ვიდრე უამრავი ადამიანი ჯორჯინა როდრიგესისა და კრიშტიანუ რონალდუს ქორწილს ელოდება, რომლებიც დაქორწინებას პორტუგალიაში, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებისთანავე გეგმავენ, წლის ყველაზე გრანდიოზული ზეიმი, ყველასთვის მოულოდნელად, ჩინეთის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ტოპ-მოდელმა, მინ სიმ მოაწყო. იგი თავის საყვარელ მამაკაცზე, ბიზნესმენ მარიო ჰოზე, რამდენიმეწლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ოფიციალურად დაქორწინდა. ქორწილი იმდენად მასშტაბური აღმოჩნდა, რომ მსოფლიო მედიის ყურადღება მიიპყრო.

საფრანგეთის ხელისუფლებამ მინ სისთვის საგამონაკლისო წესი სპეციალურად დაუშვა: საქმე ისაა, რომ ნორმანდიაში მდებარე მონ-სენ-მიშელის ციხესიმაგრე იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს და იქ ნებისმიერი კერძო ღონისძიების გამართვა უკვე თითქმის 1000 წელია, მკაცრად აკრძალულია. თუმცა, ვინაიდან მინ სის მთავარი ოცნება ქორწილის სწორედ იქ გადახდა იყო, მოდელს თხოვნა საბოლოოდ მაინც შეუსრულეს.


ყველა დეტალის მოგვარებისა და დოკუმენტების შეთანხმების პროცესმა დაახლოებით ერთ წელს გასტანა და მინმა საკუთარი ზღაპარი მაინც რეალობად აქცია. მოდელს საფრანგეთში ქორწილის გადახდა რამდენიმე მიზეზით უნდოდა - მის სამოდელო კარიერას საფუძველი მოდის ინდუსტრიაში სწორედ ამ ქვეყანაში ჩაეყარა. მან პირველი კონტრაქტი ბრენდ Givenchy-სთან გააფორმა, საქორწილო კაბის შესაქმნელად კი Dior-ს მიმართა.



მინ სის სამოსის შექმნაზე პირადად ჯონათან ანდერსონი მუშაობდა. მას ბრენდ Dior-ის კრეატიული დირექტორის პოსტი დიდი ხანი არ არის, რაც უკავია და მინი მისი პირველი ვარსკვლავური პატარძალი გახლდათ. მოდელს სურდა, რომ მისი კაბა ლაკონიური და ელეგანტური ყოფილიყო, თუმცა, ამავდროულად, სამოსს რაიმე დასამახსოვრებელი დეტალიც ჰქონოდა. საბოლოოდ, ასეთ დეტალად ზურგზე გამოყვანილი "ფრთები" იქცა. იმისათვის, რომ მათ ფორმა შეენარჩუნებინათ, კაბის შეკერვისას როიალის ნამდვილი სიმი გამოიყენეს.
პატარძალმა მთავარ სამკაულად Graff-ის ბრილიანტის ყელსაბამი შეარჩია, რომლის საერთო წონაც 52 კარატს შეადგენს. თავად სააბატო, მისი გოტიკური იერსახის ოდნავ შესარბილებლად, ცოცხალი ყვავილებით მორთეს. მოგვიანებით პატარძალმა კიდევ ორი სამოსი გამოიცვალა: ვახშმისთვის მან Chanel-ის უმკლავო, მარგალიტებით გაწყობილი კაბა შეარჩია, ხოლო წვეულებისთვის - Givenchy-ს მაქმანებიანი მინი-კაბა.



აღსანიშნავია, რომ ასეთი მდიდრული ცერემონიით მინ სიმ და მარიო ჰომ, სინამდვილეში, ქორწინების მე-7 წლისთავი აღნიშნეს. მათ ოფიციალურად ურთიერთობა 2019 წელს დაარეგისტრირეს, თუმცა საზეიმო ცერემონია მაშინ ვერ გამართეს. თავდაპირველად მისი გადადება მოდელის ორსულობის გამო გახდა საჭირო: 2020 წელს მან ვაჟი, რონალდო გააჩინა. ამას მოჰყვა მარიო ჰოს მამის გარდაცვალება, რის გამოც ოჯახი ტრადიციულ სამწლიან გლოვას მიეცა. მოგვიანებით მინ სიმ ქალიშვილი, რომი გააჩინა (მშობლები საკურთხეველთან სწორედ რონალდომ და რომიმ მიაცილეს) და მეუღლეებმა საზეიმო ღონისძიების დასაგეგმად დრო მხოლოდ ახლა გამონახეს. საფრანგეთში გამართულ ქორწილს წყვილის მხოლოდ ნათესავები და უახლოესი მეგობრები ესწრებოდნენ, უკვე სექტემბერში კი მინი და მარიო კიდევ ერთი წვეულების მოწყობას მაკაოში გეგმავენ.



მინ სი 1989 წლის 8 მარტს, შანხაიში დაიბადა. მან სამოდელო კარიერა საკმაოდ გვიან, 19 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც სააგენტო Elite Model Look-ის საერთაშორისო კონკურსში მესამე ადგილი დაიკავა და პრიზის სახით კონტრაქტი მოიპოვა. ამის შემდეგ იგი მალევე გადავიდა საფრანგეთში საცხოვრებლად და თანამშრომლობა Givenchy-თან, Michael Kors-თან, Prabal Gurung-თან, Diane Von Fürstenberg-თან, Oscar de la Renta-თან, Kenzo-სთან, Elie Saab-თან, Chanel-თან, Versace-თან, Just Cavalli-სთან, Moschino-სთან, Victoria’s Secret-სა და სხვა ბრენდებთან დაიწყო. მინი თავისი თაობის ყველაზე მოთხოვნად და, ამასთანავე, ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ აზიელ მოდელად არაერთგზის აღიარეს. ამჟამად მინი 37 წლისაა და სამოდელო კარიერას კვლავინდებურად აგრძელებს.


შთამბეჭდავი ქონებით მინის მეუღლეც ამაყობს. მისი ოჯახი მაკაოში კაზინოების ქსელს ფლობს, თავად მარიო კი საკალათბურთო გუნდ "ბოსტონ სელტიქსის" მფლობელი და მილიარდერი გახლავთ. 2020 წელს, ვაჟის შეძენის გამო, მოდელმა ქმრის ოჯახისგან სოლიდური საჩუქარი - ჰონგ-კონგის ყველაზე პრესტიჟულ უბანში მდებარე 89 მილიონ დოლარად შეფასებული სახლი მიიღო, ხოლო ქალიშვილის დაბადებისთვის გადაცემული საჩუქრის შესახებ არაფერია ცნობილი.