ბინის გაქირავება ბევრი ადამიანისთვის დამატებითი შემოსავლის წყაროა, თუმცა ზოგჯერ ეს გადაწყვეტილება სერიოზულ თავის ტკივილად იქცევა. მეპატრონე ბინას მოწესრიგებულს, გარემონტებულსა და საცხოვრებლად გამზადებულს აბარებს დამქირავებელს, რამდენიმე თვის ან წლის შემდეგ კი შესაძლოა სრულიად განსხვავებული სურათი დახვდეს: ჩამოხეული შპალერი, დაზიანებული იატაკი, დამტვრეული ავეჯი, გაფუჭებული ტექნიკა, დაბინძურებული კედლები და ისეთი სიბინძურე, რომლის ალაგებასაც დღეები სჭირდება. ან კიდევ - მდგმური არც ბინის ქირას იხდიდეს და ვერც გაყავდეს ბინის მეპატრონეს საკუთარი სახლიდან. ამ უკანასკნელ შემთხვევაზე არაერთხელ გვისაუბრია, ამჯერად შევეხოთ ბინის დაზიანების საკითხს, რაც, სამწუხაროდ, საკმაოდ ხშირი შემთხვევაა.
განსაკუთრებით მძიმეა მდგომარეობა მაშინ, როცა ბინის მეპატრონე რემონტში წლების განმავლობაში დაგროვილ დანაზოგს დებს და ბოლოს აღმოჩნდება, რომ ყველაფერი თავიდან აქვს გასაკეთებელი. ასეთ დროს ჩნდება კითხვა: შეუძლია თუ არა გამქირავებელს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, როდის აქვს ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება და როგორ უნდა დაიცვას საკუთარი ქონება?
ადამიანები, რომლებსაც მწარე გამოცდილება აქვთ, სოციალურ ქსელში ყვებიან თავიანთი შემთხვევების შესახებ და სხვებსაც აფრთხილებენ, რომ იგივე მდგომარეობაში არ ჩაცვივდნენ:
ეს სულ რამდენიმე შემთხვევაა იმ უამრავიდან, რასაც აწყდებიან ბინების მეპატრონეები. ასეთ დროს მეპატრონისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ემოციური რეაქცია, არამედ იმის დადგენა, რა ზიანი მიადგა ქონებას და ვის ეკისრება პასუხისმგებლობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი იცავს როგორც გამქირავებლის, ისე დამქირავებლის ინტერესებს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ დამქირავებელს შეუძლია ბინა იმ მდგომარეობაში დააბრუნოს, როგორშიც თავად მოუნდება.
სამოქალაქო კოდექსის 564-ე მუხლის თანახმად, ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტისას დამქირავებელი ვალდებულია გამქირავებელს დაუბრუნოს ნივთი იმ მდგომარეობაში, რომელშიც მიიღო, ნორმალური ცვეთის გათვალისწინებით, ან იმ მდგომარეობაში, რაც ხელშეკრულებით იყო განსაზღვრული.
ეს მნიშვნელოვანი განსხვავებაა: ბინის ჩვეულებრივი გამოყენების შედეგად კედელზე ან იატაკზე გაჩენილი მცირე ცვეთა ერთი საკითხია, ხოლო განზრახ ან დაუდევრობით მიყენებული მნიშვნელოვანი დაზიანება — მეორე.
1. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა
თუ დამქირავებელმა ბინას ან მასში არსებულ ნივთებს ზიანი მიაყენა, გამქირავებელს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. ამისთვის მნიშვნელოვანია დაზიანების ფაქტისა და ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების არსებობა.
მაგალითად, თუ დამქირავებელმა დააზიანა იატაკი, დაამტვრია კარი ან გააფუჭა ტექნიკა, მეპატრონემ უნდა დააფიქსიროს დაზიანება და მოიპოვოს მისი შეკეთების ან შეცვლის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტები.
2. ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა
სამოქალაქო კოდექსის 557-ე მუხლის მიხედვით, გამქირავებელს შეუძლია ხელშეკრულება ვადამდე მოშალოს, თუ დამქირავებელი, გამქირავებლის გაფრთხილების მიუხედავად, გაქირავებულ ნივთს მნიშვნელოვნად აზიანებს ან ქმნის მნიშვნელოვანი დაზიანების რეალურ საშიშროებას.
ანუ მნიშვნელოვანი დაზიანების შემთხვევაში კანონი გამქირავებელს შესაბამის სამართლებრივ ბერკეტს აძლევს, თუმცა აუცილებელია კანონით გათვალისწინებული პირობების დაცვა.
3. დეპოზიტის გამოყენება
თუ მხარეებს შორის ხელშეკრულებით გათვალისწინებულია დეპოზიტი, მისი გამოყენება შესაძლებელია იმ ვალდებულებების დასაფარად, რომელთა უზრუნველყოფასაც დეპოზიტი ემსახურება. მაგალითად, თუ ხელშეკრულება ითვალისწინებს ბინის დაზიანების ანაზღაურებას დეპოზიტიდან, გამქირავებელს შეუძლია შესაბამისი თანხა გამოიყენოს დადასტურებული ზიანის დასაფარად.
თუ ზიანი დეპოზიტის ოდენობას აღემატება, გამქირავებელს შეუძლია დარჩენილი თანხის მოთხოვნაც.
4. სასამართლოსთვის მიმართვა
თუ დამქირავებელი უარს ამბობს მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე, გამქირავებელს შეუძლია სასამართლოს მიმართოს და მოითხოვოს შესაბამისი კომპენსაცია.
ამ დროს მნიშვნელოვანია, რომ მოთხოვნა ეფუძნებოდეს კონკრეტულ მტკიცებულებებს და არა მხოლოდ მეპატრონის შეფასებას.
იურისტები ხშირად სწორედ წინასწარ გაფორმებულ ხელშეკრულებასა და მტკიცებულებების შეგროვებას მიიჩნევენ ყველაზე მნიშვნელოვან ნაბიჯებად. რამდენიმე მარტივი მოქმედება მომავალში დიდ პრობლემებს აგარიდებთ:
გააფორმეთ წერილობითი ხელშეკრულება. მასში დეტალურად გაწერეთ ქირის ოდენობა, გადახდის ვადები, დეპოზიტის პირობები, მხარეთა ვალდებულებები და ქონების დაზიანების შემთხვევაში პასუხისმგებლობა.
გადაიღეთ ბინის ფოტოები და ვიდეოები. დამქირავებლის შესახლებამდე დააფიქსირეთ ყველა ოთახის, კედლის, იატაკის, ავეჯისა და ტექნიკის მდგომარეობა.
შეადგინეთ მიღება-ჩაბარების აქტი. ჩამოწერეთ, რა ნივთები გადაეცა დამქირავებელს და რა მდგომარეობაში.
პერიოდულად გადაამოწმეთ ბინის მდგომარეობა. ეს გააკეთეთ წინასწარი შეთანხმებით და დამქირავებლის უფლებების დაცვით.
შეინახეთ მიმოწერა. თუ დამქირავებელს დაზიანებაზე ან ბინის მოვლის წესებზე აფრთხილებთ, უმჯობესია ეს წერილობით გააკეთოთ.
მოიპოვეთ ზიანის შეფასება. სარემონტო კომპანიის ხარჯთაღრიცხვა, სპეციალისტის დასკვნა და გადახდის ქვითრები დაგეხმარებათ ზიანის ოდენობის დასაბუთებაში.
მიუხედავად იმისა, რომ ბინის მეპატრონეს საკუთარი ქონების დაცვის უფლება აქვს, ეს არ ნიშნავს, რომ მას შეუძლია თვითნებური მოქმედებები.
არ არის რეკომენდებული:
დამქირავებლის ნივთების თვითნებურად გადაყრა;
საკეტის შეცვლა ისე, რომ დამქირავებელს ბინაში შესვლის საშუალება აღარ ჰქონდეს;
მისი ნივთების დაკავება ზიანის ანაზღაურების იძულების მიზნით;
მუქარა ან ფიზიკური დაპირისპირება.
თუ დამქირავებელი ბინას ნებაყოფლობით არ ათავისუფლებს, საჭიროა კანონით გათვალისწინებული პროცედურების გამოყენება.
ბინის გაქირავება მხოლოდ გასაღების გადაცემა და ყოველთვიური თანხის მიღება არ არის. ეს ქონებრივი ურთიერთობაა, რომელშიც ორივე მხარეს აქვს უფლებები და ვალდებულებები.
თუ გამქირავებელს სურს, მომავალში მსგავსი უსიამოვნებისგან თავი დაიცვას, ყველაზე სწორი გადაწყვეტილება დეტალური ხელშეკრულების გაფორმება, ბინის საწყისი მდგომარეობის დოკუმენტურად დაფიქსირება და დეპოზიტის პირობებზე წინასწარი შეთანხმებაა.
ხოლო თუ ზიანი უკვე მიყენებულია, მნიშვნელოვანია ემოციების ნაცვლად მტკიცებულებებზე დაყრდნობა და საკუთარი უფლებების კანონით დაცვა.