სინდი კროუფორდი და მისი მეუღლე, რენდე გერბერი, მადლიერების დღეს პაპარაცებმა გადაიღეს მალიბუში, სანაპიროზე. ისინი სპორტულ, ყოველდღიურ სამოსში არიან გამოწყობილები სეირნობდნენ. ეს მათი პირველი ოჯახური დღესასწაულია მას შემდეგ, რაც სექტემბერში 27 წლის ვაჟი, პრესლი გერბერი დაკარგეს...
ოჯახს ძალიან რთულად გადააქვს ეს ტკივილი. ისინი კვლავ არ ჩნდებიან საჯარო სივრცეში, არც ერთ ღონისძიებას არ დასწრებიან მას მერე.

ინსაიდერის თქმით: „არავინ მოელის მათგან, რომ ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდნენ ასე მალე. ყველა უბრალოდ მათ გვერდითაა და მზად არიან, დაეხმაროს იმაში, რაც იმ დღეს დასჭირდებათ... ოჯახშიჯერ კიდევ ძალიან ბევრი სევდაა.“
სინდის მდგომარეობაზე კი ოჯახთან დაახლოებულმა წყარომ აღნიშნა: „მისი დილა იმით იწყება, რომ აცნობიერებს, რამდენად ენატრება პრესლი. ეს ტკივილი მთელი დღის განმავლობაში თან სდევს... ყოველდღიურობის გადატანა ჯერ კიდევ ძალიან უჭირს.“
ოჯახმა შვილის გარდაცვალების შესახებ საჯაროდ პირველად ოქტომბერში ისაუბრა. სინდი კროუფორდმა, რენდე გერბერმა და მათმა ქალიშვილმა, კაიამ, ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და აღნიშნეს, რომ საყვარელი შვილისა და ძმის დაკარგვით განადგურებულები არიან.
„ჩვენ ძალიან გვტკივა ჩვენი საყვარელი შვილისა და ძმის დაკარგვა. ბედნიერები ვართ, რომ პრესლი ჩვენს ცხოვრებაში 27 წლის განმავლობაში გვყავდა. ის კეთილი, ლამაზი სული იყო, რომელსაც უყვარდა და რომელიც უყვარდათ“, — წერდა ოჯახი.
მათ მადლობა გადაუხადეს ყველას, ვინც ამ მძიმე პერიოდში თანაგრძნობა და მხარდაჭერა გამოხატა...
პრესლი გერბერი 20 სექტემბერს, 27 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას ფსიქიკური ჯანმრთელობისა და დამოკიდებულების პრობლემებზე საჯაროდაც უსაუბრია. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ოფიციალურად დადასტურებული არ არის; გამოძიება გრძელდება.
სინდი კროუფორდი და რენდე გერბერი ამ რთულ პერიოდს ქალიშვილ კაიასთან და ახლო მეგობრების გარემოცვაში ატარებენ. ადრე გავრცელებული ცნობების თანახმად, კაიამ ყველაზე რთულად განიცადა ეს ტრაგედია და მშობლები ძალიან ღელავდნენ მის მდგომარეობაზე, რადგან არ იკვებებოდა, თავს არ უვლიდა და ადამიანებთან კონტაქტსაც გაურბოდა. ძმის გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ კი კაიამ სოციალურ ქსელში დაწერა მასზე და საჯაროდაც დაემშვიდობა.