მოდელი კრისტი ყიფშიძე ქალიშვილთან - ნატალია ყიფშიძესთან ერთად სტუმრობდა ვიკა ბუკიას პოდკასტს, სადაც სხვა თემებთან ერთად, ისაუბრა სომხურ ფესვებზე, რამდენიმე თაობის თბილისურ ოჯახზე და ქმრის - გიორგი ყიფშიძის გვარზე, რომლითაც იცნობს დღესაც საზოგადოება და რომლის გამოც, როგორც თავად ამბობს, არაერთხელ გააკრიტიკეს.
- ძალიან შევწუხდი, სოციალურ ქსელებში ხშირად მხვდება ცუდი კომენტარები, თუმცა, რა თქმა უნდა, მათ ყურადღებას არ ვაქცევ. მაგალითად, "რატომ არ უბრუნებს გვარს?" ვუბრუნებ, რა? არავისთვის არაფერი წამირთმევია...
ერთხელ ამ თემაზე მართლა გავბრაზდი. დავინტერესდი და მოვიძიე ინფორმაცია. აღმოჩნდა, რომ ბევრი ცნობილი ქალია, რომელიც ყოფილი მეუღლის გვარს დღემდე ატარებს. მაგალითად, კრის ჯენერი, ვივიენ ვესტვუდი, ნატო ვაჩნაძე, ანგელა მერკელი და სხვები. ზოგიერთი მათგანი მხოლოდ მცირე ხნით იყო დაქორწინებული, თუმცა გვარი შეინარჩუნა. ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ.
არც თავს ვიმართლებ და არც ვინმესთვის რაიმეს ახსნას ვცდილობ. უბრალოდ, მომეცა ახლა საშუალება და მოვუყვები ხალხს... როდესაც გავთხოვდი, ჩაიწერა იქ ჩემი გვარი. მერე ბაქოში იყო კონკურსი, და ამ კონკურსისთვის წავედი და პასპორტი გამოვიტანე ყიფშიძის გვარზე. მაგრამ მერე გიორგიმ არ გამიშვა, იქ ძალიან საშიშია და შეიძლება ვიღაცამ დარეკოს და რამე არ მოხდეს ისეთიო... ეს იყო ერთადერთი შემთხვევა შვიდი წლის განმავლობაში, როცა გიორგიმ რაღაც დამიშალა და არ გამიშვა. და ვფიქრობ, სწორიც იყო, იმიტომ, რომ კონკურსის დროს არ იცი, ვინ რას გაგიკეთებს.
როდესაც დავშორდით, ეს გვარი უკვე მქონდა და დარჩა...
2004 წელს დავშორდით, მე დავბრუნდი დედაჩემის სახლში. ოფიციალურად 2019 წელს, 15 წლის შემდეგ გავაფორმეთ განქორწინება. გიორგი სულ დაკავებული იყო, არასდროს არ ეცალა... ვურეკავდი და მეუბნებოდა, რომ რეპეტიცია ან გადაღება ჰქონდა და ვერ იცლიდა. საბოლოოდ, ჩემი ინიციატივით, ოფიციალურად გავაფორმეთ განქორწინება 2019 წელს. გავთხოვდი 1998 წელს... ამდენი წლის შემდეგ, თუ ვინმეს ჩემი გვარი აღიზიანებს, ნუ მიყურებს...
მახსოვს, „ცეკვავენ ვარსკვლავების“ დროს ახალი შემოსული იყო სოციალური ქსელები და ფორუმები. ადამიანები წერდნენ კომენტარებს, თუმცა ცეკვას კი არ აკრიტიკებდნენ, ცუდად ცეკვავსო კი არ წერდნენ, ცუდ კონტექსტში წერდნენ ჩემს გვარსა და წარმომავლობაზეც... მე რომ საქართველოს პატრიოტი, ძალიან ცოტაა ალბათ...
მახსოვს, ნატალია მაშინ ძალიან პატარა იყო, დაახლოებით 11 წლის. ძალიან ინერვიულა და ერთ-ერთ ასეთ კომენტარს თავადაც გამოეხმაურა. მაშინ დავისვი და ვუთხარი: არასდროს არავის არაფერი უპასუხო. შეგიძლია წაიკითხო, თუ გინდა, მაგრამ პასუხი არ გასცე. მე ასე ვცხოვრობ. არავის კომენტარს არ ვპასუხობ. არც კრიტიკულს და არც დადებითს — მაგალითად, როცა მწერენ, რა ლამაზი ხარო, არც მაშინ ვპასუხობ...