როგორ ფასდება მოსწავლის ცოდნა სემესტრის განმავლობაში, რა პრინციპით გამოითვლება წლიური და სემესტრული ქულები და რა შემთხვევაში შეუძლია კურსდამთავრებულს ოქროს ან ვერცხლის მედლის მიღება - ეროვნული სასწავლო გეგმა მოსწავლეთა შეფასების წესებს განსაზღვრავს, 2026 წლის სექტემბერში დამტკიცებული ცვლილებებით კი შეფასების სისტემაში რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი დაზუსტდა.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2026 წლის 4 სექტემბრის №116/ნ ბრძანების მიხედვით, საჯარო სკოლებში მოსწავლე სემესტრის განმავლობაში სამი კომპონენტით ფასდება: მიმდინარე საშინაო დავალება, მიმდინარე საკლასო დავალება და შემაჯამებელი დავალება. სამივე კომპონენტს თანაბარი წონა აქვს.
სემესტრული ქულა საგანში მოსწავლის მიერ სემესტრის განმავლობაში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულის საფუძველზე გამოითვლება. საჯარო სკოლებში გათვალისწინებულია სამი კომპონენტი: მიმდინარე საშინაო დავალება, მიმდინარე საკლასო დავალება და შემაჯამებელი დავალება. მათ თანაბარი წონა ენიჭება.
სემესტრული ქულა მთელის სიზუსტით მრგვალდება. მაგალითად, თუ მოსწავლის მიერ მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკული 8.5-ია, სემესტრული შეფასება 9 იქნება.
ამასთან, მოსწავლის სემესტრული ქულის გამოსაანგარიშებლად გათვალისწინებული უნდა იყოს სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული შემაჯამებელი დავალებების სრული რაოდენობა.
V კლასის მეორე სემესტრიდან, VI კლასში, ასევე საბაზო და საშუალო საფეხურებზე თითოეული საგნისთვის სასკოლო სასწავლო გეგმით უნდა განისაზღვროს სემესტრის განმავლობაში ჩასატარებელი შემაჯამებელი დავალებების სავალდებულო მინიმალური რაოდენობა.
სკოლას ასევე შეუძლია, კონკრეტულ საგანში მოსწავლის შეფასებისთვის მხოლოდ შემაჯამებელი კომპონენტი გამოიყენოს, თუმცა ამისთვის შესაბამისი დასაბუთება საგანმანათლებლო რესურსცენტრს უნდა წარუდგინოს შესათანხმებლად.
თუ საჯარო სკოლის მოსწავლე გაცდენის გამო შემაჯამებელ დავალებას ვერ შეასრულებს, სკოლა ვალდებულია, მას გაცდენილი დავალების აღდგენის შესაძლებლობა მისცეს.
აღდგენის ვადებსა და ჩატარების ფორმას სკოლა სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრავს.
შემაჯამებელი დავალებები უნდა იყოს შემოქმედებითი ხასიათის და მოსწავლეს მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობას უნდა აძლევდეს. მათ შორის შეიძლება იყოს ესე, პროექტი, კვლევითი ან საველე ანგარიში, შემოქმედებითი პროდუქტი და მონაცემთა ანალიზი.
დავალების შეფასების კრიტერიუმები წინასწარ უნდა შემუშავდეს და მოსწავლეს შესრულებამდე უნდა გააცნონ.
საგნის წლიური ქულა ორი სემესტრის შეფასების საშუალო არითმეტიკულია. მიღებული შედეგი მთელის სიზუსტით მრგვალდება.
მაგალითად, თუ მოსწავლემ პირველ სემესტრში 8 ქულა მიიღო, მეორეში კი - 9, მათი საშუალო არითმეტიკული 8.5 იქნება. დამრგვალების შემდეგ წლიური შეფასება 9 გახდება.
თუ პირველ სემესტრში მოსწავლეს 7 ქულა აქვს, მეორეში კი - 8, საშუალო არითმეტიკული 7.5 იქნება და წლიურ შეფასებად 8 დაუფიქსირდება.
ეროვნული სასწავლო გეგმა ერთმანეთისგან განასხვავებს საგნის საფეხურის ქულასა და საფეხურის საერთო ქულას.
საგნის საფეხურის ქულა საფეხურის განმავლობაში თითოეულ კლასში ამ საგანში მიღებული წლიური ქულების საშუალო არითმეტიკულია. 2026 წლის ცვლილებით, საგნის საფეხურის ქულა მთელის სიზუსტით მრგვალდება.
მაგალითად, თუ მოსწავლეს კონკრეტულ საგანში სამი კლასის წლიური შეფასებები აქვს 8, 9 და 10, მათი საშუალო არითმეტიკული 9 იქნება. შესაბამისად, საგნის საფეხურის ქულაც 9 ქულაა.
თუ წლიური შეფასებებია 8, 9 და 9, საშუალო არითმეტიკული 8.67 გამოდის. მთელის სიზუსტით დამრგვალების შემდეგ საგნის საფეხურის ქულა 9 იქნება.
განმსაზღვრელი შეფასების შემთხვევაში მოსწავლის აკადემიური მიღწევები ათქულიანი სისტემით, ოთხი დონის მიხედვით ფასდება:
ოქროსა და ვერცხლის მედლები საშუალო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის გაიცემა. მედლის მოსაპოვებლად გადამწყვეტია მოსწავლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა.
მოქმედი კრიტერიუმების მიხედვით, ოქროს მედალს იღებს კურსდამთავრებული, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა 10-ია, დამრგვალების გარეშე. ვერცხლის მედლის მისაღებად კი საერთო ქულა 9.8 ან მეტი უნდა იყოს.
მედლის გაანგარიშებისას გათვალისწინებულია X, XI და XII კლასებში საგნებში მიღებული წლიური შეფასებები.
ამასთან, ოქროსა და ვერცხლის მედალი არ გაიცემა იმ პირზე, რომელმაც საშუალო საფეხურის კლასი ან ცალკეული საგნის სასწავლო პროგრამა ექსტერნატის ფორმით დაძლია.
ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, კერძო სკოლას შეუძლია, შეიმუშაოს შეფასების განსხვავებული სისტემა, თუმცა სემესტრული და წლიური ქულები მოქმედ ათქულიან სისტემაში უნდა გადაიყვანოს.
ამიტომ, მოსწავლის საბოლოო შეფასება რამდენიმე ეტაპს მოიცავს: სემესტრული ქულის განსაზღვრას, წლიური შეფასების გამოთვლასა და საგნის საფეხურის ქულის დადგენას. საშუალო საფეხურის დასრულების შემდეგ კი საგნების საფეხურის
ქულების საფუძველზე გამოითვლება საერთო შედეგი, რომელიც ოქროსა და ვერცხლის მედლის მიღების შესაძლებლობასაც განსაზღვრავს.
თამარ იაკობაშვილი