ვარის დირიეს ცხოვრება ერთ-ერთია იმ იშვიათ ამბებს შორის, როდესაც ადამიანის პირადი ტრაგედია საბოლოოდ გლობალურ საზოგადოებრივ ბრძოლად იქცა.
ის სომალის უდაბნოში დაიბადა, მომთაბარე ოჯახში. ბავშვობაში ვერც იოცნებებდა, რომ ოდესმე მსოფლიო მოდის უდიდეს სცენებზე აღმოჩნდებოდა. არც ის იცოდა, რომ წლების შემდეგ მისი სახელი გაეროს ტრიბუნებიდან გაისმებოდა და მილიონობით ქალი მისი ცხოვრების ისტორიაში საკუთარ თავსაც ამოიცნობდა.ვარის დირიე დღეს აღარ არის მხოლოდ ყოფილი სუპერმოდელი. მისი მთავარი სტატუსი ადამიანის უფლებათა დამცველია — ქალი, რომელმაც საკუთარ თავზე გადატანილი ძალადობის, იძულებითი წინადაცვეთისა და იძულებითი ქორწინების გამოცდილება გლობალურ ბრძოლად აქცია.
მის მიერ დაარსებული Desert Flower Foundation დღესაც მუშაობს გოგონების დასაცავად, განათლების გასავრცელებლად და ქალის დასახიჩრების წინააღმდეგ. ორგანიზაციის საქმიანობა მოიცავს როგორც პრევენციას, ისე სამედიცინო დახმარებას დაზარალებული ქალებისთვის.

ვარის დირიე 1965 წელს დაიბადა სომალის გალკაიოს რეგიონში, ეთიოპიის საზღვართან ახლოს, მომთაბარე ოჯახში. მისი ოჯახი დაროდის კლანს ეკუთვნოდა.სახელი Waris სომალიურ ენაზე „უდაბნოს ყვავილს“ ნიშნავს.
მისი ბავშვობა სრულიად განსხვავებული იყო იმ ცხოვრებისგან, რომელსაც დასავლური სამყაროს მკითხველი ან მაყურებელი შეიძლება წარმოიდგენდეს. ოჯახი მომთაბარე ცხოვრებას ეწეოდა და გადარჩენა წყლის, საკვების, პირუტყვისა და გარემოს პირობებზე იყო დამოკიდებული.
მაგრამ ამ ბუნებრივ სირთულეებს ემატებოდა სოციალური წესები, რომლებიც განსაკუთრებით მკაცრად ზღუდავდა გოგონებისა და ქალების ცხოვრებას.ხუთი წლის ასაკში ვარის დირიეს ქალის გენიტალური დასახიჩრება ჩაუტარდა, ე.წ. წინადაცვეთა — პრაქტიკა, რომელსაც დღეს საერთაშორისო ორგანიზაციები ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევად განიხილავენ.ეს გამოცდილება მისი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე მძიმე ტრავმად იქცა.წლების შემდეგ სწორედ ამ თემაზე საჯაროდ საუბარი გახდება მისი ცხოვრების მთავარი მისია...
ვარისის ცხოვრებაში შემდეგი გარდამტეხი მომენტი მაშინ დადგა, როდესაც ის ჯერ კიდევ მოზარდი იყო.13 წლის ასაკში მას აიძულებდნენ, დაქორწინებულიყო გაცილებით უფროს მამაკაცზე.
ვარისმა გაქცევა გადაწყვიტა.ის უდაბნოს გავლით გაემართა მოგადიშუსკენ — სომალის დედაქალაქისკენ.ეს გაქცევა უბრალოდ ერთი გოგონას გაქცევა არ ყოფილა.ეს იყო მცდელობა, თვითონ გადაეწყვიტა საკუთარი ცხოვრების ბედი...
მან მარტომ, ფეხშიშველმა გაიარა ეს გზა, ერთადერთი მიზნით, რომ თავი გადაერჩინა იმ მარწუხებისგან, რასაც უმზადებდნენ...
მოგადიშუდან მისი ცხოვრების გზა საბოლოოდ ლონდონამდე მივიდა. მისი ბიძა, რომელიც სომალის ელჩი იყო დიდ ბრიტანეთში, დაეხმარა მას ლონდონში წასვლაში. თუმცა ეს არ ნიშნავდა იმას, რომ იქ ცხოვრება მარტივი გახდა.
ვარისი უცხო ქვეყანაში აღმოჩნდა, ფაქტობრივად, დამოუკიდებელი შემოსავლისა და განათლების გარეშე. ის საელჩოში შინამოსამსახურედ მუშაობდა, მოგვიანებით კი, როცა მისი ბიძის დიპლომატიური მისია დასრულდა, საელჩოდან წამოვიდა.
ერთ პერიოდში ლონდონში ცხოვრობდა უკიდურესად რთულ პირობებში, ქუჩაში ცხოვრება და მათხოვრობაც უწევდა, მერე მუშაობდა McDonald's-ის დამლაგებლად....იმ მომენტში მას ჯერ კიდევ არ ჰქონდა წარმოდგენა, რომ სულ მალე მისი ცხოვრება სრულიად შეიცვლებოდა.
1980-იანი წლების მეორე ნახევარში ვარის დირიეს ცხოვრება სრულიად მოულოდნელად შეიცვალა. სწორედ სამუშაოზე, ეს უჩვეულო გარეგნობის, თითქოს ველური, თუმცა ულამაზესი გოგონა აღმოაჩინა ცნობილმა ბრიტანელმა ფოტოგრაფმა ტერენს დონოვანმა.
1987 წელს 18 წლის ვარისმა მის სტუდიაში პირველად გადაიღო პროფესიონალური ფოტოები.ეს იყო მისი პირველი ნაბიჯი საერთაშორისო სამოდელო კარიერისკენ.მალე ვარისი ლონდონიდან ნიუ-იორკში გადავიდა და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოდის ინდუსტრიის ნაწილი გახდა.



იგი მუშაობდა ისეთ ცნობილ ბრენდებთან, როგორებიცაა: Chanel, Revlon, L'Oréal, Levi's. გამოჩნდა ცნობილი ჟურნალების გარეკანებზე და მონაწილეობდა პარიზის, მილანის, ლონდონისა და ნიუ-იორკის მოდის ჩვენებებში.

ერთი შეხედვით, ეს იყო ზღაპრული წარმატება:სომალის უდაბნოში გაზრდილი გოგონა ახლა მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ პოდიუმებზე იდგა.მაგრამ ამ წარმატების მიღმა ვარისი თავის ყველაზე მძიმე საიდუმლოს წლების განმავლობაში ატარებდა...
1997 წელს ვარის დირიე სამოდელო კარიერის მწვერვალზე იყო.სწორედ ამ პერიოდში მან პირველად საჯაროდ ისაუბრა იმაზე, რაც ბავშვობაში გადაიტანა...
მისი ინტერვიუები საერთაშორისო ყურადღების ცენტრში მოექცა.ვარისმა პირველად ღიად აღწერა ქალის გენიტალური დასახიჩრების გამოცდილება.ეს იყო განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენა.იმ დროს FGM-ის — ქალის გენიტალური დასახიჩრების — შესახებ დასავლურ საზოგადოებაში ძალიან ცოტამ იცოდა.ვარისმა კი საკითხი სტატისტიკიდან და აბსტრაქტული ტერმინებიდან ადამიანის კონკრეტულ ისტორიად აქცია.ეს იყო მისი საკუთარი სხეული, მისი ბავშვობა და მისი ტკივილი.
და სწორედ ამიტომ მისი სიტყვები მილიონობით ადამიანამდე მივიდა...
1997 წელს ვარის დირიე გაეროს მოსახლეობის ფონდის, UNFPA-ის, სპეციალურ ელჩად დაინიშნა ქალის გენიტალური დასახიჩრების აღმოფხვრის მიმართულებით და ვარისი საერთაშორისო ადამიანის უფლებათა კამპანიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი სახე გახდა.1997 წლიდან 2007 წლამდე ის გაეროს სახელით მოგზაურობდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ხვდებოდა პოლიტიკოსებს, სახელმწიფო ლიდერებს, ცნობილ საზოგადო მოღვაწეებსა და უფლებადამცველებს და ასობით ინტერვიუს აძლევდა.
მისი მთავარი გზავნილი მარტივი, მაგრამ რადიკალური იყო:ქალის სხეულზე ძალადობა კულტურის სახელით ვერ გამართლდება.


ვარის დირიეს ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია ავტობიოგრაფიული წიგნი Desert Flower — „უდაბნოს ყვავილი“.წიგნი პირველად ნიუ-იორკში 1997 წელს გამოქვეყნდა და საერთაშორისო ბესტსელერი გახდა.ის აღწერს ვარისის ბავშვობას სომალის უდაბნოში, გენიტალური დასახიჩრების გამოცდილებას, გაქცევას, ლონდონში ცხოვრებას, მოდელად ქცევას და საბოლოოდ იმ გადაწყვეტილებას, რომ საკუთარი პოპულარობა ქალთა უფლებებისთვის ბრძოლას მოახმაროს.
წიგნმა განსაკუთრებული წარმატება გერმანიაში მოიპოვა — ოფიციალური მონაცემებით, ის Der Spiegel-ის ბესტსელერების ათეულში 120 კვირის განმავლობაში რჩებოდა.დღემდე წიგნი 50-ზე მეტ ლიცენზირებულ გამოცემაშია გამოქვეყნებული და 12 მილიონზე მეტი ეგზემპლარი აქვს გაყიდული.სწორედ ამ წიგნმა აქცია ვარის დირიეს ისტორია გლობალურ კულტურულ მოვლენად.
ვარის დირიეს ისტორია მხოლოდ დასავლეთში მიღწეულ წარმატებაზე არ გაჩერებულა.წლების შემდეგ მან გადაწყვიტა, დაბრუნებულიყო სომალიში.
Desert Dawn — მისი წიგნი, რომელიც „Desert Flower“-ის გაგრძელებაა — აღწერს სომალიში დაბრუნებას დაახლოებით ორი ათწლეულის შემდეგ.
ეს მისთვის ძალიან ემოციური გამოცდილება აღმოჩნდა.ის კვლავ შეხვდა საკუთარ ოჯახს, დედას.
„Desert Flower“-ის შემდეგ ვარის დირიემ კიდევ რამდენიმე წიგნი დაწერა.მისი ნაწარმოებები მხოლოდ მემუარები არ არის.ისინი აერთიანებს პირად ისტორიას, ქალთა უფლებებს, აფრიკის სოციალურ პრობლემებს, იდენტობას, ტრადიციას, განათლებასა და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას.
2002 წელს ვარის დირიემ დააარსა საკუთარი ორგანიზაცია — თავდაპირველად Waris Dirie Foundation, რომელიც 2010 წელს Desert Flower Foundation გახდა. ფონდის სათავო ოფისი ვენაში მდებარეობს.ამ მომენტიდან მისი საქმიანობა ინდივიდუალური კამპანიის ფარგლებს გასცდა.
ორგანიზაციის მთავარი მიზანი გახდა ქალის გენიტალური დასახიჩრების წინააღმდეგ ბრძოლა და გოგონებისა და ქალების დაცვა.
ფონდის მუშაობა დღეს სამ ძირითად მიმართულებას აერთიანებს:
ერთ-ერთი მთავარი პროგრამაა Save A Little Desert Flower.პროგრამა მიზნად ისახავს გოგონების დაცვას FGM-ისგან.ფონდის მიხედვით, გოგონასა და მის მშობლებს ან მეურვეებს შორის ფორმდება შეთანხმება, რომელიც ბავშვის ფიზიკური ხელშეუხებლობის გარანტიას იძლევა და ასევე მიზნად ისახავს იძულებითი ქორწინებისგან დაცვას.
გოგონას ამასთან ერთად ეძლევა განათლებისა და სამედიცინო დახმარების შესაძლებლობა.

ვარის დირიემ დროთა განმავლობაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დასკვნა გააკეთა: FGM-ის საბოლოოდ დასამარცხებლად მხოლოდ აკრძალვა საკმარისი არ არის. საჭიროა განათლება. განათლება მისმა ფონდმა აფრიკაში თავისი საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად აქცია.
2019 წელს სიერა-ლეონეში პირველი სამი Desert Flower სკოლა აშენდა, რომლებიც ჯამში დაახლოებით 1,200 ბავშვისთვის იყო გათვლილი.
ფონდის ინფორმაციით, მოგვიანებით სკოლების რაოდენობა ხუთამდე გაიზარდა, ხოლო მეექვსე სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. ასევე გავრცელდა ათიათასობით საგანმანათლებლო ნაკრები, რომლებიც ბავშვებისთვის წიგნებსა და სასკოლო ნივთებს შეიცავს.
დღეს ფონდის საქმიანობის ერთ-ერთი თვალსაჩინო მიმართულება აფრიკაში სკოლების შექმნაა. სიერა-ლეონეში უკვე რამდენიმე Desert Flower სკოლა ფუნქციონირებს. ფონდის მიმდინარე საქმიანობის გვერდზე ასევე ჩამოთვლილია რამდენიმე სხვა სკოლა და საგანმანათლებლო პროექტი.ამით ვარის დირიეს საქმიანობა თანდათან უფრო ფართო განვითარების პროექტად იქცა:
იდეა ასეთია:ქალს არ უნდა შესთავაზონ მხოლოდ ერთი ოპერაცია.მას სჭირდება კომპლექსური დახმარება — სხეულის, ჯანმრთელობის, ფსიქოლოგიური მდგომარეობისა და ღირსების აღდგენის შესაძლებლობა.
ვარის დირიეს ისტორიის ძალა მხოლოდ იმაში არ მდგომარეობს, რომ მან მძიმე ცხოვრება გამოიარა.მისი განსაკუთრებული მნიშვნელობა იმაშია, რომ მან საკუთარი ტრავმა საზოგადოებრივ გზავნილად აქცია.ადამიანთა უმეტესობისთვის მძიმე გამოცდილება შეიძლება იყოს მიზეზი, რომ მასზე აღარასოდეს ილაპარაკონ.ვარის დირიემ საპირისპირო გზა აირჩია.
მან თქვა:თუ მე ამაზე გავჩუმდები, სხვა გოგოები ისევ გაივლიან იმავე გზას.
სწორედ ამან აქცია მისი პირადი ისტორია ადამიანის უფლებათა მოძრაობის ნაწილად.
ვარის დირიეს საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია ისიც, რომ FGM-ის საკითხი ხშირად კულტურულ და რელიგიურ კონტექსტში განიხილება.მაგრამ მისი პოზიცია გაცილებით პირდაპირია:ტრადიცია ვერ იქნება საკმარისი მიზეზი ბავშვის სხეულის დასახიჩრებისთვის.
ფონდის საქმიანობაშიც სწორედ ეს მიდგომა ჩანს — განათლების გზით თემებთან მუშაობა, გოგონების დაცვა და საზოგადოებრივი ცნობიერების შეცვლა.ამიტომ მისი საქმიანობა მხოლოდ კანონების მიღებას არ ეყრდნობა.მისი მიზანია სოციალური ნორმების შეცვლა.

ქალთა უფლებების, განათლებისა და აფრიკის განვითარების საკითხებთან დაკავშირებული მრავალწლიანი საქმიანობა სხვადასხვა საერთაშორისო ჯილდოთი და აღიარებითაც აღინიშნა.

ვარის დირიეს ცხოვრება მხოლოდ წიგნად არ დარჩენილა.2009 წელს გამოვიდა ფილმი Desert Flower, რომელშიც ვარის დირიეს როლი ეთიოპიელმა მოდელმა და მსახიობმა ლიია კებედემ შეასრულა.

ფილმმა კიდევ უფრო ფართო აუდიტორიას გააცნო ვარისის ისტორია.შემდეგ მისი ცხოვრება თეატრის სცენაზეც გადავიდა.2020 წელს შვეიცარიაში, St. Gallen-ის თეატრში, „Desert Flower“-ის მიუზიკლის პრემიერა გაიმართა.
დღესდღეობით ვარის დირიე კვლავ აქტიურად არის დაკავშირებული Desert Flower Foundation-ის საქმიანობასთან. ფონდის საქმიანობის არეალი უკვე მნიშვნელოვნად გაფართოებულია. ორგანიზაციას აქვს წარმომადგენლობა ან საქმიანობა ევროპის რამდენიმე ქვეყანაში და აფრიკის ქვეყნებში; 2025 წლის დასაწყისიდან ფონდი აშშ-შიც არის წარმოდგენილი...

ვარის დირიე დღესაც უამრავი ქალისთვის არის ეტალონი და მაგალითი, ქალი, რომელმაც დუმილი დაარღვია, ისაუბრა იმაზე, რაზეც ბევრს არ სურდა საუბარი და ბევრს არ სურდა მოსმენა. გაილაშქრა ტრადიციების და ქალების დამანგრეველი წესების წინააღმდეგ და დაიწყო ბრძოლა იმისთვის, რომ სხვა გოგონებსაც არ განეცადათ ის ტკივილები, რაც მან განიცადა. ის არის ქალი, რომელმაც საკუთარი ხმა მილიონობით უხმო გოგონას მისცა.