"რადიო თავისუფლების" პროექტში ანასტასია ბენდუქიძემ, თამუნა მუსერიძესთან საუბრისას, ვრცლად ისაუბრა იმაზე, თუ როგორ გაიგო, რომ კახა ბენდუქიძის ბიოლოგიური შვილი იყო, როგორ არ მიიღეს მამის ახლო ნათესავებმა და როგორ მიიღო ახალი რეალობა.
- ნამდვილი მამა მყავს ორი, და ბიოლოგიური, რა თქმა უნდა - ერთი. გავიზარდე სხვა მამასთან და მთელი ცხოვრება მეგონა, რომ ის იყო მამაჩემი. არასდროს ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ეს ასე არ იყო. ის მბანდა, მასწავლიდა ველოსიპედზე სიარულს, ჭადრაკის თამაშს... ყველანაირად იყო მამაჩემი და ახლაც კარგი ურთიერთობა გვაქვს, როგორც მამა-შვილს...
და ასევე მქონდა ურთიერთობა კახასთან, ანუ ჩემს ბიოლოგიურ მამასთან, დაახლოებით 10 წლიდან, როდესაც დედაჩემი ქმარს დაშორდა. მე დავიწყე კახასთან ურთიერთობა, მაგრამ არასდროს მეგონა, რომ ის მამაჩემი იყო, მიუხედავად იმისა, რომ 100%-ით გამოვიყურები მისნაირად.
... 18 წლის ვიყავი, როცა თვითონ კახამ მითხრა, რომ მე ვარ შენი მამაო.


მე მერგო კახას მემკვიდრეობა, მაგრამ ეს უფრო პასუხისმგებლობასავით აღვიქვი, იმიტომ, რომ ვგრძნობ პასუხისმგებლობას, გავაგრძელო მისი საქმე. უნივერსიტეტები არის ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე, რაც გაუკეთებია თავის ცხოვრებაში და ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ნაწილი სულ მუდამ იქნება, რომ აუცილებლად უნდა მივხედო...
ნათესავების წინააღმდეგობა იყო, რომ მემკვიდრეობა მიმეღო... წინააღმდეგი იყვნენ და უბრალოდ ამბობდნენ, რომ მე არ ვარ მისი შვილი. უბრალოდ კახა ბევრ ქველმოქმედებას ეწეოდა და მე ვიყავი ერთ-ერთი სტუდენტი, რომელსაც აფინანსებდა... ნუ, ეგ რეალობასთან ძალიან შორს იყო. სასამართლო პროცესებიც არ მინდოდა, უბრალოდ ვიცოდი, რომ კახას უნდოდა, მე ოფიციალურად მისი შვილი ვყოფილიყავი და ეს უფრო მაწუხებდა. და გავაკეთე უფრო ამიტომ, თან რაღაცები გავიგონე მის ყოფილ ცოლზე, თუ რის გაკეთებას ცდილობდა უნივერსიტეტების მიმართ და ეს იყო რეალურად ის ტრიგერი, რის გამოც ეს ყველაფერი დაიწყო...
არ მაქვს ახლო ნათესავებთან ურთიერთობა, არც მის დასთან...


დავიბადე მოსკოვში და მერე, 14 წლის ასაკში, წავედი, ანუ გამიშვეს დიდ ბრიტანეთში.
გავიზარდე იგორის (ანასტასიას დედის ოფიციალური მეუღლე, რომელმაც ანასტასია გაზარდა - რედ. ) დედასთან და მანაც არ იცოდა, რომ მისი შვილიშვილი არ ვიყავი. იგორმაც არ იცოდა, თავისი შვილი ვეგონე, ასე უთხრა დედამ. სანამ კახა არ გარდაიცვალა, ვერ გაიგო...
მე 18 წლის ასაკში გავიგე, რომ იგორი არ იყო ჩემი ბიოლოგიური მამა, მაგრამ მას ვერ ვუთხარი. დედაჩემიც მეუბნებოდა, იგორს არ უთხრაო, იმიტომ რომ მისთვის მე ერთადერთი შვილი ვიყავი... დაშორებული იყო თავის ცოლს და მე ვიყავი მისი სინათლე, არ ვიცი...
იგორმა გაიგო ჩემი ამბავი ახალი ამბებიდან, როცა კახა გარდაიცვალა და ახალ ამბებში ჩემზე წერდნენ... მითხრა, რომ მისთვის ამითა არაფერი შეცვლილა. „შენ მაინც ჩემი შვილი ხარ და არაფერი არ იცვლება“. უბრალოდ, რაღაცნაირად ნაწყენი იყო ჩემზე, რომ არ ვუთხარი... თითქოს მე გავაკეთე არჩევანი, რომ კახასთანაც მქონდა ურთიერთობა და ეს ეწყინა. მაგრამ მერე ვილაპარაკეთ ამაზე.
რაღაცნაირად მაინც ვფიქრობ, რომ კახამ, ასე ვთქვათ, უარი თქვა, რომ ყოფილიყო მამაჩემი თავიდანვე, როდესაც დავიბადე. იმიტომ, რომ იცოდა, მისი შვილი ვიყავი. ნანახიც ვყავდი, როცა რამდენიმე თვის ვიყავი. ეს მისი არჩევანი იყო, რომ არ ჰქონოდა ჩემთან ურთიერთობა.
დედაჩემს უნდოდა, რომ ბავშვს ჰყოლოდა თავისი დედა და მამა. კახას არ უნდოდა დედაჩემთან ოჯახი, რაც ძალიან კარგად მესმის. დედაჩემი სპეციფიკური ადამიანია... კახას უნდოდა, ემუშავა და ყოფილიყო თავისთვის. და ამიტომ მოხდა ეს ყველაფერი... რეალურად უფრო ის მაინტერესებს, რატომ დამალა კახამ ეს ამბავი თავის ყველაზე ახლო ადამიანებთან. მიფრთხილდებოდა ალბათ და იმიტომ მალავდა... მაგრამ ამან მე პრობლემები შემიქმნა მის ოჯახთან. ახლო მეგობრებმა, კოლეგებმაც კი არ იცოდნენ ჩემზე...
არ ვიცი, როგორ შეიძლება, რომ მიყურო და თქვა, რომ არ ვარ კახას შვილი. 100%-ით ვგავარ, დნმ-ის ტესტიც კი არ არის საჭირო, იმდენად ვგავარ... რაღაცნაირად მაწუხებს, რომ კახაც დავკარგე და რეალურად ის ნაწილიც დავკარგე... შეიძლება, ის თავს რაღაცნაირად უხერხულად გრძნობს ახლა ჩემს მიმართ, რომ ასე დამტოვა ამ სიტუაციაში და უნდა ვებრძოლო მის ოჯახს...

სხვადასხვა რაღაცები იყო მიზეზი კახას ასე მოქცევის, და მაინც მაქვს შინაგანად განცდა, რომ ვიღაცამ შეიძლება მიგატოვოს... ჩემი მეუღლე არის ყველაზე კარგი დამხმარე ამ საკითხში. ჯერ ერთი, მასწავლა, რომ არასდროს არაფერი უნდა აკეთო შიშის გამო... და უბრალოდ ძალიან ვუყვარვარ, რატომღაც.

მაგალითად, მე სულ მინდოდა ცხვირის ოპერაცია. მთელი ცხოვრება... პირველად რომ გავიგონე, რომ დიდი ცხვირი მქონდა, მას მერე... ბიჭი მომწონდა და მან მითხრა: „ძალიან კარგი გოგო ხარ, მაგრამ ძალიან დიდი ცხვირი გაქვსო“. და ამის შემდეგ მთელი ცხოვრება ვოცნებობდი, რომ ცხვირის ოპერაცია უნდა გამეკეთებინა. სხვათა შორის, მოვაგროვე 10 000 დოლარი, იმიტომ, რომ ერთ კონკრეტულ ქირურგთან მინდოდა, რომელიც საკმაოდ ძვირი იყო. მინდოდა, რომ კარგი გამოსულიყო... მერე კახა გარდაიცვალა და მე ვცხოვრობდი ამ ფულით, ადვოკატები, სასამართლო პროცესები... ერთი წელი ამ ფულით ვცხოვრობდი... მერე საქართველოში გადმოვედი და მივხვდი, რომ ბევრს აქვს საქართველოში ასეთი ცხვირი, ვხედავდი სხვადასხვა ცხვირს და რაღაცნაირად ჩემი ცხვირიც საკმაოდ ნორმალურად გამოიყურება. ჩემს მეუღლესაც ძალიან მოსწონს ჩემი ცხვირი და მისმა სიყვარულმა რაღაცნაირად გადამარწმუნა. აღარ მინდა. ძალიან კარგად ვარ, უფრო შევსებული ვარ... ძალიან მიყვარს ჩემი მეუღლე.

ძალიან მინდოდა, რომ ჩემი გაგრძელება დამენახა ჩემს შვილებში. ჩემიც, იმიტომ, რომ მე მარტო გავიზარდე. ყველა მეუბნებოდა: „ნეტა ვის ჰგავს ეს გოგო?“ ახლა ჩემი უფროსი შვილი გარეგნულად მე მგავს, მაგრამ შინაგანად ჩემი მეუღლეა — წყნარი, მშვიდი... გოგო კი გარეგნულად ჩემი მეუღლის ასლია, მაგრამ ველურია, როგორც მე...