"ზამთარში რას გვიპირებენ, ხომ არ იცით? უკვე აცივდა, ფიზიკურად ვეღარ იცვამს ბავშვი" - რა მოხდება, თუ მოსწავლე ფორმით არ მივა სკოლაში და რას ამბობენ მშობლები - მშობლები

"ზამთარში რას გვიპირებენ, ხომ არ იცით? უკვე აცივდა, ფიზიკურად ვეღარ იცვამს ბავშვი" - რა მოხდება, თუ მოსწავლე ფორმით არ მივა სკოლაში და რას ამბობენ მშობლები

2026-11-12 09:40:06+04:00

2027 წლის 15 იანვრიდან საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის ყველა მოსწავლეს სასკოლო ფორმის ტარება მოეთხოვება. ამ დროისთვის ფორმების შეძენის მეორე ეტაპიც დაწყებულია, თუმცა მშობლების ნაწილი სიახლეს კვლავ აპროტესტებს. უკმაყოფილების მიზეზებს შორისაა სამოსის ხარისხი, ზამთრისთვის შეუსაბამო ქსოვილი და ისიც, რომ, მათი შეფასებით, სკოლებში გაცილებით მნიშვნელოვანი პრობლემები არსებობს, რომელთა მოგვარებაც ფორმების შემოღებაზე პრიორიტეტული უნდა იყოს.

რომელი კლასიდან და როდიდან ხდება ფორმის ტარება სავალდებულო?

სასკოლო ფორმების ტარების ვალდებულება 2026-2027 სასწავლო წლიდან საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის, I-VI კლასების მოსწავლეებს შეეხო. თუმცა, ფორმების მიწოდება ეტაპობრივად დაიგეგმა.

15 სექტემბერს ახალი სასწავლო წელი ფორმით მხოლოდ პირველკლასელებმა დაიწყეს, რადგან დანარჩენი კლასებისთვის განკუთვნილი სამოსის მიწოდება ვერ მოესწრო.

2 ნოემბერს კი ფორმების რეალიზაციის მეორე ეტაპი დაიწყო და მათი შეძენა II-VI კლასების მოსწავლეთა მშობლებისთვისაც გახდა შესაძლებელი.

მშობლების თქმით, 2027 წლის 15 იანვრიდან დაწყებითი საფეხურის ყველა კლასის მოსწავლე ფორმით უნდა გამოცხადდეს სკოლაში.

აუცილებელია თუ არა ფორმის სამინისტროსგან შეძენა?

განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის განმარტებით, მშობლებს შეუძლიათ, სასკოლო ფორმა თავად გამოიწერონ ან შეაკერინონ. თუმცა, ამ შემთხვევაში სამოსი სამინისტროს მიერ დადგენილ დიზაინსა და ქსოვილის კრიტერიუმებს უნდა შეესაბამებოდეს.

ფორმების შეძენა შესაძლებელია როგორც რეალიზაციის პუნქტებში, ისე ონლაინპლატფორმაზე. ამასთან, სრული კომპლექტის შეძენა სავალდებულო არ არის და მშობლებს ცალკეული ნივთების შეძენაც შეუძლიათ.

რა მოხდება, თუ მოსწავლე ფორმის გარეშე გამოცხადდება სკოლაში?

მინისტრის №110/ნ ბრძანების თანახმად, სკოლებმა შინაგანაწესით უნდა განსაზღვრონ სასკოლო ფორმის ტარების მონიტორინგის, პრევენციისა და პასუხისმგებლობის ზომები. შესაბამისად, კონკრეტული რეაგირების მექანიზმები სკოლის შინაგანაწესზეა დამოკიდებული.

სხვადასხვა სკოლის შინაგანაწესის მიხედვით, ობიექტური მიზეზის გარეშე სასკოლო ფორმის ტარებაზე უარის თქმის შემთხვევაში სკოლა ეტაპობრივად მოქმედებს:

პირველ შემთხვევაში მშობელს ატყობინებს დარღვევის შესახებ, არკვევს მიზეზს და მის აღმოსაფხვრელად გონივრულ ვადას აძლევს. განმეორების შემთხვევაში იმართება ინდივიდუალური შეხვედრა მოსწავლისა და მშობლის მონაწილეობით, რის შემდეგაც გაიცემა წერილობითი გაფრთხილება. თუ დარღვევა სისტემატურ და განზრახ ხასიათს ატარებს, საკითხს დისციპლინური კომიტეტი განიხილავს.

დისციპლინური ღონისძიების გამოყენებამდე მოსწავლესა და მშობელს უნდა მიეცეთ საკუთარი პოზიციისა და განმარტების წარდგენის შესაძლებლობა. გადაწყვეტილების მიღებისას კი კომიტეტმა უნდა გაითვალისწინოს მოსწავლის ასაკი, დარღვევის მიზეზი და განმეორებითობა, ასევე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ინდივიდუალური საჭიროებები.

შინაგანაწესებში გათვალისწინებულია მოსწავლესა და მშობელთან კომუნიკაცია, პრევენციული ღონისძიებები, განმეორებითი დარღვევისას შენიშვნა ან გაფრთხილება, სისტემატური დარღვევის შემთხვევაში კი - მკაცრი გაფრთხილება.

განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, თუ მშობელი მიზანმიმართულად ამბობს უარს შვილისთვის ფორმის ჩაცმაზე, პირველ რიგში, აღმზრდელობითი კომპონენტი ამოქმედდება და მშობელთან არაერთგზის გასაუბრება გაიმართება.

"ბავშვთან კი არ გვაქვს პრეტენზია, გვაქვს პირველ რიგში მშობელთან", - განაცხადა მინისტრმა.

რა შემთხვევაში შეიძლება მოსწავლე ფორმის ტარების ვალდებულებისგან გათავისუფლდეს?

მინისტრის განმარტებით, თუ ბავშვს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასკოლო ფორმის ტარება არ შეუძლია, მშობელმა შესაბამისი სამედიცინო ცნობა უნდა წარადგინოს. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია მოსწავლისთვის ალტერნატიული დრესკოდის განსაზღვრა, რომელიც სკოლის საერთო მოთხოვნებსაც შეესაბამება და ბავშვის ჯანმრთელობასაც გაითვალისწინებს.

ამასთან, მოქმედი წესის მიხედვით, ჯანმრთელობის მდგომარეობით განპირობებული გათავისუფლების საკითხი სკოლამ სამინისტროსთან წერილობით უნდა შეათანხმოს.

რას ამბობენ მშობლები?

მიუხედავად იმისა, რომ სასკოლო ფორმების ტარების ვალდებულება უკვე განსაზღვრულია, მშობლების ნაწილი წინააღმდეგია. სოციალურ ქსელში, Mshoblebi.ge-ს საჯაროდ გამოქვეყნებული პოსტის კომენტარებში ისინი სხვადასხვა პრობლემაზე საუბრობენ - მათ შორის, ფორმის ქსოვილის სისქეზე, ზამთარში მის პრაქტიკულობაზე, დამატებით ხარჯებსა და სკოლებში არსებულ ინფრასტრუქტურულ გამოწვევებზე.

მშობლების კომენტარებს უცვლელი შინაარსით გთავაზობთ:

  • "ისედაც ვუყიდე ჩემს შვილს სწავლის დაწყებისთვის ტანსაცმელი და კიდევ მაგ ძონძებში ფულის გადაყრას არ ვაპირებ".
  • "I კლასიდან VI კლასამდე კი არ უნდა იყოს, იმის ზემოთ უნდა იყოს".
  • "ეს შარვალი ზამთარში არ ჩაიცმევა, თხელია".
  • "ძალიან კარგი იქნება ფორმები და მისასალმებელია, მაგრამ მაშინ, როცა სკოლაში ყველა სხვა პრობლემა მოგვარდება, როგორიცაა რემონტი - თავზე რომ ემხობათ სკოლები, ელემენტარული სისუფთავე და, რაც მთავარია, ჩვენს შვილებს უსაფრთხო გარემო ექნებათ. აი, მაგის მოგვარების მერე ფორმებს ნამდვილად მივესალმებით".
  • "ფორმები ვის აინტერესებს? ნომერ პირველი პრობლემა, მეორეც, მესამეც და ა.შ. არის უსაფრთხო გარემო. არ უყურებთ ახალ ამბებს? როგორ ფიქრობთ, მშობლებს მეტი საფიქრალი არ გვაქვს?"
  • "ჩემი აზრით, ფორმები უფრო მეექვსე კლასის ზემოთ უნდა იყოს, რომ მასწავლებელი და მოსწავლე გავარჩიოთ ერთმანეთისგან. მაგ თხელი შარვლით ხომ გაიყინებიან ბავშვები? სხვა რამეს მიხედონ სკოლებში, აჯობებს".
  • "სკოლაში ძალიან ბევრი პრობლემაა. როცა სკოლა უზრუნველყოფს ბავშვის წაყვანას, რომელიც სკოლამ დაგეგმა, მშობლებმა რატომ უნდა ვიქირაოთ ტრანსპორტი? იქნებ ვინმემ ამიხსნას? ელემენტარული ბუფეტი არ არის სკოლაში, მაგას მიხედეთ, სჯობია".
  • "ზამთარში რას გვიპირებენ, ხომ არ იცით? უკვე აცივდა. ფიზიკურად ვეღარ იცვამს ბავშვი. რას ინებებენ, ნეტა? ან თუ იციან საერთოდ, რომ წელიწადს ოთხი დრო აქვს?"
  • "ამ სიცივეში რა დროს ფორმაა? ახლა მაგით უნდა დააცივოთ ბავშვები?"
  • "იქ რომ დაიტოვონ, სადაც კერავენ? ვაჩუქოთ იქაურ ბავშვებს".
  • "არ ვაპირებ შეძენას".
  • "აცვია ჩემს შვილს ძალიან კარგად და უნდა იყოს. ფორმებით ვერ ვხვდები, ვინ მოსწავლეა და ვინ მასწავლებელი, ისე აცვიათ უკვე გაგებულებსაც".
  • "ფორმა კარგია, მაგრამ ზამთრის შარვალი რატომ არ არის კომპლექტში? მაღალმთიან რეგიონში ვცხოვრობთ, სადაც უკვე ყინვებია. საერთოდ იაზრებთ, ასეთ სიცივეში ისეთი თხელი შარვლით როგორ უნდა ვატარო ბავშვი?"
  • "სკოლები ინგრევა, წყალი ჩამოდის ჭერიდან, დაკერებული ფანჯრებიდან ქარი ზუზუნით შემოდის. ნახევარი წელი გავიდა და ახლა უნდა ჩამოვიდეს ფორმები?"
  • "სინთეტიკას ჩემი შვილი არ ჩაიცვამს, მით უმეტეს ზამთარში! ნამდვილად არ ვაპირებ, გაოფლილი ვატარო ამ ყინვებში - ერთი დღე ფორმით იყოს და ორი კვირა სახლში! იყოს დრესკოდი და კი ბატონო. ფორმის წინააღმდეგი არ ვარ, უბრალოდ ამ მასალას არ ჩავაცმევ. შანსი არ არის".
  • "სკოლებს რომ ხურავენ პანტაპუნტით, ეს ფორმა სად უნდა ჩაიცვან ბავშვებმა? უკუღმა ხართ დაბადებულები".
  • "მადლობა, არ მინდა. არ შეწუხდეთ! ზამთარში თქვენს შვილებს ჩააცვით ეს სიფრიფანა ფუფაიკები".
  • "ტუალეტები ისეთია, ვერ შეხვალ, სასკოლო კვება არ არსებობს, დისციპლინა არ არსებობს, სახელმძღვანელოები საშინელია, მასწავლებლები - გულგრილები და სწავლების ხარისხი ნულს ქვემოთაა, ბულინგი და "შავი გაგება" ყვავის სკოლებში და ბავშვები სკოლაში წასვლას ვერ იტანენ... ფორმით ვიწყებთ მაინცდამაინც?"

რა მონაცემები არსებობს ფორმის ტარების შესახებ?

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რამდენად სრულდება სკოლებში სასკოლო ფორმის ტარების მოთხოვნა და რა მდგომარეობაა ამ მიმართულებით სასწავლო წლის დაწყების შემდეგ.

ზოგიერთი მშობელი იმასაც აღნიშნავს, რომ ბავშვებს ფორმები სასწავლო წლის დაწყებიდან რამდენიმე დღეში უკვე აღარ ეცვათ. ზოგიერთი სკოლის მშობელი კი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ მათ სკოლებში სასწავლო ნაწილები ან დამრიგებლები ატარებენ მონიტორინგს, რამდენად აცვიათ ბავშვებს ფორმები და ითხოვენ მშობლებისგან წესის დაცვას.

Mshoblebi.ge-მ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საჯარო ინფორმაციის სახით მიმართა და 15 სექტემბრის შემდეგ სასკოლო ფორმების ტარების მაჩვენებლის შესახებ სტატისტიკა გამოითხოვა. ასევე, ვითხოვეთ ინფორმაცია გამოვლენილი დარღვევებისა და შესაბამისი რეაგირების შემთხვევების შესახებ.

მასალის მომზადების მომენტისთვის სამინისტროსგან აღნიშნულ კითხვებზე პასუხი არ მიგვიღია. შესაბამისად, ამ ეტაპზე უცნობია, რამდენი მოსწავლე იცავს ფორმის ტარების მოთხოვნას, რამდენი დარღვევა გამოვლინდა და რა ზომები იქნა მიღებული.

სამინისტროსგან პასუხის მიღების შემთხვევაში, ინფორმაციას დამატებით შემოგთავაზებთ.

თამარ იაკობაშვილი

საჯარო სკოლებში დამრიგებლების ფინანსური დანამატი გაორმაგდება - კიდევ ვის გაეზრდება ხელფასი?
სასკოლო ფორმების განაწილების მეორე ეტაპი იწყება - ვადები და დეტალები
აქვს თუ არა სკოლას უფლება, დამოუკიდებლად გამოაცხადოს დასვენების დღე - რას ამბობს რეგულაცია