"ჩახედეთ ამ ბავშვებს თვალებში და თქვით, რომ ისინი ცოდვის გზით დაიბადნენ... ამ კანონპროექტის განხილვაში მხოლოდ ქალები უნდა მონაწილეობდნენ... ვერც ერთი კაცი ვერ გაიგებს იმ ძალას, რა ძალითაც ქალს უნდა შვილის ყოლა..." - როგორ ეხმაურებიან ცნობილი ექიმები სუროგაციის აკრძალვას - მშობლები

"ჩახედეთ ამ ბავშვებს თვალებში და თქვით, რომ ისინი ცოდვის გზით დაიბადნენ... ამ კანონპროექტის განხილვაში მხოლოდ ქალები უნდა მონაწილეობდნენ... ვერც ერთი კაცი ვერ გაიგებს იმ ძალას, რა ძალითაც ქალს უნდა შვილის ყოლა..." - როგორ ეხმაურებიან ცნობილი ექიმები სუროგაციის აკრძალვას

2026-11-25 22:29:26+04:00

როგორც ცნობილია, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს. ამ ფაქტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოებაში. გადაწყვეტილებას ჰყავს მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც, ყველას თავისი არგუმენტი აქვს. მათ შორის, მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც აღნიშნავენ, რომ ძალიან ბევრი მოუგვარებელი პრობლემა და საფრთხე იყო ამ სფეროში, თუმცა ექიმების დიდ ნაწილს ეგონა, პრობლემები მოგვარდებოდა, ერთიანად აკრძალვის ნაცვლად.

თემას ბევრი ცნობილი ადამიანი და განსაკუთრებით, საზოგადოებისთვის ცნობილი ექიმი გამოეხმაურა. ვრცელი ვიდეომიმართვა ჩაწერა ექიმმა ნინო ნადირაძემ:

1674457326-nadiraze-1795635299.jpg

- მე ვფიქრობ, რომ მიუხედავად ძალიან ბევრი საკითხისა, დილემისა სუროგაციის აკრძალვის შესახებ, ვფიქრობ, რომ ამ კანონპროექტის განხილვაში მხოლოდ ქალები უნდა მონაწილეობდნენ, იმიტომ, რომ ვერც ერთი კაცი ვერ გაიგებს იმ ძალას, რა ძალითაც ქალს უნდა შვილის ყოლა. მახსოვს, მე თვითონ ორი წელი არ მიჩნდებოდა შვილი... ორი წელი რა მოსატანია ახლა, ვინც მთელ ცხოვრებას უძღვნის ამ პროცესს, რომ როგორმე შვილი იყოლიოს... და ისეთი საშინელებაა ეს, უიმედობა შეგეყრება, რომ შვილი შეიძლება არ გეყოლოს. ნუ, არაფერს არ შევადარებ... რა თქმა უნდა, ახლა არიან ადამიანები, ვისაც საერთოდ არ უნდა შვილის ყოლა. და ვფიქრობ, რომ მამაკაცები საერთოდ არ უნდა განიხილავდნენ ამ თემას, არც ქალს უნდა უწყვეტდნენ სუროგაციის საკითხს, უნდა თუ არა მას სუროგატად ყოფნა და მუშაობა, არც უნდა უწყვეტდნენ იმას, რა მეთოდს უნდა მიმართოს იმისთვის, რომ შვილი იყოლიოს. და საერთოდ, თუ გადავხედავთ ახლა, ამდენი ბავშვია დაბადებული სუროგაციით... როცა ასე ვლანძღავთ ხელაღებით — ნუ ვლანძღავთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ბავშვია უკვე საქართველოში სუროგაციის გზით გაჩენილი და თქვენ ამით სტიგმატიზაციას ახდენთ ამ ბავშვებისას. რატომ უნგრევთ ამ ბავშვებს ფსიქიკას, ამიხსენით. ეს ერთი და მერე კიდევ ის, რომ ყოველთვის, მე მგონი, დაბადება ჯობს არდაბადებას. და თქვენ რომ აიღოთ ყველა იმ ბავშვის ფოტო, ვინც დაიბადა ამ გზით და ჩახედოთ ამ ბავშვებს თვალებში... დადექით თუნდაც ეკლესიის წარმომადგენლები, კანონის წარმომადგენლები, რა ვიცი, სხვადასხვა მორალისტები — ჩახედეთ ამ ბავშვებს თვალებში და თქვით, რომ ისინი ცოდვის გზით დაიბადნენ, არასწორია, რომ დაიბადნენ და ძალიან ცუდი მოხდა, რომ ისინი დაიბადნენ... მიდით, თქვით, რა ვიცი... სახელმწიფოს როლი ამ შემთხვევაში არის, რომ უნდა იყოს ძალიან მკაცრი რეგულაციები, რომ არ მოხდეს კანონდარღვევა... იმიტომ რომ მტკვარში ხალხი ხტება თავის მოსაკლავად, მტკვარი ვის დაუშრია, ხომ? ამიტომ არსებობს რეგულაციები ამისათვის, არსებობს უამრავი ზედამხედველი ორგანო, რომელიც ამ ყველაფერს უნდა აკონტროლებდეს. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ასე ხელაღებით რაღაცის გადაწყვეტა არ მგონია სწორი და ზოგადად სხვა საკითხებშიც მაქვს ეს დამოკიდებულება, რომ ევროპა უცბად ყველაფერში მართალი არ არის — იგივე მაქვს სუროგაციის საკითხშიც... ამ შემთხვევაშიც, არ არის ყოველთვის აუცილებლად მართალი.როგორც წესი, ვიღაცის და რაღაცის შეფასების მიმართ მე ნაკლებად ვარ ხოლმე აგრესიული და არავის არ ვემტერები. უბრალოდ, ეს ჩემი აზრია, ჩემი სუბიექტური აზრი, ქალის აზრია, რომელმაც იცის ეს გრძნობა, როდესაც შენ არანორმალურად გინდა შვილის ყოლა და ვერ ფეხმძიმდები... რა ვიცი, ქალის მთავარი ფუნქცია ბუნებაში ეს არის — გაამრავლოს კაცობრიობა, ხომ? არ ვიცი. შეიძლება ვცდები, მე არ მაქვს პრეტენზია, რომ ყველაფერს სიმართლეს ვამბობ... მაგრამ, რა ვიცი, კიდევ ერთხელ დავფიქრდებოდი ალბათ კანონმდებლების ადგილას და ვფიქრობ, რომ წამყვანი როლი მიეცით ქალებს, ქალბატონებმა განიხილონ ეს. კაცები ამას ვერ გაიგებენ, არ გესმით, არ იცით თქვენ, რას გრძნობს ქალი, რომელსაც შვილი არ ჰყავს...

2106-1795635299.23-Arsen-Gvenetadze-58-из-65.jpg

რეპროდუქტოლოგმა არსენ გვენეტაძემ "პალიტრანიუსის” გადაცემა “პოლიტიკურ სივრცეში” სუროგაციის აკრძალვის შესახებ კანონზე საუბრისას განაცხადა:

"როდესაც გადაწყვეტილება უნდა მიიღონ ადამიანებმა, ვინც სუროგაციის კანონის შემოქმედი იქნება, ჩემი თხოვნაა მათ მიმართ, რომ მინიმუმ საქართველოს მოქალაქეებისათვის მაინც დარჩეს საშუალება, შვილი იყოლიონ, თუ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს მაინც ექნებათ სუროგაციის ჩატარების უფლება, ვფიქრობ, ეს იქნება ადამიანური, ჰუმანური, კანონიერი და ყველა მხრივ გამართლებული... ჩვენს კლინიკაში მხოლოდ შარშან 904 ახალი სიცოცხლე შეიქმნა უშვილო წყვილების მკურნალობის შედეგად. აქედან მხოლოდ 15-20% იყო ინვიტრო განაყოფიერებით, დანარჩენი ბუნებრივი გზით. სუროგაციის შემთხვევა, საერთო ჯამში, დაახლოებით ათამდე იყო, აქედან კი ქართველი - ხუთი თუ ოთხი. ამით იმის თქმა მინდა, რომ ჩვენს კლინიკაში, ძირითადად, საქართველოს მოქალაქეებზე ვართ ორიენტირებული და ამიტომ ნაკლებადაა [სუროგაციის შემთხვევა], თუმცა, სადაც ეს პროცესები ხორციელდება, ათასობით ადამიანი ისახება და შემდეგ იბადება, კანონიერად და პატივისცემით ვინც აკეთებს, რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდი საქმეა. წარმოიდგინეთ, ერთი ადამიანის სიცოცხლის შექმნაც კი მაშინ, როცა ამდენზეა საუბარი, ერთდროულად ადამიანისა და ბუნების, მეცნიერებისა და ღმერთის ნებაა... არიან პაციენტები, რომლებსაც თავიანთი კვერცხუჯრედი გაყინული აქვთ, რადგან ქიმიოთერაპიებისა თუ სხვა პროცედურების გამო საშვილოსნოს ამოჭრა მოუწიათ. მათთვის დედობის რა შანსი რჩება საკუთარი ბიოლოგიური მასალით? - მხოლოდ სუროგაციის. არიან პაციენტები, რომლებმაც ორსულობის დროს რაღაც გართულებების გამო დაკარგეს საშვილოსნო. აქვთ საკვერცხეები, ახალგაზრდები არიან, აქაც ერთადერთი გზა რჩება მხოლოდ სუროგაციის გზით საკუთარი გენეტიკური შვილის გაჩენა... მყავს პაციენტი, რომელსაც თანდაყოლილი დაავადების გამო არ აქვს საშვილოსნო. მას შენახული აქვს ემბრიონი ჩვენთან და მუშაობს საზღვარგარეთ, ერთ წელიწადში გეგმავდა, რომ სუროგაციის გზით გაეჩინა შვილი, მანამდე კი მატერიალურად ემზადება. მისი შესაძლებლობაც, რომ გახდეს დედა, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება".

nino-museridze-001-1795635300.webp

პათოლოგანატომი და ემბრიოლოგი ნინო მუსერიძე TV პირველთან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ აკრძალვით არანაირად არ მოგვარდება პრობლემები და უფრო მეტიც, შესაძლოა პროცესი არალეგალურ სივრცეში გადავიდეს:

„როგორც რეპროდუქციული მედიცინის სფეროს წარმომადგენელი, მივესალმები დისკუსიას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გავაუმჯობესოთ სუროგაციის პროგრამების ხარისხი და უსაფრთხოება. მიმაჩნია, რომ სრული აკრძალვის ნაცვლად სფერო უნდა დარეგულირდეს და სამედიცინო მომსახურების მაღალი სტანდარტი შეიქმნას... აკრძალვა გამოსავალი არ არის, რადგან ეს მკურნალობის მეთოდია და არ შეიძლება ამ სფეროზე ისაუბრო, რომ ბავშვისთვის რაღაც პრობლემა იქმნება. ყველაფერი უნდა რეგულირდებოდეს - აკრძალვა არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ პროცესი მიწისქვეშეთში არ გადავიდეს და კიდევ უფრო ცუდად არ მოხდეს ყველაფერი, რაც ახლა კანონის ფარგლებში კეთდება".

lidermedi-w-h-1795635299.jpeg

კლინიკა „ლიდერმედის“ დამფუძნებელმა ნატო ხონელიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ქვეყანაში სუროგაციის შესაძლო აკრძალვაზე საუბრისას განაცხადა:

„საკმაოდ აჟიოტაჟია ატეხილი პაციენტების მხრიდან ამ აკრძალვასთან მიმართებით. ძალიან ბევრი პაციენტი რეკავს ჩემს ექიმებთან და ექიმები შემდეგ მე მაცნობებენ, ამ ორი დღის განმავლობაში, რა ხდება ზოგადად სოციალურ ქსელში თუ ტელეფონზე და ასე შემდეგ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. წინა კანონპროექტის განხილვის დროს ჩვენ გვქონდა ვადა, თუკი აიკრძალებოდა სუროგაცია, ამ შემთხვევაში ჩვენ ექვსი თვის განმავლობაში უნდა დაგვემთავრებინა ყველა ის ქეისი, რომელიც იყო დაწყებული და კანონის ძალაში შესვლისთანავე ახალი პაციენტი აღარ უნდა მიგვეღო. ამჯერად ინფორმაცია ჯერჯერობით არ გვაქვს არც ჯანდაცვის სამინისტროდან, არც მთავრობისაგან, თუ რა პერიოდით განისაზღვრება ჩვენი მუშაობის გაგრძელება, როდის უნდა შევწყვიტოთ მუშაობა და როდის უნდა შევწყვიტოთ ახალი პაციენტების მიღება. რაც შეეხება იმ პაციენტებს, რომლებსაც უკვე ემბრიონები შექმნილი აქვთ, მათთვის ამ წუთში სუროგაციაზე უარის თქმა, არ მგონია, რომ სწორი იყოს..."

lasha-uchava-1758189096-1795635370.jpg

ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა სოციალურ ქსელში წერს:

- სუროგაციის აკრძალვა არ არის მხოლოდ სამართლებრივი გადაწყვეტილება — ეს არის გადაწყვეტილება ადამიანების ცხოვრებაზე, ჯანმრთელობაზე, რეპროდუქციულ თავისუფლებასა, მომავალზე და არა ვინმეს სურვილზე ან მრწამსზე.
სახელმწიფოს ვალდებულებაა დაიცვას ბავშვის უფლებები, სუროგატი დედის ღირსება და უსაფრთხოება, თუმცა აკრძალვა ვერ იქნება და არ უნდა იყოს პრობლემის ერთადერთი გზა. იქ სადაც საჭიროა რეგულაცია, არ შეიძლება მივიღოთ აკრძალვა, მითუმეტეს თუ გადავხედავთ ისტორიას, არც ერთ სფეროში აკრძალვით არაფერი გამოსწორებულა, საჭიროა რეგულაციები.
სუროგაცია საჭიროებს მკაცრ, ეთიკურ და გამჭვირვალე რეგულირებას და არა ისეთი ადამიანების უფლებების შეზღუდვას, რომლებსაც მშობლობა სურთ და ერთადერთი გამოსავალი სუროგაციაა ("ღვთისგან დასჯილია და არ უნდა ჩავერიოთ" - მოდით, მაშინ არც მწვავე ინფარქტით თუ ინსულტით ადამიანებს არ დქვეხმაროთ).
არ შეიძლება სხვისი მორალური შეხედულებები ადამიანების პირად ცხოვრებასა და არჩევანზე მაღლა დავაყენოთ.
საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება მივიღეთ... “ინვიტრო” განაყოფიერებით მხოლოდ ჩვენი მოქალაქეები ისარგებლებენ... - ირაკლი კირცხალია
ნებისმიერ სამშობიაროში რომ შეხვიდეთ, მიხვდებით, რომ ორსულთა ნახევარზე მეტი სუროგატია... იმაზეც მიხვდებით, რომ ეს ქალები ხშირად ქართველები არ არიან - ინტერვიუ ქართველ რეჟისორთან, რომელმაც სუროგაციის თემაზე იმუშავა
ბავშვი სუროგაციით იქნება დაბადებული, ხელოვნური განაყოფიერებით თუ ბუნებრივად, ეკლესიის კარი ყველასთვის ღიაა, მაგრამ... - რა დამოკიდებულება აქვს ეკლესიას ხელოვნურ განაყოფიერებასა და სუროგაციასთან