2026 წლის სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის რეგისტრაცია უკვე დაიწყო. კონკურსი ბაკალავრიატის სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, მოიპოვონ ან გაიუმჯობესონ სახელმწიფო სასწავლო გრანტი. რეგისტრაცია ელექტრონულად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე განხორციელდება და პროცესი 8 ივნისის 18 საათამდე გაგრძელდება. რა პირობებია განსაზღვრული კონკურსში მონაწილეობისთვის, როგორ უნდა გაიარონ სტუდენტებმა რეგისტრაცია და რას უნდა მიაქციონ განსაკუთრებული ყურადღება - ამ თემაზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი, თამარ მემანიშვილი გადაცემაში "იმედის დილა" საუბრობს:
- სტუდენტთა საგრანტო კონკურსი ბაკალავრიატის საფეხურის მოქმედი სტუდენტებისთვის არის შესაძლებლობა, რომ მათ უკვე მოპოვებული სასწავლო გრანტი გაიუმჯობესონ. ხოლო იმ სტუდენტებს, რომლებმაც შესაძლოა წინა წელს სასწავლო გრანტი ვერ მოიპოვეს, აქვთ შესაძლებლობა, რომ ამ კონკურსის გავლის შედეგად შესაბამისი პროცენტული მაჩვენებლის გრანტი მოიპოვონ. აქვე აღვნიშნავ, რომ თუ სტუდენტი გრანტის მოსაპოვებლად ან გასაუმჯობესებლად საკმარის ქულებს ვერ მიიღებს, მას წინა წელს მინიჭებული გრანტის პროცენტული მაჩვენებელი, რა თქმა უნდა, შეუნარჩუნდება.
თუ სტუდენტი საკუთარ შედეგს ვერ გააუმჯობესებს, მას სასწავლო გრანტი შეუნარჩუნდება. ასევე, გექნებათ შესაძლებლობა, რომ მომდევნო წელსაც ეცადოთ სასწავლო გრანტის გაუმჯობესებას. ბაკალავრიატის საფეხურზე მყოფ სტუდენტებს ეს შესაძლებლობა ყოველწლიურად, 2030-2031 სასწავლო წლის ჩათვლით ექნებათ.
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხული აბიტურიენტებისათვის საგრანტო კონკურსი გაუქმდება. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ ისინი ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩააბარებენ და მხოლოდ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შეარჩევენ, მათ გრანტის მოპოვება აღარ მოუწევთ, რადგან საგრანტო კონკურსი მათთვის გაუქმებულია. სახელმწიფო მათ სწავლას სრულად დააფინანსებს.
ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ იმ ადამიანებზე, რომლებიც უკვე ბაკალავრიატის საფეხურის მიმდინარე სტუდენტები არიან. ეს არის სტუდენტების კატეგორია, რომლებიც საბაკალავრო საფეხურზე წინა წლის, ანუ 2025 წლის 17 დეკემბრამდე ჩაირიცხნენ.
რეგისტრაცია 8 ივნისის 18 საათამდე გრძელდება. თუმცა, აქ აუცილებლად გასათვალისწინებელია ის მომენტი, რომ 5 ივნისის 18 საათამდე სტუდენტმა გამოცდის რეგისტრაციის საფასური, რაც 10 ლარს შეადგენს, აუცილებლად უნდა გადაიხადოს. მას შეუძლია, თავიდან არ აირჩიოს საგამოცდო ქალაქი იმ ზოგადი უნარების ტესტისთვის, რომელსაც აბარებს, და ეს ცვლილებები უკვე 5 ივნისის 16 საათიდან 8 ივნისის 16 საათამდე განახორციელოს. ხშირია შემთხვევები, როდესაც თუნდაც ერთიანი ეროვნული გამოცდების დროს, გამოსაცდელი პირები გამოცდის საფასურს იხდიან, თუმცა შემდგომში რეგისტრაციის პროცესის ბოლომდე გავლა ავიწყდებათ...
- ეს სტუდენტისთვის რეალურად არის შესაძლებლობა, რომ არსებული სასწავლო გრანტი გაიუმჯობესოს. თუ იგი საჭირო ქულებს ვერ დააგროვებს, ის გრანტი, რაც მანამდე ჰქონდა მოპოვებული, არ დაეკარგება. მას ეს სასწავლო გრანტი ჩვეულებრივად შეუნარჩუნდება. თუმცა, კიდევ განვმეორდები, რომ 2030-2031 წლის ჩათვლით, თუ მისთვის სასურველ გრანტს ვერ მოიპოვებს, მას შეუძლია ყოველწლიურად სცადოს სასწავლო გრანტის მოპოვება ან გაუმჯობესება. გრანტის მოპოვების შემთხვევაშიც კიდევ ერთხელ განვმეორდები - წინა წლის სასწავლო გრანტი მას, მიუხედავად იმისა, შეძლებს თუ არა გაუმჯობესებას, რა თქმა უნდა, არ დაეკარგება და შეუნარჩუნდება.
ბარდება ერთი გამოცდა - ეს არის ზოგადი უნარების გამოცდა, რაც სტუდენტის ზოგადი უნარების შეფასების შესაძლებლობას გვაძლევს. ზოგადი უნარების ტესტი სამკომპონენტიანია და წაკითხულის გააზრებას, რაოდენობრივ მსჯელობასა და ლოგიკურ მსჯელობას მოიცავს. გამოცდის ხანგრძლივობა 2 საათი და 35 წუთია. ეს დრო ტესტური დავალებების ნაწილებისთვის ცალ-ცალკე გადანაწილებული არ არის. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ დროის განმავლობაში აბიტურიენტს შეუძლია, ნებისმიერ კომპონენტზე მუშაობას დრო საკუთარი სურვილისა და საჭიროების მიხედვით დაუთმოს.
რეგისტრაციის გავლა, პირველ რიგში, ჩვენს პორტალზე - online.naec.ge არის შესაძლებელი. ჩვენს ვებგვერდზე - naec.ge მათ სრული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ, ასევე გამოცდასთან დაკავშირებულ დეტალებს ჩვენ მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში გაეცნონ. ინფორმაციის მიღება ჩვენს ფეისბუქ გვერდზეც არის შესაძლებელი. პირველ რიგში, მოქმედ სტუდენტებს წარმატებას ვუსურვებდი და ვურჩევდი ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებს, რომ ეს შესაძლებლობა აუცილებლად გამოიყენონ.
აქვე ერთსაც დავაზუსტებ - საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ როგორც სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული, ისე კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებს. ამიტომ, მათ ვურჩევდი, რომ ეს შესაძლებლობა მიმდინარე წელს აუცილებლად გამოიყენონ.