"რადიო თავისუფლების" პროექტში თამუნა მუსერიძემ, ანასტასია ბენდუქიძესთან საუბრისას, კიდევ ერთხელ გაიხსენა ბიოლოგიურ დედასთან ურთიერთობის ამბები:
- ბიოლოგიური მშობლები ვინ იყვნენ, ორი წლის წინ გავიგე, სრულიად შემთხვევით. ის, რომ თურმე ბიოლოგიური მშობლები მყავდა, 2016 წელს გავიგე... ბიოლოგიურ მშობელს, ანუ გამჩენს, ჩემთან ურთიერთობის სურვილი არ აქვს. როგორც თავად ხსნის, ეს გამოწვეულია იმით, რომ მისი სახელი შევლახე და შევარცხვინე, რადგან იმ სოფელში, ასე ვთქვათ, გავრცელდა ინფორმაცია, თუ ვინ არის ის. მიუხედავად იმისა, რომ მე არანაირად არ მომიხდენია მისი იდენტიფიცირება და არავინ იცის, ვინ არის ეს ადამიანი. ჩემმა შვილებმაც კი არ იციან, ვინ არის მათი ბიოლოგიური ბებია. ნანახიც არ ჰყავთ და გვარიც არ იციან. საერთოდ არ ვსაუბრობ მასზე... მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს უბრალოდ თავის არიდების მცდელობა იყო, რადგან სანამ ეს ამბავი იმ რაიონში გავრცელდებოდა, მანამდეც დავეკონტაქტე და არც მანამდე სურდა შვილი...
ჩემში, პირველ რიგში, შეიცვალა ის, რომ გამიჩნდა დანაშაულის შეგრძნება აღმზრდელი მშობლების მიმართ. ვიგრძენი, რომ სათანადოდ ვერ დავაფასე ისინი და მქონდა განცდა, რომ უფრო მეტი სითბო და მზრუნველობა უნდა გამომეჩინა ჩემი მშობლების მიმართ. თუმცა, ალბათ, ვერც ერთი შვილი ვერ იხდის მშობლების ამაგს და ამით ვიმშვიდებ თავს, რომ ამ შემთხვევაში არც მე ვიყავი გამონაკლისი. რაც შეეხება კარიერული თვალსაზრისით, ბევრი რამ შეიცვალა. აღმოჩნდა, რომ პირიქით, ძალიან კარგია, რომ გამაშვილეს...
... დიდი სიამოვნებით გავესაუბრებოდი ბებიაჩემს და ვკითხავდი, რა ფასად უღირდა შვილიშვილის გაყიდვა. ბავშვი მაინც გასაშვილებლად იყო განწირული და ბარემ ვაშვილებთ, მოდი, ცოტა ხელიც მოვითბოთო... მაინტერესებს, რამდენად გაყიდა შვილიშვილი... თუმცა მადლობელი ვარ, რომ ბავშვთა სახლში არ დამტოვეს და არ ჩამაბარეს, ის ჯოჯოხეთი არ გამოვიარე, რომელიც ძალიან ბევრმა გაშვილებულმა ბავშვმა გამოიარა. პირდაპირ ისეთ ოჯახში მოვხვდი, რომ მართლა ფუფუნებაში გავიზარდე...
ჩემმა აღმზრდელმა მშობლებმა იმდენი სიყვარული მომცეს, რომ სიყვარულის მოთხოვნილება არ მაკლდა. ჩემი მთავარი მიზანი სიმართლის გაგება იყო, რომელიც მაინც ვერ გავიგე. მე უფრო ემოციური სიმართლე მაინტერესებდა: რას ფიქრობდა მთელი ცხრა თვე, როცა ორსულად იყო? მელაპარაკებოდა თუ არა? როცა იქ გამაჩინა და ათი დღე სამშობიაროში ვიყავი, იმ პერიოდში ჩემთან იყო თუ არა? მაჭმევდა, მკვებავდა? როგორ მოხდა ეს ყველაფერი?
ეს კითხვები უფრო მაინტერესებდა და ამაზე პასუხი ვერ მივიღე.
არ მაქვს ემოცია. როგორ შეიძლება გქონდეს ემოცია ადამიანის მიმართ, რომელსაც არ იცნობ და რომელიც მხოლოდ ერთხელ, ერთი საათით გყავს ნანახი?გაბრაზებული ვიყავი. სანამ გავიცნობდი და საერთოდ გავიგებდი, რეალურად რა მოხდა, მანამდეც გაბრაზებული ვიყავი, რადგან ვიცოდი, რაც მელოდებოდა. მერე უკვე გავიგე, რომ დედაჩემმა თვითონ გამაშვილა, ბებიაჩემმა კი გამყიდა. დედის დედამ... მოგვიანებით, როცა ჩემზე ფილმი გადაიღო Warner Brothers-მა, მათ წამიყვანეს დედის სანახავად. მე არ მინდოდა მისი ნახვა, რადგან ვიცოდი, რაც მელოდებოდა. მაგრამ მათთან ხელშეკრულება მქონდა გაფორმებული და სხვა გზა არ იყო — წავედი.
ავსტრიაში რომ ჩავედი, სახლშიც კი არ მინდოდა შესვლა... რომ მივედი, ისეთი რამეები ჩაიდინა, ჯობდა, საერთოდ არ მივსულიყავი. ჯობდა, სამუდამოდ მქონოდა ის კითხვის ნიშნები. ეს იყო წარმოუდგენელი სცენა. ჯოჯოხეთი გამომატარა იმ ქალმა, ჯოჯოხეთი...
ბიოლოგიურმა დედამ პირველ და უკანასკნელ შეხვედრაზე მითხრა: თუ არ იტყვი, რომ შენ ხარ სამშობიაროდან მოპარული ბავშვი, მე შენთან ყველანაირ ურთიერთობას დავასრულებო. მე ვუთხარი, რომ ჩვენ შორის ყველაფერი 40 წლის წინ დასრულდა... ვერ ვიტყოდი, რომ მოპარული ბავშვი ვარ, რადგან, რა თქმა უნდა, მაინც გაირკვეოდა, რომ მე არ ვარ მოპარული ბავშვი. ამის შემდეგ კი იმ დედებს აღარ დაუჯერებდნენ, რომლებსაც მართლაც მოპარეს შვილები... ძალიან ბევრი ქალია, სხვათა შორის, რომელიც იბრალებს, რომ შვილი მოჰპარეს, ამ დროს კი ვიგებთ, რომ ეს ბავშვი არავის მოუტაცია. ყველას ვეუბნები: ნუ იტყუებით და ნუ იწყებთ ურთიერთობას ტყუილით, რადგან სიმართლე მაინც გაირკვევა.
მას ჩემთან ურთიერთობა რომც დაეწყო, მაინც არ გააგრძელებდა, რადგან თავიდან საზოგადოებრივი აზრის გამო მომიშორა, ზუსტად 40 წლის თავზე კი მეორედ მომიშორა, ისევ საზოგადოებრივი აზრის გამო...
40 წლის განმავლობაში საზოგადოებამ იცოდა, რომ ის ძალიან მორწმუნე, ეკლესიური ადამიანი იყო, წყალსა და პურზე მარხულობდა, დღე და ღამე დამხობილი იყო და ლოცულობდა. ძალიან აქტიური მრევლი იყო... მამაოსთვის, აღსარებაშიც კი არ მითქვამს შენზეო. ვკითხე: აღსარებაში რაზე ლაპარაკობდი, თუ ეს არ გითქვამს, აბა, რას ინანიებ-თქო?
მის ცხოვრებაზე საზოგადოებრივმა აზრმა იმოქმედა და შემდგომ უკვე ჩემს ცხოვრებაზეც. რეალურად, ჩვენი ცხოვრება ერთმანეთთან არის გადაჯაჭვული. საზოგადოებრივმა აზრმა ორივეს ცხოვრებაზე იმოქმედა... მე 42 წელი ვიცხოვრე იმაზე ფიქრით, რას იტყოდა ხალხი. დედაჩემიც სულ მეუბნებოდა: ხალხი რას იტყვის, ეს არ გააკეთო, ის არ გააკეთო...
ახლა, როცა დავშორდი, გარკვეული პერიოდი სახლში ვიყავი ჩაკეტილი. მერე დავიწყე ცეკვა, ფიზიკური დატვირთვა ძალიან მშველოდა უარყოფითი ემოციების გარეთ გამოსატანად. ძალიან დამეხმარა. შემდეგ ჩემმა დაქალებმა წამიყვანეს სხვადასხვა ფესტივალზე. ერთმა ერთ ფესტივალზე წამიყვანა, მეორემ — მეორეზე და ასე შემდეგ. როცა სოციალურ ქსელში ვიდეოების დადება დავიწყე, სადაც სხვადასხვა ფესტივალზე ვცეკვავდი, ხალხმა კომენტარებში წერა დაიწყო: შენ არ გეკადრებაო. რატომ-მეთქი?იმიტომ, რომ ისეთი საქმით ხარ დაკავებული, არ გეკადრება ასეთი ვიდეოების დადება, არ გეკადრება ცანცარიო...
ალბათ, სწორედ იქ იყო ბოლო წერტილი, როცა საბოლოოდ გამიწყდა მოთმინება. მივხვდი, რომ საერთოდ არ მაინტერესებდა, ეს ხალხი რას ფიქრობდა — მეკადრებოდა თუ არა ცანცარი...