"9 წელი ყოველდღე დავდიოდით თერაპიებზე, ჩემთვის არ არსებობდა ძილი... იყო პერიოდი, როცა დილის 5-6 საათამდე ქუჩაში მეძინა..." - თათია სულუაშვილი შვილის დიაგნოზზე და განვლილ რთულ გზაზე - მშობლები

"9 წელი ყოველდღე დავდიოდით თერაპიებზე, ჩემთვის არ არსებობდა ძილი... იყო პერიოდი, როცა დილის 5-6 საათამდე ქუჩაში მეძინა..." - თათია სულუაშვილი შვილის დიაგნოზზე და განვლილ რთულ გზაზე

2026-10-05 22:53:27+04:00

პირველი სტუდია • Pirveli Studia და ეკა ჩხეიძე მსახიობ თათია სულუაშვილს მასპინძლობდა. თათიამ ისაუბრა ბავშვობაზე, იმაზე, თუ როგორ დაიწყო მუშაობა 10 წლისამ და ასევე განსაკუთრებულად გაიხსენა ის წლები, როცა შვილის დიაგნოზთან უწევდა გამკლავება:

მუშაობა 10 წლის ასაკიდან

- 10 წლის ვიყავი, დედას ბაზრობაზე ფეხსაცმლის დახლი ჰქონდა... იყო პერიოდი, როცა დედას სჭირდებოდა დახმარება, ანუ მარტო ვეღარ უმკლავდებოდა, ასე ვთქვათ, ოთხი შვილის შენახვას, მამასაც მაშინ ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და ვერ ეხმარებოდა დამე გამოვიჩინე ინიციატივა, რომ დავხმარებოდი... 10 წლის ასაკიდან დავიწყე დედასთან ერთად ფეხსაცმლის გაყიდვა ბაზრობაზე.

tatia3-1791229003.png

ოღონდ, ეს იცით როგორი სივრცე იყო ადრე? ახლა რომ შედიხარ ბაზრობაზე და გადახურული და მოწესრიგებული გხვდება, მაშინ ასე არ იყო. მაშინ ცელოფანი იყო ჭერზე გაკრული და იქიდან რომ წვიმა წვეთავდა...

სკოლას რომ დავამთავრებდი, გაკვეთილების შემდეგ ჩავდიოდი დედასთან, რომ დავხმარებოდი. მერე ამოვდიოდი და ღამე სანთლის შუქზე ვმეცადინეობდი. მაშინ ბავშვები ასე არ მუშაობდნენ. პირველი ბავშვი ვიყავი ალბათ, რომელიც იდგა ბაზრობაზე და დედასთან ერთად მუშაობდა. ახლა რომ მე ჩემს შვილს ვუთხრა: „შვილო, ბაზრობაზე უნდა დადგე“, შეიძლება დეპრესია აიკიდოს. მაგრამ ისეთი ბედნიერი ვიყავი... ისეთი პატარა ვიყავი, დახლს ვერ ვწვდებოდი. ორი დიდი ბლოკი მოვიტანე, ერთმანეთზე დავაწყობდი და იმაზე ვდგებოდი ხოლმე...

იმ წლებს კარგად ვიხსენებ. ბედნიერი ვიყავი. ამ ყველაფერს ვაკეთებდი სიყვარულით, იმიტომ, რომ ვხედავდი, დედაჩემი ბედნიერი იყო... რა თქმა უნდა, ცოტა ბავშვობას ჩამოვრჩი. მაგალითად, ჩემი მეგობრები, უბნელები, ეზოში რომ თამაშობდნენ და მეძახდნენ, მე ამ დროს არ მეცალა. ჩავდიოდი ცოტა ხნით, მაგრამ ის კმაყოფილება არ მქონდა, დეფიციტი მქონდა მუდმივად ბავშვებთან თამაშის. მერჩივნა, ჩავსულიყავი, ეგ უფრო მაბედნიერებდა და არ ვიცი, რა იყო ეს... ალბათ დედის სიყვარული, თან ვდიდობდი, მეგონა, დიდი გოგო ვიყავი, მე უნდა გამეკეთებინა, დედას უნდა დავხმარებოდი...და იცი, დედამ მასწავლა ფულის ყადრი, შრომის ფასი. ეს ძალიან მაგარია. ბევრი დიდი ადამიანია, რომელმაც არ იცის შრომის ფასი.არასოდეს არ მომსვლია მზამზარეულად ყველაფერი. აი, ხო არის, რომ შვილებს ყველაფერი აქვთ — არ მომსვლია. ყველაფერი შრომის ფასად მქონდა. დედას ყოველთვის შეეძლო, რომ, მაგალითად, მოეცა იმაზე მეტი და ჰქონდა კიდევაც ამის საშუალება, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებდით დამსახურებულად. გამოვიმუშავებდი.სპეციალურად აკეთებდა, რომ მცოდნოდა შრომის ფასი და მადლობელი ვარ ამის. დღეს მეც ჩემს შვილებს ასე ვასწავლი....

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს გზა, 10 წლიდან 20 წლამდე... სხვათა შორის, მე და ერთი მოხუცი ქალი ერთად გავიზარდეთ იმ ბაზრობის პერიოდში. ძალიან უჭირდა. შვილი დაიჭირეს, იქურდა, საჭმელი მოიპარა, და დაიჭირეს... და ეს ქალი შემწეობას ითხოვდა. 10 წლის მანძილზე ეს ქალი მოდიოდა ჩემთან, ვაძლევდი ფულს ყოველდღე, მიმყავდა სასადილოში და იქ ვაჭმევდი... და 10 წლის შემდეგ, როდესაც უკვე წამოვედი ტელევიზიაში, ჩავაბარე თეატრალურში და დავიწყე მუშაობა, ძალიან მალე, ეს ქალი სახლში იპოვეს გარდაცვლილი...იმ ქალს ერქვა ქეთო... დღეს ჩემს შვილსაც ქეთო ჰქვია...

ისე მიყვარდა ის ქალი, ისე მიყვარდა... რომ მოდიოდა, სულ თვალებით მეძებდა. თუ არ ვიყავი, „თათია სად არის, უნდა ჩამიყვანოს“... მეძებდა თვალებით.და რომ გავიგე, გარდაიცვალა, სადღაც საკუთარი თავი დავადანაშაულე, რომ მერე ვეღარ მივაქციე ყურადღება.

შვილის დიაგნოზი და რთული გზა

...იუმორი რომ არა და ჩემი სამსახური რომ არა, მე ალბათ დღეს არ ვიცი... ოთახში ვიჯდებოდი, ჩაბნელებულ ფარდებში და ვერც გამოვიდოდი გარეთ, იმიტომ, რომ ბევრი რთული წელი გამოვიარე. და ეს იყო ცხოვრებაში პირველად, როცა საკუთარ თავს გავუმკლავდი... და მაშინ ვიგრძენი, რომ ძალიან ძლიერი ვარ. მანამდე მეგონა, რომ სუსტი ვიყავი...

იყო პერიოდი, როცა, მაგალითად, ექიმთან არ შემეძლო დარეკვა ჩემი ქმრის გარეშე. ბავშვს ვერ მივიყვანდი პედიატრთან, ვთხოვდი ჩემს ქმარს: „მოდი, შენ დაურეკე“. აი, ასეთი თათიაც არსებობდა და დღეს იმდენად ძლიერი ვარ.... ჩემი შვილის ფაქტორმა განაპირობა ეს...

როდესაც ჩემი მეორე შვილი, დათა, იყო წლი-ნახევრის, დაესვა დიაგნოზი — აუტისტური სპექტრი.და ეს ისეთი რთული იყო, ამ დიაგნოზის მოსმენა... როცა არ გაქვს ინფორმაცია, არ იცი, რა არის აუტისტური სპექტრი, როგორ გაუმკლავდე ამ სირთულეს. თან შენ ამ დროს მსახიობი ხარ, ეკრანზე ადამიანები გელოდებიან, ეკრანს მიღმა უნდა გააცინო და არ გაქვს იმის უფლება, რომ მოიწყინო... თან ამ დროს ურთულესი პრობლემა გაქვს, რომელიც შენს შვილს ეხება.

მანამდე არც ვიცოდი, საერთოდ ნერვიულობა რა იყო. არ არსებობდა პრობლემა, რომელიც მე მომერეოდა, მაგრამ აი, ეს შვილის ფაქტორი ყოფილა საშინელება, როცა არ იცი, რა გააკეთო...ეს არ არის მედიკამენტოზური მკურნალობა, რომ იყიდო წამალი, გადაიხადო ათასები, დაალევინო, გადაიყვანო თურქეთში, გაუკეთო ოპერაცია და ამით გამოაჯანმრთელო...

დათა იყო ცხრა თვის, საკმაოდ პატარა. რაღაც არ მომწონდა, რაღაც ვერ იყო ბავშვი კარგად, მაგრამ ვიფიქრე, რომ კბილები ამოსდის, ალბათ ამის ბრალია ეს ტირილი... გახდა ერთი წლის და ხუთი თვის... რაღაც სიტყვები, ცხრა თვიდან წლი-ნახევრამდე — „დედა“, „მამა“, „ბაბუ“, „პაპა“ — ეს სიტყვები იცოდა. უცებ დაეწყო რეგრესი. ანუ რაც იცოდა, ყველაფერი დაავიწყდა. წლის და ხუთი თვის ასაკში არც მზერა, დაძახებაზე რეაქცია არ ჰქონდა, შიშის ფაქტორი საერთოდ არ ჰქონდა. მაგალითად, ფუნქციური ნივთის თვისება, აღქმა არ შეეძლო — „მომიტანე“, „წაიღე“ — ანუ აბსოლუტურად ყველაფერი... დახურა რეაქციები, ჩემზე რეაქცია აღარ ჰქონდა.მივხვდი, რომ რაღაც ვერ იყო კარგად და მივიყვანეთ ნევროპათოლოგთან. მერემივუყვანეთ მერე ფსიქიატრთან, მაგრამ საკმაოდ პატარა იყო. მითხრა, რომ ამ ასაკში დიაგნოზი არ ისმება, იმიტომ, რომ თუ ამაზე ვეჭვობთ, დიაგნოზი ისმება სამი წლიდან...მაგრამ ვუთხარი, თუ რაღაც მარცვლისოდენა მაინც ეჭვი გეპარებათ, მირჩევნია, რომ მითხრათ და არ დაველოდო ამ სამ წელს... და შემომიტრიალა კომპიუტერი ფსიქიატრმა: „არის აუტისტური სპექტრის ნიშნები“... კოდითაც დადასტურდა. დადასტურდა...

როგორ მახსოვს ის კადრი — გამოვედი, ქვაფენილზე, ბორდიურზე დავჯექი და ჩამომდის ცრემლები. არ ვიცი, რა გავაკეთო. მაშინ ჩემი ქმარი ამერიკაში იყო წასული სამუშაოდ და ორ პატარასთან ერთად მე ვარ სახლში. არ ვიცი, რა გავაკეთო... ეს ნასწავლიც არ მაქვს. დავიწყე მოძიება, კითხვა ინფორმაციის... როგორ ვუშველო ამ ბავშვს... თერაპია, ქცევის თერაპია, მეტყველების თერაპია — მაგრამ ჯერ მეტყველებამდე სად ვარ მე? მე მგონია, რომ ეს ერთ წელში შეიძლება მორჩეს, მაქსიმუმ...ერთი წელი კი არა, ცხრა წელი ყოველდღე დავდიოდით თერაპიებზე. ჩემთვის არ არსებობდა ძილი. იყო პერიოდი, როცა დილის 5:00 საათამდე, 6:00 საათამდე ქუჩაშიც მეძინა, იმიტომ, რომ არ იძინებდა, ძილი დარღვეული ჰქონდა. გარეთ უნდოდა, გარეთ იძინებდა. და ასე მყავდა ხელში, პლედშემოხვეული და ბორდიურზე ვიჯექი, ველოდებოდი, როდის ჩაეძინებოდა.მერე ასე ჩაძინებულს ამოვიყვანდი, დავაწვენდი. მეც იქვე, ტანსაცმლით, მიმეძინებოდა და დილის 10:00 საათზე უკვე სამსახურში უნდა წავსულიყავი.ოღონდ, სანამ სამსახურში წავიდოდი, ამას ისევ თერაპია უწევდა და თერაპიაზე მივდიოდით... 10:00 საათზე თერაპიიდან, ისევ სამსახურში მივდიოდი... სამსახურიდან გამოვიქცეოდი, ბაღშიც მინდოდა, რომ მივსულიყავი, რომ ჯგუფური თერაპიაც ჰქონოდა, იმიტომ, რომ ბავშვებთან არ უყვარდა ურთიერთობა, ვერ თამაშობდა. და მეც იქ ვიჯექი და ბავშვებთან ერთად რაღაც ჩართულობა მქონდა. ვცდილობდი, რომ მათთან კომუნიკაცია დაეწყო...

ახლა რომ ვიხსენებ, ეს პერიოდი რომ ისევ დამიდგეს, ალბათ ვეღარ შევძლებდი, მაგრამ მაშინ ვერ ვგრძნობდი აბსოლუტურად. ისეთ ენერგიაზე ვიყავი, რომ მე ეს უნდა გავაკეთო, მე ეს უნდა შევძლო.

და ცხრა წელი ზუსტად აი ასე, ყოველდღე... მერე თერაპიებსაც ვესწრებოდი, მეც შევისწავლე, იმიტომ, რომ ერთია, რომ იქ, დახურულ სივრცეში, ბავშვთან მუშაობს თერაპევტი, მაგრამ სახლში ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ დედის როლი ძალიან მნიშვნელოვანია ამ დროს. შენ თუ სახლში არ იმუშავე ბავშვთან ერთად, შენ თუ ავტორიტეტი არ გახდი, მას ვერ მართავ. უნდა იცოდე მასთან მუშაობაც...

ამ ყველაფერმა შედეგი მოიტანა. დღეს დათა აღარ დადის თერაპიებზე - ცხრა წლის შემდეგ... და არ ვიცი, ეს რა იყო. დღეს აღარ სჭირდება დათას თერაპიები. ჩვეულებრივად სკოლაში სწავლობს, 12 წლის ხდება, ფეხბურთზე დადის, სკოლაში მარტო მიდის, მარტო მოდის, მეცადინეობს და, იცით, ადამიანმა რომ შეხედოს, ვერც იტყვი, თუ ამ ბავშვს ოდესღაც ეს პრობლემა ჰქონდა.

tatia44-1791229003.png

და რა მოხდა, არ ვიცი ჩემს ცხოვრებაში, იმიტომ, რომ ეს არ არის ის დიაგნოზი, რომელიც ასე მარტივად იკურნება. ანუ შეიძლება 100%-დან რაღაც 9%-ს მოეხსნას დიაგნოზი. და ამ 9%-ში როგორ გავძვერით?

ალბათ, თერაპიამ იმუშავა, ჩემი ჩართულობაც იყო და არ დავანებე ამ ბავშვს თავი.არც ერთი წამით არ მიფიქრია, რომ „თათია, დაიღალე“. კი, თათია დაიღალა ამ ჩართულობით, ძალიან დაიღალა, მაგრამ არა, მე ამის უფლება არ მქონდა, როცა შვილს ეხება... ჩემი მოდუნება და ჩემი შვილის რეგრესი იყო ზუსტად აი, ასე, თანხვედრაში.და, სხვათა შორის, როგორც კი მოვრჩით, აი, ახლა მოვეშვი...

მე არ ვამბობ იმას, რომ აქ მე ვიყავი, მე ჩავერთე და ეს იყო მთავარი. არიან მშობლები, რომლებიც ჩემზე მეტად ჩართულები არიან, მართლა არ აქვთ თავიანთი პირადი ცხოვრება, აბსოლუტურად მთლიან დროს და ენერგიას უთმობენ თავიანთ შვილებს. მაგრამ არ ვიცი, ჩვენს შემთხვევაში გამიმართლა... არ ვიცი, ამ ჩემმა პროფესიამაც ძალიან იმოქმედა იმაზე, რომ მე დეპრესიისკენ არ წავედი...

მაგრამ სულ მჯეროდა, რომ დათას გამოვიყვანდი იმ მდგომარეობიდან... და კიდევ — ისრაელში მიწევდა წასვლა ხშირად. და მახსოვს, გოდების კედელთან მოვხვდით. მე და თამუნა ვიყავით წასულები და იქ ადამიანები წერდნენ თავიანთ სურვილებს ფურცელზე. და დავწერე პატარა ფურცელზე, დავწერე, რომ მინდა, დათას დიაგნოზი მოეხსნას ოდესღაც... მახსოვს, ძალიან წვრილად დავახვიე და კედელში შევაცურე...

მე მჯერა ამის... რისიც გჯერა, რისიც გწამს, აუცილებლად აგისრულდება.

იმის შემდეგ მაინც მყავდა ფსიქოლოგთან, მაინც დამყავდა, იმიტომ, რომ იყო რაღაც პატარა-პატარა გამოწვევები, სკოლის პერიოდში. დათას ფსიქიატრმა მითხრა, რომ მაინც სასკოლო მზაობის დროს შეიძლება იყოს შფოთვა და ყურადღებაა საჭირო, რომ რეგრესი არ წავიდეს...

tatia28-1791229004.png

არ ვიცი, რა იყო ეს... აი, რა განსაცდელი მომივლინა უფალმა-მეთქი, სულ ვიძახი. ალბათ რაღაც უნდა დამენახა, ალბათ რაღაც უნდა შემეცვალა, ალბათ ჩემი სისუსტე უნდა გამომესწორებინა, უფრო ძლიერი უნდა გავმხდარიყავი.რადიკალურად სხვა დედა გავხდი ჩემი შვილებისთვის, მაგრამ ერთადერთი... ის განცდა მაქვს, რომ ჩემს შვილს, უფროსს, უფროსთან უფრო მოვადუნე ყურადღება მაშინ... იყო პერიოდი, როცა იძახდა, რომ „დედა, შენ მე მაკლდი“. ვაკლდი, მართლა ვაკლდი... ვუთხარი, „დედა, შენ ახლა ცოტა ხანი შეიძლება ისე ვეღარ მოგაქციო ყურადღება, იმიტომ, რომ დათას ვჭირდები-მეთქი“... მაგრამ მაშინ პატარა იყო, იმასაც იგივენაირად უნდოდა დედა, მაგრამ სულ ამასთან ვიწექი...ერთ მკლავზე დათა მეწვინა, მეორე მკლავზე ქეთო მეწვინა... ფაქტობრივად, ჩემი ცხოვრება აღარ მქონდა... ახლა დავიწყე, მაგალითად, მოგზაურობა, საკუთარი თავის დაფასება...

ძლიერი ადამიანი გავხდი, არ ვიყავი ძლიერი — გავხდი. დღეს არ არსებობს პრობლემა, რომელიც მე მომერევა. გადავაფასე რაღაცები... რა სახლი, რა მანქანა? ადრე თუ სხვა რაღაცებზე ვამახვილებდი ყურადღებას — „ნეტა ის ვიყიდო, ეს დავაგროვო, ეს შევიძინო“...არა, ყველაფერი მეორეხარისხოვანია. მთავარი ჩემი შვილებია, ჩემ გარშემო ადამიანები... და უფრო მეტად დავაფასე რაღაცები და გადავაფასე...

84 კილო ვიყავი და ერთ თვეში 12 კილო მოვიმატე, რომ ბარიატრია გამეკეთებინა... - თათია სულუაშვილი
ჩემი დილა იწყება 7 საათზე: კატლეტი, პიურე, ერთი ბავშვი, მეორე ბავშვი, იქნებ სარეცხის გაფენაც მოვასწრო... და სამსახურში მოვდივარ გაუბედურებული... გართობა არ შემიძლია, სახლში უნდა ვიყო შვილებთან... ჩემთვის დედობაა პირველი... - თათია სულუაშვილი
15-16 წლის ვიყავი, მამა რომ ამერიკაში წავიდა, 10 წლის მერე ვნახე პირველად... რაღაც ასაკში ძაან გამიჭირდა და მინდოდა მამა გვერდით... პირველად რომ ჩავედი, მეგონა, რომ უცხო ადამიანთან მივდიოდი... ახლა ძმაკაცებივით ვართ... - დათუნა ტატულაშვილის ემოციური მოგონება მამაზე