რაში იდანაშაულებენ დედები ყველაზე ხშირად თავს და რატომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ ცუდი დედები არიან – 6 გავრცელებული შემთხვევა - მშობლები

რაში იდანაშაულებენ დედები ყველაზე ხშირად თავს და რატომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ ცუდი დედები არიან – 6 გავრცელებული შემთხვევა

2026-11-05 08:28:01+04:00

დედობა ხშირად არა მხოლოდ სიყვარულთან და სიხარულთან, არამედ დანაშაულის განცდასთანაც ასოცირდება. ზოგჯერ დედებს ჰგონიათ, რომ შვილს საკმარის დროს ვერ უთმობენ, მის განვითარებაზე სათანადოდ ვერ ზრუნავენ ან აღზრდის პროცესში დაშვებული შეცდომებით გამოუსწორებელ ზიანს აყენებენ.

საზოგადოებაში გავრცელებული წარმოდგენები იდეალური დედის შესახებ ამ განცდას კიდევ უფრო ამძაფრებს. დედა თითქოს ყოველთვის მშვიდი, მომთმენი, ყურადღებიანი და ენერგიული უნდა იყოს, არასოდეს შეცდეს და საკუთარი საჭიროებები შვილის ინტერესებზე წინ არ დააყენოს.

სინამდვილეში ასეთი იდეალური მშობელი არ არსებობს. დედებსაც აქვთ დაღლილობის, დასვენების, პირადი სივრცისა და შეცდომის დაშვების უფლება.

განვიხილოთ ექვსი გავრცელებული სიტუაცია, როდესაც დედები თავს იდანაშაულებენ და რატომ არ არის ეს განცდა ყოველთვის გამართლებული.

1. „ცუდი დედა ვარ, რადგან ზოგჯერ მინდა, დრო მხოლოდ საკუთარ თავს დავუთმო“

საზოგადოებაში გავრცელებულია მოსაზრება, რომ დედამ მთელი თავისუფალი დრო შვილთან უნდა გაატაროს, რადგან ბავშვს მუდმივად სჭირდება მისი სიახლოვე. ბევრი ქალი ცდილობს ამ მოლოდინის გამართლებას, თუმცა ეს ყოველთვის შეუძლებელია.

რა თქმა უნდა, განსაკუთრებით პატარა ბავშვს სჭირდება მოსიყვარულე, მზრუნველი და მხარდამჭერი უფროსი, მაგრამ ეს ადამიანი ყოველთვის დედა არ უნდა იყოს. გარკვეული დროით მისი ჩანაცვლება შეუძლია ოჯახის სხვა წევრსაც, რომელსაც ბავშვი კარგად იცნობს, ენდობა და რომელთანაც ემოციური კავშირი აქვს.

გარდა ამისა, მოზრდილი ბავშვებისთვის სასარგებლოა იმის დანახვა, რომ მშობლებს საკუთარი ინტერესები და პირადი ცხოვრებაც აქვთ. ეს ეხმარება მათ გააცნობიერონ, რომ სამყარო მხოლოდ მათ გარშემო არ ტრიალებს და სხვა ადამიანებსაც აქვთ საკუთარი საჭიროებები.

დედა მხოლოდ დედა არ არის. ის ადამიანია, რომელსაც სჭირდება ურთიერთობები, ჯანმრთელობაზე ზრუნვა, პიროვნული განვითარება და დასვენება.

2. „ბავშვი ავად გახდა ან დაშავდა – ესე იგი, სათანადოდ ვერ მივხედე“

ბევრი დედა ფიქრობს, რომ ვალდებულია, შვილი ნებისმიერი საფრთხისგან დაიცვას. თუ ბავშვი ავად გახდა, დაეცა ან რაიმე იტკინა, დედა მაშინვე საკუთარ თავს ადანაშაულებს: „უფრო ყურადღებით რომ ვყოფილიყავი, ეს არ მოხდებოდა“.

ამგვარი დამოკიდებულების უკან ხშირად დგას წარმოდგენა, თითქოს დედას ყველაფრის წინასწარ განჭვრეტა და თავიდან აცილება შეუძლია.

სინამდვილეში ცხოვრება სავსეა მოულოდნელი მოვლენებით, რომელთა გაკონტროლებაც შეუძლებელია. მშობელს შეუძლია გონივრული უსაფრთხოების ზომების მიღება, მაგრამ ყველა ავადმყოფობისა თუ შემთხვევის თავიდან აცილებას ვერ შეძლებს.

მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, როგორ ვიცავთ ბავშვს საფრთხისგან, არამედ ისიც, როგორ ვეხმარებით მას რთულ სიტუაციაში.

როდესაც ბავშვი ავად არის, სტკივა ან ეშინია, მას სჭირდება უფროსი, რომელიც დროულად მიმართავს ექიმს, დაამშვიდებს, მოუსმენს და მხარს დაუჭერს.

სწორედ ასეთი გამოცდილებით ბავშვი თანდათან სწავლობს სირთულეებთან გამკლავებას, საკუთარი ემოციების მართვასა და საჭიროების შემთხვევაში დახმარების თხოვნას.

deda2-1793854156.jpg

3. „შვილის განვითარებას საკმარის ყურადღებას არ ვუთმობ. ცუდად სწავლობს და ეს ჩემი ბრალია“

თუ ბავშვს სწავლა უჭირს, რომელიმე საგანში ჩამორჩება ან თანატოლებისგან განსხვავებული ტემპით ვითარდება, დედები ხშირად საკუთარ თავს ადანაშაულებენ.

„ალბათ მეტად უნდა დავჯდომოდი“, „ადრე რომ დამეწყო მეცადინეობა, ახლა უკეთ ისწავლიდა“ – ასეთი ფიქრები ბევრ მშობელს აწუხებს.

თუმცა ბავშვის განვითარებასა და აკადემიურ წარმატებაზე უამრავი ფაქტორი მოქმედებს. მათ შორისაა ინდივიდუალური შესაძლებლობები, ინტერესები, ჯანმრთელობა, სასკოლო გარემო და სწავლების მეთოდები.

დედა ვერ იქნება პასუხისმგებელი ყველაფერზე, რაც შვილის ცხოვრებაში ხდება.

თუ ბავშვს კონკრეტული სირთულე აქვს, გაცილებით სასარგებლოა მიზეზის გარკვევა და დახმარების გეგმის შემუშავება, ვიდრე საკუთარი თავის დადანაშაულება.

შესაძლოა, ბავშვს დამატებითი ახსნა, განსხვავებული სასწავლო მიდგომა, მეტი დასვენება ან სპეციალისტის დახმარება სჭირდებოდეს.

მთავარია არა იმის ძიება, ვინ არის დამნაშავე, არამედ იმის გარკვევა, როგორ შეიძლება ბავშვის დახმარება.

4. „შვილს ვუყვირე და ამით ფსიქოლოგიური ტრავმა მივაყენე“

მშობლებსაც აქვთ რთული დღეები. გადაღლა, სტრესი და დაგროვილი ემოციები ზოგჯერ იწვევს იმას, რომ დედა მოთმინებას კარგავს და შვილს ხმას უწევს.

ამის შემდეგ ხშირად ჩნდება ძლიერი დანაშაულის განცდა და შიში, რომ ამ ერთმა შემთხვევამ ბავშვს ფსიქოლოგიური ტრავმა მიაყენა.

მნიშვნელოვანია განვასხვაოთ ერთჯერადი ემოციური შეცდომა და ძალადობრივი აღზრდის სისტემატური პრაქტიკა.

ბავშვის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე განსაკუთრებით საზიანოდ შეიძლება იმოქმედოს განმეორებითმა ფიზიკურმა ან ემოციურმა ძალადობამ, მუდმივმა დამცირებამ, დაშინებამ და უგულებელყოფამ.

ერთჯერადი ყვირილი ავტომატურად არ ნიშნავს ფსიქოლოგიურ ტრავმას, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყვირილი უვნებელია ან მისაღები აღზრდის მეთოდია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რამდენად ხშირად ხდება მსგავსი რამ და როგორ იქცევა მშობელი ამის შემდეგ.

თუ დედამ მოთმინება დაკარგა და შვილს უყვირა, სასურველია:

  • გააცნობიეროს საკუთარი ემოციები – დაღლილობა, გაბრაზება, წყენა ან სტრესი.

  • აღიაროს ბავშვის განცდებიც და არ დააკისროს მას პასუხისმგებლობა საკუთარ რეაქციაზე. მაგალითად, ფრაზის „შენ გამომიყვანე წყობიდან“ ნაცვლად უთხრას: „ვხედავ, რომ შეგეშინდა“ ან „ალბათ იგრძენი, რომ არ მოგისმინე“.

  • გულწრფელად მოუბოდიშოს: „ვწუხვარ, რომ გიყვირე. ასე არ უნდა მოვქცეულიყავი“.

  • აღადგინოს ემოციური კავშირი, გამოხატოს სიყვარული და აგრძნობინოს ბავშვს, რომ მის გვერდითაა.

ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია იმის დანახვაც, რომ უფროსებს შეუძლიათ საკუთარი შეცდომების აღიარება და გამოსწორება.

ამასთან, თუ მშობელი ხშირად კარგავს კონტროლს, ყვირილი სისტემატურია ან ფიზიკურ ძალადობამდე მიდის, მხოლოდ ბოდიში საკმარისი არ არის. აუცილებელია ქცევის შეცვლა და საჭიროების შემთხვევაში პროფესიული დახმარების მიღება.

deda-shvili1-1793854462.png

5. „სამსახურში დავდივარ და ჩემს შვილს დედის სიყვარული აკლდება“

მომუშავე დედებს ხშირად აწუხებთ განცდა, რომ შვილებთან საკმარის დროს ვერ ატარებენ.

სამსახური, საოჯახო საქმეები და ყოველდღიური ვალდებულებები იმდენ ენერგიას მოითხოვს, რომ საღამოს ბავშვთან თამაშისა თუ საუბრისთვის ძალა აღარ რჩებათ.

თუმცა ბავშვისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ერთად გატარებული დროის ხანგრძლივობა, არამედ ამ ურთიერთობის ხარისხიც.

თუ დედა მუშაობს, შეუძლია თავისუფალი დროის ნაწილი შვილთან სრულფასოვან ურთიერთობას დაუთმოს: მოუსმინოს, დაინტერესდეს მისი განცდებით, ესაუბროს დღის განმავლობაში მომხდარ ამბებზე.

ზოგჯერ უბრალო კითხვებიც ძალიან მნიშვნელოვანია:

„როგორ ჩაიარა შენმა დღემ?“

„დღეს რა გაგიხარდა?“

„რამე ხომ არ გაწუხებს?“

„რა იყო შენთვის დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი?“

ასეთი საუბრები ბავშვს აგრძნობინებს, რომ მისი აზრები და ემოციები მშობლისთვის მნიშვნელოვანია.

არ არის აუცილებელი, დედამ ყველაფერი მოასწროს. თუ საღამოს დაღლილია და მისი ყოველდღიურობა სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ იდეალურ ოჯახურ ფოტოებს არ ჰგავს, ეს არ ნიშნავს, რომ ცუდი დედაა.

სამსახურში დარჩენა, მნიშვნელოვანი საქმის დასრულება ან კარიერულ განვითარებაზე ზრუნვა თავისთავად არ ნიშნავს ბავშვის ინტერესების უგულებელყოფას.

მთავარია, ბავშვს ჰქონდეს სტაბილური ზრუნვა, უსაფრთხოების განცდა და მშობელთან თბილი ურთიერთობა.

deda-1793854107.jpg

6. „ქმარს დავშორდი, ოჯახი ვერ შევინარჩუნე და შვილს მამა წავართვი“

განქორწინების შემდეგ დედებს ხშირად აწუხებთ განცდა, რომ ოჯახის შენარჩუნება ვერ შეძლეს და ამით შვილს მნიშვნელოვანი რამ დააკლეს.

თუმცა ცოლ-ქმრის ურთიერთობა ორი ადამიანის პასუხისმგებლობაა. მისი შენარჩუნება მხოლოდ ერთ მხარეზე არ არის დამოკიდებული.

ზოგჯერ ურთიერთობის გაგრძელება შეუძლებელი ხდება და განქორწინებას სერიოზული მიზეზები აქვს.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ცოლ-ქმრის დაშორება ავტომატურად არ ნიშნავს მშობლების ურთიერთობის დასრულებას შვილთან.

დედა და მამა განქორწინების შემდეგაც რჩებიან ბავშვის მშობლებად. თუ ეს უსაფრთხოა და ბავშვის ინტერესებს შეესაბამება, ორივეს შეუძლია აქტიურად მონაწილეობდეს მის ცხოვრებაში.

ბავშვის კეთილდღეობას მხოლოდ ის არ განსაზღვრავს, ცხოვრობენ თუ არა მშობლები ერთ ჭერქვეშ. დიდი მნიშვნელობა აქვს ოჯახში არსებულ ემოციურ გარემოს, ურთიერთპატივისცემას, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას.

მუდმივი კონფლიქტებითა და დაძაბულობით სავსე ოჯახური გარემო ბავშვისთვის შეიძლება უფრო საზიანო იყოს, ვიდრე მშვიდად ორგანიზებული ცხოვრება განქორწინების შემდეგ.

ამიტომ განქორწინება ყოველთვის ოჯახის წინაშე მარცხს არ ნიშნავს. ზოგჯერ ეს რთული, მაგრამ აუცილებელი გადაწყვეტილებაა.

ბავშვისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს, რომ ცხოვრებისეული სირთულეების გადალახვა შესაძლებელია და მშობლებს შეუძლიათ ცვლილებების მიუხედავად მასზე ზრუნვის გაგრძელება.

რატომ არ უნდა მოითხოვდეს დედა საკუთარი თავისგან სრულყოფილებას?

დედობა მუდმივი სწავლის პროცესია. შეუძლებელია, მშობელმა ყოველთვის სწორი გადაწყვეტილება მიიღოს, არასოდეს დაიღალოს, არ გაბრაზდეს და შვილის ყველა პრობლემა წინასწარ განჭვრიტოს.

ბავშვს იდეალური დედა არ სჭირდება. მას სჭირდება მოსიყვარულე, საიმედო და მზრუნველი მშობელი, რომელიც ცდილობს მისი საჭიროებების გაგებას, აღიარებს საკუთარ შეცდომებს და საჭიროების შემთხვევაში ქცევას ცვლის.

საკუთარი თავის მუდმივი დადანაშაულება პრობლემებს ვერ აგვარებს. გაცილებით მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რისი შეცვლა შეგვიძლია და რა არ ექვემდებარება ჩვენს კონტროლს.

მშობლების შეცდომები, რომლებიც ბავშვს სწავლის სურვილს უკლავენ: დაფიქრდით, რა უშლის ხელს, რომ თავად მოუნდეს სწავლა?
შეცდომები, რომელთა წყალობით ბავშვი ძილის წინ უფრო ენერგიული და აქტიური ხდება: წიგნის წაკითხვა და ჩახუტება საკმარისი არ არის
ჩემი შვილი არაფერს მიყვება.... - შეცდომები, რომლებიც ბავშვს უფროსების მიმართ ნდობას უკარგავს