Beauty Talks-ის სტუმარი იყო დიზაინერი, ბიზნესვუმენი, 4 შვილის დედა მაკა კვიციანი და ისაუბრა როგორია დედობა 40+ ასაკში? რა ემოციები ახლავს გვიან ასაკში ორსულობას და რით განსხვავდება მეოთხე შვილის გაჩენა პირველი დედობის გამოცდილებისგან?
ბევრი საქმის და დედობის შეთავსება
- ოთხი კაცის მენეჯერი ვართ-მეთქი, ვიძახი და, სიმართლე რომ გითხრა, უკვე ხუთისაც — პატარა ილიკოც თუ ჩავრთეთ, იმიტომ, რომ არანაკლები დრო და მენეჯმენტი სჭირდება. ძირითადად მაინც, კლასიკურად და, როგორც ქართული ოჯახების 80 პროცენტი, ისე ვმართავ მეც ოჯახს. რა თქმა უნდა, შოთაც ძალიან მეხმარება, მაგრამ მთავარი ის არის, სულ ვიძახი, ხელს არ მიშლის და ესეც ძალიან კარგია.
ის პირობები, რაც მაქვს, რომ ჩემი საქმეც ვაკეთო, ჩემი ცნობისმოყვარეობაც დავიკმაყოფილო, მეგობრებისთვის მოვიცალო, სოციალური ცხოვრება მქონდეს — ამისთვის პირობები მჭირდება, რა თქმა უნდა. და ძალიან მადლობელი ვარ, რომ ამ პირობებს მიქმნის და შემიძლია საკუთარ თავსაც მივცე საშუალება, საკუთარი ჰობები მქონდეს და რაღაცებით გავერთო მეც.
...ყველაზე მაგარია 30-ის ზევით გაჩენა, 40-ის ზემოთ ხომ კიდევ ალბათ უფრო... სხვა თავდაჯერება გაქვს ამ დროს და ყველაფერი გსიამოვნებს, "კაიფობ" ყველა წუთით, რასაც ის ბავშვი გაძლევს. წარმოუდგენელ სიამოვნებას ვკარგავთ ქალები-მეთქი, აი, ვიძახდი... პირველი რომ გავაჩინე, 19-ის ვიყავი, მერე 24-ის, მერე 28-ის — აი, ახლოსაც არ მივა ის შეგრძნებები, რაც მაშინ მქონდა, იმასთან, რაც ახლა მაქვს. აი, რაღაც ფანტასტიკაა!
სულ ვიყავი, ხომ იცი, აი, რაღაც წესები... უფროსი გავზარდე წიგნით, დამეფიცება, რომ რაც წიგნში ეწერა, ყველაფერი ისე გავაკეთე. ახლა სხვანაირად ვარ, უფრო თავისუფლად. ასაკით ჩამოყალიბებული, გააზრებული მაქვს ყველაფერი. ახლა მსიამოვნებს ყველაფერი, რაც ამას ეხება.


რატომ იძახიან, ქალი ახალგაზრდავდება, როცა ასაკში აჩენსო... იმიტომ, რომ ფიზიკურ სხეულს ხომ ძაან უჭირს უკვე, ის რეაბილიტაციის უნარი არა აქვს, რაც 25 წლის ასაკში გაქვს. მაგრამ, ეს არის ყველაფერი ენერგია. მაგას ვამბობ მთელი ცხოვრება: ენერგია თუ არის მოწოდების სიმაღლეზე, ხარ კარგად. სიმართლე გითხრა, ცოტა მოდუნებულები ვიყავით მეც და ჩემი მეუღლეც. აი ბავშვები უკვე დიდები არიან 22 წლისაა ჩემი უფროსი შვილი, წარმოიდგინე.... და ცოტა სიგიჟე არის, რომ ადგე და გადაწყვიტო ისევ აი ამ ფერხულში ჩაბმა - პატარა ბავშვი, ყველაფერი ახლიდან, იმიტომ, რომ რაღაცა დალაგებული რუტინა გაქვს, ყველაფერი რაღაც თავისით მიდის, და უცებ ახალი სიცოცხლე, რომელიც გმატებს ენერგიას. და აი აქედან გამომდინარე მერე მოდის ის, რომ ახალი სიცოცხლის ხალისი, სხვა მოტივაციები გიჩნდება...
სულ ვფიქრობ, აქამდე სად ვიყავი? რას ვაკეთებდი ამდენ ხანს? ხომ შეიძლებოდა, მეხუთეც მყოლოდა, მომესწრო!
მე და ჩემს მეუღლეს ასეთი ურთიერთობა გვაქვს — ძალიან კარგად გვაქვს როლები განაწილებული და მე ვთვლი, რომ სწორედ ამიტომ შევრჩით ერთმანეთს 23 წელი. ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული პიროვნებები ვართ მე და შოთიკო, უბრალოდ ძალიან ზუსტად ვიცით, რა არის ჩვენი საერთო მიზანი და ინტერესები. აი, ეს რომ არსებობს, მერე ყველაფერი ერგება ამას.ჩემს ოჯახში ასეა, ყოველ შემთხვევაში: საერთო ინტერესი, საერთო მიზანი და ამ მიზნისკენ მივდივართ. ბავშვებიც ამას უყურებენ და ასე ცხოვრობენ.
რეალურად, ურთიერთობა არის ნდობა, პატივისცემა და იმის უნარი, რომ ყველა უშვებს შეცდომებს. პატივისცემის და პატიების უნარი ყველაზე მნიშვნელოვანია.



ჩემს შემთხვევაში შოთიკოს ძალიან დიდი როლი აქვს იმაში, რომ რაღაცებს არ მიშლის. ანუ მე შემიძლია, ჩემი ინტერესები და ჩემი ყოველდღიური პატარა სიხარულები შევმატო ცხოვრებას ისე, რომ ამაში არავინ შემიშლის ხელს. ოჯახში სულ სხვადასხვა როლი გვაქვს. შოთიკო ოჯახის და ბავშვების ყოველდღიურ მენეჯმენტში ჩართული არ არის, მაგრამ მას თავისი კონკრეტული როლი აქვს, მე — ჩემი კონკრეტული როლი. ეს არ ნიშნავს, რომ ყველამ ერთად უნდა ვიაროთ სუპერმარკეტში, მერე ბავშვები ზოოპარკში წავიყვანოთ და ეგ არის წარმატებული ოჯახი. საერთოდ არ არის ეგრე.
მე, როგორც ქალს, მიმაჩნია, რომ დედობა ჩვენი, ქალების, ერთ-ერთი პირველი როლია. არ ვიცი, ამას ძალიან სხვანაირად ვუდგები ზოგადად. სულ მაგას ვიძახი, რომ მაგალითი უნდა იყო ბავშვისთვის. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი.
რაც შეეხება თანამედროვე დამოკიდებულებებს — რომ არ უნდა იყო მკაცრი, ყველაფერი უნდა მიუტევო და ყველაფერზე თავი უნდა დაუქნიო — მე ასეთი დედა არ ვარ. ძალიან მკაცრიც ვარ... უბრალოდ, რასაც ადრე ვაკეთებდი, ის იყო, რომ ყველაფერს ვაკონტროლებდი,ილიკოსთან მიმართებაში, ალბათ, ასე არ ვიქნები და უფრო მეტი არჩევანის საშუალებას მივცემ, რომ რაღაცებისთვის უფრო მოვამზადო ცხოვრებაში.
რაც შეეხება ჩემს სამ ბიჭს, იმათ არ გაუმართლათ ასე. იქ უფრო მკაცრი ვიყავი, უფრო მომთხოვნი.
სულ ვიძახი: „შენ შეცდომას დაუშვებ თუ არ დაუშვებ, მაინც მეყვარები ყოველთვის, რაც არ უნდა მოხდეს ამ ცხოვრებაში“. და ვთვლი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი სიყვარულია აღზრდაშიც. აქედან გამომდინარე, მერე ყველაფერი უფრო ადვილად ლაგდება. ჯანსაღ გარემოში,ყოველდღიური მაგალითი უნდა იყო. მე და ჩემი მეუღლე ვართ ყოველდღიური მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა იცხოვრონ...