ექიმი, ნევროლოგი, მარინა ჯანელიძე გადაცემაში "დროება" ექიმისა და პაციენტის ურთიერთობის მნიშვნელობაზე, სამედიცინო სფეროში ემპათიის აუცილებლობასა და პაციენტისთვის მძიმე ინფორმაციის სწორად მიწოდებაზე საუბრობს:
- უნდა ვიცოდეთ, რომ პაციენტს, მით უმეტეს მის პატრონს, სიმართლე უნდა ვუთხრათ, მაგრამ ერთი რამ, საუბედუროდ, გვავიწყდება: ეს სიმართლე ძალიან დიდი ემპათიით უნდა იყოს ნათქვამი. ემპათია ექიმობაში მთავარია. თუ ადამიანს ემპათიის უნარი არ აქვს, მაშინ ექიმობას თავი უნდა დაანებოს, რადგან კარგი ექიმი ვერ გამოვა.
ემპათია არ ნიშნავს იმას, რომ ამ ადამიანის პრობლემით შემდეგ შენ თვითონ იცხოვრო, მაგრამ იმ მომენტში, როცა მასთან ხარ, მისი პრობლემა შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი უნდა იყოს. შეიძლება, 15 წუთში სხვა პაციენტზე გადაერთო, რადგან პროფესია ასეთია, მაგრამ, იცით, სხვათა შორის, ნახევრად პასუხის გაცემაც... დღეს, საუბედუროდ, უკვე სხვაგვარი მდგომარეობაა, რაც ჩემს მასწავლებლებს არ ჰქონდათ. მათ ემპათია, ადამიანისადმი სიყვარული ჰქონდათ. მათთვის ეს არავის უსწავლებია. ახლა უკვე არსებობს საგნები, რომლებიც გვასწავლის, როგორ უნდა უთხრა პაციენტს ცუდი ამბავი - როგორც, მაგალითად, ამას ამერიკაში ასწავლიან.
ჩვენ ამას ჩვენი უფროსებისა და ხელმძღვანელებისგან ვსწავლობდით. უშუალო ხელმძღვანელი და მისი მოადგილე - სწორედ მათგან ვიღებდით ამ გამოცდილებას და პირველი, რასაც გვასწავლიდნენ, ადამიანისადმი თანაგრძნობა იყო. ამ მხრივ გამოვარჩევდი ბატონ ვოვა გაბაშვილს.
პირველ საავადმყოფოში, თითო პალატაში, ათი კაცი იწვა და ასე მჭიდროდ იყვნენ განთავსებულები. არ არსებობდა შემთხვევა, ბატონი ვოვა პაციენტთან მისულიყო, საწოლზე ხელი არ მოეკიდებინა და სკამზე ჩამომჯდარიყო! ბარიერი ექიმსა და პაციენტს შორის არ არსებობდა. იცით, როგორ მახსენდება პაციენტისადმი მისი ეს უშუალო დამოკიდებულება? ეს, საუბედუროდ, იკარგება. ხელთათმანი გვაცვია, ნიღაბი გვიკეთია და ადამიანებისგან დისტანცირებულები ვხდებით.
თუმცა ფორმას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგალითად, მძიმე პაციენტის ოჯახის წევრისთვის მისი მდგომარეობის გაცნობისას. შინაარსი ისეთია, რომ ზედმეტი ილუზია არავის უნდა შევუქმნათ, მაგრამ ამას თავისი ფორმა სჭირდება.
მედიცინა მარტო წიგნითა და ინტერნეტით არ ისწავლება (თუმცა, ცხადია, წიგნისა და ინტერნეტის გარეშე არ გამოვა), მაგრამ ადამიანური ურთიერთობის ფაქტორის სწავლა ადრე საჭირო არ იყო და ახლა, სამწუხაროდ, ალბათ, ამის სწავლებაც მოგვიწევს.