ჰემატოლოგიური პრობლემები ხშირად შეუმჩნევლად ვითარდება და ზოგჯერ ისეთი სიმპტომებით ვლინდება, რომლებსაც ყოველდღიურ დაღლილობას ან ცხოვრების დაძაბულ რიტმს მივაწერთ. თუმცა, არსებობს გარკვეული ნიშნები, რომლებსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ. ზოგადად, რა არის ჰემატოლოგიური დაავადებები, რომელი სიმპტომები შეიძლება მიანიშნებდეს ანემიაზე მათ და როდისაა აუცილებელი სპეციალისტთან ვიზიტი, თემაზე გადაცემაში "იმუნიტეტი" ონკოჰემატოლოგი, მედიცინის დოქტორი ლალი კუპრაშვილი საუბრობს:
- ჰემატოლოგია საკმაოდ დიდი დარგია, რომელიც სისხლის დაავადებებს სწავლობს - არა მხოლოდ ანემიებს, არამედ მრავალ სხვა პათოლოგიურ მდგომარეობასაც, მაგალითად, თრომბოციტოპენიებს. ხშირად ყოფილა შემთხვევა, როდესაც ადამიანს შეუნიშნავს ცხვირიდან და ღრძილებიდან სისხლდენისკენ მიდრეკილება, კანზე კი წვრილი ლაქოვანი ჩაქცევები გასჩენია. ეს აუცილებლად საგანგაშო სიმპტომია, რომელსაც ყურადღება უნდა მიექცეს.
ამავე დროს, ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც ადამიანს დისკომფორტი, ქრონიკული დაღლილობა, თავბრუსხვევა და შრომისუნარიანობის მკვეთრი დაქვეითება აწუხებს და ვერ აუხსნია, რით არის ეს განპირობებული. დღეს ნამდვილად ყველა უჩივის ქრონიკულ დაღლილობას, რადგან ჩვენი ცხოვრების წესი საკმაოდ შეიცვალა და დაძაბული ემოციური ცხოვრება გვაქვს, მაგრამ, ამავე დროს, საკუთარ ორგანიზმსაც ცოტა მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ. ძალიან ხშირად სწორედ ამ ჩვეული ცხოვრების წესში გვეპარება ის სიმპტომები, რომლებიც უკვე პირველი ნიშანია იმისა, რომ ჩვენს ორგანიზმში რაღაც ისე არ არის და პათოლოგია ყალიბდება.
ჰემატოლოგიური დაავადებები, ანემიებისა და თრომბოციტოპენიების გარდა, სისხლის შედედების სისტემის პათოლოგიებსაც, ანუ კოაგულოპათიებსაც მოიცავს. ყველაზე მნიშვნელოვანი და საგანგაშო კი სისხლის ავთვისებიანი დაავადებებია. აქედან გამომდინარე, საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ მეტი ყურადღება გვჭირდება.
ჰემატოლოგთან პაციენტი პირდაპირ არ მიდის. ძირითადად, პირველ რიგში, ოჯახის ექიმს, თერაპევტს ან ზოგადი პროფილის ექიმს მიმართავს ან შემთხვევით, სხვა პათოლოგიის გამო ჩატარებული გამოკვლევების შედეგად, სისხლის საერთო ანალიზში გარკვეული ცვლილებები უვლინდება. სწორედ ამ ცვლილებებიდან გამომდინარე ხდება მისი ჰემატოლოგიური პროფილის ექიმთან გადამისამართება.
მოსახლეობაში ყველაზე ხშირად გავრცელებული მდგომარეობები ანემიებია. თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ანემია ერთგვაროვანი მდგომარეობა არ არის. ის შეიძლება სრულიად სხვადასხვა მიზეზით იყოს გამოწვეული და სხვადასხვა სახის იყოს. აქედან გამომდინარე, მიდგომა - „ანემია მაქვს, ჩემმა მეზობელმა ეს მიიღო ან ვიღაც ექიმმა ეს მირჩია... ნამდვილად სწორი არ არის, რადგან არსებობს რკინადეფიციტური ანემია, ვიტამინ B12-დეფიციტური ანემია, ფოლიუმმჟავადეფიციტური ანემია, ასევე სხვადასხვა ქრონიკულ დაავადებასთან, ანთებით ან სიმსივნურ პროცესებთან დაკავშირებული ანემია.
ამიტომ აუცილებელია, რომ ადამიანმა, პირველ რიგში, სისხლის საერთო ანალიზის საფუძველზე, კონკრეტულად სპეციალისტს - ჰემატოლოგს მიმართოს, რათა ზუსტად განისაზღვროს, რა მიზეზით არის გამოწვეული ანემია და რა სახის ანემიასთან გვაქვს საქმე.
მოსახლეობაში ყველაზე ხშირად რკინადეფიციტური ანემია გვხვდება. ეს ის ანემიაა, რომელიც ძირითადად ორგანიზმში რკინის ნაკლებობის შედეგად ვითარდება. რკინა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც ერითროციტში, ანუ სისხლის წითელ ბურთულებში, გარკვეულ ცილებთან შეკავშირებულ ჰემოგლობინს ქმნის. ჰემოგლობინი კი ორგანიზმის ყველა ორგანოს, ქსოვილსა და უჯრედს ჟანგბადით ამარაგებს.
შესაბამისად, ელემენტარული რკინის ნაკლებობა მთელი ორგანოთა სისტემის დისფუნქციას იწვევს და ადამიანში გარკვეული სიმპტომოკომპლექსით ვლინდება.
პირველ რიგში, ეს არის ქრონიკული დაღლილობა - ადამიანი იღვიძებს და უკვე დაღლილია. ასევე დამახასიათებელია თავბრუსხვევა, ყურებში შუილი, თავის ტკივილი და გულის ფრიალი. სულ მცირე ფიზიკური დატვირთვისას, თუნდაც რამდენიმე საფეხურის ავლის დროს, ადამიანს ტაქიკარდია, ანუ გულის აჩქარებული ცემა და ქოშინი ეწყება.
ასეთ მდგომარეობაში პაციენტი, პირველ რიგში, ჰემატოლოგთან არ მიდის. როდესაც გულის ფრიალი და ქოშინი აქვს, რა თქმა უნდა, კარდიოლოგს მიმართავს, თუმცა კარდიოლოგის მიერ ჩატარებული სისხლის საერთო ანალიზისა და კარდიოგრამის შემდეგ აღმოჩნდება, რომ ეს სულაც არ არის გულის პრობლემით გამოწვეული და მიზეზი ანემიაა.
ამავე დროს, ანემიას ახასიათებს კონცენტრაციის უნარის დაქვეითება, სიარულის დროს წვივებისა და კუნთების ტკივილი. ხშირად პირველადი სიმპტომებია თმის ცვენა, ფრჩხილების მტვრევადობა და კანის სიმშრალე. საკმაოდ ბევრი სიმპტომია, რომლებიც უკვე მიგვანიშნებს, რომ შესაძლოა, საქმე რკინადეფიციტურ ანემიასთან გვქონდეს.