდევ ერთი საკითხია ემოციური მიჯაჭვულობა. პატარა ბავშვს შესაძლოა გაუჩნდეს განცდა, რომ სათამაშო მას ნამდვილად უგებს, უყვარს და მასზე ზრუნავს. თუმცა მოწყობილობას საკუთარი ემოციები და ადამიანური თანაგრძნობა არ გააჩნია.ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ბავშვი აუცილებლად მიეჯაჭვება ასეთ სათამაშოს, თუმცა სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ პროდუქტის დიზაინმა არ უნდა წაახალისოს ბავშვისთვის ცრუ წარმოდგენა, თითქოს რობოტი ცოცხალი მეგობარია.
ფსიქოლოგიურ საკითხებთან ერთად არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა — პირადი ინფორმაციის დაცვა.
იმისთვის, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა საუბარი გააგრძელოს და ბავშვის ინტერესები დაიმახსოვროს, სათამაშომ შესაძლოა შეაგროვოს ხმოვანი ჩანაწერები, საუბრის ტექსტები და სხვა მონაცემები.ბავშვმა შეიძლება მოუყვეს, სად ცხოვრობს, რომელ სკოლაში დადის, ვინ არიან მისი მშობლები, რა აწუხებს ან რა ხდება მის ოჯახში.
მშობელმა ყოველთვის უნდა იცოდეს, სად ინახება ეს ინფორმაცია, ვის აქვს მასზე წვდომა და გამოიყენება თუ არა ის სხვა მიზნებისთვის.
ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ სათამაშოს ჰქონდეს გამართული მშობლის კონტროლის ფუნქცია, მიკროფონის გამორთვის შესაძლებლობა და მკაფიოდ განმარტებული მონაცემთა დაცვის პოლიტიკა.
სპეციალისტები მშობლებს ურჩევენ, ასეთი სათამაშოს შეძენისას მხოლოდ რეკლამას და დაპირებებს არ ენდონ.
გასათვალისწინებელია რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი:
რა ასაკისთვის არის განკუთვნილი სათამაშო?
შეუძლია თუ არა ბავშვს მასთან საუბრისას შეუსაბამო ან სახიფათო პასუხების მიღება?
ინახავს თუ არა მოწყობილობა ბავშვის ხმასა და პირად ინფორმაციას?
აქვს თუ არა მშობელს საუბრების კონტროლისა და მიკროფონის გამორთვის შესაძლებლობა?
ახალისებს თუ არა სათამაშო ბავშვს რეალურ ადამიანებთან ურთიერთობას, თუ პირიქით, ცდილობს მისთვის მუდმივი თანამოსაუბრის ფუნქცია შეასრულოს?
კემბრიჯის უნივერსიტეტის მკვლევრები მშობლებს ურჩევენ, AI სათამაშოები ოჯახის საერთო სივრცეში გამოიყენონ, დააკვირდნენ ბავშვების რეაქციებს და თავადაც ჩაერთონ თამაშში.თუ ბავშვი სათამაშოსთან საუბრის შემდეგ მშობელს რაიმე უცნაურ ან შემაშფოთებელ ფრაზას გაუზიარებს, მნიშვნელოვანია, ესაუბრონ და აუხსნან, რომ რობოტი ცოცხალი ადამიანი არ არის და მისი ყველა პასუხი სწორი არ უნდა ეგონოს.
საბოლოოდ, ტექნოლოგია შეიძლება ბავშვის თამაშისა და სწავლის დამატებითი საშუალება იყოს, მაგრამ ვერ ჩაანაცვლებს მშობლის ყურადღებას, ცოცხალ ურთიერთობასა და ნამდვილ მეგობრობას. ბავშვს სჭირდება არა მხოლოდ ის, ვინც ყოველთვის უპასუხებს, არამედ ისიც, ვინც მის ემოციებს იგრძნობს, მოუსმენს და საჭირო დროს ჩაეხუტება.