შემწვარი ქათმის ფილე, დაბრაწული ხორცი თუ მწვადი ბევრისთვის ყოველდღიური მენიუს ჩვეულებრივი ნაწილია. თუმცა მაღალ ტემპერატურაზე მომზადებისას საკვებში ისეთი ქიმიური პროცესებიც მიმდინარეობს, რომლებიც მის თვისებებს ცვლის. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხორცს ძლიერ ვბრაწავთ და მის ზედაპირზე ყველასთვის ნაცნობი ოქროსფერი ქერქი ჩნდება.
ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის დოქტორი და გოთუას სამედიცინო ცენტრის კლინიკური დირექტორი ბიძინა კულუმბეგოვი მეგი საჯაიას სამედიცინო პოდკასტში megis.podcast განმარტავს, რა ხდება საკვების შეწვისას და როგორ შეიძლება მომზადების მეთოდით მისი პოტენციურად მავნე გავლენის შემცირება.
„მე, მაგალითად, ავიღებ ქათმის ფილეს ან ხორცის ნაჭერს და მას, ვთქვათ, შევწვავ და დავბრაწავ. აი, აქ სწორედ წარმოიქმნება საბოლოო გლიკირების პროდუქტები, რომლებიც ამ იმუნური სისტემის გაფუჭებას და დათრგუნვას იწვევს და ჩვენი მიკრობიომის დასაზიანებლად მოქმედებს.
ყველაფერი შეწვარი ძალიან ცუდია ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ყველაფერი, სადაც არის ცილა, ცხიმი და ნახშირწყალი — მაღალ ტემპერატურაზე მიმდინარეობს მაილარდის რეაქცია და იქ წარმოიქმნება დამაზიანებელი, ანუ საბოლოო გლიკირების პროდუქტები.
მაგრამ ეს ისე არ უნდა გავიგოთ, რომ არასოდეს უნდა მივირთვათ. უბრალოდ, ამას ყოველდღიური ხასიათი არ უნდა მივცეთ. იმუნონუტრიციოლოგია არ გეუბნება, რომ შენ ეს არასოდეს შეჭამო — ეს შეუძლებელია.
ჩვენ ადამიანები ვართ. თუ ფსიქოლოგიურად დავიდრგუნე ახლა იმიტომ, რომ ძალიან მიყვარს მწვადი და შემწვარი ხორცი... ეს არ უნდა იყოს ყოველდღიური ხასიათის.
ყოველდღიურად ადამიანმა, თუ უნდა, რომ ჯანმრთელობას ხელი შეუწყოს, უნდა მიიღოს ყველაფერი ორთქლზე მომზადებული, მოხარშული ფორმით.
აი, რატომ არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი: თუ ჩვენ რაღაცას ვამზადებთ და გვინდა, რომ შევწვათ, თუნდაც ჩვენი შვილებისთვის, იმუნონუტრიციოლოგიური ასპექტით, ამ რეაქციას, რომელიც გახურებისას წარმოიქმნება, მაგალითად, თრგუნავს, თუ ხორცს წინასწარ დავამარინადებთ იოგურტით, დავუმატებთ როზმარინს, ასევე ლაიმს ან ლიმონის წვენს. ესენი არიან ბუნებრივი ინჰიბიტორები იმ ცუდი რეაქციების“, - ამბობს ექიმი.
კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს, რომ ასეთი მარინადი მავნე პროცესებს ანეიტრალებს, ექიმი პასუხობს:
„ანეიტრალებენ, რასაკვირველია. მაგალითად, ქათმის ფილე, მოგეხსენებათ, ასე ვთქვათ, ყველა ბავშვს უყვარს. უფრო უვნებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ მას ჩვენ წინასწარ დავამარინადებთ — 20-30%-ით შემცირდება მისი მავნე გავლენა.
იმუნონუტრიციოლოგიის, იმუნიტეტისა და კვების არსი არ არის მხოლოდ ის, რას ჭამ, არამედ ისიც, როგორ ამზადებ მას“.