ვინ შეძლებს საქართველოში უნივერსიტეტებში ჩარიცხვას ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების გარეშე - განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა - მშობლები

ვინ შეძლებს საქართველოში უნივერსიტეტებში ჩარიცხვას ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების გარეშე - განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა

2026-11-17 10:27:08+04:00

საქართველოს მოქალაქეებისთვის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების გარეშე ჩარიცხვის ახალი წესი ამოქმედდა. შესაბამისი ბრძანება 2026 წლის 12 ნოემბერს გამოიცა.

ახალი წესის მიხედვით, ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე სწავლის გაგრძელებას შეძლებენ საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებმაც სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება უცხო ქვეყანაში მიიღეს და სრული ზოგადი განათლების ბოლო ორი წელი იქ ისწავლეს.

გამოცდების გარეშე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა ექნებათ საქართველოს იმ მოქალაქეებსაც, რომლებიც უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლობენ ან სწავლობდნენ, მიღებული აქვთ კრედიტები ან შესაბამისი კვალიფიკაცია და უცხოეთში სწავლის პერიოდში, ერთ-ერთი სემესტრის განმავლობაში, ამ ქვეყანაში არანაკლებ 75 დღე ცხოვრობდნენ. ეს შესაძლებლობა არ ვრცელდება ერთობლივი და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამების მონაწილე სტუდენტებზე. ასევე, გამონაკლისს წარმოადგენს დისტანციურად გავლილი ის პროგრამები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოში აღიარებული არ არის.

ამასთან, აღნიშნული მოქალაქეებისთვის გამოცდების გარეშე სწავლის გაგრძელება დამატებით პირობას უკავშირდება: მათ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ზოგადი უნარების გამოცდა წარმატებით უნდა ჩააბარონ. ეს მოთხოვნა ვრცელდება იმ პირებზე, რომლებმაც უცხოეთის აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის უფლება 2019 წლის 1 იანვრიდან მოიპოვეს.

ზოგადი უნარების გამოცდა წელიწადში ორჯერ ჩატარდება, წერილობითი ან/და ელექტრონული ფორმით. გამოცდაში მონაწილეობის საფასური 100 ლარია, ხოლო წარმატებით ჩაბარებისთვის საჭირო ქულათა რაოდენობას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი განსაზღვრავს.

ახალი ბრძანება საერთო სამაგისტრო გამოცდების გარეშე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობასაც ითვალისწინებს. შესაბამისი უფლებით ისარგებლებენ მაგისტრანტობის კანდიდატები, რომლებმაც უცხო ქვეყანაში შესაბამისი უმაღლესი განათლების აკადემიური ხარისხი მიიღეს. ასევე, გამოცდის გარეშე სწავლის გაგრძელებას შეძლებენ საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც უცხოეთის აღიარებული უნივერსიტეტის მაგისტრატურაში სწავლობდნენ, დააგროვეს კრედიტები ან მიიღეს შესაბამისი კვალიფიკაცია და აკმაყოფილებენ უცხოეთში ცხოვრების მოთხოვნას.

ამავე შესაძლებლობით ისარგებლებენ ის მაგისტრანტობის კანდიდატებიც, რომლებმაც ბაკალავრიატის საფეხურზე სწავლა საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე, ახალი წესის შესაბამისად გააგრძელეს.

ბრძანების თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, დაადასტუროს, რომ კანდიდატი არჩეული საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების ენას არანაკლებ B1 დონეზე ფლობს.

ცალკეა განსაზღვრული ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლის შესაძლებლობაც. პროგრამა 60 კრედიტს მოიცავს და მისი გავლა მხოლოდ პირველი სასწავლო წლის განმავლობაშია შესაძლებელი. დასრულების შემდეგ უნივერსიტეტი სტუდენტს შესაბამის სერტიფიკატს გადასცემს, რის შემდეგაც მას იმავე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, საკუთარი არჩევანის შესაბამისად, ბაკალავრიატის, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის ან დიპლომირებული სტომატოლოგის პროგრამაზე სწავლის გაგრძელება შეეძლება.

რა დოკუმენტების წარდგენა იქნება საჭირო?

ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე სწავლის გაგრძელების მსურველებმა უნდა წარადგინონ საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი საბუთი და არჩეული უნივერსიტეტის ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა კანდიდატის მიღების შესაძლებლობის შესახებ.

უცხოეთში სრული ზოგადი განათლების მიღების შემთხვევაში დამატებით საჭირო იქნება ბოლო ორი წლის განმავლობაში უცხო ქვეყანაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტიც.

იმ მოქალაქეებმა კი, რომლებიც უცხოეთის უნივერსიტეტში მიღებული კრედიტების საფუძველზე ითხოვენ სწავლის გაგრძელებას, უნდა წარადგინონ მიღებული კრედიტების დამადასტურებელი საბუთი და მიმღები უნივერსიტეტის დასკვნა უცხოეთში მიღებული განათლების შეთავაზებულ საგანმანათლებლო პროგრამასთან შესაბამისობის შესახებ ან შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. მათ ასევე მოეთხოვებათ უცხო ქვეყანაში ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.

საერთო სამაგისტრო გამოცდების გარეშე სწავლის გაგრძელების მსურველებისთვის მოთხოვნილია მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი, უცხოეთში მიღებული შესაბამისი უმაღლესი განათლების კვალიფიკაციის დამადასტურებელი საბუთი და არჩეული უნივერსიტეტის ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა. უცხოეთის მაგისტრატურაში სწავლის შემთხვევაში საჭირო იქნება მიღებული კრედიტების ან შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტებიც.

უცხო ენაზე შედგენილი ყველა დოკუმენტი ქართულ ენაზე უნდა ითარგმნოს და ნოტარიულად დამოწმდეს.

როგორ გადამოწმდება კანდიდატების მონაცემები?

განაცხადებსა და თანდართულ დოკუმენტებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უმაღლესი განათლების დეპარტამენტი შეამოწმებს. ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, განმცხადებელს მის გამოსასწორებლად გონივრული ვადა განესაზღვრება, რომელიც არ შეიძლება სამ თვეს აღემატებოდეს. თუ პირი დადგენილ ვადაში ხარვეზს არ გამოასწორებს, დეპარტამენტს უფლება ექნება, განაცხადი განუხილველად დატოვოს.

ამასთან, დეპარტამენტი უფლებამოსილი იქნება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გამოითხოვოს ინფორმაცია კანდიდატის მიერ საქართველოს საზღვრის გადაკვეთის შესახებ. საჭიროების შემთხვევაში, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდანაც გადაამოწმებს, ხომ არ სწავლობდა პირი სრული ზოგადი განათლების ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში.

უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებისა და გამოცდების გარეშე სწავლის უფლების მინიჭების მოთხოვნით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, მიმართონ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს. შესაბამისი განაცხადის ფორმაში მათ უნდა მონიშნონ გამოცდების გარეშე სწავლის უფლების მინიჭების მოთხოვნა. განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის გამოცემის შემდეგ ცენტრი მას თანდართულ დოკუმენტებთან ერთად სამინისტროს გადაუგზავნის.

საბოლოო გადაწყვეტილებას სწავლის უფლების მინიჭების შესახებ სამინისტროს უმაღლესი განათლების დეპარტამენტის უფროსი ან მისი ფუნქციების შემსრულებელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მიიღებს. გადაწყვეტილება შესაბამის უნივერსიტეტსა და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას გადაეგზავნება. უნივერსიტეტის ხელმძღვანელი კი ვალდებული იქნება, პირის ჩარიცხვა ერთი წლის ვადაში უზრუნველყოს.

ახალ ბრძანებაში გათვალისწინებულია COVID-19-ის პანდემიისა და უკრაინაში განვითარებული საომარი მოქმედებების გამო შექმნილი ვითარებაც. კერძოდ, პანდემიის პერიოდში უცხოეთის სკოლებში საქართველოს დისტანციურად მსწავლელი მოქალაქეებისთვის, გარკვეულ შემთხვევებში, სამინისტრო უფლებამოსილია დაეყრდნოს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემებს, თუ საზღვრის კვეთის ინფორმაცია უცხოეთში ყოფნას ვერ ადასტურებს.

ასევე, სპეციალური გამონაკლისი მოქმედებს საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც უცხოეთის უნივერსიტეტებში 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ბოლომდე პერიოდში, რომელიმე სემესტრი, სწავლობდნენ და პანდემიის გამო დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ. მათზე არ ვრცელდება უცხოეთში ერთ-ერთი სემესტრის განმავლობაში 75 დღით ცხოვრების მოთხოვნა. საჭიროების შემთხვევაში, სამინისტრო უფლებამოსილია, დისტანციური სწავლების დამადასტურებელი დოკუმენტიც მოითხოვოს.

გარდამავალი დებულებები ცალკე ითვალისწინებს უკრაინაში გაცემული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე საქართველოს მოქალაქეებსაც, რომლებიც უკრაინაში 2021-2022, 2022-2023 ან/და 2023-2024 სასწავლო წლებში სწავლობდნენ. თუ საზღვრის კვეთის მონაცემებით მათი უცხოეთში ყოფნა არ დასტურდება, სამინისტრო უფლებამოსილია, გადაწყვეტილების მიღებისას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ინფორმაციას დაეყრდნოს.

ბრძანება №154/ნ გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა. ამასთან, საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებით ძალადაკარგულად გამოცხადდა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №224/ნ ბრძანების შესაბამისი ნაწილი.

ვრცლად წესებისა და პროცედურების შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ, საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ბრძანებაში გაეცნოთ.

თამარ იაკობაშვილი

როგორ დაიწერება ნიშანი შემაჯამებელ დავალებაში და როგორ იმოქმედებს ეს ნიშანი საბოლოო ქულაზე - დეტალები ახალი ეროვნული სასწავლო გეგმიდან
2027 წლის აბიტურიენტების გზამკვლევი - რა უნდა გადაამოწმოთ და გაითვალისწინოთ ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მზადებისას