ინსულტი არა მხოლოდ სიცოცხლისთვის საშიში დაავადებაა, არამედ ხშირად ადამიანის ცხოვრების ხარისხსაც მკვეთრად ცვლის. რა მნიშვნელობა აქვს დროულ დიაგნოსტიკას, მკურნალობასა და რეაბილიტაციას და როგორია ინსულტის შემდეგ ცხოვრება - თემაზე გადაცემაში "პირადი ექიმი მარი მალაზონია" ნევროლოგი, პროფესორი ალექსანდრე ცისკარიძე საუბრობს:
- ინსულტი სიკვდილიანობის მიზეზებს შორის მეორე-მესამე ადგილზეა. ამ მაჩვენებლით ის ჩამორჩება გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს და ზოგიერთ ქვეყანაში - ავთვისებიან სიმსივნეებს. ზოგჯერ მეორე ადგილზეა, ზოგიერთ ქვეყანაში კი სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზია.
თუმცა, რაც შეეხება ფუნქციურ უნარშეზღუდულობას, რომელიც ინსულტის შემდეგ ვითარდება, ანუ სხვადასხვა ფუნქციის შეზღუდვას, ეს საკმაოდ მყარად ნარჩუნდება და არცთუ იშვიათად ამ მხრივ ინსულტი უდავო ლიდერია. ამიტომ ინსულტი, როგორც ერთ-ერთი ძირითადი სასიკვდილო დაავადება და, ამავდროულად, უნარშეზღუდულობის გამომწვევი მიზეზი, მოზრდილებში ამ თვალსაზრისით უდავო ლიდერია. შესაბამისად, მისი მნიშვნელობა უაღრესად დიდია არა მხოლოდ სამედიცინო, არამედ სოციალური თვალსაზრისითაც, საზოგადოებაზე ზემოქმედების მხრივაც.
ამ საკითხზეც გვქონდა საუბარი, რომ დაავადებების გავლენა საზოგადოებაზე მთლად თვალსაჩინო არ არის, თუმცა ის გლობალური ეპიდემიოლოგიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ინსულტი კი ამ შემთხვევაში უდავო ლიდერია, როგორც ძალიან მძიმე ტვირთი, რომელიც არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ ყველგან აწვება საზოგადოებას.
- ინსულტი ტრადიციულად დაკავშირებულია ნერვულ სისტემასთან - თავისა და ზურგის ტვინში, ანუ ცენტრალურ ნერვულ სისტემაში მიმდინარე სისხლძარღვოვან პროცესებთან. ეს არის სისხლძარღვოვანი კატასტროფა, რომელიც შეიძლება იყოს ინფარქტი ან სისხლჩაქცევა. ინფარქტი სისხლის მიწოდების შეწყვეტას ნიშნავს, ხოლო სისხლჩაქცევა - სისხლძარღვების დაზიანების გამო ტვინის ნივთიერებაში სისხლის ჩაღვრას. ტერმინის თვალსაზრისით, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ეს თავის ტვინია თუ ზურგის ტვინი.
თუმცა მის უკან მდგომი პათოფიზიოლოგიური პროცესებია იშემია და ჰემორაგია, ანუ ინფარქტი (სისხლნაკლებობა) და ჰემორაგია (სისხლჩაქცევა). მიუხედავად ამისა, ინსულტი ჩვენთვის ყოველთვის ნერვული სისტემის დაზიანებასთან ასოცირდება.
- ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ როდესაც პაციენტს სწრაფად განვითარებული დისფუნქცია აქვს, რომელიც ზურგის ტვინის დაავადებაზე გვაფიქრებინებს, ერთ-ერთი შესაძლო მიზეზი ინსულტია.
უფრო ხშირად ზურგის ტვინის დისფუნქციას სხვა გენეზის დაავადებები იწვევს, მათ შორის ანთებითი, აუტოიმუნური და, რასაკვირველია, საკმაოდ ხშირი ტრავმული დაზიანებები. თუმცა სპინალური ინსულტიც მნიშვნელოვანი დაავადებაა, რომელიც ყოველთვის უნდა გვქონდეს დიფერენციული დიაგნოსტიკის ჩამონათვალში.
თავის ტვინში განვითარებული მწვავე სისხლძარღვოვანი პროცესი მოსახლეობამ მეტ-ნაკლებად კარგად იცის. ეს არის სწრაფად განვითარებული მეტყველების დარღვევა, სისუსტე ან მგრძნობელობის დარღვევა სხეულის რომელიმე ნაწილში (ძირითადად - ჰემის სახით, ანუ სხეულის ნახევარში). ამას შეიძლება ახლდეს ძლიერი თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, კოორდინაციის ან მხედველობის დარღვევა და ა.შ.
რაც შეეხება სპინალურ ინსულტს, ამ შემთხვევაში საუბარია იმ დონის ქვემოთ განვითარებულ ფუნქციურ დაქვეითებასა და ფუნქციების დაკარგვაზე, სადაც დაზიანება მოხდა. პარეზი შეიძლება არ იყოს ცალმხრივი - როგორც წესი, არც არის - და ვრცელდებოდეს დაზიანების დონის ქვემოთ. მაგალითად, პარეზი შეიძლება განვითარდეს ორივე ფეხში ან ოთხივე კიდურში. ასეთი ცალმხრივობა სპინალური ინსულტებისთვის დამახასიათებელი არ არის.
გარდა ამისა, ამას ხშირად მოჰყვება მცირე მენჯის ორგანოების ფუნქციების დარღვევა, შარდვის შეკავების ან შეუკავებლობის სახით. როგორც წესი, თან ახლავს სენსორული, ანუ მგრძნობელობითი დარღვევებიც: დაზიანების დონის ქვემოთ ყველანაირი შეგრძნება ქვეითდება და ხშირად ანესთეზიამდეც კი მიდის. ეს ნიშნავს, რომ პაციენტს არ შეუძლია იგრძნოს არც ტკივილი, არც შეხება და არც ტემპერატურული სხვაობა.
თავისა და ზურგის ტვინის პათოლოგიების დიფერენციული დიაგნოსტიკა მხოლოდ კლინიკურ საფუძველზე არცთუ ისე რთულია.
მიზეზებს რომ დავუბრუნდეთ, სპინალური ინსულტი ზურგის ტვინის დაზიანებებს შორის ხშირი არ არის, თუმცა ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ თუ პაციენტს ზურგის ტვინის მწვავე, სწრაფად განვითარებული მოვლენები აქვს, შესაძლო მიზეზად სპინალური ინსულტიც უნდა განვიხილოთ.
- საკმაოდ განსხვავდება. ზურგის ტვინის ინსულტი ძალიან მძიმე დაავადებაა და მისთვის დამახასიათებელია დაზიანებული ფუნქციების ძალიან რთული და ძნელად აღდგენა. უფრო ხშირად რჩება პერმანენტული დეფიციტი - ფუნქციების დაქვეითება, რომელიც თვეებისა და წლების განმავლობაში შეიძლება არ შეიცვალოს და არც აღდგენისკენ წავიდეს.
მეორე მნიშვნელოვანი საკითხია ის, რომ მკურნალობის ის მეთოდები, რომლებიც თავის ტვინის ინსულტის სამკურნალოდ ძალიან განვითარებულია, განსაკუთრებით ჩვენს დროში, ახალი ტექნოლოგიების წყალობით, რომლებზეც არაერთხელ გვისაუბრია, სპინალური ინსულტის დროს არცთუ ისე ეფექტურია. ვგულისხმობ ინტრავენურ თრომბოლიზისსა და თრომბექტომიას. თრომბექტომია სისხლძარღვიდან თრომბის მექანიკურ ამოღებას ნიშნავს, ხოლო თრომბოლიზისი - მედიკამენტის საშუალებით თრომბის დაშლას.
მონაცემები საკმაოდ მწირია, თუმცა არსებული ინფორმაცია გვიჩვენებს, რომ ინტრავენური თრომბოლიზისი არცთუ ისე ეფექტურია, თრომბექტომიის ჩატარება კი ძალიან რთულია. ვინაიდან სპინალური სისხლძარღვები თავის ტვინის სისხლძარღვებზე გაცილებით მცირე დიამეტრისაა, მათში შესვლა ძალიან მაღალ ოსტატობას მოითხოვს. ამ დროს სისხლძარღვის მექანიკური დაზიანების რისკი უფრო მაღალია, ვიდრე მისი გადარჩენისა და თრომბის ამოღების შესაძლებლობა. შესაბამისად, ეს მეთოდები იშვიათად გამოიყენება.
თრომბექტომია პრაქტიკულად არ გამოიყენება, თრომბოლიზისის შემთხვევები კი არსებობს, თუმცა არა ისეთი შედეგებით, რომ ოპტიმისტური განწყობა შეგვიქმნას.
- თავის ტვინის ინსულტის შემთხვევაში ეს ერთმნიშვნელოვნად გადამწყვეტია, ვინაიდან თანამედროვე სამკურნალო ტექნოლოგიები, თრომბოლიზისი და თრომბექტომია, დროზე დამოკიდებული მეთოდებია. რაც უფრო ადრე ჩატარდება ისინი, მით უფრო მაღალია კარგი, უკეთესი გამოსავლის შანსი და ალბათობა.
ამ ფაქტის უკან ძალიან მარტივი ლოგიკა დგას: ყოველ წუთში მრავალი მილიონი ნეირონი იღუპება, რომლებიც თავის ტვინის ფუნქციურ ერთეულებს წარმოადგენს. წარმოიდგინეთ, როდესაც სისხლის მიმოქცევა შეფერხებულია ან გაჩერებულია, რამდენი ნეირონია რისკის ქვეშ. თითოეული წუთი ძვირფასია და, როგორც ინგლისურენოვან სამყაროში ამბობენ, - Time is Brain, ანუ დრო ტვინია.
ჩვენც ხშირად ვამბობთ, რომ სწრაფად უნდა მოხდეს ინსულტის ამოცნობა, პაციენტის შესაბამის დაწესებულებაში გადაყვანა და იქ გადაუდებელი ჩარევის განხორციელება. პირველ რიგში, დიაგნოსტიკა, შემდგომ კი გადაუდებელი მკურნალობა გვაძლევს საშუალებას, გადავარჩინოთ ტვინის ის ქსოვილი, რომელიც რისკის ქვეშაა, და ამით აღვადგინოთ ფუნქცია. დაზიანებული ფუნქციის აღდგენის შანსიც მეტია, როდესაც დროულად ვმოქმედებთ. ეს თანაბრად ეხება როგორც თრომბოლიზისს, ისე თრომბექტომიას.
ვინაიდან სპინალური ინსულტების დროს ეს მეთოდები იმავე ეფექტიანობითა და სიხშირით არ გამოიყენება, დროის ფაქტორი ჯერჯერობით ასეთი კრიტიკული არ არის. თუმცა, რასაკვირველია, პათოლოგიის ადრეული ამოცნობა, არსებული მკურნალობის დაწყება და ადრეული რეაბილიტაცია ყოველთვის უკეთეს შედეგს იძლევა, ვიდრე დაგვიანება.
- ინსულტის შემდეგ ცხოვრება თანამედროვე ინსულტოლოგიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემაა. ჩვენს პროფესიულ კონფერენციებზე ამ საკითხს ცალკე სესიები ან სესიების მთელი ციკლი ეძღვნება.
როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, ინსულტი იწვევს მაღალი ხარისხის უნარშეზღუდულობასა და ფუნქციური უნარების დაქვეითებას. ამიტომ ინსულტგადატანილი ადამიანი ცხოვრებას ახალ რეალობაში იწყებს - გადატანილ ინსულტთან ერთად.
აქ იწყება არა მხოლოდ სამედიცინო საკითხები და სწორი მკურნალობა, ანუ ეგრეთ წოდებული მეორადი პრევენცია, რომელიც შემდგომი ინსულტების რისკის შემცირებაში გვეხმარება (რადგან ყოველი შემდეგი ეპიზოდი სიცოცხლისთვის და უნარების შენარჩუნებისთვის გაცილებით სახიფათოა), არამედ ისიც, რომ პაციენტმა ახალ რეალობაში ცხოვრება უნდა ისწავლოს.
აქ ბევრი ფაქტორი იჩენს თავს: ფსიქოლოგიური, ემოციური და სოციალური. ამიტომ ინსულტგადატანილ პაციენტთან მულტიდისციპლინური გუნდის მუშაობა უმნიშვნელოვანესია.
ამ გუნდში შედიან არა მხოლოდ ექიმი, ექთანი და საავადმყოფოს პერსონალი, არამედ ფსიქოლოგი, მეტყველების თერაპევტი, ფიზიოთერაპევტი, აფაზიოლოგი, რომელიც მეტყველების აღდგენაში ეხმარება პაციენტს, და სოციალური მუშაკი, რომელიც ამ მულტიდისციპლინური გუნდის ჩვეულებრივი წევრია.
- ჩვენ ისეთ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, სადაც ტრადიციულად დიდ, გაფართოებულ ოჯახებში ვარსებობთ. ეს რეალობა ცოტათი იცვლება, თუმცა ჩვენ მიჩვეულები ვართ ოჯახის წევრებთან, წინაპრებსა და შთამომავლებთან ერთად ცხოვრებას.
ინსულტგადატანილი პაციენტი უბრუნდება ოჯახს და ოჯახიც უზარმაზარ ცვლილებებს განიცდის - როგორც ფსიქოლოგიურს, ისე მატერიალურს. ოჯახი უნდა ადაპტირდეს იმ რეალობასთან, რომ მისი წევრი უკვე ინსულტგადატანილია, თუმცა ეს არ ნიშნავს მის გარიყვას ან ღირსების შემლახველ მოპყრობას.
პირიქით, ოჯახის წევრებს უნდა ჰქონდეთ ცოდნა, როგორ მოუარონ ასეთ პაციენტებს და როგორი ურთიერთობა ჰქონდეთ მათთან. ეს ძალიან რთული პრობლემაა, რომელიც პროფესიონალების ყურადღების ცენტრშია.
სამწუხაროდ, ყველა საზოგადოებასა და ქვეყანაში ამ საკითხს სათანადო ყურადღება არ ექცევა და ჩვენც არ ვართ ამისთვის საკმარისად მზად - არც როგორც საზოგადოება, არც როგორც სახელმწიფო და არც როგორც ჯანდაცვის სისტემა. ეს მხოლოდ ოჯახის პრობლემა არ არის, ეს საზოგადოების, ქვეყნის, სახელმწიფოს, ჯანდაცვითი სისტემის პრობლემაა.