საქართველოში მემკვიდრეობით ქონების გადაცემის პროცესს კანონმდებლობა არეგულირებს, რომლის არცოდნა და უგულებელყოფა ხშირად სავალალო შედეგებს იწვევს და საკმაოდ დიდ მატერიალურ დანაკარგამდე მივყავართ. ადამიანებმა ხშირად არ იციან, რა უნდა გააკეთონ, როგორ უნდა მოიქცნენ ან რა ნაბიჯები უნდა გადადგან, რომ მსგავსი პრობლემების წინაშე არ აღმოჩნდნენ. აქტუალურ თემაზე გადაცემაში "ახალი დღე" საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სამართლის კომიტეტის თავმჯდომარე, ადვოკატი სალომე ბეჟაშვილი საუბრობს:
- შესაძლოა, ანდერძი არ არსებობდეს. ზოგადად, მემკვიდრეობის ორი სახე არსებობს: ანდერძით და კანონით მემკვიდრეობა. თუ ანდერძი არ არის დაწერილი (ან თუ ის სამკვიდრო ქონების მხოლოდ ნაწილს მოიცავს), ამ შემთხვევაში კანონით მემკვიდრეობა მოქმედებს. კანონმდებლობით მემკვიდრეობის ხუთი რიგია განსაზღვრული. რიგითობის მიხედვით, თუ პირველი რიგის მემკვიდრეები არ გვყავს, სამკვიდრო ქონება უკვე მეორე რიგის მემკვიდრეებზე გადადის. პირველ რიგში მეუღლე, შვილები და მშობლები მოიაზრებიან. მეორე რიგის მემკვიდრეები კი განსხვავებული წესით განისაზღვრებიან - მათ მიეკუთვნებიან დები, ძმები, ბიძები, დეიდები, მამიდები და ასე შემდეგ. კანონი სულ ხუთ რიგს ითვალისწინებს. მნიშვნელოვანია, გამოირიცხოს წინა რიგის მემკვიდრის არსებობა, რათა შემდგომი რიგის მემკვიდრემ სამკვიდრო ქონება მიიღოს.
- ვადა ძალიან აქტუალური საკითხია. პრაქტიკაში არასწორი წარმოდგენაა დამკვიდრებული იმის შესახებ, თითქოს ექვსი თვე უნდა გავიდეს და ნოტარიუსს მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მიმართონ. ეს მცდარი შეხედულებაა. თუ მემკვიდრეს სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობა უკვე დაწყებული არ აქვს, მან ნოტარიუსს ექვსი თვის ვადაში უნდა მიმართოს - ექვსი თვე გასული არ უნდა იყოს. როგორც წესი, სამკვიდრო მოწმობა ექვსი თვის გასვლის შემდეგ გაიცემა, თუმცა განცხადება მანამდე უნდა წარადგინოს მემკვიდრემ.
შესაძლებელია, განცხადება წარდგენილი არ იყოს, მაგრამ მემკვიდრე სამკვიდრო ქონების ფლობასა და მართვას უკვე შეუდგეს - მაგალითად, აქირავებდეს დატოვებულ ქონებას, იხდიდეს გადასახადებს, უვლიდეს მას და ასე შემდეგ. ესეც მემკვიდრეობის მიღებად ითვლება, თუმცა მემკვიდრეებს მაინც ვურჩევდი, განცხადებით ნოტარიუსს აუცილებლად მიმართონ.
- ნოტარიუსთან განცხადების წარდგენა აუცილებელია იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ქონება უკვე ფაქტობრივ მფლობელობაში გვაქვს. ხოლო თუ მემკვიდრე ფაქტობრივ ფლობას არ დაიწყებს (მაგალითად, ქონების გამოყენებას, მოვლას, მართვას ან სასოფლო-სამეურნეო მიწის დამუშავებას), ნოტარიუსთან განცხადების წარდგენა სავალდებულო ხდება.
თუ ქონება უკვე მემკვიდრის მფლობელობაშია და ის მას ფაქტობრივად იყენებს, მემკვიდრეობის მიღებისთვის ეს ფაქტი საკმარისია. თუმცა ამ ფაქტის დადასტურებას თავისი სპეციფიკა აქვს - შესაძლოა, მისი დამტკიცება გაჭირდეს და სასამართლოს ჩართვა გახდეს საჭირო, რათა სასამართლომ ფაქტობრივი ფლობით მემკვიდრეობის მიღების ფაქტი დაადგინოს. თუ დავა არ არსებობს, საკითხს სასამართლო უდავო წარმოების წესით განიხილავს, ხოლო მემკვიდრეებს შორის დავის შემთხვევაში პროცესი სასარჩელო წარმოების წესით მიმდინარეობს.
- დიახ, გამოსავალი ამ შემთხვევაშიც არსებობს. ექვსთვიანი ვადის ამოწურვამდე განცხადების შეტანის შემთხვევაში ნოტარიუსმა დამატებითი დოკუმენტაციის წარსადგენად შესაძლოა დამატებითი ვადა მოგვცეს. მთავარია, თავად განცხადება ექვსი თვის ვადაში დარეგისტრირდეს.
იმ შემთხვევაში, თუ ვადა გაშვებულია, შესაძლოა, ამის საპატიო მიზეზი არსებობდეს. მხოლოდ ის გარემოება, რომ პირმა კანონი არ იცოდა ან საზღვარგარეთ იმყოფებოდა, საპატიო მიზეზად ვერ ჩაითვლება. თუმცა, მაგალითად, მძიმე ავადმყოფობა, რომელიც მემკვიდრეს დროულად მიმართვის შესაძლებლობას არ აძლევდა, საპატიო მიზეზს წარმოადგენს. ასევე, ვადის გაგრძელების საფუძველი შეიძლება გახდეს ყველა მემკვიდრის თანხმობა. ხოლო თუ ვადის გაშვება არასაპატიო მიზეზით მოხდა, ეს შეიძლება, გახდეს იმის საფუძველი, რომ სამკვიდრო ვერ მივიღოთ.
- დავა ნებისმიერი რიგის მემკვიდრეებს შორის შეიძლება წარმოიშვას. რაც შეეხება მეუღლეს: თუ წყვილი რეგისტრირებულ ქორწინებაში არ იმყოფებოდა, კანონით მემკვიდრეობა მათზე არ ვრცელდება - მხოლოდ თანაცხოვრების ფაქტი კანონით მემკვიდრეობის უფლებას არ წარმოშობს.
ხოლო თუ ქორწინება რეგისტრირებულია, მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონება გასანაწილებელ სამკვიდროში სრულად არ შედის. პირობითად, თუ გარდაცვლილს დარჩა მეუღლე, ორი შვილი და ბინა, ბინის 50% (ნახევარი) მეუღლეს ეკუთვნის, როგორც მეუღლეთა თანასაკუთრება. დარჩენილი 50% კი კანონით მემკვიდრეებს შორის, მათ შორის მეუღლეს შორისაც, თანაბრად ნაწილდება. ანუ, თუ ოთხი პირველი რიგის მემკვიდრე გვყავს, თითოეული მათგანი დარჩენილი ნახევრის 1/4-ს მიიღებს, ხოლო პირველი ნახევარი მეუღლის საკუთრებაში რჩება.
რაც შეეხება რამდენიმე ქორწინებას - კანონით მემკვიდრედ ის მეუღლე ითვლება, ვისთანაც გარდაცვლილი უკანასკნელ რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა. ხოლო ანდერძით მემკვიდრეობის დროს მოანდერძეს შეუძლია მემკვიდრედ ნებისმიერი პირი მიუთითოს.
- სირთულე იმაზეა დამოკიდებული, თუ რა საფუძვლით დავობენ მხარეები. შესაძლოა, ეს ანდერძის ბათილად ცნობის საკითხი იყოს. თუმცა მხოლოდ ის გარემოება, რომ მემკვიდრეს საკმარისი ქონება არ დარჩა, ანდერძის გაუქმების საფუძველს არ წარმოადგენს. უნდა დადასტურდეს, რომ მოანდერძე ანდერძის შედგენისას საკუთარ ქმედებას ვერ აცნობიერებდა და ნების გამოვლენა არ შეეძლო.
ასევე, მხარეები შეიძლება დავობდნენ იმის გამო, რომ ერთ-ერთი მემკვიდრე გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში მოხსენიებული არ იყო. ასეთ შემთხვევაში სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობას სასამართლო წესით ვითხოვთ.
გარდა ამისა, ანდერძის არსებობის მიუხედავად, არსებობს სავალდებულო წილი, რომელსაც პირველი რიგის მემკვიდრეები მაინც იღებენ - იმ წილის ნახევარს, რაც მათ კანონით მემკვიდრეობის შემთხვევაში ერგებოდათ. შესაბამისად, პროცესის სირთულე იმაზეა დამოკიდებული, თუ რა სამართლებრივი საფუძვლით მიმდინარეობს დავა.
- მომვლელის ინსტიტუტი შესაძლოა სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების ფარგლებში ამოქმედდეს, რაც სრულიად სხვა სამართლებრივი ინსტიტუტია. ხოლო თუ მამკვიდრებელმა მთელი ქონება მომვლელს ანდერძით დაუტოვა, მხოლოდ ხანდაზმულობის ფაქტი ანდერძის ბათილობის საფუძველი ვერ გახდება. უნდა არსებობდეს სამედიცინო დასკვნა იმის შესახებ, რომ პირს გადაწყვეტილების მიღება და საკუთარი ნების სწორად გამოხატვა არ შეეძლო (იყო ქმედუუნარო).
ამის დასადასტურებლად შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ექსპერტიზის დასკვნა, სამედიცინო ცნობა (ფორმა №100) და სხვა მტკიცებულებები, რომლებსაც საბოლოოდ სასამართლო აფასებს.
ამასთანავე, კანონით მემკვიდრეებს შეუძლიათ სავალდებულო წილი მოითხოვონ. ასეთ შემთხვევაში ისინი მიიღებენ იმ წილის ნახევარს, რაც ანდერძის არარსებობის შემთხვევაში ერგებოდათ.
გარდა ამისა, ანდერძი აუცილებელი არ არის, ნოტარიულად იყოს დამოწმებული - კანონი შინაურულ ანდერძსაც ცნობს. თუ ხელმოწერის ავთენტურობა სადავო არ არის და საწინააღმდეგო არ დადასტურდება, ასეთი ანდერძიც ნამდვილად ჩაითვლება.
- დიახ, პირველი რიგის მემკვიდრეებს უფლება აქვთ, მოითხოვონ იმ წილის ნახევარი, რაც კანონით მემკვიდრეობის შემთხვევაში ერგებოდათ. დავის არარსებობისას ამ საკითხს ნოტარიუსი წყვეტს, ხოლო დავის შემთხვევაში - სასამართლო.
- პირადად მე ასეთი შემთხვევა არ მქონია. შინაურ ცხოველებს (ძაღლს, კატას) ქონებრივი უფლებაუნარიანობა არ გააჩნიათ და ქონება მათ სახელზე ფიზიკურად ვერ დარეგისტრირდება. ასეთ შემთხვევაში ქონება შესაძლოა უმკვიდროდ გამოცხადდეს და, მემკვიდრეების არარსებობის შემთხვევაში, სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდეს - ქონებასთან და ვალდებულებებთან ერთად.