აშშ-ის ჯორჯიის შტატში მომხდარმა შემზარავმა შემთხვევამ საზოგადოება შეძრა. 32 წლის ბონი ლაშეა ალენი საკუთარ სახლში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა. მისი მკვლელობის ბრალდებით კი მისი 33 წლის მეუღლე, ჯინ მაკკოლ ალენი დააკავეს.
გამოძიების მასალების თანახმად, ტრაგედიას წინ მეუღლეებს შორის წარმოქმნილი უთანხმოება უძღოდა. კამათის მიზეზი ბავშვებისთვის შეძენილი საშობაო საჩუქრები გახდა (წყვილის ოთხი შვილისთვის - 17, 13, 8 და 2 წლის მოზარდებისთვის)...
შემთხვევა 14 ნოემბერს, ქალაქ როსვილში მოხდა. საღამოს, დაახლოებით 20:00 საათამდე, სამართალდამცველებმა შეტყობინება მიიღეს, რომ საცხოვრებელ სახლში ქალი იყო დაჭრილი. ადგილზე მისულ პოლიციელებს ერთ-ერთმა ბავშვმა საძინებლისკენ მიუთითა, სადაც ჯინ ალენი მეუღლის გადარჩენას გულ-ფილტვის რეანიმაციით ცდილობდა.
პოლიციის ანგარიშის მიხედვით, ქალს თავში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა ჰქონდა. სამართალდამცველმა რეანიმაციის გაგრძელება სცადა, თუმცა ბონის გულისცემა აღარ აღენიშნებოდა. ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მისი გარდაცვალება დაადასტურეს.
გამოძიების ფარგლებში ჯინ ალენმა სამართალდამცველებს განუცხადა, რომ გასროლა შემთხვევით მოხდა. მისი თავდაპირველი განმარტებით, იარაღი კარადაში იყო, როდესაც გასროლის ხმა გაისმა.
თუმცა პოლიციის ანგარიშში აღწერილია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება: მამაკაცმა გამომძიებლებთან საუბრისას გაიხსენა, რომ იმავე დღეს მეუღლესთან კამათი მოუვიდა ოთხი შვილისთვის შეძენილი საშობაო საჩუქრების გამო.
მისი მონაყოლის თანახმად, ბონი უკმაყოფილო იყო საჩუქრების ხარისხით და ასევე მათი ტრანსპორტირების ხარჯებით. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მამაკაცმა პოლიციას ისიც უთხრა, რომ იმ დღეს ოთხი ბოთლი ლუდი ჰქონდა დალეული.
ჯინ ალენი მეუღლის გარდაცვალებიდან ექვსი დღის შემდეგ, 20 ნოემბერს დააკავეს. მას მკვლელობის ბრალდება წარედგინა. ამჟამად იგი უოკერის ოლქის ციხეში, გირაოს გარეშე იმყოფება. საქმის სასამართლო განხილვის შედეგები ჯერჯერობით უცნობია.
მას უყვარდა ბუნებაში ყოფნა, კემპინგი, ტბაზე დასვენება და ოჯახთან ერთად სანაპიროზე გატარებული დღეები.


ბონის გარდაცვალების შემდეგ ოთხი ბავშვი დედის გარეშე დარჩა. ოჯახის წევრებმა მათი ყოველდღიური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ფინანსური დახმარების შეგროვებაც დაიწყეს. ბავშვებზე ზრუნვა ამჟამად ნათესავებმა ითავეს.

ტრაგედიის შემდეგ ახლობლებისთვის განსაკუთრებით მძიმეა ის ფაქტი, რომ ოთხ ბავშვს დედა სწორედ იმ პერიოდში დაეღუპა, როდესაც ოჯახი საშობაო დღესასწაულისთვის ემზადებოდა...