თუ შვილი ვალს ვერ იხდის და მშობლებთან ცხოვრობს, დაეკისრებათ თუ არა მშობლებს  ამ ვალის გადახდა - იურისტის განმარტება - მშობლები

აგებენ თუ არა მშობლები პასუხს შვილების ვალებზე და როდის შეიძლება დაყადაღდეს საოჯახო ქონება? - იურისტი თამარ კერძაია კანონმდებლობის მთავარ დეტალებს განმარტავს.

2026-11-24 21:16:07+04:00

საბანკო ვალდებულებები და სასესხო დავალიანება ბევრი ოჯახისთვის სერიოზულ სტრესად იქცევა ხოლმე. განსაკუთრებით მწვავედ ეს საკითხი მაშინ დგება, როდესაც ფინანსური პრობლემები სრულწლოვან შვილს ექმნება, მშობლები კი შიშობენ, რომ შვილის გადაუხდელი ვალის გამო მათ კუთვნილ სახლს ან საოჯახო ნივთებს დააყადაღებენ.

რა უფლებები აქვს კრედიტორს ასეთ დროს, როდის ეკისრება მშობელს პასუხისმგებლობა და როგორ უნდა დაიცვან ოჯახის წევრებმა საკუთარი ქონება იმ შემთხვევაში, თუ შვილთან ერთად ცხოვრობენ - ამ საკითხზე გადაცემა „იმედის დილაში“ იურისტმა, სამოქალაქო სამართლის სპეციალისტმა თამარ კერძაიამ დეტალურად ისაუბრა:

„შვილების ვალებზე მშობლები პასუხს არ აგებენ. კრედიტორს უფლება არა აქვს, მშობლების ქონებაზე მიაქციოს აღსრულება, თუმცა მნიშვნელოვანია დავრწმუნდეთ, რომ მშობელს არა აქვს ხელი მოწერილი შვილის ვალის თავდებობაზე, ან არ არის იპოთეკით დატვირთული მშობლების ქონება. სხვა შემთხვევაში მშობელს ვალდებულება არ ეკისრება შვილის ვალზე.

ახლა მოძრავ ქონებასთან დაკავშირებით: იმ შემთხვევაში, თუ შვილი ცხოვრობს მშობლებთან ერთად, შესაძლებელია აღმასრულებელი მივიდეს და აღსრულება მოახდინოს ამ სახლში არსებულ ყველა მოძრავ ნივთზე. ამ შემთხვევაში მშობლებს აქვთ საშუალება და უფლება, გამოითხოვონ საკუთარი ნივთები და ამტკიცონ, რომ ეს ნივთები ეკუთვნოდა არა შვილს, არამედ მშობლებს. შეიძლება ყველა ნივთის შეძენის ქვითარი არ გვქონდეს, ამ შემთხვევაში შეიძლება მტკიცებულებად გამოგვადგეს, მაგალითად, მოწმეთა ჩვენებები — მეზობლები, ნათესავები, შეიძლება ძველი ფოტოსურათები, სადაც ჩანს, რომ სამკაული კონკრეტულ ადამიანს უკეთია და ასე შემდეგ“. - განაცხადა თამარ კერძაიამ.

განქორწინებისას ვის რჩება ბინა, როგორ იყოფა ქონება და როდის შეიძლება მეუღლემ წილის მოთხოვნის უფლება დაკარგოს - იურისტის პასუხები
თუ გაქირავებულ ბინაში იმაზე მეტი ცხოვრობს, ვიდრე შეთანხმდით, თუ დამქირავებელი ფულს არ იხდის და თუ გაქირავებული ბინიდან წყალი ჩამოდის... - იურისტის განმარტებები
რა შემთხვევაში ვერ მიიღებენ ქონებიდან წილს მეუღლე და შვილი - იურისტის განმარტება