„როდესაც დემენციის მქონე ადამიანი ამბობს: მე უნდა წავიდე და ვნახო დედა... სინამდვილეში დედა დიდი ხნის გარდაცვლილია..." - როგორი მიდგომა სჭირდებათ დემენციის მქონე პაციენტებს - მშობლები

„როდესაც დემენციის მქონე ადამიანი ამბობს: მე უნდა წავიდე და ვნახო დედა... სინამდვილეში დედა დიდი ხნის გარდაცვლილია..." - როგორი მიდგომა სჭირდებათ დემენციის მქონე პაციენტებს

2026-09-26 09:23:20+04:00

დემენციის მქონე ადამიანთან ურთიერთობისას ახლობლები ხშირად სრულიად ბუნებრივად ცდილობენ მის „რეალობაში დაბრუნებას“ — უსწორებენ ფაქტებს, ახსენებენ, სად იმყოფება, უმტკიცებენ, რომ ნივთი არ მოუპარავთ ან ეუბნებიან, რომ ადამიანი, რომლის ნახვაც სურს, წლების წინ გარდაიცვალა. თუმცა ასეთი მცდელობა ყოველთვის არ ამშვიდებს პაციენტს. მისთვის ის, რასაც იმ მომენტში ფიქრობს და გრძნობს, რეალურია, ამიტომ პირდაპირ დაპირისპირებას შეიძლება შფოთვა, წყენა ან გაღიზიანება მოჰყვეს.

როგორ უნდა მოიქცეს ოჯახის წევრი ან მომვლელი ასეთ დროს? ექთანი თამარ დაუსი გადაცემაში „პირადი ექიმი მარი მალაზონია“ განმარტავს, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიდგომაა ადამიანის ემოციის აღიარება, შემდეგ კი მისი ყურადღების სხვა მიმართულებით გადატანა.

„პაციენტი შეიძლება გეუბნებოდეს: „მე უნდა წავიდე და ვნახო დედა“, რომელიც შესაძლოა წლების წინ არის გარდაცვლილი. ამ დროს რეალობის მტკიცებას რომ დავიწყებთ და ავუხსნით, რომ დედა დიდი ხანია გარდაცვლილია, შეიძლება ეს გამოსავალი არ იყოს.

ან გეუბნება: „მე სახლში უნდა წავიდე“, მაშინ, როდესაც სახლშია, და შენ ეუბნები: „არა, ახლა სახლში ხარ, აბა შეხედე, ნახე, შენი ოთახია“. ან როდესაც გეუბნება: „მე მომპარეს ჩემი საფულე“ და შენ უმტკიცებ: „არა, კი არ მოგპარეს, ალბათ სადღაც დადე და ვერ იხსენებ“.

ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია მისი ემოციის აღიარება. მას უნდა, რომ წავიდეს დედასთან — აი, ამ ემოციის აღიარება და შემდგომ უკვე ყურადღების გადატანა.

ეს ყურადღების გადატანა შეიძლება შემდეგნაირად მოხდეს, მაგალითად: „ძალიან კარგი, რომ დედასთან გინდა წასვლა, წავიდეთ, მაგრამ გარეთ ცივა, მოდი, ჯერ ცხელი ჩაი დავლიოთ“.

გადავადება და ყურადღების გადატანა — ეს პაციენტები უმეტესწილად ტონს და სხეულის ენას აქცევენ ყურადღებას. რა თქმა უნდა, იმ ადამიანსაც, რომელიც მას უვლის, აქვს მოთმინების ლიმიტი და ხანდახან შეიძლება ეს ლიმიტი ზღვარს გადასცდეს. ეს შეიძლება ბრაზში, ყვირილში გამოვლინდეს — „რით ვერ გაიგე?“ — ან შეიძლება ისე ვერ გასცეს პასუხი, როგორც საჭირო იყო.

დემენციის მქონე ადამიანები ძალიან რეაგირებენ ასეთი ტიპის მიმართვაზე, იმიტომ, რომ ის თავის გონებაში ნამდვილად არსებობს — ის დედასთან მიდის.

ასეთი ტიპის გადამისამართება — პრობლემის აღიარება, მაგრამ შემდეგ ყურადღების სხვა მიმართულებით გადატანა — ძალიან შველის ხოლმე. გარკვეული პერიოდი ადამიანი გადაერთვება, შეიძლება ჩაი დალიოს და აღარც გაახსენდეს, რომ იგივე საკითხი ისევ წამოჭრას.

მაგრამ თუ ჩაიციკლა და ციკლურად იმეორებს ერთსა და იმავეს — მაგალითად, ჩაი დალია, მაგრამ ისევ ამბობს, რომ დედასთან უნდა წავიდეს — აქ უკვე საქმეში უნდა შემოვიდეს ისეთი აქტივობები, რომლებიც ყურადღებას გადაატანინებს.

ძალიან კარგად მუშაობს, მაგალითად, მარტივი ფაზლების აწყობა, რომელიც არის ბავშვებისთვის. შეიძლება უთხრათ: „მოდი, ჯერ ეს გავაკეთოთ, დავსხდეთ, ვეცადოთ რაღაც ავაწყოთ და მერე წავიდეთ“.

ასევე შეიძლება მისთვის საყვარელი მუსიკის ჩართვა, ხატვა, თუ ხატვა უყვარდა. რეალურად საჭიროა ალტერნატიული აქტივობის მოძებნა — ისეთი აქტივობის, რომელიც კონკრეტულად ამ ადამიანისთვის იმ მომენტში მისაღები და სასიამოვნო იქნება“, — განმარტავს თამარ დაუსი.

შვილიშვილები ასაკოვან ადამიანებს დემენციისგან იცავენ - რა სხვაობა გამოვლინდა იმ ბებია-პაპების მონაცემებში, რომლებიც შვილიშვილებს უვლიან
რა სხვაობაა ალცჰაიმერსა და დემენციას შორის და რამდენად საგანგაშოა სიტყვების დავიწყება ან ახლობლის სახელის ვერგახსენება
დემენციის 5 ადრეული ნიშანი, რომლებიც უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ