მეხსიერების გაუარესების 8 მიზეზი, რომლებიც ალცჰაიმერის დაავადებასთან არაფერ შუაშია - მათი გამოსწორებით პრობლემასაც დაძლევთ - მშობლები

მეხსიერების გაუარესების 8 მიზეზი, რომლებიც ალცჰაიმერის დაავადებასთან არაფერ შუაშია - მათი გამოსწორებით პრობლემასაც დაძლევთ

2026-11-25 10:01:06+04:00

ხშირად გავიწყდებათ, სად დადეთ ნივთები, რას აპირებდით, რა უნდა გეთქვათ ან რა ისწავლეთ წინა დღეს? მეხსიერების გაუარესება ბევრ ადამიანს აშინებს და ზოგჯერ ალცჰაიმერის დაავადებაზე ან დემენციის სხვა ფორმაზე აფიქრებს. თუმცა მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემების მიღმა შესაძლოა სულ სხვა მიზეზები იმალებოდეს, რომელთა დროულად გამოვლენითა და აღმოფხვრით მდგომარეობის გაუმჯობესება შესაძლებელია.

ექიმი, ონკოლოგი და სამედიცინო ინფლუენსერი გიორგი ღოღობერიძე მეხსიერების გაუარესების რვა შესაძლო მიზეზს ასახელებს და განმარტავს, რა უნდა გამოიკვლიოს ადამიანმა, რომელსაც გულმავიწყობა აწუხებს.

„ძალიან ბევრ ადამიანს ავიწყდება, გუშინ რა ისწავლა, სად რა დადო, რას აპირებდა, რას გეგმავდა, სად რა უნდა წაიღოს, რა უნდა თქვას და ასე შემდეგ. ეს ყოველდღიურობაში უფრო და უფრო გამოხატული ხდება იმდენად, რომ ზოგჯერ ფიქრობს — ხომ არ მჭირს მე ალცჰაიმერის დაავადება ან რაიმე სხვა მძიმე დემენცია.

შენ ძალიან ჩქარობ. ძალიან ხშირად მეხსიერების გაუარესება გამოწვეული არის ისეთი უბრალო მიზეზებით, რომ მათი მოგვარებით შენ არა მარტო მეხსიერებას დაიბრუნებ, ასევე გაიუმჯობესებ კიდევაც.

1. მედიკამენტები

ძალიან ხშირად მეხსიერების გაუარესება გამოწვეული არის მედიკამენტებით. მე ვიცი, რომ შენ ძალიან ბევრ წამალს სვამ. ვიცი იმიტომ, რომ ჩვენთან რომ მოდის პაციენტი, იმდენად ბევრ წამალს სვამს, რომ მარტო ჩამოწერაზე მეხარჯება ხოლმე ნახევარი საათი. ამ მედიკამენტების ნახევარზე მეტს შეუძლია მეხსიერების გაუარესება გამოიწვიოს.

მაგალითად, დეპრესიის საწინააღმდეგო წამლები, პირობითად, პაროქსეტინი, რომელიც ანტიდეპრესანტია, ხასიათდება მეხსიერების გაუარესებით. კუჭ-ნაწლავის დაავადებების სამკურნალო წამლები, მათ შორის ციმეტიდინი, ასევე ხასიათდება მეხსიერების გაუარესებით.

ალერგიის საწინააღმდეგო წამლები, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურობაში ძალიან პოპულარულია, მათ შორის დიფენჰიდრამინი, ასევე ხასიათდება მეხსიერების გაუარესებით. საძილე საშუალებები, რომელსაც შენ იღებ იმიტომ, რომ ძილი არ გაქვს და გინდა, რომ ის აღიდგინო, ასევე ხასიათდება მეხსიერების გაუარესებით. აკნეს სამკურნალო წამლები, რომლებიც გამოიყენება დასალევის სახით, ასევე ხასიათდება მეხსიერების გაუარესებით.

გადახედავს ექიმი და, რა თქმა უნდა, შეგირჩევს იმ წამლებს, რომლებიც მეხსიერებაზე არ აისახება და უფრო ეფექტურიც კი იქნება, ვიდრე აქამდე შენ გქონდა ის დანიშნული. ანუ მიხვდი, რომ მედიკამენტი, რომელსაც შენ სვამ, იწვევს მეხსიერების გაუარესებას. აი, ასეა — ერთ დაავადებას მკურნალობ და მეორე გემართება.

2. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება, ანუ ჰიპოთირეოზი, ასევე ხასიათდება მეხსიერების გაუარესებით. თუ შენი ფარისებრი ჯირკვალი ვერ გამოყოფს საკმარისი რაოდენობის თიროქსინს და ტრიიოდთირონინს, ის აისახება თავის ტვინზე, იმიტომ, რომ ეს ჰორმონები სჭირდება ჩვენს ნეირონებს ნივთიერებათა ცვლისთვის და თუ შენ ისინი გაკლია, მეხსიერება გიუარესდება.

მე დარწმუნებული ვარ, რომ შენ შემოწმებული გაქვს ფარისებრი ჯირკვალი, ალბათ გადაიღე კიდევაც ულტრაბგერითი კვლევა, იმიტომ, რომ ჩვენთან რომ მოდიან, ასე გვეუბნებიან ხოლმე: „მე ფარისებრი ჯირკვალი შევამოწმე, ულტრაბგერით გამოკვლევაზე არაფერი არ მქონდა“.

გადახედავ ხოლმე ამ ყველაფერს და აღმოაჩენ, რომ თურმე როგორ არ ჰქონდა — ჰორმონებიც არ შეუმოწმებია. გადაამოწმებ და აღმოჩნდება, თურმე ჰიპოთირეოზი აქვს და მისი მეხსიერების გაუარესებაც გამოწვეული არის სწორედ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებით.

ამიტომ მარტო ულტრაბგერა არაა ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შეფასება, იქ ჰორმონების განსაზღვრაც ასევე საჭიროა, ამიტომ ყოველთვის მიმართე ენდოკრინოლოგს ამ კუთხით.

როცა ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის აქტივობა მკვეთრად ქვეითდება, ამას შეუძლია გამოიწვიოს არა მარტო მეხსიერების გაუარესება, ასევე შეკრულობაც.

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებას შეიძლება ასევე ახლდეს მეხსიერების გაუარესება, დეპრესია, გუნება-განწყობის ყოველდღიურობაში ცვლა. გარდა ამისა, დაღლილობის განცდა, საერთო სისუსტე, სიცივის აუტანლობა, მიდრეკილება მუდმივად ნეგატიური ამბებისკენ.

ზოგადად, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება 60 წლამდე იწყება ხოლმე ტიპურად და ასაკთან ერთად უფრო და უფრო გამოხატული ხდება.

3. უძილობა და უხარისხო ძილი

თუ არ გძინავს დღეში 8 საათი, ან შენ გძინავს 8 საათი, მაგრამ ეს ძილი არის ძალიან უხარისხო, ამას შეუძლია გამოიწვიოს მეხსიერების გაუარესება.

შენ შეიძლება გძინავს 8 საათი, მაგრამ იცი, როგორ გძინავს? ძალიან ზედაპირულად, ხშირად გეღვიძება ხოლმე მთელი ღამის განმავლობაში, მოუსვენარი ფეხების სინდრომი გაქვს, ვთქვათ, რკინადეფიციტური ანემიის ფონზე, ან სურდო გაქვს და ვერ სუნთქავ თავისუფლად, ან ჭარბწონიანობის ფონზე გიჭირს ხოლმე ეფექტურად ძილი — ამ ყველაფერს შეუძლია მეხსიერების გაუარესება გამოიწვიოს.

ამიტომ აქ სჯობს, ძილი მოაგვარო. თუ შენ ძილს მოაგვარებ, ასევე აღიდგენ მეხსიერებას, იმიტომ, რომ ძილი ეს არის ის დრო, როცა ჩვენი თავის ტვინი ყველაზე უფრო ეფექტურად ახარისხებს ხოლმე მთელი დღის განმავლობაში მიღებულ ინფორმაციას და თუ ეს მან ვერ მოახერხა, იმიტომ, რომ შენ ვერ გძინავს კარგად, რანაირად დაიმახსოვრებ რამეს?

4. B12 და B1 ვიტამინების ნაკლებობა

გარდა ძილის დარღვევისა, ეს ყველაფერი შეიძლება გამოწვეული იყოს ნუტრიციული ფაქტორებითაც. თუ შენ, მაგალითად, გაკლია ვიტამინი B12 — ციანოკობალამინი, ან ვიტამინი B1, იგივე თიამინი, ამ ორივეს შეუძლია გამოიწვიოს მეხსიერების დაქვეითება.

ასაკთან ერთად ეს ვიტამინები ნაკლებად შეიწოვება ხოლმე ადამიანის სხეულში. მოხუცებს უჭირთ ხოლმე ვიტამინი B12-ის შეწოვა, ამიტომაც ქვეითდება ხოლმე. გარდა ამისა, საკვებს არ იღებენ ხოლმე სრულფასოვნად და თავისთავად ქვეითდება.

როცა ვიტამინი B12 და ვიტამინი B1 გაკლია, ამის გარეშე მიტოქონდრიები ჩვენს ორგანიზმში ვერ მუშაობს. მიტოქონდრიებში ენერგია წარმოიქმნება და თუ ნეირონს ენერგია არ ექნება, აბა, რანაირად შეიძლება რამე დაიმახსოვროს? შენ ენერგიის გარეშე ამას გააკეთებდი? ასე ნეირონიც ვერაფერს ვერ იზამს, ამიტომ მეხსიერებაზე აისახება ეს ავტომატურად.

ზოგჯერ ხდება, რომ ადამიანს ვიტამინი B12 კი არ აკლია, არამედ ძალიან ბევრი აქვს. ონკოლოგიურ პაციენტებში ვიტამინი B12 ზოგჯერ ძალიან მაღალია ხოლმე. თუ ვიღაცას ვიტამინი B12 მაღალი აღმოაჩნდება, ჩვენ შეიძლება ის გადავამოწმოთ ონკოლოგიურ დაავადებებზეც კი.

5. ძილის აპნოე

გარდა ვიტამინებისა, ასევე მეხსიერების გაუარესება შეიძლება გამოწვეული იყოს ძილის აპნოეთიც. ძილის აპნოე — ეს არის დაავადება, როდესაც შენ ღამის საათებში სუნთქვას რამდენიმე წამით აჩერებ და მერე ისევ აახლებ.

ეს ძალიან ხშირია ხოლმე 40 წელს ზევით პირებში, განსაკუთრებით მამაკაცებში, განსაკუთრებით ჭარბწონიან მამაკაცებში, განსაკუთრებით იმ ადამიანებში, ვისაც ცხვირით სუნთქვა უჭირს, ან აქვს გადიდებული ტონზილები, ან მოკლე, ან დიდი კისერი — ამ შემთხვევებში ისინი ღამით ხშირად ხვრინავენ კიდევაც.

ამ დროს, როცა შენ ხმაურიანი სუნთქვა, ხვრინვა გაწუხებს, შენს სხეულში ჟანგბადის რაოდენობა მკვეთრად ეცემა. და თუ ჟანგბადი შენს სხეულს არ აქვს, ნეირონი ენერგიას ვერ წარმოქმნის. არა მარტო ვიტამინები სჭირდება ჩვენს ნეირონებს ენერგიის წარმოებისთვის, რომ მიტოქონდრიებმა იმუშაოს, ასევე ჟანგბადიც და მის გარეშე უბრალოდ ეს არ შეუძლია.

ამიტომაც არის, რომ თუ შენ ძილის აპნოე გაქვს, ამას შეუძლია გამოიწვიოს შენი მეხსიერების გაუარესება, ამიტომ ექიმს უთხარი, რომ გაგიკეთოს გამოკვლევები, მათ შორის ძილის აპნოეზეც.

6. ორგანიზმში ტყვიის ჭარბი შემცველობა

მეხსიერების გაუარესება შეიძლება გამოწვეული იყოს მათ შორის ტყვიითაც. ტყვია — ეს არის ერთ-ერთი ძალიან ტიპური მიზეზი, რაც იწვევს მეხსიერების გაუარესებას. თუ ტყვიის შემცველობა სხეულში 20-60 მიკროგრამ დეცილიტრზე მეტია, ამას შეუძლია გამოიწვიოს მეხსიერების გაუარესება.

ძალიან ბევრს ჰგონია, რომ ტყვია ეგრევე გამოიწვევს ანემიას და ანემიის მერე გამოიწვევს მეხსიერების გაუარესებას. ეს ასე არ არის. ტყვია როცა ჩვენს სხეულში იმატებს, ერთ-ერთი პირველი, რაც ზიანდება, ეს სწორედ რომ ნერვული სისტემაა.

შენ იცი, რომ იმ პაციენტებს, ვისაც მეხსიერება გაუარესებული აქვს, ყველაფერი აქვთ გადამოწმებული და არაფერი არ გამოუვლინდათ, მაგ პაციენტების 10%-ს ტყვია აქვს სწორედ რომ მაღალი და სწორედ მაგიტომაც აქვთ მეხსიერება გაუარესებული.

შეიძლება ტყვიის მატების დროს არა მარტო გქონდეს მეხსიერების გაუარესება, შეიძლება გქონდეს შეკრულობა, შეიძლება გქონდეს მუცლის ტკივილი, შეიძლება გქონდეს ხელების, ფეხების დაბუჟების შეგრძნება, შეიძლება იყოს მიდრეკილება დეპრესიისკენ და სხვა ნევროლოგიური ჩივილები, მათ შორის გაღიზიანებადობა — ზოგჯერ ადამიანი ძალიან იმპულსურია ხოლმე, დაელაპარაკები და ფეთქდება. ესეც შეიძლება გამოწვეული იყოს ჭარბი რაოდენობით ტყვიით.

გარდა ამისა, უნაყოფობა — ზოგიერთს შვილი არ ჰყავს და ამის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს მათ შორის ჭარბი ტყვიაც. ასე რომ, ტყვიის გადამოწმება ამ შემთხვევაში ღირს.

7. შაქრიანი დიაბეტი

გარდა ტყვიისა, რა თქმა უნდა, შაქრიანი დიაბეტი. ზოგჯერ ადამიანი ამბობს, რომ: „იცი რა, მე შაქრიანი დიაბეტი არ მჭირს“. ვიკითხებით ხოლმე, დიაბეტი გაქვს? ამბობს: „არა“. საიდან იცი, გადაამოწმე? „კი, სახლში გადავამოწმე და არ იყო“. და რომ ეკითხები, რა გაზომა, როგორ გაზომა, აბსოლუტურად აცდენილია ხოლმე რეალობას.

ძალიან ბევრმა ადამიანმა არ იცის ის ფაქტი, რომ დიაბეტად რომ ჩვენ მდგომარეობა მივიჩნიოთ და დავიწყოთ ხოლმე მასზე სახლის პირობებში ფიქრი, ეს არის ის, რომ უზმოზე, როცა შენ საკვები მიღებული არ გაქვს, გლუკოზის მაჩვენებელი უნდა იყოს 126 მილიგრამ დეცილიტრზე ზევით, ან როცა რანდომულად ამოწმებ, სრულიად შემთხვევით შეამოწმებ, 200 მილიგრამ დეცილიტრზე ზევით უნდა იყოს, ან შესაბამისი ტესტის გაკეთებიდან, დატვირთვიდან 2 საათის შემდეგ უნდა იყოს 200 ერთეულზე მეტი.

ამიტომ გლუკოზის სწორი შემოწმება ძალიან დიდ როლს თამაშობს. ამ შემთხვევაში უნდა მიმართო ენდოკრინოლოგს, რომ სწორად მოხდეს შაქრიანი დიაბეტის გამოცნობა, იმიტომ, რომ შენ თუ მას არ გამოიცნობ, შენს მეხსიერებას არაფერი არ ეშველება.

8. სტრესი, დეპრესია და შფოთვა

საქართველოს რეალობაში ეს ძალიან ხშირი მიზეზია.

როცა შენ სტრესში ხარ, რაღაცას ძალიან ნერვიულობ, ვიღაცა გარდაიცვალა, რაღაცას ძალიან განიცდი, ფინანსური სტრესი გაქვს, ვიღაცას შორდები, ამ შემთხვევებში შენ გექნება მეხსიერების გაუარესება, ეს მოსალოდნელია.

დეპრესიებს, შფოთვას, სტრესს ახლავს მეხსიერების გაუარესება, ამიტომ ამ ყველაფრის მოგვარებით იწყება მეხსიერების მოგვარებაც" - ამბობს გიორგი ღოღობერიძე.

5 თამაში სკოლის მოსწავლეებისთვის ყურადღების, მეხსიერებისა და კონცენტრაციის გასაუმჯობესებლად
„5 წუთის წინ ნასწავლი არ ახსოვს, მეცადინეობისას ტირის... რა დავალევინო?“ — არსებობს თუ არა ვიტამინები, რომლებიც ბავშვს მეხსიერებას გაუუმჯობესებს?
5 მარტივი თამაში, რომლებიც ბავშვს ყურადღების, მეხსიერებისა და ლოგიკური აზროვნების განვითარებაში დაეხმარება