მოცეკვავე თეა დარჩია ვიკა ბუკიას გადაცემას სტუმრობდა და ისაუბრა ბავშვობის ტრავმებზე, ცეკვაზე, რომელიც მისი მთელი ცხოვრებაა, შვილებზე, აზარტულ თამაშებზე და ა.შ.
- კონფლიქტი არასოდეს არავისთან მქონია. უბრალოდ, მათგან რაღაცნაირ სიცივეს ვგრძნობდი. ეს სიცივე ყოველთვის მეჯახებოდა და დღემდე არ ვიცი, რატომ იყო ასე... სკოლაში ჩემი ფოტო ეკიდა "ჯეირანის" კოსტიუმში. მე საერთოდ არ მინდოდა, რომ გამოვერჩიე. არ მინდოდა, ხელოვნურად შექმნილი გამორჩეულობის გამო ჩემ მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება ყოფილიყო. მერვე კლასში ვიყავი... დაბადების დღეზე მთელი კლასი დავპატიჟე. დღემდე არ ვიცი, რატომ, მაგრამ არავინ მოვიდა...
სოფელში, გურიაში, ბებია-ბაბუას მეურნეობა ჰქონდათ. დილის ექვსი საათიდან მართლა კამეჩებივით მუშაობდნენ — ძროხები, ღორები, ყველაფერი ჰქონდათ.ამ ყველაფერს ჩამოიტანდნენ, გაშლიდნენ დიდ სუფრას... მახსოვს, ოთახში უზარმაზარი სუფრა იყო გაშლილი, მე კი ფანჯარასთან ვიდექი და მთელი ღამე ველოდებოდი... არავინ მოვიდა...
მეორე დღეს უკვე სხვა მერვე კლასში გადავედი...იმ ერთი წლის განმავლობაში თითქოს ვაკუუმში ვიყავი. სკოლაში შევდიოდი, სკოლიდან გამოვდიოდი და რაღაცნაირ გაუცხოებაში ვცხოვრობდი. მერე ლესელიძეზე, სამედიცინო ტექნიკუმში ჩავაბარე. ვფიქრობდი, იქნებ აქ მაინც რაღაც ახალი ვისწავლო-მეთქი, რადგან სკოლაში გული მქონდა ნატკენი.არადა, სკოლა არაჩვეულებრივი იყო. წარმოუდგენლად კარგი სკოლა იყო... უბრალოდ, ის გამოცდილება ჩემთვის ძალიან მტკივნეული აღმოჩნდა.
სხვათა შორის, ეს ბავშვობის ისტორიები არც გამომიკვლევია და არც დამიხარისხებია ყველაფერი. უბრალოდ, მაშინ მეგონა, რომ ჩემი ბრალი იყო. ასე ვიყავი გაზრდილი — თუ რამე გტკივა, ე.ი. სადღაც შენ შეგეშალა. დღეს კი ვხვდები, რომ ჩემი ბრალი არ ყოფილა. უბრალოდ, რაღაც მოხდა... თუმცა არც ეგ მიკითხავს...ალბათ, დღეს იმიტომ ვარ ჯანმრთელ მდგომარეობაში, რომ ბავშვობიდან თავდაცვის მექანიზმი მქონდა — გადავფურცლავდი და ვკეტავდი. მოვიდა მეორე დღე და ეს ისტორია უბრალოდ ჩავკეტე...
ახლა რომ ვიხსენებ, სიგიჟეა, მაგრამ მაშინ ეს ისეთი ტკივილი იყო ჩემთვის, რომ უბრალოდ გადავფურცლე. მეორე დღიდან სხვა კლასში შევედი...
ყველაფერი ვცადე. სხვადასხვა წრეზე დავდიოდი — ყველაფერს ვცდიდი. მაინტერესებდა, რამე თუ ჩაანაცვლებდა იმ გრძნობას, რასაც ცეკვის დროს განვიცდიდი. ბევრი რამ ვცადე. ძალიან ხშირად მინდოდა პროფესიის შეცვლაც, იმიტომ, რომ ცეკვას ძალიან დიდი განცდები ახლავს. წარმოუდგენელია, მაგრამ სცენის ფობია მაქვს. როცა სცენას ვუყურებ, მთლიან სხეულში პეპლები მეწყება და არაადეკვატური ვხდები. მერე რაღაცნაირად ფარდა იკეტება მაყურებელსა და ჩემს შორის, თითქოს შიგნით ვიღვრები.ყოველთვის ერთ ჩასუნთქვაზე ვცეკვავდი და სულ მეჩხუბებოდნენ - ისუნთქე, ისუნთქე...
პირველ რიგში, მამა იყო (მოქანდაკე გიმერ დარჩია - რედ.) პირველი ადამიანი, ვინც მიხვდა, რომ ცეკვის გარეშე ცხოვრებას ვერ შევძლებდი.
მეორე — მამამ მასწავლა სილამაზის დანახვა და მისი აღქმა. ამაში დარწმუნებული ვარ.თბილისიდან დასავლეთში რომ მივდიოდით, გზაში სულ მეუბნებოდა: „გაიხედე, ნახე, იქით რა სილამაზეა.“გავიხედავდი და ვეძებდი — აბა, სად არის სილამაზე-მეთქი.„აბა, სად? შეხედე. აქეთ გაიხედე. პერსპექტივას შეხედე, რა არის“, — მეუბნებოდა...
ხელოვნებას ყოველდღიურ ცხოვრებაში მასწავლიდა.მახსოვს, ფიროსმანზე ამბობდა: „ვინც უყვარდა, იმას დიდად ხატავდა, ვინც არ უყვარდა — პატარად.“ მერე ამ ყველაფერს პერსპექტივას უკავშირებდა. სხვადასხვა ნახატს შორის პარალელებს ავლებდა და რაღაცებს ჩემს ტვინში ერთმანეთთან აერთებდა... და ამ ყველაფერს ძალიან ლამაზად აკეთებდა.გზაში სულ მუსიკა გვქონდა ჩართული. სულ ვმღეროდით, ხმებში ვშლიდით.
მამამ ხელოვნების სკოლაში მატარა, ხატვაზე მატარა, მიუზიკლებზე, ბალეტზე, ვიოლინოზე, ცურვაზე, წყალბურთზე, ტანვარჯიშზე. მხატვრულ ფილმებზე, სინჯებზე მატარა — ყველგან მაცდევინა თავი.და ბოლოს მითხრა: „აირჩიე, რა გინდა.“ დღეს ვხვდები, რომ ყველაფერი, რაზეც მამამ მატარა, შემდეგ ძალიან დამჭირდა.
ეს რეალობაა...თენგიზ სუხიშვილის დაბადების დღეა და ეს ამბავი ვიწრო წრეში აღინიშნება. რატომღაც, იმ ვიწრო წრეში მეც ვარ.წინ მიზის დიდი თენგიზ სუხიშვილი, გვერდით — დიდი ნინო რამიშვილი, აქეთ — დიდი ინგა თევზაძე. დიდი საზოგადოებაა.
დგება თენგიზ ილიჩი და ამბობს: „დედა, ჯეირანი უნდა აღვადგინოთ, იმიტომ, რომ დოლების ნომერი აღარ მინდა. დოლების ნაცვლად ჯეირანი უნდა ჩაჯდეს პროგრამაში.“
ანუ ამის საჭიროება შეიქმნა — პროგრამას ეს ცეკვა დასჭირდა. ნინო რამიშვილი კითხულობს: "ვინ იცეკვებს?" იქვე უთხრა: „თეა...“


მე ამას ვუსმენ ისე, თითქოს საერთოდ ჩემზე არ არის ლაპარაკი. თითქოს ცალკე ისტორიას ვისმენ. უბრალოდ ვუსმენ...
„თეა, თეა...“ — რაღაცნაირად მოხვდა ყურში, მაგრამ ვერ მივხვდი, რა ხდებოდა. ალბათ, ამას მაშინვე ვერ გადაამუშავებდი — ყველაფერი ლაივში ხდებოდა...
როგორ არ უნდა გამეჩინა მარიამი? აი ეს დაგეგმილი წინსვლები და წარმატებები, ჯერ შვილს არ გავაჩენ... - არ შეიძლება. შენ რა იცი, ვის აჩენ? რა ადამიანს? არ აჩენ იმიტომ, რომ კარიერას უყურებ? რა კარიერა? როგორ არ უნდა გავაგრძელო კარიერა? მაგრამ კარიერა ქალის მთავარი დანიშნულება არ არის. ქალის მთავარი საქმე შვილები და კარგი შვილებია. დანარჩენს თუ ზემოდან დააქარგავ, უკვე ძალიან, ძალიან კარგია.ეს ყველაფერი შენი ბედნიერებისთვისაა.
...პირველი სამი წელი ნამდვილი გიჟი დედა ვარ, ნამდვილი ქართველი დედა — თავისი სახის ხოჭვით, თმების გლეჯვით... მერე...
ჩემი მარიამი მიხვდა, რომ შვილს უნდა მისცეს ყველაფერი, რაც აქვს და რაც არა აქვს (მარიამ მათიაშვილი ცოტა ხნის წინ წავიდა ანსამბლ "სუხიშვილებიდან", რომ მეტი დრო დაუთმოს შვილის აღზრდას - რედ.). ალბათ, იმიტომ, რომ მე ვერ მივეცი. და ძალიან კარგია, რომ მას უნდა, მისცეს. ღმერთმა ხელი მოუმართოს...
მე მარიამს ყველაზე მნიშვნელოვანი მოვაკელი — ჩემი ყოფნა.
როცა მარიამი სკოლაში წავიდა, მე ექვსი თვით ჩილეში ვიყავი გასტროლებზე... მარიამის სკოლაში რომ წავიდა, დეიდამ წაიყვანა.



...მან ყველაფერი მაპატია. იმიტომ, რომ თვითონაც იცეკვა ანსამბლში და იცის, რამხელა თავგანწირვა სჭირდება ამას.ის, რაც მე გავიარე, თვითონაც განიცადა... ყველას თავისი გზა აქვს.მერე რა, ჩემი შვილია — მე რა, გზა უნდა დავულაგო? გზა უნდა გავუწერო?ეს მისი გადაწყვეტილებაა და მე ამას ძალიან დიდ პატივს ვცემ. ქედს ვიხრი მისი თავგანწირვის წინაშე. მე ვერ შევძელი, ეგოისტი ვარ... ცეკვის გარეშე ვერ შევძელი. დღემდე არ შემიძლია. მარიამს შეუძლია.
მან პრიორიტეტები სწორად დაალაგა — შვილი აირჩია. და ყოჩაღ...