"რაც უფრო ხშირია შიმშილის პერიოდები და მკაცრი შეზღუდვები, მით უფრო ნელდება სამომავლოდ ნივთიერებათა ცვლა, რადგან ორგანიზმი შემნახველ რეჟიმზე გადადის" - ენდოკრინოლოგი განმარტავს, რა გვიშლის წონის კლებაში ხელს - მშობლები

"რაც უფრო ხშირია შიმშილის პერიოდები და მკაცრი შეზღუდვები, მით უფრო ნელდება ნივთიერებათა ცვლა, რადგან ორგანიზმი შემნახველ რეჟიმზე გადადის" - ენდოკრინოლოგი განმარტავს, რა გვიშლის წონის კლებაში ხელს

2026-11-12 10:03:16+04:00

რატომ არ მუშაობს ყველასთვის ერთნაირად ე.წ. უნივერსალური დიეტა, რატომ ხდება ისე, რომ ზოგი ადამიანი მთელი ცხოვრება დიეტაზეა და სასურველ შედეგს ვერ აღწევს, მაშინ როცა ზოგიერთი რამდენიმედღიანი მარტივი, ჯანსაღი კვების შედეგად უკვე ძალიან კარგ და საგრძნობლად უკეთეს შედეგებს იღებს, რა ბიოქიმიური პროცესები მიმდინარეობს ორგანიზმში და როგორ ვიკვებოთ სწორად - თემაზე გადაცემაში "ახალი დღე", ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი, ნინო ლომთაძე საუბრობს:

- უპირველეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ სხეულის წონის კლება ძალიან რთული ბიოლოგიური პროცესია, რომელშიც მონაწილეობს ჩვენი თავის ტვინი, ნივთიერებათა ცვლა, ჰორმონები, გუნება-განწყობა, კვებითი ქცევები და ის გარემო ფაქტორები, რომლებშიც ვიმყოფებით.

ძილიც, რა თქმა უნდა, ფიზიკური აქტივობაც... ყველაფერმა შეიძლება იმოქმედოს. ბუნებრივია, როდესაც სხეულის წონის კლებასა და შენარჩუნებაზე მიდგება საქმე, ყველაფერი მხოლოდ იმით არ განისაზღვრება, თუ რამდენს მივირთმევთ და რამდენად აქტიურები ვართ ფიზიკურად. ამის ძალიან კარგი ცოცხალი მაგალითია ის, რომ ჩვენ, ენდოკრინოლოგები, ყოველდღიურ პრაქტიკაში ვხედავთ პაციენტებს, რომლებმაც არაჩვეულებრივად იციან დაბალანსებული კვების პრინციპები, ესმით ძილისა და ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობა. ზოგმა სასურველ წონასაც მიაღწია, მაგრამ, სამწუხაროდ, გარკვეული პერიოდის შემდეგ ისევ საწყის ან საწყისთან მიახლოებულ წონას უბრუნდება.

რა თქმა უნდა, ყველა მიზეზს ვერ ჩამოვთვლით, მაგრამ აღვნიშნავთ ყველაზე გავრცელებულ შეცდომებს, რომლებიც ხელს უშლის სასურველი წონის მიღწევასა და შენარჩუნებას.

პირველი - ეს არის ძალიან მკაცრი შეზღუდვები და დიეტები. როდესაც ადამიანი დღის განმავლობაში მკაცრად ზღუდავს საკვების ულუფასა და კალორიებს, ასეთ დროს ჩვენი ორგანიზმი ადაპტირებას ცდილობს. ნახეთ, რას აკეთებს: ამცირებს ნივთიერებათა ცვლის სიჩქარეს. პირიქით, კალორიებს კი არ ხარჯავს, არამედ ცხიმოვან ქსოვილში ინახავს, რადგან ორგანიზმი ფიქრობს, რომ ისეთ გარემოში ვცხოვრობთ, სადაც საკვების მოპოვება რთულია. ამიტომ ამჯობინებს, მიღებული საკვები ენერგიად არ დახარჯოს და ცხიმოვან ქსოვილში შეინახოს.

- ანუ ორგანიზმი რაღაცნაირად დაცვის რეჟიმზე გადადის.

- აბსოლუტურად. ასეთ დროს გუნება-განწყობაც უარესდება, შრომისუნარიანობაც იკლებს და საბოლოო ჯამში, ადამიანს არა მხოლოდ წონის პრობლემა ექმნება, არამედ ზოგადი ჯანმრთელობაც უარესდება.

მეორე გავრცელებული შეცდომაა, რომ ადამიანები ხშირად დიდი რაოდენობით საკვებს არ იღებენ, მაგრამ არაჯანსაღად იკვებებიან - დღის განმავლობაში სუსნაობენ. ასევე არ ითვალისწინებენ, რომ სვამენ ტკბილ სასმელებს, ყავას, ჩაის, მიირთმევენ სალათებს ძალიან კალორიული სოუსებით და უკვირთ, მთელი დღე პრაქტიკულად არაფერს ვჭამ და მაინც ვიმატებო.

ასევე, ხშირად არ საუზმობენ, ჰგონიათ, რომ დღეს მსუბუქად გადაიტანენ, მაგრამ საღამოს საათებში უკვე ერთიანად იღებენ დიდ ულუფას. ესეც იწვევს გაოცებას, რადგან მთელი დღე არ უჭამიათ და წონას მაინც ვერ ინარჩუნებენ.

ხშირად ადამიანები არც კვებით ჩვევებს აქცევენ ყურადღებას. შეიძლება სწორადაც იკვებებოდნენ და ვარჯიშობდნენ, მაგრამ ჰქონდეთ ისეთი არაჯანსაღი ჩვევები, რომლებიც კვლავ ძველ კილოგრამებს აბრუნებს. არაჯანსაღი ჩვევა შეიძლება იყოს საუზმის გამოტოვება, დღის განმავლობაში ქაოტური წახემსება ან ის, რომ ადამიანი საკვებს იღებს არა ფიზიოლოგიური შიმშილის გამო, არამედ სტრესისა და გუნება-განწყობის დაქვეითების დროს.

- როგორ უნდა განვასხვავოთ - რეალურად გვშია თუ ეს შიმშილი გონებრივად არის განპირობებული?

- ძალიან საინტერესო კითხვაა. სწორედ ამიტომ ვმუშაობთ ენდოკრინოლოგები კვებით ფსიქოლოგებთან ერთად, როდესაც ეჭვი გვაქვს, რომ საქმე ემოციურ კვებასთან გვაქვს. გარემო ფაქტორები და სტრესი ხშირად აიძულებს ადამიანს, საკვები მიიღოს არა ფიზიოლოგიური შიმშილის გამო, არამედ ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე. როდესაც ამის ეჭვი გვაქვს, პროცესში კვებით ფსიქოლოგსაც ვრთავთ.

ხშირად აღმოჩნდება ხოლმე, რომ ენდოკრინოლოგი პაციენტს ჰორმონალურ დისბალანსსაც მოუწესრიგებს, მაგრამ თუ ემოციური კვება დარჩა, წონის პრობლემა და ჰორმონალური დისბალანსიც აუცილებლად დაბრუნდება. კვებითი აშლილობაც შეიძლება ერთვოდეს ამ ყველაფერს.

- თუ ადამიანი გადაწყვეტს, რომ დიეტას მიმართოს, მაგრამ სურს, ინდივიდუალურად, სწორად შეარჩიოს. ხომ არ არსებობს რაიმე რეკომენდაცია კვლევების კუთხით? მაგალითად, კონკრეტულ ჰორმონებზე კვლევები რომ ჩაიტაროს ადამიანმა და შემდეგ ინდივიდუალურად განსაზღვროს თავისი დიეტა?

- როდესაც ადამიანი სპეციალისტთან მიდის, ჩვენ მის ჩივილებზე დაყრდნობით ვნიშნავთ კვლევებს და არა ისე, რომ ყველას ერთი და იგივე ანალიზები ჩავუტაროთ.

პირველი, რასაც ვიკვლევთ, ვიტამინებისა და მიკრო- და მაკროელემენტების დეფიციტია. ძალიან ბევრს ეშინია ამის შემოწმების, ჰგონიათ, რომ ვიტამინები წონაში მოამატებინებს, მაგრამ პირიქით - ვიტამინებისა და მიკროელემენტების დეფიციტი ხელს უშლის წონის კლებას. ამიტომ ეს აუცილებლად უნდა შევამოწმოთ.

მეორე - თუ ეჭვი გვაქვს ნივთიერებათა ცვლის დარღვევაზე ან ჰორმონალურ დისბალანსზე, ჰორმონებს ვიკვლევთ. პირველი ასეთი ჰორმონია ინსულინი. როდესაც ინსულინის მაჩვენებელი დარღვეულია, წონა არა მხოლოდ რთულად იკლებს, არამედ ადამიანი მარტივად იმატებს. ხშირად ამბობენ, ჰაერიც კი მასუქებსო, რადგან ორგანიზმი მიღებულ საკვებს ძალიან სწრაფად ითვისებს.

ასევე, შეიძლება საქმე გვქონდეს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონალურ დისბალანსთან, რასაც შეშუპებაც ახლავს. სასქესო ჰორმონების დისბალანსიც დაკავშირებულია წონაში მატებასთან. მაგალითად, პერიმენოპაუზურ პერიოდში, როდესაც ესტროგენების დონე ეცემა, ქალი, სრულიად ჯანსაღად რომ ცხოვრობდეს და სწორად იკვებებოდეს, სხეულის ფორმები მაინც ეცვლება და წონის მატებისკენ იხრება. ეს არ ნიშნავს, რომ გამოსავალი არ არსებობს. ეს ნიშნავს, რომ უკეთ უნდა ვიცნობდეთ საკუთარ ორგანიზმს, რათა სწორად ავუწყოთ ფეხი ამ ცვლილებებს.

- ინსულინრეზისტენტობა ყოველთვის წონის მომატებას ნიშნავს?

- ძალიან სწორი აქცენტია. ყოველ შემთხვევაში, ინსულინრეზისტენტობას ყოველთვის არ ახლავს წონაში მატება, თუმცა უმეტესად ის სხეულის წონასთანაა ასოცირებული.

აი, რა არის ინსულინრეზისტენტობა? წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენი სტუდია რომელიმე ორგანოს უჯრედია, სადაც ინსულინს გლუკოზა (შაქარი) შემოაქვს, რათა ენერგიით დაგვაპუროს. როდესაც ინსულინი უჯრედთან მოდის, მან კარი უნდა გააღოს. მაგრამ როდესაც ადამიანი წონაში იმატებს, ეს კარი ცხიმოვანი ქსოვილით იხერგება და ინსულინი ვეღარ აღწევს შიგნით. ამიტომ ორგანიზმი იძულებულია, იმაზე მეტი ინსულინი გამოიმუშაოს, ვიდრე საჭიროა, რათა ეს ცხიმოვანი შრე გაარღვიოს.

შედეგად, უჯრედში იმაზე მეტი შაქარი შეაქვს, ვიდრე საჭიროა, სისხლში შაქრის დონე ეცემა და ადამიანს მუდმივად შია. ბევრი მაყურებელი ამოიცნობს საკუთარ თავს: სადილიდან ცოტა ხანში ისეთი შიმშილი იწყება, რომ თუ ტკბილი არ მიაყოლა, ჰგონია, გონებას დაკარგავს. და რაც უფრო მეტი ინსულინი გამოიყოფა, მით უფრო მეტი ცხიმოვანი ქსოვილი გროვდება ორგანიზმში.

- როგორ დავიცვათ ეს კარი?

- პირველ რიგში, საჭიროა ფიზიკური აქტივობა. როდესაც წონის კლებაზე ვსაუბრობთ, ყოველთვის ვცდილობთ, რაც შეიძლება ნაკლები ცხიმოვანი ქსოვილი გვქონდეს, მაგრამ გვავიწყდება კუნთოვანი ქსოვილი. კუნთოვანი ქსოვილი ძალიან გვეხმარება ინსულინის მგრძნობელობის გაუმჯობესებაში.

მეორე - ძილი. სულ რომ არაფერი ვჭამოთ და გვიან ვიძინებდეთ, ესეც ხელს უწყობს ინსულინრეზისტენტობის განვითარებას.

მესამე - ქრონიკული სტრესი, რომელიც ასევე უარყოფითად მოქმედებს. ზოგი პაციენტი ამბობს, ისე მინდება ტკბილი, რომ ერთი ლუკმაც თუ არ მივირთვი, გონებას დავკარგავო. ამიტომ ამ მანკიერი წრის გარღვევა ეტაპობრივი და დაბალანსებული პროცესია.

- მეტაბოლიზმზეც ვთქვათ ორიოდე სიტყვა.

- მეტაბოლიზმი არის ბიოლოგიური და ქიმიური პროცესების ერთობლიობა, რომლის დროსაც ორგანიზმი მიღებული საკვებიდან ენერგიას გამოყოფს და მას სიცოცხლისთვის მნიშვნელოვან ფუნქციებს ახმარს - გულის მუშაობას, სუნთქვას, ტემპერატურის შენარჩუნებას. ეს პროცესები უწყვეტად მიმდინარეობს.

მეტაბოლიზმის სიჩქარე დაკავშირებულია სქესთან, ასაკთან და კუნთოვან მასასთან. ადამიანები სვამენ კითხვას: რით დავაჩქარო მეტაბოლიზმი, რა ჯადოსნური ინექცია ან პრეპარატი არსებობსო? რეალურად კი მისი გაუმჯობესება ძილის, ფიზიკური აქტივობის, კვებისა და სტრესის შემცირების გზითაა შესაძლებელი.

- არსებობს მოდური დიეტები და ფასტინგი. რას იტყვით მათზე?

- ჩვენ არ ვუწევთ რეკომენდაციას ფასტინგსა და მკაცრ დიეტებს, სანამ არ ვიცით, რა დგას პრობლემის უკან. რაც უფრო ხშირია შიმშილის პერიოდები და მკაცრი შეზღუდვები, მით უფრო ნელდება სამომავლოდ ნივთიერებათა ცვლა, რადგან ორგანიზმი შემნახველ რეჟიმზე გადადის.

უნივერსალური გზა ის არის, რომ ერთი უკიდურესობიდან მეორეში არ გადავვარდეთ. დავიწყოთ ნელ-ნელა: შევზღუდოთ ტკბილი სასმელები, გავზარდოთ სითხის მიღება, დავიძინოთ ერთი საათით ადრე, დღეში თუნდაც 20 წუთი დავუთმოთ მსუბუქ ფიზიკურ აქტივობას (ცეკვას, სეირნობას). საკვების მომზადებისას მარილს თავი ავარიდოთ და უკვე მზა კერძს მოვაყაროთ ცოტა. ასეთ პატარა ცვლილებებს დიდი მეტაბოლური და ჰორმონალური გარდაქმნები მოსდევს.

საქმე ნებისყოფაში როდია. ბევრი იცავს დიეტას, მაგრამ მიზეზი ხშირად ჰორმონალური დისბალანსი, სტრესი ან უძილობაა. ამიტომ სპეციალისტები პაციენტებს პირველადი მიზეზის პოვნასა და აღმოფხვრაში ვეხმარებით.

შეიძლება თუ არა ყავის უზმოზე დალევა და შველის თუ არა დიეტა შეკრულობას — გასტროენტეროლოგის განმარტებები
თუ დიეტა დაარღვიეთ, რა უნდა ქნათ მეორე დღეს – ნატა გაგუას რჩევები