თუ კოლაგენის დანამატებს ვერ ყიდულობთ და გინდათ, რომ ორგანიზმში მისი მარაგი ბუნებრივი საშუალებებით შეივსოთ, ექიმი გიორგი ღოღობერიძე სასარგებლო რჩევებს გვიზიარებს:
- როცა სხეულს კოლაგენი აკლია, ეს სულ მცირე ოთხი ნიშნით ვლინდება:
პირველი: სახე გვინაოჭდება, რადგან კოლაგენი დერმის უდიდეს ნაწილს შეადგენს. როცა იგი საკმარისი რაოდენობით არ არის, სახეზე ნაოჭები ჩნდება. სწორედ ამიტომაა, რომ ასაკთან ერთად ვბერდებით.
მეორე: ასაკთან ერთად ორგანიზმში კოლაგენის რაოდენობა სახსრებშიც მცირდება. სასახსრე ხრტილი, რომელიც ბალიშის როლს ასრულებს, განილევა. ამის გამო ძვალი ძვალს ეხება და მერე სახსრები გვტკივა, განსაკუთრებით - მენჯ-ბარძაყისა და მუხლის სახსარი.
მესამე: როცა ორგანიზმში კოლაგენის რაოდენობა მცირდება, ეს ძვლებსაც ეტყობა. ძვლის სიმკვრივე ქვეითდება, ვითარდება ჯერ ოსტეოპენია, მერე კი - ოსტეოპოროზი.
და ბოლოს: ფრჩხილები და თმა განსაკუთრებით მსხვრევადი ხდება, რადგან კოლაგენი თმის ძირებს ამაგრებს.
პირველი: ყველაზე კარგი საშუალება, რასაც, სამწუხაროდ, არ აკეთებთ, ძვლების ნახარშია. ეს შეიძლება იყოს ძროხის, ღორის, ქათმის ან თევზის ძვლები და ხრტილები. ისინი კარგად უნდა მოხარშოთ. ხარშვის პროცესი 12-დან 24 საათამდე უნდა გაგრძელდეს. თუ ძროხის ძვლებია, 24 საათი დასჭირდება, ქათმისა და ღორის ძვლებს კი 12 საათიც ეყოფა. ეს ნახარში ყოველდღიურად, დაახლოებით 200–400 მილილიტრის ოდენობით უნდა მიიღოთ. თუ ნახარშის პირდაპირ დალევა არ გსიამოვნებთ, შეგიძლიათ იგი სუპის ბაზად გამოიყენოთ. არ დაგავიწყდეთ, რომ ხარშვისას აუცილებლად ძმარი დაამატოთ, რადგან ძმარი ძვლებიდან კოლაგენს კარგად გამოიტანს.
მეორე: როცა ამ სუპს გააკეთებთ, ნიორიც დაამატეთ. 1-2 კბილი უმი ნიორი იდეალური იქნება, რადგან ნიორი გოგირდს შეიცავს. გოგირდი აუცილებელია იმისთვის, რომ კოლაგენი წარმოიქმნას და უკვე არსებულიც აღარ დაიშალოს. ამიტომ სუპს დღეში 1-2 კბილი ნიორი დაამატეთ ხოლმე.
გარდა ამისა, კარგი იქნება, თუ ყოველდღიურად 1-2 ცალ კვერცხს გამოიყენებთ, რადგან კვერცხის ცილაში არის ამინომჟავა პროლინი, რომელიც კოლაგენის სინთეზს ძალიან სჭირდება.
და ბოლოს, ყველაზე მთავარი: C ვიტამინის წყარო დაგჭირდებათ, რადგან C ვიტამინის გარეშე კოლაგენი ვერ წარმოიქმნება. კოლაგენის სინთეზს ისეთი ფერმენტები აწარმოებენ, როგორებიც ლიზინისა და პროლინის ჰიდროქსილაზებია. თუ მათ C ვიტამინს არ მიაწვდით, ისინი კოლაგენს უბრალოდ ვერ წარმოქმნიან. ამიტომ C ვიტამინის წყაროს გამოყენება აუცილებელია. შეგიძლიათ დღეში ერთი ცალი ფორთოხალი, ერთი ცალი ლიმონი, მოცვი, მარწყვი ან ჟოლო შეჭამოთ. ესენი ყველაფერი C ვიტამინის წყაროა. არ დაგავიწყდეთ: ეს პროდუქტები წვენის ან კომპოტის სახით არ უნდა მიიღოთ. ისინი უმად უნდა მიირთვათ, რადგან C ვიტამინი თერმომგრძნობიარეა და სიცხეში ადვილად იშლება.
შევაჯამოთ: იმისთვის, რომ კოლაგენი ბუნებრივი სახით მიიღოთ, ძვლების ნახარში უნდა მოამზადოთ, მას ნიორი დაამატოთ, დღეში 1-2 ცალი კვერცხი შეჭამოთ და C ვიტამინის წყარო - რომელიმე ციტრუსი ან კენკრა გამოიყენოთ. ეს ყოველივე დაახლოებით 8-12 კვირის განმავლობაში, ყოველდღიურად აკეთეთ და თავად ნახავთ შედეგს. რა თქმა უნდა, ეს პლასტიკურ ოპერაციას არ უდრის და სახე ეგრევე ვერ გადაიჭიმება, მაგრამ სხეული იმ კოლაგენს მიიღებს, რაც მას სჭირდება. კანის სტრუქტურა შეიცვლება, სახსრების დისკომფორტი შემცირდება და ძვლების სიმკვრივეც ოდნავ მოიმატებს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს ბუნებრივი საშუალებებია და არა - მედიკამენტები.