თამუნა ვაშალომიძის უმცროსი ვაჟი 6 წლის გახდა. გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ თამუნამ და მისმა ყოფილმა ქმარმა ერთად მიულოცეს პატარა მაქსიმეს დაბადების დღე. ვიდეოს თამუნამ შემდეგი ტექსტი მიაწერა:
- ჩემი ბიჭი 6 წლის გახდა... არ დამისვათ კითხვა, შერიგდითო? არა, მეგობრებო, არასოდეს. მხოლოდ ბავშვების დონეზე კომუნიკაცია!
ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში განქორწინებაზე საუბრისას თამუნამ აღნიშნა:
"იყო პერიოდები, როცა ძალიან ბედნიერი ვიყავი. ვფიქრობდი: „ვაიმე, რა ბედნიერი ვარ! ეს ყველაფერი მაქვს, ეს ადამიანები მყავს, ყველაფერი კარგად არის“. და უცებ ისე დამანარცხა ცხოვრებამ, რომ საერთოდ დავიკარგე. აღარ ვიცოდი, რა მექნა.
როცა ცხოვრებაში გეგმები გაქვს და უცებ ეს გეგმები, ადამიანები, ყველაფერი ქრება, გიჩნდება განცდა, თითქოს ის, რაც აქამდე გქონდა, ილუზია იყო. თითქოს ყველაფერი, რაც რეალური გეგონა, არარსებული აღმოჩნდა და ეს სამყარო თავად შექმენი შენს წარმოსახვაში...
ჩემს პირად ცხოვრებას რომ შევეხო, მეგონა, რომ ყველაფერი გარკვეულწილად ასე იქნებოდა: სიბერეში ასე ვიცხოვრებდი, ისე ვიცხოვრებდი, კიდევ რაღაც გეგმები მქონდა, მესამე შვილზეც ვფიქრობდი... ჩვენ ხომ ყველას გვაქვს ჩვენი გეგმები? და უცებ ყველაფერი ჩამოიმსხვრა. ერთ დღეს შეიძლება აღმოჩნდე სრულიად მარტო — ყველაზე საყვარელი ადამიანების გარეშეც კი. გვერდით მხოლოდ შვილები გრჩებიან, შენი საყვარელი ადამიანები და ის ხალხი, ვისთან ერთადაც რაღაცები შექმენი, მათ შორის — შენი ბიზნესი. ადამიანები, რომლებთან ერთადაც მთელი ცხოვრება ააწყვე.


ეს ყველაფერი რომ გამოვცადე, მივხვდი, რამდენად სწრაფად შეიძლება შეიცვალოს ცხოვრება. ადრე როგორ დავფრინავდი ბედნიერებისგან, როგორ ვამბობდი: „ღმერთო, მადლობა!“ ახლაც მადლობას ვუხდი ღმერთს. ალბათ, ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს. ამ ცხოვრებაში არაფერი ხდება სრულიად უმიზეზოდ. ხანდახან, როცა გაბრაზებულები ვართ, ვამბობთ: „რატომ მოხდა ეს? რატომ დამემართა?“ მაგრამ მერე ხვდები, რომ შესაძლოა, რაღაცები სხვანაირად უნდა მომხდარიყო.
ძალიან გავიზარდე ამ ტკივილის მერე. საკუთარი თავი გავზარდე. არ ვიცი, როგორ ავხსნა, მაგრამ ბევრად ძლიერი გავხდი. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ახლა თითქმის აღარაფერს შეუძლია, გული მატკინოს. სიკვდილს თუ არ ჩავთვლით — ყველას ჯვარი გვწერია — სხვა რამეს გულთან ახლოს აღარ მივიტან. ემოციებს ხშირად ვბლოკავ და ყველაფერს უფრო გონებით ვუდგები. ზოგადად, ძალიან შევიცვალე."