ტიკტოკზე გავრცელებულ მორიგ ტრენდს კიდევ ერთი მოზარდი ემსხვერპლა - 15 წლის გოგონას მშობლები განგაშს ტეხენ - მშობლები

ტიკტოკზე გავრცელებულ მორიგ ტრენდს კიდევ ერთი მოზარდი ემსხვერპლა - 15 წლის გოგონას მშობლები განგაშს ტეხენ

2026-06-16 14:38:13+04:00

15 წლის ამერიკელი გოგონა, ლეა პრესონი, კომაში ჩავარდა და მდგომარეობიდან ვეღარ გამოვიდა მას შემდეგ, რაც მონაწილეობა მიიღო ტიკტოკზე გავრცელებულ მორიგ სახიფათო ტრენდ-ჩელენჯში - ე.წ. „Benadryl Challenge“-ში. ეს ჩელენჯი მონაწილეებს მოუწოდებს დიდი რაოდენობით მიიღონ ალერგიის საწინააღმდეგო ცნობილი პრეპარატი, რათა ჰალუცინაციები გამოიწვიონ. თუმცა მაღალი დოზა იწვევს კრუნჩხვებს, გულის რიტმის დარღვევას, ასევე ხდება სუნთქვის გაჩერებისა და სიკვდილის მიზეზი.

ლეას მამა თავდაპირველად ფიქრობდა, რომ ბავშვის მდგომარეობა ასთმას უკავშირდებოდა, მაგრამ ექიმებმა დაადგინეს, რომ გოგონას სიმპტომები ამ ჩელენჯთან იყო დაკავშირებული. გავრცელებული ინფორმაციით, მან ეს ექსპერიმენტი ადრეც სცადა.

chelenj-1781607291.jpg

ოჯახმა გადაწყვიტა ორგანოების დონაცია, რათა მისი ორგანოებით სხვა ადამიანების სიცოცხლე გადარჩეს. მის ამბავზე კი ღიად საუბრობენ და განგაშს ტეხენ, რომ სხვა მშობლები ყურადღებით იყვნენ და მსგავსი უბედურება თავიდან აიცილონ.

რა არის „Benadryl Challenge“?

ეს ტრენდი დაახლოებით 2020 წლიდან პერიოდულად ჩნდება TikTok-სა და სხვა პლატფორმებზე. მონაწილეები იღებენ პრეპარატის ბევრად მეტ დოზას, ვიდრე სამედიცინო დანიშნულებითაა ნებადართული, რათა გამოიწვიონ ჰალუცინაციები ან ეიფორიის მსგავსი შეგრძნება. ექიმები აღნიშნავენ, რომ ეს შეიძლება დასრულდეს:

  • კრუნჩხვებით;
  • გულის გაჩერებით;
  • სუნთქვის უკმარისობით;
  • ტვინის დაზიანებით;
  • სიკვდილით.

ამ ჩელენჯს 2023 წელსაც ემსხვერპლა 13 წლის ბიჭი, თუმცა სამწუხაროდ, ეს ვერ იქცა მიზეზად, მსგავსი "ექსპერიმენტების" პოპულარიზაცია შეწყვეტილიყო.

სამწუხაროდ, სოციალურ ქსელში ბევრი სახიფათო გამოწვევები ვრცელდება, რასაც არაერთი მსხვერპლი მოჰყვა. მაგალითად,„Chroming“ (ქრომინგი), რომელიც გულისხმობს აეროზოლების, საღებავების, გამხსნელების, დეოდორანტების და სხვა ქიმიური ნივთიერებების ორთქლის შესუნთქვას დროებითი თრობის მისაღებად. ამან კი შეიძლება გამოიწვიოს გულის გაჩერება, ტვინის დაზიანება და უეცარი სიკვდილი.

  • 2023 წელს ავსტრალიაში 13 წლის გოგონა, ესრა ჰეინსი, გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც დეოდორანტის აეროზოლი შეისუნთქა მეგობრების წვეულებაზე.
  • 2024 წელს ბრიტანეთში 11 წლის ბიჭის სიკვდილი ასევე დაუკავშირეს „Chroming“-ს.
  • 2025 წელს აშშ-ში 19 წლის რენა ო'რურკი გარდაიცვალა ე.წ. „Dusting Challenge“-ის შემდეგ, რომელიც ფაქტობრივად ქრომინგის ერთ-ერთი ფორმაა.

კიდევ ერთი საშიში ტრენდია „Blackout Challenge“, სადაც მონაწილეები ცდილობდნენ რამდენიმე წამით ჟანგბადის მიწოდების შეწყვეტას, რათა „ხანმოკლე ეიფორია“ იგრძნონ.

  • 2021 წელს იტალიაში 10 წლის გოგონა ტვინის სიკვდილის მდგომარეობაში აღმოჩნდა ამ ჩელენჯის შემდეგ.
  • მოგვიანებით მსგავსი შემთხვევები სხვა ქვეყნებშიც დაფიქსირდა.

რატომ არის ასეთი ჩელენჯები პოპულარული?

ფსიქოლოგები რამდენიმე მიზეზს ასახელებენ:

  1. „ვირუსული“ პოპულარობის სურვილი;
  2. თანატოლების ზეწოლა;
  3. რისკის არასათანადო შეფასება მოზარდ ასაკში;
  4. ალგორითმების მიერ მსგავსი კონტენტის სწრაფი გავრცელება.

სამწუხაროდ, ბევრი ასეთი ჩელენჯი „ხუმრობას“ ჰგავს, მაგრამ რეალურად დაკავშირებულია მედიკამენტების ზედოზირებასთან, თვითდახრჩობასთან ან ტოქსიკური ნივთიერებების შესუნთქვასთან, რაც სიცოცხლისთვის უკიდურესად საშიშია.

ბანდაჟი სახეზე და ნიღაბი მთელი ღამით - ახალი ბიუთი-ტრენდი ტიკ-ტოკზე, რომელიც ძალიან სახიფათო აღმოჩნდა
თანაკლასელები მოზარდს გონებას აკარგვინებენ და მერე იცინიან... - სახიფათო თამაში, რომლის დროსაც მოზარდები სერიოზულ დაზიანებებს იღებენ
ახალი სახიფათო ტრენდი TikTok-ზე, რომლის გამოც ათობით ბავშვმა სახისა და გულ-მკერდის არეში მძიმე დამწვრობა მიიღო