რა ითვლება მეუღლეთა საერთო საკუთრებად, შეუძლია თუ არა ერთ-ერთ მათგანს ქონების მეორე მეუღლის თანხმობის გარეშე გასხვისება, როდის იწურება განქორწინების შემდეგ ქონებრივი დავის წამოწყების ვადა და რა შემთხვევაში შეიძლება სასამართლომ წილთა თანაბრობის პრინციპი შეცვალოს - ამ და სხვა მნიშვნელოვან სამართლებრივ საკითხებზე გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" იურისტი, სამართლის ასოცირებული პროფესორი, თამარ კერძაია, საუბრობს.
- განქორწინება თავისი არსით საკმაოდ სპეციფიკური სამართლებრივი სიტუაციაა, როდესაც ადამიანების უმრავლესობა ქონებრივ დავებზე მანამ არ ფიქრობს, სანამ განქორწინების ფაქტი უშუალოდ არ დადგება. სამწუხაროდ, საბოლოოდ ხშირად ირკვევა, რომ თანაცხოვრების პერიოდში ბევრ მნიშვნელოვან დეტალზე საერთოდ არ უფიქრიათ. მოდით, კონკრეტულ შემთხვევებს ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვეთ და ქონებრივ დავებთან დაკავშირებული სხვადასხვა სიტუაცია განვიხილოთ.
როგორც იცით და არაერთხელ აღგვინიშნავს, მოკლედ გავიმეორებ: ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება მეუღლეთა საერთო საკუთრებას წარმოადგენს, მიუხედავად იმისა, ერთ-ერთი მათგანი დასაქმებული იყო თუ მხოლოდ საოჯახო საქმიანობით იყო დაკავებული. ანუ პროცესში უშუალო ფინანსურ მონაწილეობას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს - ქონება მაინც საერთოა.
ქორწინების რეგისტრაციის დღიდან განქორწინების ოფიციალურ რეგისტრაციამდე შეძენილი ნებისმიერი ქონება მეუღლეთა საერთო საკუთრებაა. თუმცა, ამის მიუხედავად, უმეტეს შემთხვევაში, როდესაც საქმე უძრავ ქონებას ეხება, იგი მხოლოდ ერთ-ერთი მეუღლის, მაგალითად, ქმრის სახელზეა რეგისტრირებული. სასამართლო პრაქტიკაში გვხვდება ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ქმარმა მეუღლის თანხმობის გარეშე ქონება შვილს აჩუქა. სამართლებრივად ჩუქების ხელშეკრულება მოქმედია, რადგან საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, მესაკუთრედ მამა ირიცხებოდა და მას იურიდიული უფლება ჰქონდა, საკუთრება სხვა პირისთვის გადაეცა. თუმცა, ვინაიდან ბინა ქორწინების პერიოდში იყო შეძენილი და დასაჩუქრებულმაც იცოდა, რომ ეს ქონება მეუღლეთა საერთო საკუთრებას წარმოადგენდა, სასამართლომ ჩუქების ხელშეკრულება ბათილად ცნო. მინდა, ამ საკითხს ხაზი კიდევ ერთხელ გავუსვათ...
მამამ ქონება შვილს აჩუქა, რადგან, როგორც ჩანს, არ სურდა, რომ ეს წილი მეუღლეს მიეღო.
- სასამართლომ შემდეგი გადაწყვეტილება მიიღო: ჩუქება, რა თქმა უნდა, ავტომატურად ბათილი არ არის. თუმცა, თუ ჩუქების მომენტში დასაჩუქრებულმა იცოდა, რომ უძრავი ქონება მეუღლეთა საერთო საკუთრებას წარმოადგენდა და მეორე მეუღლის თანხმობაც არ არსებობდა, ასეთ შემთხვევაში სასამართლო ჩუქების გარიგებას ბათილად ცნობს. მოცემულ შემთხვევაში დადგინდა, რომ დასაჩუქრებულმა ამის შესახებ იცოდა, რის გამოც ჩუქების ხელშეკრულება გაუქმდა.
რაც შეეხება თქვენს შეკითხვას - რა ხდება მაშინ, თუ დასაჩუქრებულმა ამის შესახებ არაფერი იცოდა? თუ იგი კეთილსინდისიერი შემძენია და აცხადებს, რომ ქონების სადავოობის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა, ხოლო მეორე მხარე ვერ დაამტკიცებს, რომ მან ეს იცოდა ან უნდა სცოდნოდა, ასეთ შემთხვევაში ჩუქების ბათილობას ვერ მოითხოვთ. თუმცა, როგორც წესი, მსგავსი გარემოებების დამტკიცება შესაძლებელია, რადგან უძრავ ქონებას უცხო ადამიანს არავინ ჩუქნის - მას ჩუქნიან ადამიანს, რომელსაც კარგად იცნობენ. ხოლო თუ ადამიანს ახლოს იცნობ, მინიმუმ ისიც უნდა იცოდე, რომ მას მეუღლე ჰყავს და ქონება ქორწინების პერიოდშია შეძენილი. ეს ძალიან საყურადღებო საკითხია. მსგავსი ქმედება, როგორც წესი, იმისთვის ხორციელდება, რომ ერთ-ერთ მეუღლეს კუთვნილი წილი არ შეხვდეს.
- დიახ, იმ შემთხვევაში, თუ ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება მხოლოდ ერთ-ერთი მეუღლის სახელზე ირიცხებოდა და მან იგი ფარულად გაასხვისა, მეორე მეუღლეს უფლება აქვს, თავისი წილის შესაბამისი კომპენსაცია მოითხოვოს.
- ასეთ დროს მეორე მეუღლე ზიანის ანაზღაურებას ითხოვს. სასამართლო შესაბამის გადაწყვეტილებას გამოიტანს, რის შემდეგაც აღსრულების პროცესი დაიწყება.
- ეს უკვე სააღსრულებო წარმოების ეტაპია. ასეთ დროს მოვალე მეუღლე ბანკის მომსახურებით ვერ ისარგებლებს, საბანკო ბარათს ან ანგარიშს ვერ ფლობს, ანუ სამოქალაქო ბრუნვიდან ფაქტობრივად ამოვარდება. თუ დაზარალებულ მეუღლეს კარგი ადვოკატი ჰყავს და სასამართლოში ამტკიცებს, რომ ბინა გაყიდულია და კომპენსაციას ითხოვს, ხოლო მოვალეს არაფერი გააჩნია, სასამართლო დროებით უძლურია. თუმცა, თუკი ეს ადამიანი მომავალში მუშაობას დაიწყებს, რაიმეს შეიძენს ან ფინანსური რესურსი გაუჩნდება, გადაწყვეტილების აღსრულება მაშინვე გახდება შესაძლებელი. მოკლედ, მას ფინანსური ზიანის ანაზღაურება მაინც მოუწევს.
- ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ავიღოთ ასეთი შემთხვევა: ცოლ-ქმარი განქორწინდა, ცოლი შვილებთან ერთად ბინაში დარჩა და ურთიერთშეთანხმების საფუძველზე იქ ცხოვრება განაგრძო. თუმცა, რამდენიმე წლის შემდეგ ყოფილმა ქმარმა, რომლის სახელზეც ბინა ირიცხება, აზრი შეიცვალა და ქონების გაყიდვა გადაწყვიტა. ასეთ სიტუაციაში რა ხდება?
ეს ძალიან საყურადღებო თემაა, რადგან თუ განქორწინების ოფიციალური რეგისტრაციიდან სამი წელი გასულია, მეუღლემ შეიძლება თანასაკუთრებაზე უფლება საერთოდ დაკარგოს. არ არის გამორიცხული, მეორე მეუღლემ ეს წინასწარაც კი დაგეგმოს - ცოლ-შვილი ბინაში უპრობლემოდ დატოვოს, სიტყვიერად უთხრას, რომ ქონება მათ რჩებათ, ხოლო სამი წლის გასვლის შემდეგ პრეტენზია წამოაყენოს.
ჩვენს სასამართლო პრაქტიკაში იყო ასეთი შემთხვევა: განქორწინებიდან სამი წელი და ორი თვე იყო გასული, ცოლი შვილებთან ერთად ბინაში ცხოვრობდა, როდესაც ქმარმა ქონების გასხვისება გადაწყვიტა. სასამართლოში მან ხანდაზმულობის ვადაზე მიუთითა, რის გამოც ქალის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
- ეს კანონით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადაა. თუ მეუღლეებს ქონებრივი დავა აქვთ, მისი წამოწყება განქორწინების რეგისტრაციიდან სამი წლის განმავლობაში უნდა მოხდეს. ხაზს ვუსვამ: ეს ვადა განქორწინების რეგისტრაციიდან აითვლება და არა ქორწინების მომენტიდან. ქორწინების პერიოდში ხანდაზმულობის ვადა არ მოქმედებს. ხოლო განქორწინების ოფიციალური რეგისტრაციიდან სამი წლის გასვლის შემდეგ ქონებრივი დავის წამოწყება უკვე შეუძლებელია.
თუმცა, არსებობს გამონაკლისიც: გვქონია შემთხვევა, როდესაც მეუღლეები იურიდიულად განქორწინდნენ, თუმცა ფაქტობრივად ერთად ცხოვრებას განაგრძობდნენ (მაგალითად, ვიზის საკითხების გამო, თუმცა ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს). ასეთ დროს სამწლიანი ვადის ათვლა დაიწყო არა იურიდიული განქორწინების მომენტიდან, არამედ იმ დროიდან, როდესაც მათ თანაცხოვრება რეალურად შეწყვიტეს. რა თქმა უნდა, ამის მტკიცება საჭიროა და ეს გარემოება მტკიცებადია. ამიტომ ხანდაზმულობის ვადას დიდი ყურადღება უნდა მიექცეს.
- დიახ, ამის დამტკიცება შესაძლებელია - არსებობენ შვილები, ნათესავები, მეზობლები.
- ძალიან საინტერესო შეკითხვაა, რადგან პრაქტიკაში ასეთი შემთხვევები ხშირად გვხვდება. მოდით, ეს საკითხი დეტალურად განვიხილოთ.
თუ ბინა ქორწინებამდე ერთ-ერთი მეუღლის ინდივიდუალურ საკუთრებას წარმოადგენდა, ხოლო ქორწინების პერიოდში მშენებლობა დასრულდა ან, მაგალითად, ფართი გაფართოვდა და ერთოთახიანი ბინა სამოთახიანად იქცა - ანუ, თუ ქონების მდგომარეობა და ღირებულება განხორციელებული სამუშაოების შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა - ასეთ შემთხვევაში სასამართლოს წესით ქორწინებამდე არსებული ინდივიდუალური საკუთრება შეიძლება მეუღლეთა საერთო თანასაკუთრებად გამოცხადდეს.
ხაზგასმით აღვნიშნავ: მნიშვნელობა არ აქვს, უშუალოდ რომელმა მეუღლემ ჩაატარა ეს სამუშაოები. თუნდაც ბინის მესაკუთრე მეუღლეს გაეუმჯობესებინა ქონება, თუ მისი ღირებულება ქორწინების პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა, მეორე მეუღლეს წილის მოთხოვნა მაინც შეუძლია.
თუმცა, მხოლოდ ავეჯის შეძენის ან უბრალო რემონტის გამო უძრავ ქონებაზე თანასაკუთრების უფლება ვერ წარმოიშობა. ასეთ დროს დავა მხოლოდ ავეჯის გაყოფასთან დაკავშირებით შეიძლება წარიმართოს. ანუ საუბარია ქონების ღირებულების მნიშვნელოვან ზრდაზე. მაგალითად, როდესაც ბინა შავი ან თეთრი კარკასის მდგომარეობაში ჩაბარდა და საცხოვრებლად ვარგის მდგომარეობამდე მიიყვანეს, ან მშენებარე სახლი დასრულდა. ჩვეულებრივი, კოსმეტიკური რემონტი ღირებულების მნიშვნელოვან ზრდად არ ითვლება. ამიტომ სასამართლოში უნდა დამტკიცდეს, რომ ქორწინების პერიოდში განხორციელებულმა ცვლილებებმა ქონების საბაზრო ღირებულება არსებითად გაზარდა.
- ასეთ შემთხვევაში, თუ ბინა ქორწინებამდე პირის ინდივიდუალურ საკუთრებას წარმოადგენდა და მისი ფასი მხოლოდ უძრავი ქონების ბაზარზე ფასების საერთო ზრდის გამო გაიზარდა, ეს ქონების თანასაკუთრებად ცნობის არგუმენტს არ წარმოადგენს.
- ასეთი შემთხვევებიც ძალიან ხშირია. საქართველოში, ფაქტობრივად, ხშირად შორდებიან, თუმცა იურიდიულ მხარეს ყურადღებას არ აქცევენ.
თუმცა, ამ პროცესისთვის თავის არიდებამ ადამიანი შეიძლება, ბევრად მძიმე მდგომარეობაში ჩააგდოს. როდესაც მეუღლეები იურიდიულად განქორწინებულები არ არიან, თუმცა, ფაქტობრივად, წლებია, ცალ-ცალკე ცხოვრობენ და ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვლება, მეორე მეუღლეს შეუძლია გარდაცვლილის მიერ ამ პერიოდში შეძენილი ქონების ნახევარი მოითხოვოს.
სამართლიანობის თვალსაზრისით, ეს შესაძლოა უსამართლოდ გამოჩნდეს - ადამიანები ათი წლის განმავლობაში, ფაქტობრივად, განქორწინებულები იყვნენ, შესაძლოა, სულ სხვა ოჯახიც კი ჰქონდათ შექმნილი. ასეთი შემთხვევებისთვის კანონი შემდეგ გამოსავალს გვთავაზობს: თუ მხარე დაამტკიცებს, რომ იურიდიული ქორწინების მიუხედავად, ისინი ფაქტობრივად ერთად არ ცხოვრობდნენ და საერთო მეურნეობას არ ეწეოდნენ, სასამართლოს შეუძლია, ცალ-ცალკე ცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონება იმ მეუღლის ინდივიდუალურ საკუთრებად ცნოს, რომელმაც იგი შეიძინა.
თუმცა, ხაზგასმით აღვნიშნავ ემიგრანტების შემთხვევას: საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლა ავტომატურად ფაქტობრივ განქორწინებას არ ნიშნავს. ადამიანი შეიძლება ათი წელი იმყოფებოდეს ემიგრაციაში, თუმცა ოჯახი ერთობლივად განაგებდეს ფინანსებს, შვილების აღზრდასა და საოჯახო საქმეებს. დისტანციური კომუნიკაციით მათ ჩვეულებრივი ოჯახური ურთიერთობა ჰქონდეთ, რაც განქორწინებად ვერ ჩაითვლება. იმის დასამტკიცებლად, რომ მეუღლეები ფაქტობრივად განქორწინებულები იყვნენ, უნდა დადასტურდეს, რომ მათ შორის ყოველგვარი საოჯახო და პარტნიორული ურთიერთობა შეწყვეტილი იყო.
- დიახ, თუ არასრულწლოვანი შვილები საცხოვრებლად ერთ-ერთ მეუღლესთან რჩებიან, სასამართლოს უფლება აქვს, წილთა თანაბრობის პრინციპს გადაუხვიოს და მეტი წილი იმ მეუღლეს მიაკუთვნოს, რომელთანაც ბავშვები ცხოვრობენ.
ჩვენ გვქონია ასეთი შემთხვევა: ქონება 2/3-ისა და 1/3-ის პროპორციით გაიყო. 2/3 წილი დარჩა დედას, რომელთანაც არასრულწლოვანი შვილები ცხოვრობდნენ, ხოლო მამას 1/3 შეხვდა. ეს მოხდა იმის მიუხედავად, რომ ქორწინების პერიოდში დედა არ მუშაობდა და შვილებს ზრდიდა, ხოლო ოჯახს შემოსავლით მამა უზრუნველყოფდა.
მამაკაცების მხრიდან ამას შესაძლოა, პროტესტი მოჰყვეს, თუმცა განვმარტავ: მეუღლე, რომელიც ოჯახსა და შვილებზე ზრუნავს, მეორე მეუღლეს საშუალებას აძლევს, ყურადღება კარიერულ განვითარებაზე გადაიტანოს. შესაბამისად, დასაქმებული მეუღლის წარმატება მეორე მეუღლის დამსახურებაცაა. სულ სხვაა კარიერის შენება მაშინ, როდესაც საოჯახო საქმეები და შვილების მოვლა სრულად მოხსნილი გაქვს.
სასამართლო ყოველთვის ცდილობს მხარეების მორიგებას, რადგან მორიგება, განსაკუთრებით საოჯახო დავებში, ყველაზე იდეალური გამოსავალია.