ფონიჭალაში მომხდარმა მძიმე ტრაგედიამ, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა, საზოგადოებაში საცხოვრებელ კორპუსებში ბუნებრივი აირის უსაფრთხოებისა და შიდა გაყვანილობის გამართულობის საკითხი კიდევ ერთხელ დააყენა დღის წესრიგში. რამ გამოიწვია აფეთქება და სად შეიძლებოდა მომხდარიყო გაზის გაჟონვა - ამ თემაზე „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ენერგეტიკისა და ენერგოუსაფრთხოების ექსპერტმა გიორგი ჭაღიაშვილმა ისაუბრა.
„მამა აცხადებს, რომ გაზქურა იდგა მიშენებაში, ხოლო აფეთქება მოხდა შუა ოთახში. ვუშვებ ვარაუდს, რომ შესაძლებელია გაჟონვა მოხდა ორ ადგილას: ეს იყო სახურავი და იყო სახლი. ან სახლიდან იპოვა გასასვლელი სახურავში მეთანმა და დაგროვდა იქაც. მეთანით არ მოიწამლება ადამიანი, თუ იქ კონცენტრაცია 50 პროცენტზე მეტი არაა დაგროვილი. 50%-ზე მეტი რომ ყოფილიყო დაგროვილი, ანუ 50%-მდეც არა აქვს მნიშვნელობა, აფეთქება არ მოხდებოდა“, — განაცხადა გიორგი ჭაღიაშვილმა.
წამყვანის კითხვაზე, საიდან შეიძლებოდა აღმოჩენილიყო ბუნებრივი აირი საცხოვრებელი კორპუსის სახურავში, ექსპერტმა შენობის კონსტრუქციულ თავისებურებებსა და დეტონაციის ჯაჭვურ რეაქციაზე გაამახვილა ყურადღება:
„უკვე რემონტია შესამოწმებელი და თვითონ ამ შენობის კონსტრუქციული ნაწილი დაუზიანებელ სადარბაზოებში, რომ შევაფასოთ კონსტრუქციული ნაწილი როგორია. იმიტომ რომ თუ რაღაცა ღრიჭო იპოვა მეთანმა, მეთანი არის ძალიან მსუბუქი, ის გარბის ზევით და მიიწევს იმ ადგილას, სადაც არის სითბო. სახურავი იქნებოდა ყველაზე თბილი ადგილი მისთვის. მაგრამ სახურავიც აღმოჩნდა ზედმეტად ჰერმეტული. და როდესაც დეტონაცია მოხდა, ნუ წამის მეასედებზეა, რა თქმა უნდა, საუბარი, პირველმა დეტონაციამ სახლში გამოიწვია მცირე ნგრევა და კონსტრუქცია შეარყია. მეორე სახურავზე მოხდა და განტვირთვისას სინკარი აიტანა, უკან დაბრუნებისას აშკარად ჩამოვარდნილია და შემდეგ დომინოს პრინციპით არის ჩატანილი პირველ სართულზე მთელი ნაგრევი“.
ჟურნალისტის დაინტერესებაზე, უკავშირდება თუ არა მისი ვერსია რემონტის ხარისხსა და გაზის მილების გაყვანილობას, გიორგი ჭაღიაშვილმა აღნიშნა, რომ პრობლემა, სავარაუდოდ, მილების შეერთების ადგილს უკავშირდება:
„გაზის გაჟონვა, დავუშვათ, ონკანის დარჩენით, ღიად დარჩენით, არ აიხსნება. ყველაზე სუსტი წერტილი ამ შემთხვევაში არის გადაბმის ადგილი, მილის გადაბმის ადგილი. და აფეთქების სიმძლავრიდან გამომდინარე, რაც კადრები გავრცელდა, არ არის გამორიცხული, რომ ეს შეერთება საკმაოდ დაზიანებული იყო და ზუსტად აფეთქების ზღვრის შუაში, კონცენტრირების დროს მოხდა დეტონაცია“.
გადაცემის წამყვანმა ასევე იკითხა, რატომ ვერ იგრძნო გაზის სუნი ვერც ბინაში მყოფმა ადამიანმა და ვერც კორპუსის სხვა მცხოვრებლებმა. ექსპერტის განმარტებით, ამის მიზეზი დახურული სივრცე და ადამიანის ფიზიოლოგიური თუ ქცევითი ფაქტორებია:
„არ დაგვავიწყდეს, რომ აფეთქება გამოიწვია დახურულ სივრცეში მეთანის დაგროვებამ. შესაბამისად, გარეთ ვერ გააღწია სუნმა [რომ სხვებსაც ეგრძნოთ], ვერ გავიდა. და იმ ადამიანს, რომელიც შიგნით იმყოფებოდა, შეიძლება დაქვეითებული ჰქონდა ყნოსვა. ან არის ესეთი მოსაზრება: ადამიანის ქცევიდან გამომდინარე, როდესაც რაღაცა სუნი გვცემს, ვანთებთ სინათლეს. ადამიანის ქცევიდან გამომდინარეა ეს“.
დასასრულს, დაზუსტებისას, ბინის შიგნით იყო თუ გარეთ არსებულ გადაბმის ადგილზე საუბარი, გიორგი ჭაღიაშვილმა უპასუხა: „ბინაში, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ისევ დახურულ სივრცეში გვაქვს მეთანის გაჟონვა“.