Ambebi.ge-სა და "პალიტრანიუსის“ ერთობლივი პროექტის "სახალხო ინტერვიუს“ მორიგი სტუმარი იყო მომღერალი ეკა მამალაძე. მან მისთვის გამოგზავნილ შეკითხვებს უპასუხა. გთავაზობთ ტელეინტერვიუს საინტერესო ეპიზოდების ელექტრონულ ვერსიას, ხოლო "სახალხო ინტერვიუს“ სრული გადაცემის ნახვას მითითებულ ბმულზე შეძლებთ.
დოდი:
- თქვენს ოჯახში მუსიკალური ტრადიცია თაობებს გადაეცემა. რთული და საპასუხისმგებლო იყო საკუთარი ხელწერის პოვნა ლეგენდარული დედის - ნანი ბრეგვაძის ჩრდილქვეშ?
- რა თქმა უნდა, ძალიან რთული იყო - დღესაც ვფიქრობ, რომ ნანის ჩრდილქვეშ ყოფნა რთულია… თუმცა ასაკმა რაღაცები დაალაგა ჩემს დამაჯერებლობაში, ჩემს მუსიკალურ პროფესიონალიზმში. შინაგანად უფრო გავძლიერდი და ვფიქრობ, ეს კომპლექსი აღარ მაქვს. უკვე დავრწმუნდი, რომ ჩემს პროფესიაში მეც რაღაცას წარმოვადგენ. ეს ასაკმა და გამოცდილებამ მომცა. ამ გამოცდილებას, რა თქმა უნდა, ემატება გემოვნება და დედის რჩევები.
დავითი:
- როგორია, როდესაც ერთ სცენაზე დგას სამი თაობა - ნანი ბრეგვაძე, ეკა მამალაძე და ნატალია ქუთათელაძე? რას გრძნობთ ამ დროს, როგორც მომღერალი და როგორც დედა, თუნდაც შვილი?
- ძალიან საპასუხისმგებლოა, როდესაც ამხელა მაყურებლის წინაშე დგახარ და სცენაზე სამი თაობა გამოდის. გამოსვლისას რას ვგრძნობ, ვერ გეტყვით, მაგრამ როდესაც ყველაფერი მთავრდება და შენ შეასრულე, მაყურებლისგან ისეთი სიხარული და შეფასება მოდის, რომ ამით ბედნიერი ხარ.
ლაკო:
- ვის უზიარებთ ემოციებს, აღელვების დროს?
- ჩემი თავის სიმშვიდე მომწონს. შეიძლება პატარაზე ავფორიაქდე, მეწყინოს ან გავბრაზდე, მაგრამ მერე გონებაში ისე კარგად ვალაგებ, რომ ყველაფერი თავის ადგილზე დგება. ოჯახის წევრებიც საკმაოდ ბრძენი და ჭკვიანი ადამიანები მყავს - აღელვების დროს ძალიან დამამშვიდებენ, სწორ გზაზე დამაყენებენ და სულ 2-3 დღე მჭირდება, რომ ჩემი ტვინი სიმშვიდისკენ გადაერთოს... ადრე, აღელვებულზე, შეიძლება სრულიად უცხო ადამიანისთვის მეთქვა რაღაც და წამიგია კიდეც, რადგან ჩემი აზრი ცუდად მიუტანიათ. ამაზე ნანი ყოველთვის მეუბნება: "ნურავისთან ნუ ხარ ასეთი გახსნილი, ჩემთან იყავიო“ და 100%-ით ვეთანხმები. დედასავით სწორად რჩევას არავინ მოგცემს. არ ვიცი, რამდენად დამჯერი შვილი ვარ, მაგრამ ამ ბოლო დროს უფრო ვრწმუნდები, რომ ნანის უნდა დავუჯერო.
ნინო:
- ეკა ყოჩაღია, სახლის საქმეები ეხერხება და ოჯახის სხვა საკითხებსაც კარგად აგვარებს - ეს ქალბატონი ნანისგან მსმენია... რას იტყვით ამაზე?
- პირდაპირ შევიქებ ჩემს თავს - ძალიან კარგი ოჯახის მეურნე ვარ. თავს ვაბამ არა მხოლოდ სახლის საქმეებს, ჩემი მისია ოჯახის მართვაა. ადრე ეს სადავეები ბებიას - ცაბუს ჰქონდა, ახლა ჩემთან გადმოვიდა და ყოჩაღად ვმართავ. არ მიჭირს არც დალაგება, არც გახეხვა, არაფერი. ჩემი დამხმარე ნათია დგას ჩემ გვერდით და ერთად ვაკეთებთ, ხანდახან მასზე მეტიც შემიძლია გავაკეთო… ტორტის გამოცხობაც ბებიისგან მერგო. ძალიან უშნოა, გაპრანჭული არ არის, მაგრამ უგემრიელესია, ამიტომ "ცაბუს ტორტს“ ვეძახით. ეს ტრადიციაც შევინარჩუნე - როდესაც სტუმრები მოდიან, არ მეზარება, ჩემი ხელით ვაკეთებ კერძებს და არ ვუკვეთავ. სახლში გაკეთებულ სიგემრიელეს არაფერი სჯობს...
უცნობი:
- მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ბავშვებით მარტო რომ დარჩით, როგორ გაუმკლავდით სირთულეებს?
- ნანიც ახალგაზრდა იყო მაშინ და ვფიქრობდით, როგორ გაგვეზარდა მარტო ქალებს ორი ბიჭი. ბებიაჩემმა ომახიანად თქვა: "არა უშავს, არაფერი მოხდება, მთავარია, რასაც შეხედავენ ჩვენი ბავშვები, ისეთები გაიზარდებიანო“. მაგალითს დიდი მნიშვნელობა აქვს. ბიჭებმა დაინახეს ეს დამოკიდებულებები და წესიერი ადამიანები გაიზარდნენ. მაშინ ძალიან პატარა ვიყავი და მეგონა, ცხოვრება დამთავრდა, მაგრამ ოჯახის შეძახილებმა მალევე გამომახედა აქით... დღესაც მჯერა მომავლის. შეიძლება რაღაც უპერსპექტივო ჩანდეს, მაგრამ მაინც მჯერა, რომ უკეთესობა იქნება და ამით ვცხოვრობ.
ლილიკო:
- თქვენი ბიჭები - ლევანიკო და გოგიკო - ახლოს გაგვაცანით. როგორ ზრდიდით მათ და როგორი დედა ხართ?
- არ ვიცი, როგორი დედა ვარ, მაგრამ რაც შეგვეძლო, შვილებს მივეცით. ნანი ძალიან იყო ჩართული მათ გაზრდაში, ბებიაც და ბაბუაც. ბაბუაჩემი 94 წლის გარდაიცვალა და ჩემს ბიჭებს ასეირნებდა, ანებივრებდა. მამაჩემიც გვერდში გვედგა. ახლა ძალიან კარგი, წესიერი ადამიანები არიან. გოგიკო წარმატებული არქიტექტორია, ლევანიკო სხვა სფეროშია. ორივე კარგი მამაა და ამით ვხარობ. ჩემს 46 წლის შვილს რომ ვუყურებ, მიკვირს - უკვე დიდი ადამიანია, ჩემი მეგობარია.
ზურა:
- მამასთან როგორი ურთიერთობა გქონდათ, გავხართ მას და რა მოგყვებათ მისგან?
- შესახედაობით ძალიან ვგავართ. ბევრი რამ მამისგან მაქვს - მამა ძალიან საყვარელი, თბილი და მიმნდობი ადამიანი იყო მეგობრებში. მიხარია, ეს თვისება თუ გამომყვა. შვილებთან კარგი ურთიერთობა მაქვს, ვმეგობრობთ, პატივს მცემენ, თუმცა დედის პოზიციიდან ხანდახან მაინც ვითხოვ რაღაცებს.
აზა:
- ბებიის ამპლუა გაითავისეთ?
- შვილიშვილების აღზრდაში ჩართული ვარ. ბიჭების შვილების შემთხვევაში ძალიან ვაქტიურობდი, მაგრამ ნატალიამ თავის თავზე აიღო თავისი შვილის აღზრდა, თუმცა, როდესაც ჩემი დახმარებაა საჭირო, ყოველთვის მათ გვერდით ვარ. იხილეთ სრულად