ქართული კინოს მშვენება, ულამაზესი და უბერებელი კირა ანდრონიკაშვილი 15 ნოემბერს 81 წლის გახდა. როგორც თავად ამბობს, სილამაზისა და მარადიული ახალგაზრდობის მთავარი საიდუმლო შინაგანი სიმშვიდე, კარგი განწყობა და ბედნიერების განცდაა.
"ადამიანმა შენს გულში უნდა ჩასახო რაღაც წვეთი ბედნიერების. ცოტა უნდა დაფრინავდე და უნდა გიხაროდეს და უბრალოდ რაც კარგია, ის დაინახო და მერე მოდის ის რაღაცა პატარა სიხარული... მთავარი ხარ ადამიანი, როგორ წარმართავ შენს ცხოვრებას, ანუ როგორ რეაგირებ რაღაცებზე, ამასაც მნიშვნელობა აქვს... გული უნდა გაახარო. გულმა რეჩხი მიქნა, ხომ იცით, გული მიგრძნობს... გული გამიხარა, ხომ არის ასეთი რაღაცები?!" - ამბობს ქალბატონი კირა.




მსახიობს ორი ქალიშვილი ჰყავს, შვილიშვილები და შვილთაშვილები.


კიდევ რამდენიმე ციტატა და რჩევა ქალბატონი კირასგან, როგორ შევინარჩუნოთ ახალგაზრდობა და სილამაზე:
- „შენგან თუ სითბო, დადებითი მუხტი და ხალისი არ მოდის, მარტო ცუდზე ლაპარაკობ, ეს შენს სახესაც დაეტყობა.“
- „ყველაფერში კარგი უნდა დაინახო.“
- „აფრქვიეთ პოზიტივი. ქუჩაში მიმავალ ადამიანებს გაუღიმეთ. ეს სიგიჟე არ არის.“
- „არ ვარ კონფლიქტური. გავატარებ ხოლმე. არ ვბრაზდები. ეს მოქმედებს გარეგნობაზე.“
- „რა თქმა უნდა, დგება ასაკი, როცა ხვდები, რომ ის სილამაზე მიდის, მაგრამ თავი ხელში უნდა აიყვანო.“
- „დღის განმავლობაში ოცწუთიანი ძილი აუცილებელია. ეს ნერვულ სისტემას აწესრიგებს.“
- „როცა კარგ ხასიათზე ვართ, თმაც ბზინავს და კარგად დგება.“
- „მე დღესაც ისე ვიცვამ, როგორც ახალგაზრდობაში, სტილს არ ვცვლი.“
- „ყურადღებას სამოსით არ უნდა იქცევდე. ყველას თავისი სტილი აქვს.“
- „აუწყეთ ფეხი დროს, ოღონდ თქვენივე ინდივიდუალიზმს ნუ მიაძინებთ.“
- „უსმინეთ მუსიკას, განწყობისთვის. საქმის, სადილის მზადების დროს, ჩაცმის დროს და ყველაფერი უკეთ გამოგივათ.“
- „არ იყოთ ჩამოჩაჩული. თავი ფორმაში მოიყვანეთ, თითქოს სადმე მიდიხართ.“
- „სხვას არ უნდა გადასდოთ თქვენი ცუდი განწყობა, არ მიატიროთ, პრობლემებით არ დაამძიმოთ.“