მოზარდობის პერიოდი ბავშვის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და, ამავდროულად, რთული ეტაპია. ამ დროს იცვლება მისი ინტერესები, შეხედულებები, ემოციური მდგომარეობა და საკუთარ თავთან თუ გარშემომყოფებთან ურთიერთობის ფორმები. მშობლებისთვის კი ხშირად გამოწვევად იქცევა იმ ცვლილებებთან გამკლავება, რომლებიც შვილთან ურთიერთობაზეც აისახება. ზოგჯერ მოზარდი უფრო ჩაკეტილი ხდება, ნაკლებად უზიარებს მშობლებს საკუთარ განცდებსა და ფიქრებს, ზოგჯერ კი მათ შორის უთანხმოება და გაუცხოება ჩნდება. სად გადის ზღვარი ასაკისთვის დამახასიათებელ ცვლილებებსა და საყურადღებო ნიშნებს შორის და როგორ უნდა შეინარჩუნონ მშობლებმა შვილთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა ისე, რომ მის დამოუკიდებლობასაც პატივი სცენ - ამ საკითხებზე ფსიქოლოგსა და ფსიქოთერაპევტ გოგა ამილიძეს ვესაუბრეთ.
გოგა ამილიძე ცხრა წელია, ფსიქოლოგიისა და ფსიქოთერაპიის სფეროში საქმიანობს. ევროპული აკრედიტაციის მქონე ფსიქოთერაპევტია, მისი სპეციალიზაცია კი გეშტალტთერაპიაა. მუშაობს ბავშვებთან, მოზარდებთან, ზრდასრულებსა და ოჯახებთან. სხვადასხვა დროს ლექციებს კითხულობდა, ამჟამად კი ტრენინგებსა და ვორკშოპებს უძღვება. ამასთან, საქართველოს გეშტალტთერაპევტთა ასოციაციის წევრია.
- პირველ რიგში, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ურთიერთობა ორმხრივია - როგორც მშობლის მხრიდან შვილისადმი, ისე შვილის მხრიდან მშობლის მიმართ. თუმცა, აქ ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაა: ბავშვსა და მოზარდს ჯერ არ აქვს ისეთივე პასუხისმგებლობის განცდა და უნარები, როგორიც მშობელს. შესაბამისად, შვილის ემოციური მდგომარეობის დანახვა და მასზე ზრუნვა, უპირველესად, მშობლის პასუხისმგებლობაა.
მშობელი შვილს უნდა აღიქვამდეს არა როგორც გასაზრდელ ობიექტს, არამედ როგორც დამოუკიდებელ ადამიანს, რომელსაც საკუთარი ემოციები, განცდები, საჭიროებები და უნიკალური შინაგანი სამყარო აქვს.
მაგალითად, ბავშვს შეიძლება, სათამაშო გაუტყდეს და ეს მისთვის უდიდეს დანაკარგად იქცეს. მშობლისთვის კი ეს შესაძლოა, უმნიშვნელო შემთხვევა იყოს - ფიქრობდეს, რომ მაღაზიაში წავა და იმავე სათამაშოს ხელახლა უყიდის. თუმცა, იმ მომენტში ბავშვისთვის ეს სათამაშო შეიძლება მთელ სამყაროს წარმოადგენდეს. ამ მაგალითით იმის თქმა მინდა, რომ თითოეული ბავშვის განცდა მისივე პერსპექტივიდან უნდა შევაფასოთ. ყველაზე მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური მოთხოვნილება, რომელიც ყველა ბავშვს აქვს, სწორედ ის არის, რომ მშობელი მას ხედავდეს - აღიქვამდეს ცალკე პიროვნებად და პატივს სცემდეს მის ემოციებს.
ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ მშობელმა ყველა სურვილი დაუკმაყოფილოს ან ყველა მოთხოვნას დაუყოვნებლივ დათანხმდეს. თუმცა, როდესაც რაიმეს უკრძალავს, ალტერნატივაც უნდა შესთავაზოს. მაგალითად, თუ გაჯეტების გამოყენებას უზღუდავს, უნდა დაფიქრდეს, რით შეიძლება ჩაანაცვლოს ეს აქტივობა, რათა ბავშვი ალტერნატივის გარეშე არ დატოვოს. დღეს გაჯეტებთან დაკავშირებული პრობლემაც, გარკვეულწილად, იმითაა განპირობებული, რომ მშობლები მათ სათანადო ალტერნატივას ვერ სთავაზობენ.
რომ შევაჯამო, ბავშვსა და მშობელს, ისევე როგორც მოზარდსა და მშობელს შორის, უმნიშვნელოვანესი სწორედ ემოციური კავშირია - რამდენად ახლოს არიან ისინი ერთმანეთთან ემოციურად.
- ჩემი დაკვირვებითა და უშუალო კლინიკური პრაქტიკით, მოზარდების ყველაზე გავრცელებული განცდა მშობლების მიმართ არის ის, რომ მათი არ ესმით. ხშირად სწორედ ასე გამოხატავენ საკუთარ უკმაყოფილებას: "ჩემი არ ესმის".
ეს მშობელსა და მოზარდს შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. სამწუხაროდ, ბევრი მშობელი სათანადოდ ვერ აცნობიერებს, რომ მოზარდობის ასაკი ადამიანის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე სენსიტიური პერიოდია. ამ დროს არა მხოლოდ იდენტობის ჩამოყალიბება მიმდინარეობს, არამედ მნიშვნელოვანი ჰორმონალური ცვლილებებიც ხდება. შესაბამისად, ცვლილებები ერთდროულად ფსიქოლოგიურ და ბიოლოგიურ დონეზე მიმდინარეობს. ამ პერიოდში მოზარდს მშობლის მხარდაჭერა განსაკუთრებით სჭირდება. მისთვის მნიშვნელოვანია, იგრძნოს, რომ მშობელი ხედავს მის მდგომარეობას, უსმენს და ესმის მისი.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაა: მოზარდი მშობელთან მხოლოდ მაშინ გაიხსნება, თუ მისგან მიმღებლობას იგრძნობს. მან უნდა იცოდეს, რომ მშობელი მას იღებს თავისი ნაკლოვანებებით, დადებითი და უარყოფითი მხარეებით.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ კრიტიკასთან ერთად მხარდაჭერაც გამოვხატოთ. ერთი შეხედვით, ეს მარტივი პრინციპია, თუმცა პრაქტიკაში მისი განხორციელება საკმაოდ რთულია. მოზარდისთვის ყველაზე მტკივნეული სწორედ ის არის, როდესაც მშობელი მის ემოციურ მდგომარეობას ვერ ამჩნევს და ვერ უგებს. ასეთ დროს მშობელი მხოლოდ საკუთარ პოზიციას მიიჩნევს სწორად და მოზარდის პერსპექტივას საერთოდ არ ითვალისწინებს.
- გეშტალტთერაპიული თვალსაზრისით, ამ ბალანსის საფუძველი, პირველ რიგში, ბავშვის მოსმენაა. მშობელმა უნდა გაიგოს, როგორ აღიქვამს შვილი კონკრეტულ საკითხს, შემდეგ კი საკუთარი პოზიციაც გაუზიაროს. მნიშვნელოვანია, რომ მათ ამ თემაზე ერთად იმსჯელონ.
ბავშვსა და მოზარდს არჩევანის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს. მშობელმა კი უნდა შეძლოს დაანახოს მას ყველა შესაძლო ალტერნატივა და ის გზები, რომელთა განხილვაც შეუძლია.
როდესაც მშობელი ბავშვს მხოლოდ ერთ, კატეგორიულ პოზიციას სთავაზობს და სხვა შესაძლებლობებს საერთოდ არ განიხილავს, შესაძლოა, სწორედ აკრძალული საკითხის მიმართ გაუჩნდეს ინტერესი.
ყველაფერი, საბოლოო ჯამში, დიალოგზეა დამოკიდებული - რამდენად შეუძლიათ მშობელსა და შვილს ერთმანეთის მოსმენა და საკუთარ შეხედულებებზე საუბარი. თუ მათ დიალოგი შეუძლიათ, ეს უკვე საფუძველია, რომ სხვადასხვა საკითხი ჯანსაღად გადაწყვიტონ.
- როდესაც ურთიერთობაში მანიპულაცია ჩნდება, ეს შესაძლოა მიუთითებდეს, რომ ბავშვის რომელიღაც საჭიროება დაუკმაყოფილებელი დარჩა და მან საკუთარი სურვილების მისაღწევად მანიპულაციური ქცევა ისწავლა.
თუ ბავშვს საკუთარი მიზნის მისაღწევად მანიპულაციის გამოყენება სჭირდება, ამის უკან ხშირად დგას დაუკმაყოფილებელი მოთხოვნილება. შესაძლოა, მან მშობლისგან სასურველი პირდაპირი გზით ვერ მიიღო და საკუთარი სურვილის მისაღწევად სხვა საშუალება აირჩია.
ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ მანიპულაცია ჯანსაღი ან მისაღები ქცევაა. თუმცა, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ასეთი ქცევის უკან შესაძლოა, იდგეს განცდა, თითქოს, ბავშვს საკუთარი მოთხოვნილების დაკმაყოფილების სხვა გზა აღარ აქვს. მან ვერ შეძლო სასურველის სხვაგვარად მიღწევა და ერთადერთ გამოსავლად მანიპულაცია მიიჩნია.
მშობლებს ვურჩევდი, პირველ რიგში, გამოიკვლიონ, რატომ უწევს შვილს მანიპულაციისთვის მიმართვა. რატომ ცდილობს საკუთარი მიზნის მიღწევას ტყუილით ან მანიპულაციური ქცევით? მნიშვნელოვანია იმის გაგება, რა აიძულებს ბავშვს, ასეთ გზას მიმართოს. შესაძლოა, ერთხელ უკვე გამოიყენა მანიპულაცია, ამ გზით მოთხოვნილება დაიკმაყოფილა, ეს გამოცდილება დაიმახსოვრა და ახლა იცის, რომ სასურველის მისაღებად იგივე ქცევა უნდა გაიმეოროს.
თუმცა ამ ქცევას, როგორც წესი, წინ უძღვის გარკვეული გამოცდილება. შესაძლოა, ბავშვმა თავდაპირველად საკუთარი სურვილი პირდაპირ გამოხატა, მშობელმა კი ვერ შეამჩნია ან სათანადოდ ვერ გაითვალისწინა მისი მოთხოვნილება. ამის შემდეგ ბავშვს მანიპულაციის გამოყენება მოუხდა.
კვლავ ხაზს გავუსვამ: ეს არ ნიშნავს, რომ ასეთი ქცევა მისაღებია. მნიშვნელოვანია, გამოვიკვლიოთ, რა დგას მის უკან და რატომ უწევს ბავშვს საკუთარი სურვილების მისაღწევად მშობლის მოტყუება. ეს შესაძლოა, მიუთითებდეს, რომ მშობელსა და შვილს შორის ურთიერთობაში გარკვეული პრობლემა არსებობს.
- თუ ბავშვს ან მოზარდს კონკრეტული სიმპტომი აქვს, ამ შემთხვევაში კი აგრესიას ვგულისხმობ, ეს შესაძლოა, მიუთითებდეს, რომ ოჯახურ სისტემაში გარკვეული პრობლემა არსებობს. ოჯახი ხომ ცოცხალი ორგანიზმივით მოქმედი სისტემაა და მისი რომელიმე წევრის მდგომარეობა ხშირად ამ სისტემაში მიმდინარე პროცესებთანაა დაკავშირებული.
როდესაც მშობელს ბავშვი თერაპიაზე მიჰყავს, რადგან მას ფსიქოლოგიური სიმპტომი აქვს, მნიშვნელოვანია, ყურადღება მხოლოდ ბავშვის მდგომარეობაზე არ გამახვილდეს. საჭიროა ოჯახური გარემოსა და ურთიერთობების შესწავლაც.
ბავშვი შეიძლება, თანატოლებმა დააბულინგონ, მაგალითად, კლასში ან ეზოში, თუმცა თუ მას მხარდამჭერი მშობელი ჰყავს, რომელიც მის ემოციებს ამჩნევს და ამ გამოცდილების გადამუშავებაში ეხმარება, შესაძლებელია, ბულინგით გამოწვეული განცდებიც სათანადოდ დამუშავდეს.
სხვა ვითარებაა, როდესაც ბავშვის მრავალი მოთხოვნილება დაუკმაყოფილებელია, მხარდაჭერას ვერ გრძნობს და საკუთარი განცდების დამალვა უწევს. ასეთმა მდგომარეობამ, მათ შორის მანიპულაციურმა ქცევამაც, შესაძლოა, საბოლოოდ აგრესიის სახე მიიღოს.
ამასთან, აგრესია აუცილებლად არ გამოიხატება მშობლის ან გარემოს მიმართ. ის შეიძლება, თვითაგრესიაშიც გადაიზარდოს, თვითდესტრუქციული ქცევით გამოვლინდეს და ბავშვმა საკუთარ თავს მიაყენოს ზიანი.
ამიტომ შეუძლებელია, მშობელს ყველა ასეთი შემთხვევისთვის ერთი კონკრეტული ქცევის მოდელი შევთავაზოთ. ჩემი აზრით, მშობლის ამოცანა ბავშვის მართვა არ უნდა იყოს. ასეთ ვითარებაში აუცილებელია თერაპიული დახმარება. მხოლოდ მართვის მცდელობამ შესაძლოა, მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულოს. როდესაც მოზარდი გრძნობს, რომ მშობელი მის კონტროლს ცდილობს, შესაძლოა, აგრესია კიდევ უფრო გაუძლიერდეს.
ზოგადად, აგრესია კომპლექსური საკითხია და თითოეულ შემთხვევაში ინდივიდუალურად უნდა გამოვიკვლიოთ, რა იწვევს მას კონკრეტულ ადამიანში. ამიტომ ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა შეუძლებელია. თუმცა, არსებობს შესაბამისი გზები და სწორედ თერაპიის მიზანია, ადამიანებს შორის ურთიერთობები დალაგდეს.
- რა თქმა უნდა, ხასიათის ცვლილება ყოველთვის ასაკობრივ პროცესს არ უკავშირდება. შესაძლოა, მოზარდმა, მაგალითად, შეყვარებულთან ურთიერთობა დაასრულოს და მისი მდგომარეობა სწორედ ამ გამოცდილებით იყოს განპირობებული.
იმისთვის, რომ მშობელმა ამის შესახებ შეიტყოს, მოზარდს უნდა შეეძლოს საკუთარი განცდების გაზიარება. ამისთვის კი მშობლისგან მიმღებლობას უნდა გრძნობდეს. უნდა იცოდეს, რომ მშობელი მოუსმენს და არ გააკრიტიკებს.
მოზარდები ხშირად სწორედ ამიტომ არ უზიარებენ მშობლებს საკუთარ პრობლემებს და მშობლებმაც მათ შესახებ ბევრი რამ არ იციან. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, დღეს რა ვითარებაა: მოზარდს საკუთარი სათქმელი დასრულებულიც არ აქვს, რომ მშობელი მაშინვე კრიტიკაზე, განსჯასა და დასჯაზე გადადის.
შედეგად, მოზარდი მშობელთან საუბარს თავს არიდებს. თუმცა, საკუთარი განცდები სადღაც ხომ უნდა გამოხატოს, ვიღაცას ხომ უნდა გაუზიაროს? შესაძლოა, ჰყავდეს მეგობარი ან ზრდასრული ახლობელი, ვისთანაც ამაზე საუბარს შეძლებს.
რაც შეეხება აგრესიას, ეს შეიძლება ერთ-ერთი ფუნდამენტური მიზეზი იყოს: როდესაც ადამიანი საკუთარ ემოციებს ვერ გამოხატავს, შესაძლოა, ეს განცდები შინაგანად დაგროვდეს და საბოლოოდ აგრესიაში გადაიზარდოს. ასეთი გამოცდილება მოზარდში აგრესიის ჩამოყალიბების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი შეიძლება, გახდეს.
ჯანსაღი კრიტიკა, რა თქმა უნდა, აუცილებელია, თუმცა მანამდე მშობელმა შვილის საჭიროებები უნდა მოისმინოს და გაითვალისწინოს. ამის შემდეგ უკვე საკუთარი პოზიციაც უნდა გაუზიაროს, ოღონდ არა დამსჯელი, არამედ მხარდამჭერი ტონით.
კრიტიკაც შეიძლება მხარდაჭერის გამოხატვის ფორმა იყოს. მშობელს შეუძლია, შვილს მიუთითოს შეცდომაზე და ამავე დროს აგრძნობინოს, რომ ესმის მისი მდგომარეობა და მზად არის, საკითხი მასთან ერთად განიხილოს. სწორედ ამ ბალანსის დაცვაა რთული.
თერაპია კი ის სივრცეა, სადაც მშობელსაც ეხმარებიან, უკეთ გაიაზროს ურთიერთობის თავისებურებები, ხოლო ბავშვსა და მოზარდს საკუთარი განცდების გამოხატვის შესაძლებლობას აძლევენ. ეს არის სივრცე, სადაც მას შეუძლია ისაუბროს იმაზე, რისი გამოხატვის შესაძლებლობაც სახლში არ აქვს.
ამიტომ, თუ მშობელი ამჩნევს, რომ მისი შვილი შეიცვალა და თავად ვერ ახერხებს მასთან ისეთ კომუნიკაციას, რომ მიზეზი შეიტყოს, მნიშვნელოვანია, სპეციალისტს მიმართოს.
- ყველაზე ხშირად მათი განცდა ასე შეიძლება ჩამოვაყალიბოთ: "მშობელს უნდა, რომ სხვანაირი ვიყო".
ერთი შემთხვევა მახსენდება: 14 წლის მოზარდს მუცლის სპაზმები ჰქონდა, რაც უკვე სომატურად გამოვლენილი სიმპტომი იყო. მუცლის არეში დაჭიმულობასა და სპაზმებს განიცდიდა. როდესაც მასთან მუშაობა დავიწყე, გამოიკვეთა, რომ ბიჭი მუდმივად დაძაბული იყო, რადგან ეშინოდა, მამას არ გაეკრიტიკებინა. მამას საკმაოდ მკაცრი, ტრადიციული შეხედულებები ჰქონდა, ბიჭი კი განსხვავებული, თანამედროვე ტიპის მოზარდი იყო. მამის კრიტიკის შიში იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ბავშვი წლების განმავლობაში მუდმივად დაძაბულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ამ საკითხზე მუშაობის შედეგად მან მიზეზშე-დეგობრივი კავშირი გააცნობიერა და სიმპტომიც გაუქრა. ეს უკვე ის შემთხვევაა, როდესაც ფსიქოლოგიური პრობლემა სომატურ სიმპტომში, ანუ სხეულებრივ გამოვლინებაში გადადის.
ამ კითხვაზე პასუხი სწორედ ის არის, რომ მოზარდს ხშირად აქვს განცდა: "მშობელს უნდა, რომ სხვანაირი ვიყო".
- რა თქმა უნდა. თუმცა აქ ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაა: მშობელსა და შვილს შორის გაუცხოება მოზარდობის ასაკში არ იწყება. საფუძველს ხშირად გაცილებით ადრეულ პერიოდში ვხვდებით - ჯერ კიდევ მოზარდობამდე. ამიტომ, არასწორი იქნება ვიფიქროთ, რომ პრობლემა აუცილებლად გარდატეხის ასაკში ჩნდება. შესაძლოა, ამ პერიოდში ის უფრო მკაფიოდ გამოვლინდეს, რადგან მოზარდს უკვე მეტი დამოუკიდებლობა სჭირდება და მშობელთან განსხვავებული ინტერესები და შეხედულებები უფრო თვალსაჩინო ხდება. თუმცა, თავად გაუცხოების საფუძველი, დიდი ალბათობით, გაცილებით ადრე ყალიბდება და მოზარდობის პერიოდში მხოლოდ უფრო აშკარა ხდება.
- მშობლებს ვურჩევდი, საკუთარი შვილები აღიქვან დამოუკიდებელ, უნიკალურ და ინდივიდუალურ პიროვნებებად, რომლებსაც საკუთარი სამყარო აქვთ. არ უნდა დაავიწყდეთ, რომ თავადაც იყვნენ ბავშვები და მოზარდები.
ბუნებაში ორი ერთნაირი წიწვიც კი არ არსებობს. შესაბამისად, მით უფრო შეუძლებელია, ორი ადამიანი სრულიად ერთნაირი იყოს. მესმის, რომ მშობლებს გარკვეული მოლოდინები აქვთ და ყველას სურს, კარგი შვილი ჰყავდეს. თუმცა, ეს არ უნდა ხდებოდეს ბავშვის უნიკალურობის დათრგუნვისა და მისთვის საკუთარი ცხოვრებით ცხოვრების შესაძლებლობის შეზღუდვის ხარჯზე.
ჩემი მთავარი რჩევა მშობლებისთვის ის იქნება, რომ შვილების ინდივიდუალურობა მიიღონ, პატივი სცენ მათ განსხვავებულობას და არ შეეცადონ, საკუთარი მოლოდინების შესაბამისად ჩამოაყალიბონ. მნიშვნელოვანია, დაინახონ, რომ მათ წინაშე დგას დამოუკიდებელი პიროვნება, რომელსაც საკუთარი სურვილები და შეხედულებები აქვს.
თამარ იაკობაშვილი