მიწის ნაკვეთის შეძენა ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომელიც მხოლოდ საკუთრების უფლების მოპოვებას არ გულისხმობს. აუცილებელია, ვიცოდეთ, რა სამართლებრივი სტატუსი აქვს მიწას და რა სახის შეზღუდვები შეიძლება, არსებობდეს. ასევე, როგორ შევძლებთ ჩვენ მიერ შეძენილი მიწის ნაკვეთის შემდგომში გამოყენებას - ამ საკითხებზე ადვოკატი გიორგი გვენეტაძე გადაცემაში "ახალი დღე" ვრცლად საუბრობს:
- მიწის ნაკვეთების, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო კატეგორიის მიწების ყიდვა-გაყიდვა ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული სამართლებრივი გარიგებაა. ამ პროცესს თან ახლავს სამართლებრივი რისკები. მათი წინასწარი გადამოწმებისა და დაზღვევის გარეშე შესაძლოა, მხარეები საკმაოდ მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ. ამ პრობლემათა დიდი ნაწილის თავიდან აცილება წინდახედულობის ზომების მიღებითაა შესაძლებელი, რაც ყველასთვის ხელმისაწვდომია.
პირველი საშუალება საჯარო რეესტრია. იგი ხელმისაწვდომია როგორც ფიზიკური ფორმით, იუსტიციის სახლებში, ასევე ონლაინპლატფორმებზე, როგორებიცაა: reestri.gov.ge, my.gov.ge და napr.gov.ge. შესაძენი ან გასაყიდი მიწის ნაკვეთის სამართლებრივი სტატუსის გადამოწმება სწორედ ამ პლატფორმებზეა შესაძლებელი.
პირველ რიგში, უნდა გადავამოწმოთ, ნამდვილად არის თუ არა გამყიდველი მიწის ნაკვეთის მესაკუთრე. სასურველია, საჯარო რეესტრის ამონაწერი განახლდეს, რათა დავრწმუნდეთ, რომ მიწის ნაკვეთს ნამდვილად ის პირი გვთავაზობს, რომელიც მესაკუთრედ ფიქსირდება.
ამის შემდეგ უნდა შემოწმდეს, ხომ არ ადევს ქონებას გასხვისების შეზღუდვა ან ყადაღა, რაც მყიდველისთვის ამ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას გამორიცხავს. ასევე, შესაძლებელია არსებობდეს სხვა ტიპის შეზღუდვებიც, როგორებიცაა სერვიტუტი, მესამე პირის ან სახელმწიფოს წინაშე არსებული ვალდებულება ან სხვა პირის მიერ ინიცირებული სისტემური რეგისტრაციის პროცესი, რომელიც ჩვენთვის საინტერესო მიწის ნაკვეთის საზღვრებს მთლიანად ან ნაწილობრივ კვეთს.
ყველა ამ ინფორმაციის მიღება საჯარო რეესტრის ამონაწერის მეშვეობითაა შესაძლებელი. აქვე შეგვიძლია მიწის ნაკვეთის სტატუსიც შევამოწმოთ და გავარკვიოთ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისაა იგი თუ არასასოფლო-სამეურნეო.
ფასის თვალსაზრისით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი შედარებით ხელმისაწვდომია. ამიტომ ხშირად სწორედ ამ კატეგორიის ნაკვეთის შეძენაა სასურველი, თუმცა გასათვალისწინებელი წინაპირობები არ უნდა დაგვავიწყდეს.
პირველ რიგში, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას რამდენიმე კატეგორია აქვს: სათიბი, სახნავი, საკარმიდამო და საძოვარი. აქედან სამშენებლო განვითარება, კერძოდ, საცხოვრებელი ან სააგარაკე სახლის აშენება, მხოლოდ საკარმიდამო კატეგორიის მიწის ნაკვეთზეა შესაძლებელი.
- დიახ, მშენებლობის უფლების მოპოვება საკმაოდ რთულია, ზოგ შემთხვევაში კი შეუძლებელიც, თუ არ მოხდება მიწის კატეგორიის შეცვლა, ანუ საკარმიდამო ნაკვეთზე გადაყვანა. სხვაგვარად, მხოლოდ 60 კვადრატულ მეტრამდე ფართობის, მიწასთან არამყარად დაკავშირებული დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსებაა შესაძლებელი.
- ვერ ვიტყოდი, რომ ძალიან მარტივია. კატეგორიის შეცვლა საჯარო რეესტრში ხორციელდება, თუმცა გადამწყვეტი მუნიციპალიტეტის პოზიციაა. ამ საკითხის მიმართ მუნიციპალიტეტმა დადებითი მიდგომა უნდა გამოხატოს, რაც ხშირ შემთხვევაში მიუღწეველია.
თუ ნაკვეთი დასახლებული პუნქტის საზღვრებში ან უშუალოდ მის მომიჯნავედ მდებარეობს, კატეგორიის შეცვლის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება შედარებით მარტივადაა შესაძლებელი. მაგრამ თუ ნაკვეთი მოშორებით მდებარეობს, იქ, სადაც კომუნიკაციები არ არის და პირს სახლის მშენებლობა სურს, როგორც წესი, ასეთი თანხმობები არ გაიცემა. ეს შემდგომში კომუნიკაციების მიყვანის ვალდებულებასა და ხარჯებთან იქნება დაკავშირებული.
გარდა ამისა, შესაძლოა, ზოგიერთ მუნიციპალიტეტს განვითარების გენერალური გეგმა ჰქონდეს დამტკიცებული და ნაკვეთი ამ პარამეტრებში არ ჯდებოდეს. ამიტომ კატეგორიის შეცვლა მუნიციპალური ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს. დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაშიც კი არ არის გარანტირებული, რომ ნაკვეთს საკარმიდამო კატეგორია მიენიჭება.
არსებობს კიდევ ერთი შესაძლებლობა - მიწის ნაკვეთის სრულიად არასასოფლო-სამეურნეო კატეგორიაში გადაყვანა, რაც სამშენებლო განვითარების თვალსაზრისით გაცილებით ფართო შესაძლებლობებს იძლევა. თუ საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის, საოჯახო სასტუმროს ან მცირე კომერციული ობიექტის აგება შეგვიძლია, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე მრავალბინიანი სახლისა და სრულფასოვანი კომერციული ობიექტების მშენებლობის ნებართვის მიღებაც შესაძლებელია.
თუმცა, ისევე როგორც საკარმიდამო სტატუსის მიღება, არასასოფლო-სამეურნეო კატეგორიის მინიჭებაც, ერთი მხრივ, მუნიციპალიტეტის პოზიციასთან, ხოლო მეორე მხრივ, საკომპენსაციო თანხის გადახდასთანაა დაკავშირებული.
საკომპენსაციო თანხა ცალკეული მუნიციპალიტეტების მიხედვით განისაზღვრება, ლარ-ნახევრიდან იწყება და ერთ კვადრატულ მეტრზე 10 ლარამდე მერყეობს. მაგალითად, თბილისისა და ბათუმის ტერიტორიაზე საკომპენსაციო მოსაკრებელი დაახლოებით 3.5 ლარს შეადგენს, სარეკრეაციო და ზოგიერთ განსაკუთრებული დაცულობის ზონაში კი 10 ლარამდეც აღწევს. თუ დაინტერესებული პირი ამ წინაღობებს გადალახავს, რა თქმა უნდა, ნაკვეთი შესაბამის სტატუსს მიიღებს.
- რიგ შემთხვევებში დასაშვებია მხოლოდ დროებითი, მსუბუქი კონსტრუქციის განთავსება, რომელიც მიწასთან მყარად არ არის დაკავშირებული. აქ იგულისხმება ისეთი შენობა, რომლის აღებაც მუნიციპალიტეტის შესაბამისი ნორმატიული აქტის მიღების შემთხვევაში მარტივად იქნება შესაძლებელი. თუმცა, მაგალითად, სათიბი კატეგორიის მიწის ნაკვეთებზე ესეც ძალიან შეზღუდულია.
აქედან გამომდინარე, ამ საკითხთან დაკავშირებით სიფრთხილე გვმართებს. გასათვალისწინებელია მიწის ნაკვეთებზე არსებული სხვა შესაძლო კომუნიკაციებიც, როგორებიცაა საჰაერო ან მიწისქვეშა ელექტროგადამცემი ხაზები. ისინი სრულიად გამორიცხავს ყოველგვარ სამშენებლო განვითარებას და ზოგჯერ სოფლის მეურნეობის სამუშაოების შესრულებასაც კი.
ამდენად, სასურველია, ნაკვეთს საკარმიდამო სტატუსი ჰქონდეს, ხოლო თუ არ აქვს, მაშინ დასახლებული პუნქტის უშუალო სიახლოვეს მაინც მდებარეობდეს. სხვაგვარად მისი განვითარება თითქმის შეუძლებელი იქნება. შესაძლოა, დროთა განმავლობაში მუნიციპალიტეტმა ამ საკითხისადმი მიდგომა შეცვალოს, მაგრამ ამ კუთხით თვითიმედოვნება კარგი დამხმარე არ იქნება.
- დიახ, ასეთი საკარმიდამო მიწის ნაკვეთი გახლავთ.
- გარდა საკარმიდამო სტატუსის მიღებისა, არსებობს სხვა პრობლემებიც, რომლებსაც შესაძლოა, მსგავს შემთხვევაში წავაწყდეთ. ეს ცალკეული მუნიციპალიტეტების მიერ განსაზღვრული შეზღუდვებია, რომლებიც ხშირად სტატუსის შეცვლაზე უფრო დიდ წინააღმდეგობად იქცევა ხოლმე.
ასეთია, მაგალითად, მინიმალური ფართობის შეზღუდვა. ცალკეულ მუნიციპალიტეტში დადგენილია მიწის ნაკვეთის ფართობის მინიმუმი, მაგალითად, 400 კვადრატული მეტრი, რომელზე ნაკლები ფართობიც სამშენებლოდ ვარგისად აღარ მიიჩნევა. არის შემთხვევები, როდესაც ადამიანები მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან და ამ შეზღუდვის გამო მშენებლობის ნებართვას ვერ იღებენ. ამ ინფორმაციის გარკვევაც ონლაინპლატფორმების მეშვეობითაა შესაძლებელი.
კონფიგურაციასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. შესაძლოა, ფართობი 400 და 500 კვადრატულ მეტრზე მეტიც იყოს, მაგრამ თუ ნაკვეთი კვადრატული ან მართკუთხა ფორმის არ არის და მისი სიღრმე მცირეა, მაგალითად, 20 მეტრზე ნაკლები, საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვა შესაძლოა, ამ შემთხვევაშიც ვერ მივიღოთ.