NAEC-მა 2027 წლის ეროვნული გამოცდებისთვის მზადება უკვე დაიწყო - რა უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა და რა სიახლეა უცხოური ენების ჩამონათვალში - მშობლები

NAEC-მა 2027 წლის ეროვნული გამოცდებისთვის მზადება უკვე დაიწყო - რა უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა და რა სიახლეა უცხოური ენების ჩამონათვალში

2026-11-19 10:44:30+04:00

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2027 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო. NAEC-ის ინფორმაციით, თბილისში საგამოცდო ცენტრები უკვე შერჩეულია, სხვა ქალაქებში კი შესაბამისი სივრცეების შერჩევა მიმდინარეობს. პარალელურად, სპეციალისტები საგამოცდო პროგრამებსა და ტესტურ დავალებებზე მუშაობენ.

მომავალი წლის აბიტურიენტებისთვის ერთ-ერთი სიახლე უცხოური ენების ჩამონათვალში იტალიური ენის დამატებაა. ამასთან, მათთვის მნიშვნელოვანია, დროულად გადაამოწმონ სასურველი უნივერსიტეტებისა და საგანმანათლებლო პროგრამების მოთხოვნები, რათა საგამოცდო საგნების შერჩევისას შეცდომა არ დაუშვან.

იტალიური ენა - 2027 წლის გამოცდების სიახლე

2027 წლიდან აბიტურიენტებს უცხოური ენის გამოცდის ჩაბარება ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, რუსულ ან იტალიურ ენაში შეეძლებათ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი იტალიურ ენაში მასწავლებლის გამოცდას 2023 წლიდან ატარებს. ცენტრის განმარტებით, ამ გამოცდილებისა და სკოლებში იტალიური ენის სწავლების პრაქტიკის გათვალისწინებით, გადაწყდა მისი ერთიანი ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ჩამონათვალში დამატებაც.

ამ ეტაპზე იტალიური ენის საგამოცდო პროგრამასა და ტესტურ დავალებებზე სპეციალისტები მუშაობენ. შესაბამისი საგამოცდო კრებული და პროგრამა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება.

თუ იტალიური ენის გამოცდის ჩაბარებას გეგმავთ, გაითვალისწინეთ, რომ წინასწარ უნდა გადაამოწმოთ, მიიღება თუ არა ამ ენის შედეგი თქვენთვის სასურველ საგანმანათლებლო პროგრამაზე.

რომელი საგნების ჩაბარება მოგიწევთ - რატომ არ უნდა იხელმძღვანელოთ მხოლოდ პროფესიის დასახელებით?

საგამოცდო საგნების არჩევა აბიტურიენტებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს 2027-2028 სასწავლო წლისთვის საგანმანათლებლო პროგრამების სავარაუდო ჩამონათვალი უკვე გამოქვეყნებული აქვს, სადაც მითითებულია თითოეული პროგრამისთვის გათვალისწინებული ჩასაბარებელი საგნები.

წინასწარი მონაცემები 55 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და 665 პროგრამულ ჩანაწერს მოიცავს. ამ ჩამონათვალის მიხედვით, მესამე სავალდებულო საგნის შესაძლო ვარიანტებს შორის მათემატიკა 493 პროგრამულ ჩანაწერშია მითითებული, ისტორია კი - 395-ში.

თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მათემატიკის არჩევა ყველა აბიტურიენტისთვის უფრო ხელსაყრელია. არჩევანი კონკრეტული უნივერსიტეტისა და პროგრამის მოთხოვნებსა და თავად აბიტურიენტის პროფესიულ ინტერესებს უნდა შეესაბამებოდეს.

გაითვალისწინეთ ისიც, რომ ერთი და იმავე ან მსგავსი დასახელების მიმართულებაზე სხვადასხვა უნივერსიტეტს შესაძლოა განსხვავებული მოთხოვნები ჰქონდეს. ამიტომ მხოლოდ პროფესიის დასახელებით ნუ იხელმძღვანელებთ - შეადარეთ თქვენთვის საინტერესო პროგრამების პირობები და გადაამოწმეთ, რომელი საგნების ჩაბარება მოგიწევთ.

მაგალითად, ბიზნესის მიმართულების პროგრამებზე მხოლოდ მათემატიკის არჩევაა შესაძლებელი თუ ისტორიისა და კიდევ სხვა დამატებითი საგნების ჩაბარებაც შეგიძლიათ - ეს საკითხი კარგად უნდა გადაამოწმოთ, რადგან იმ პროგრამაზე, რომელზეც თქვენ მიერ არჩეული საგანი არ ბარდება, ვერ მოხვდებით.

როდის გამოქვეყნდება საგამოცდო პროგრამები და ტესტების ნიმუშები?

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საგნობრივი ჯგუფები 2027 წლის გამოცდებისთვის საგამოცდო პროგრამებსა და ტესტურ დავალებებზე მუშაობენ. მათი გამოქვეყნების შემდეგ აბიტურიენტები შეძლებენ, გაეცნონ გამოცდისთვის გათვალისწინებულ საკითხებსა და დავალებების ფორმატს.

მანამდე კი მომზადების პროცესში შეგიძლიათ, გამოიყენოთ წინა წლების საგამოცდო პროგრამები და ტესტები, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ისინი 2027 წლის საბოლოო მოთხოვნებს ავტომატურად არ განსაზღვრავს.

იმ პროგრამების სავარაუდო ჩამონათვალს (ჩასაბარებელი საგნების მითითებით), რომლებზეც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები გამოაცხადებენ მიღებას 2027-2028 სასწავლო წლისათვის, შეგიძლიათ, გაეცნოთ ბმულზე.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მზადდება საგამოცდო პროცესისთვის საჭირო მასალების შესყიდვის სატენდერო წინადადებები.

აბიტურიენტებისთვის ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია, შეარჩიონ სასურველი უნივერსიტეტებისა და პროგრამების ჩამონათვალი, გადაამოწმონ ჩასაბარებელი საგნები და თვალი ადევნონ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ახალი საგამოცდო პროგრამებისა და ტესტების გამოქვეყნებას.

შეგახსენებთ, რომ პროგრამების ამჟამინდელი ჩამონათვალი წინასწარია, საბოლოო მოთხოვნები კი 2027 წლის აბიტურიენტთა ცნობარში გამოქვეყნდება.

თამარ იაკობაშვილი

აბიტურიენტებო, თუ ჯერ არ გადაგიწყვეტიათ, მესამე საგნად მათემატიკა ჩააბაროთ თუ ისტორია, გაიგეთ, რომელი საგანი გაძლევთ უფრო მეტ შანსს
2027 წლის აბიტურიენტების გზამკვლევი - რა უნდა გადაამოწმოთ და გაითვალისწინოთ ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მზადებისას