ექიმი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე, ვრცლად საუბრობს იმ ანალიზების შესახებ, რომელთა ჩაბარების დროს უზმოდ უნდა იყოთ ან პირიქით, შეგიძლიათ, საკვების მიღების შემდეგად:
- არსებობს ანალიზები, რომლებიც მხოლოდ უზმოზე, ანუ მშიერ მდგომარეობაში ბარდება. უზმოობა ნიშნავს იმას, რომ ბოლო 8-12 საათის განმავლობაში საკვები მიღებული არ უნდა გქონდეთ.
ანალიზები, რომლებიც მხოლოდ უზმოზე ბარდება:
- გლუკოზა - საკვების მიღების შემდეგ გლუკოზის დონე იმატებს. შესაბამისად, თუ პრედიაბეტი ან დიაბეტი გაქვთ, დაიმახსოვრეთ, რომ ანალიზი მშიერზე უნდა ჩააბაროთ.
- ლიპიდები (ქოლესტეროლი, ტრიგლიცერიდები, „ცუდი“ და „კარგი“ ქოლესტეროლი) - ეს მაჩვენებლები მხოლოდ უზმოზე მოწმდება. საკვების მიღების შემდეგ პასუხი მცდარად მაღალი იქნება, რაც ხშირად ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს დანიშნული მედიკამენტი არ მოქმედებს.
- ინსულინი და C-პეპტიდი - პანკრეასის ჰორმონები, როგორც წესი, უზმოზე ბარდება. ჭამის შემდეგ ინსულინის დონე იმატებს, რამაც შესაძლოა, ინსულინრეზისტენტობის მცდარი ეჭვი გაჩინოს.
- რკინა - რკინის ანალიზი ყოველთვის უზმოზე უნდა ჩაბარდეს. საკვების მიღების ფონზე რკინის მაჩვენებელი ხელოვნურად იმატებს (იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ორგანიზმში მისი მკვეთრი დეფიციტია).
- ვიტამინი B12 და ფოლიუმის მჟავა - ეს წყალში ხსნადი ვიტამინებიც უზმოზე ბარდება.
- ზრდის ჰორმონი, პარათჰორმონი და ტუტე ფოსფატაზა - ეს მაჩვენებლებიც მშიერ მდგომარეობაში მოწმდება.
ანალიზები, რომელთა ჩაბარებაც ნებისმიერ დროს (მათ შორის საკვების მიღების შემდეგაც) შეგიძლიათ:
- სისხლის საერთო ანალიზი - საკვების მიღება ამ მაჩვენებელზე გავლენას არ ახდენს.
- გლიკოზირებული ჰემოგლობინი (შაქრიანი დიაბეტის სადიაგნოსტიკო ტესტი) - ეს ანალიზი ერითროციტებთან დაკავშირებული გლუკოზის საშუალო პროცენტულ რაოდენობას ბოლო 2-3 თვის განმავლობაში ზომავს. შესაბამისად, კვების რეჟიმს მის შედეგზე გავლენა არ აქვს.
- სისხლის ჯგუფი და რეზუს-ფაქტორი - ეს მონაცემები გენეტიკურად არის განსაზღვრული და საკვების მიღება მათ არ ცვლის.
- ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები (FT4, FT3, TSH) - ჰორმონების უმეტესობისგან განსხვავებით, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შეფასება ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი.
- ინფექციური მარკერები (C-რეაქტიული ცილა, ტესტები აივ-ზე, B და C ჰეპატიტებზე) - ინფექციების დიაგნოსტიკისას უზმოდ ყოფნა სავალდებულო არ არის.
- ონკომარკერები (PSA, CA-125 და სხვა) - მათი ჩაბარება დღის ნებისმიერ მონაკვეთში, საკვების მიღების მიუხედავად შეგიძლიათ.
- კოაგულოგრამა (პროთრომბინის დრო, INR, D-დიმერი და სხვა) - სისხლის შედედების სისტემის მაჩვენებლები კვების რეჟიმზე დამოკიდებული არ არის.
- ღვიძლის ფერმენტები (ALT, AST - გარდა ტუტე ფოსფატაზისა) - მათი ჩაბარებაც ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი.
- კრეატინინი - თირკმლის ფუნქციის ეს მაჩვენებელი დღის ნებისმიერ მონაკვეთში, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად ბარდება.