"გემრიელი და სასარგებლო ცხიმების, ბოჭკოსა და მინერალების წყარო..." - ჯანსაღი რეცეპტი ნატა გაგუასგან - მშობლები

"გემრიელი და სასარგებლო ცხიმების, ბოჭკოსა და მინერალების წყარო..." - ჯანსაღი რეცეპტი ნატა გაგუასგან

2026-11-23 00:12:30+04:00

ენდოკრინოლოგმა და ნუტრიციოლოგმა ნატა გაგუამ გამომწერებს კიდევ ერთი ჯანსაღი რეცეპტი გაუზიარა:

"ძვლებისა და კუნთების ჯანმრთელობაზე ზრუნვა მხოლოდ ვიტამინების მიღება არ არის.მნიშვნელოვანია, ორგანიზმმა ყოველდღიურად მიიღოს ცილები, სასარგებლო ცხიმები, ვიტამინები და მინერალები, რომლებიც მის ნორმალურ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს. რაციონის გასამდიდრებლად ერთ-ერთი არჩევანია თესლების ნარევი - გემრიელი, ადვილად მოსამზადებელი და სასარგებლო ცხიმების, ბოჭკოსა და მინერალების წყარო.

ინგრედიენტები

  • სელის თესლი - 60 გ
  • სეზამი - 40 გ
  • გოგრის თესლი - 40 გ
  • ქიშმიში - 1 სუფრის კოვზი
  • თაფლი - დაახლოებით 3 სუფრის კოვზი

მომზადება

1. სელის, სეზამისა და გოგრის თესლები დააქუცმაცეთ ბლენდერში ან საფქვავში.

2.დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ქიშმიში.

3.თანდათან შეურიეთ თაფლი, სანამ სქელ მასას არ მიიღებთ.

4.გადაიტანეთ სუფთა, მშრალ, თავდახურულ მინის ქილაში.

შენახვა:

ნარევი შეინახეთ მაცივარში, ჰერმეტულად დახურულ ჭურჭელში. ქილიდან ამოსაღებად გამოიყენეთ სუფთა, მშრალი კოვზი.

რისთვის არის სასარგებლო?

ნაწლავების ფუნქციონირებისთვის

სელის თესლი ბოჭკოს კარგი წყაროა და ნაწლავთა რეგულარულ მოქმედებას უწყობს ხელს. ბოჭკოს რაოდენობის გაზრდისას მნიშვნელოვანია სითხის საკმარისი მიღებაც.

გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობისთვის

სელის თესლი შეიცავს მცენარეულ ომეგა-3 ცხიმოვან მჟავას - ალფა-ლინოლენის მჟავას (ALA). სეზამი და გოგრის თესლიც მდიდარია უჯერი ცხიმებით. მათი ჩართვა დაბალანსებულ რაციონში ხელს უწყობს ცხიმების ხარისხის გაუმჯობესებას.

ძვლებისა და კუნთების ნორმალური ფუნქციონირებისთვის

სეზამი შეიცავს კალციუმსა და მაგნიუმს, გოგრის თესლი კი - მაგნიუმსა და თუთიას. ეს მინერალები ორგანიზმში მრავალ პროცესში მონაწილეობს, მათ შორის ძვლოვანი ქსოვილის და კუნთების ნორმალური ფუნქციის შენარჩუნებაში.

კანისა და თმის ჯანმრთელობისთვის

თესლები შეიცავს სხვადასხვა საკვებ ნივთიერებას, მათ შორის თუთიასა და E ვიტამინს. მათი ადეკვატური მიღება მნიშვნელოვანია ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.როგორ მივიღოთ?

დაიწყეთ დღეში 1 ჩაის კოვზით. თუ კარგად იტანთ, შეგიძლიათ რაოდენობა თანდათან გაზარდოთ 1 სუფრის კოვზამდე.

ნარევის მიღება კურსს არ საჭიროებს - სურვილისა და ინდივიდუალური ამტანობის მიხედვით შეგიძლიათ ჩართოთ ყოველდღიურ რაციონში.

გაითვალისწინეთ, რომ თესლები ენერგეტიკულად საკმაოდ მდიდარია, ხოლო თაფლი და ქიშმიში დამატებით შაქრებს შეიცავს. ამიტომ ნარევის რაოდენობის დოზირება არ დაგავიწყდეთ.

როდის არის საჭირო სიფრთხილე?

  • ალერგია: მოერიდეთ იმ ინგრედიენტს, რომელზეც ალერგია გაქვთ.
  • კუჭ-ნაწლავის მგრძნობელობა: სელის თესლმა და ბოჭკოს რაოდენობის სწრაფმა ზრდამ შეიძლება შებერილობა ან დისკომფორტი გამოიწვიოს.
  • ანტიკოაგულანტების მიღება: თუ ნარევის რეგულარულად მიღებას გეგმავთ, ეს თქვენს მკურნალ ექიმთან შეათანხმეთ.
  • შაქრიანი დიაბეტი: გაითვალისწინეთ თაფლისა და ქიშმიშისგან მიღებული შაქრები და ნარევის საერთო კალორიულობა.
  • ნაღვლის ბუშტის კენჭები და ტკივილი: ცხიმებით მდიდარმა საკვებმა ზოგიერთ ადამიანში შეიძლება სიმპტომები გააძლიეროს. ასეთ შემთხვევაში რაოდენობა ინდივიდუალურად უნდა შეაფასოთ.
  • ორსულობა და ლაქტაცია: თუ ნარევის მიღებას გეგმავთ, ეს მკურნალ ექიმთან შეათანხმეთ.

თუ დიეტა დაარღვიეთ, რა უნდა ქნათ მეორე დღეს – ნატა გაგუას რჩევები
დილით სარკეში საკუთარი სახე ვერ იცანით? შესაძლოა, მიზეზი სითხის დროებითი შეკავება, ანუ შეშუპება იყოს... - ნატა გაგუა გვიზიარებს ეფექტურ, დაბალკალორიულ და სასარგებლო ჩაის ყოველდღიური ჰიდრატაციისთვის
ძალიან კარგი დეტოქსია, მადასაც აქვეითებს და აჯანსაღებს... ჩვეულებრივი წყლის ნაცვლად ვსვამთ. რამდენიმე დღეც რომ გამოიყენოთ, შვებას იგრძნობთ... - ნატა გაგუა