"რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება..." - კახა კალაძე საუბრობს, რა შეიცვლება რუსთაველის გამზირზე და ვისთვის გაიოლდება გადაადგილება - მშობლები

"რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება..." - კახა კალაძე საუბრობს, რა შეიცვლება რუსთაველის გამზირზე და ვისთვის გაიოლდება გადაადგილება

2026-11-25 12:57:35+04:00

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა და საზოგადოებას ამ მიმართულებით განხორციელებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

მისი თქმით, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის შედეგად, საგზაო მოძრაობის თითოეულ მონაწილეს უსაფრთხოდ გადაადგილების თანაბარი შესაძლებლობა ექნება.

„რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება და სულ მალე ქვეყნის მთავარი გამზირი განახლებული სახით დაუბრუნდება ჩვენს მოქალაქეებს. რუსთაველის გამზირი არ არის უბრალოდ ერთი ქუჩა ან სატრანსპორტო დერეფანი. ეს არის ჩვენი დედაქალაქის გული, ჩვენი ისტორიის, კულტურისა და ეროვნული მეხსიერების განუყოფელი ნაწილი. ამ გამზირს განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩვენი ქალაქისა და ქვეყნის ცხოვრებაში. სწორედ ამიტომ, მისი რეაბილიტაციისას ჩვენი ამოცანა იყო არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის განახლება, არამედ ისეთი სივრცის შექმნა, სადაც თითოეულ ადამიანს უსაფრთხოდ და კომფორტულად გადაადგილების შესაძლებლობა ექნება. პროექტის დასრულების შემდეგ, სრულად ადაპტირებულ გამზირზე საგზაო მოძრაობის თითოეულ მონაწილეს უსაფრთხოდ გადაადგილების თანაბარი შესაძლებლობა ექნება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია მიწისზედა გადასასვლელების მოწყობა, რომლის საშუალებითაც ქვეითებსა და ეტლით მოსარგებლე შშმ პირებს გზის უსაფრთხოდ გადაკვეთის შესაძლებლობა ექნებათ.

„აქამდე მშობლები საბავშვო ეტლებით ვერ გადადიოდნენ გზის ერთი მხრიდან მეორეზე და ისევე, როგორც ეტლით მოსარგებლე მოქალაქეებს, მათაც დიდი მანძილის შემოვლა უწევდათ. ეს პრობლემა მთლიანად მოგვარებული იქნება. ქალაქის ხელმისაწვდომობა არ არის პრივილეგია - ეს თითოეული ადამიანის უფლებაა. როდესაც ვსაუბრობთ თანამედროვე, განვითარებულ დედაქალაქზე, მისი განვითარების ხარისხი სწორედ ასეთი საკითხებითაც უნდა იზომებოდეს - რამდენად კომფორტულია ქალაქი ბავშვისთვის, ხანდაზმულისთვის, მშობლისთვის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის და, ზოგადად, თითოეული მოქალაქისთვის. რუსთაველის გამზირი ყველას ეკუთვნის და ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს“, - განაცხადა თბილისის მერმა. განაგრძეთ კითხვა

„ჩვენ ვერ გავაფართოებთ ქალაქის ყველა ქუჩას, ვერ დავანგრევთ შენობებს იმისთვის, რომ ავტომობილების რაოდენობას მეტი ადგილი დავუთმოთ“ - რა სიახლეები წარადგინა კახა კალაძემ საცობების განსატვირთად
ვის უფინანსებს კომუნალურ გადასახადებს სახელმწიფო და თბილისის მერია - პირობები და ელექტროენერგიის მოქმედი ტარიფები