რატომ არის აუცილებელი, 14 წლის ასაკიდან ბავშვს პირადობის მოწმობა ჰქონდეს და ვის ეკუთვნის შეღავათები - დეტალები - მშობლები

რატომ არის აუცილებელი, 14 წლის ასაკიდან ბავშვს პირადობის მოწმობა ჰქონდეს და ვის ეკუთვნის შეღავათები - დეტალები

2026-11-20 11:16:27+04:00

14 წლის ასაკის შესრულების შემდეგ საქართველოს მოქალაქემ პირადობის მოწმობა ექვსი თვის ვადაში აუცილებლად უნდა აიღოს. როგორ უნდა მიიღოთ მოწმობა დისტანციურად და ვის ეკუთვნის შეღავათები - თემაზე გადაცემაში "იმედის დილა" სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე, რუსუდან კოხოძე, საუბრობს:

- მოგეხსენებათ, პირადობის მოწმობა მთავარი მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტია, რომელიც პირის ვინაობასა და მის მოქალაქეობას ადასტურებს. შესაბამისად, მასში პირის შესახებ ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაციაა მოცემული: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, დაბადების ადგილი, მოქალაქეობა, სქესი და ა.შ. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ საიდენტიფიკაციო დოკუმენტს საქართველოს ყველა მოქალაქე ფლობდეს.

რაც შეეხება 14 წლის ასაკიდან მის სავალდებულობას, ეს ის პერიოდი და ასაკია, როდესაც ადამიანს სხვადასხვა ადმინისტრაციულ პროცედურაში მონაწილეობა და სხვადასხვა სერვისის მიღება უწევს. იმისთვის, რომ ამ სერვისების მიღება ადამიანმა დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეძლოს, ამ შემთხვევაში არასრულწლოვანს, რადგან 14 წლის ასაკს მიღწეულ პირზე ვსაუბრობთ, საიდენტიფიკაციო დოკუმენტი აუცილებლად უნდა ჰქონდეს. შესაბამისად, არასრულწლოვანმა, როდესაც 14 წლის ხდება, პირადობის ელექტრონული მოწმობა სავალდებულო წესით ექვსი თვის ვადაში უნდა აიღოს.

- რა ვადით გაიცემა პირადობის მოწმობა და აქვე გკითხავთ: თუ, მაგალითად, 14 წლის მოზარდს პასპორტი აქვს, ამ შემთხვევაშიც აუცილებელია პირადობის მოწმობის აღება?

- პასპორტის ქონა ბავშვს ნებისმიერი ასაკიდან, დაბადებისთანავე შეუძლია, თუმცა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი საქართველოს მოქალაქისთვის ზოგადად მაშინ არის აუცილებელი, როდესაც ის ქვეყნის ტერიტორიაზე იმყოფება.

საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მიმართ განსხვავებული მიდგომა არსებობს - მათ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქონა არ ევალებათ, თუმცა საქართველოში მცხოვრებ, 14 წელს მიღწეულ და შემდგომი ასაკის საქართველოს მოქალაქეებს პირადობის მოწმობის ქონა სავალდებულოდ მოეთხოვებათ.

- რა ვადით გაიცემა?

- ეს დოკუმენტები არასრულწლოვნებისა და სრულწლოვნების შემთხვევაში განსხვავებული ვადით გაიცემა. მოგეხსენებათ, სრულწლოვანი მოქალაქეებისთვის პირადობის მოწმობა 10-წლიანი ვადით გაიცემა, ხოლო არასრულწლოვნებისთვის - ოთხწლიანი ვადით.

ეს იმ ფაქტს უკავშირდება, რომ არასრულწლოვნის ბიომეტრიული მონაცემები, ამ შემთხვევაში ფოტოსურათს უფრო მეტად ვგულისხმობ, ცვალებადია. სწორედ ამიტომ ადამიანს, მაგალითად, 14 და 18 წლის ასაკში სხვადასხვა ვიზუალი აქვს.

- ადამიანებს შეიძლება გაუჩნდეს აზრი, რომ მოზარდს 14 წლის ასაკში, ან იქნებ უკვე 15 წლისაც გახდა, მოწმობა არ დასჭირდა და რატომ არის ის საჭირო. რამდენიმე მომსახურება შეგიძლიათ დაასახელოთ, რა დროსაც პირადობის მოწმობის ქონა აუცილებელია?

- თუნდაც ის შემთხვევა ავიღოთ, როდესაც ეროვნული გამოცდებისთვის უკვე ემზადებიან. ამ დროს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი აუცილებლად უნდა ჰქონდეთ.

სხვა შემთხვევაშიც, როდესაც, მაგალითად, კლინიკებში სამედიცინო სერვისის მიღება სჭირდებათ ან თუნდაც იუსტიციის სახლში რომელიმე სერვისის მისაღებად მიდიან, 14 წლის მოზარდებს პირადობის მოწმობის ქონა აუცილებლად მოეთხოვებათ.

- რა საბუთი უნდა წარადგინოს იუსტიციის სახლში მისულმა არასრულწლოვანმა, როდესაც ამ დოკუმენტის აღება სურს?

- მოგეხსენებათ, პირადობის ელექტრონულ მოწმობაზე განაცხადის გაკეთება დღეს საქართველოში ძალიან მარტივია.

როდესაც საქმე არასრულწლოვანს ეხება, 14 წლის ასაკამდე მას მხოლოდ ერთი მშობლის თანხმობა ესაჭიროება, პასპორტისგან განსხვავებით - პასპორტის შემთხვევაში ორივე მშობლის თანხმობაა საჭირო.

თუკი არასრულწლოვანი უკვე 14 წლის არის, მოსვლა დამოუკიდებლადაც შეუძლია. მას არანაირი დოკუმენტი არ სჭირდება, რადგან დაბადების მოწმობა და მისი დაბადების შესახებ ინფორმაცია ჩვენთან ისედაც ხელმისაწვდომია და დოკუმენტის მიღებას შეძლებს.

პირადობის მოწმობაზე განაცხადის გაკეთება მის კანონიერ წარმომადგენელს, ანუ მშობელსაც შეუძლია.

- შეღავათებზე აუცილებლად უნდა გკითხოთ: ვისთვის არის შეღავათები და ვინ ისარგებლებს პირადობის მოწმობის აღებისას გარკვეული საფასურით?

- კარგი შეკითხვაა. სახელმწიფო მუდმივად ცდილობს, რომ გარკვეული შეღავათებით მოსახლეობის იმ კატეგორიამ ისარგებლოს, ვისთვისაც ეს შესაძლოა, გარკვეული გამოწვევა იყოს.

ამიტომ არის კატეგორია, რომელიც პირადობის მოწმობის საფასურისგან სრულად თავისუფლდება: მაგალითად, სოციალურად დაუცველი ოჯახების წევრები, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-ს არ აღემატება, ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი პირები და მეორე მსოფლიო ომის მონაწილე პირები.

თუმცა, არის კატეგორიები, რომლებიც საფასურისგან 50%-ით თავისუფლდება: მაგალითად, მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული სტატუსის მქონე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები.

გარკვეული შეღავათიანი საფასურით სტუდენტის სტატუსის მქონე პირებიც სარგებლობენ.

ამ ინფორმაციას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო უმეტეს შემთხვევაში სახელმწიფო უწყებების ბაზებიდან ავტომატურად იღებს, ამიტომ დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა საჭირო არ არის, გარდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა, რომლებმაც სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი ფიზიკურად უნდა წარმოადგინონ.

- სიახლე გაქვთ, რომელსაც ახლა პირველად გააჟღერებთ - რა სიახლეზეა საუბარი და კონკრეტულად რა მომსახურებას მიიღებენ მოქალაქეები?

- მოგეხსენებათ, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ და იუსტიციის სამინისტრომ გასულ წელს ახალი დიზაინის პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემა დაიწყეს, რომელიც ბევრად უფრო თანამედროვეა, მაღალი ტექნოლოგიებით ხასიათდება და გამორჩეული დიზაინი აქვს.

ამასთან, მოქალაქეებს ახალ მობილურ აპლიკაციას ვთავაზობთ, რომლის გამოყენებითაც ელექტრონული ხელმოწერის განხორციელებას მარტივად შეძლებენ.

მოგეხსენებათ, საქართველოში აღიარებული ელექტრონული ხელმოწერა პირადობის მოწმობით განხორციელებული ელექტრონული ხელმოწერაა, რომელსაც აქამდე სპეციალური წამკითხველი და კომპიუტერი სჭირდებოდა - სხვანაირად მისი განხორციელება გამორიცხული იყო.

ახლა კი მობილური აპლიკაციის საშუალებით, ძალიან მარტივი პროცედურით, პირადობის ელექტრონული მოწმობის მობილურზე მიდებით ელექტრონული ხელმოწერის განხორციელება და დოკუმენტის დამოწმება შესაძლებელია.

რა შეღავათებით სარგებლობენ სტუდენტები პირადობის მოწმობაზე სტუდენტის სტატუსის აღნიშვნით, ვის შეუძლია სარგებლობა და როგორ უნდა გაიაქტიუროთ? - დეტალები
რა პრობლემები შეიძლება შეგიქმნათ ვადაგასულმა პირადობის მოწმობამ