ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი ნინო ლომთაძე გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს წყლის მნიშვნელობაზე ორგანიზმისთვის, მისი მიღების ოპტიმალურ რაოდენობასა და წონის კლებაზე გავლენაზე. ექიმი ასევე გვიზიარებს რჩევებს მადის კონტროლის, ჯანსაღი კვებისა და წონის უსაფრთხოდ კლების შესახებ.
- უპირველეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ წყალი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, რომელიც ადამიანის ორგანიზმის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის აუცილებელია, ვინაიდან ის პრაქტიკულად ყველა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროცესში მონაწილეობს. ბუნებრივია, ახლა ყველა ამ ფუნქციას ვერ ჩამოვთვლით, თუმცა რამდენიმე მათგანი განვიხილოთ. მაგალითად, წყალი ორგანიზმის ტემპერატურის შენარჩუნებაში გვეხმარება, ატენიანებს სახსრებსა და სხვა ქსოვილებს. მას სატრანსპორტო ფუნქციაც აქვს - მისი მეშვეობით ჩვენს ორგანიზმში ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, ვიტამინები და მიკროელემენტები გადაადგილდება. ამასთანავე, წყალი ხელს უწყობს თირკმელების ნორმალურ ფუნქციონირებას და მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლაში.
ვფიქრობ, ეს ჩამონათვალიც საკმარისზე მეტია იმისთვის, რომ წყალი ჩვენი ყოველდღიური რუტინის განუყოფელ ნაწილად იქცეს. თუმცა არავითარ შემთხვევაში არ უნდა განვიხილოთ ის ცალკე აღებულ, ჯადოსნურ საშუალებად, რომლის მიღებასაც აუცილებლად წონის კლება მოჰყვება. წყალი თავისთავად არ არის საშუალება, რომელიც ცხიმის წვას იწვევს, თუმცა მას ჩვენი სხეულის წონაზე დადებითი გავლენის მოხდენა შეუძლია.
მაგალითად, თუ ტკბილ გაზიან სასმელებს, ტკბილ ჩაისა და ყავას სასმელი წყლით ჩავანაცვლებთ, დღის განმავლობაში მიღებული კალორიების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდება, რაც, ბუნებრივია, სხეულის წონაზეც დადებითად აისახება. წყალი ასევე ასტიმულირებს კუჭ-ნაწლავის სისტემას და დადებითად მოქმედებს მის ფუნქციონირებაზე. გამართული კუჭ-ნაწლავის სისტემა კი ჩვენს წონაზეც დადებითად აისახება.
გარდა ამისა, სითხის ნაკლებობა ფიზიკური აქტივობის შემცირებას იწვევს. ორგანიზმში წყლის ადეკვატური რაოდენობით შევსება კი, პირიქით, დღის განმავლობაში ფიზიკურ აქტივობას ააქტიურებს, რაც ზედმეტ კილოგრამებთან გამკლავებასაც ამარტივებს.
- არსებობს რამდენიმე კვლევა, მათ შორის რანდომიზებული კვლევებიც, რომლებშიც ჭარბი წონის ან სიმსუქნის მქონე ადამიანებს კვებამდე, მაგალითად, 300-500 მლ სითხეს აძლევდნენ. ზოგიერთ შემთხვევაში ეს სხეულის წონაზე მართლაც დადებითად აისახებოდა, თუმცა ყველა ადამიანში ერთნაირად არა. ამიტომ არ არსებობს მყარი მტკიცებულება, რომ საკვების მიღებამდე წყლის დალევას აუცილებლად მოჰყვება სხეულის წონის კლება.
ამასთანავე, მინდა, ერთ ძალიან მნიშვნელოვან ნიუანსს გავუსვა ხაზი: როდესაც საკვებს ვიღებთ, შიმშილის შეგრძნება ყოველთვის ფიზიოლოგიური არ არის. ერთ შემთხვევაში შეიძლება იმიტომ ვიკვებებოდე, რომ რეალურად მშია და ენერგეტიკული დეფიციტი მაქვს. ასეთ დროს საკვების მიღებამდე დალეული სითხე საკვებს ვერანაირად ვერ ჩამინაცვლებს.
- მცირე რაოდენობით შეიძლება დანაყრების შეგრძნება გამოიწვიოს და საკვების ულუფაც უფრო მცირე იყოს, თუმცა წყალი ვერ ჩაანაცვლებს იმ საჭიროებას, რომელიც ორგანიზმს ვიტამინების, მიკრო- და მაკროელემენტების, ცილებისა თუ ნახშირწყლების მიმართ აქვს.
- დიახ, იმიტომ, რომ, ნახეთ, თუ, დავუშვათ, გარკვეული რაოდენობის ცილა, ცხიმი, ვიტამინები და მიკროელემენტები მჭირდება, საკვების მიღებაზე კი იმ იმედით ვიტყვი უარს, რომ წყალი ამ დანაკლისს შემივსებს, ეს ასე არ არის.
მეორე საკითხიც გასათვალისწინებელია: შეიძლება საკვებს იმიტომ ვიღებდე, რომ არა ფიზიოლოგიური, არამედ ემოციური შიმშილი მქონდეს. ალბათ ხშირად გსმენიათ, რომ ადამიანები ემოციებისა და სტრესის ფონზე იღებენ საკვებს. ეს დარღვეული კვებითი ჩვევებია. ამიტომ, თუ ადამიანი ამ მიზეზით იკვებება, საკვების მიღებამდე დალეული სითხე ფსიქოლოგიური პრობლემებით განპირობებულ კვებით ჩვევებს ვერანაირად ვერ შეცვლის.
- ხშირად გვხვდება მითი, თითქოს, კვების დროს ან მისი დასრულების შემდეგ წყალი არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივიღოთ. თავს ასე ნუ შევიზღუდავთ. არ არსებობს კვლევა, რომელიც გვეტყოდა, რომ საკვების მიღების დროს ან დასრულების შემდეგ წყლის დალევა ძალიან საზიანოა.
უბრალოდ, ულუფები ზომიერი უნდა იყოს და უმჯობესია, სითხის უმეტესი ნაწილი დღის პირველ ნახევარში მივიღოთ. თუ, დავუშვათ, ღამით დიდი რაოდენობით სითხეს მივიღებთ, ამან შეიძლება ღამის საათებში გახშირებული შარდვა და ხშირი გაღვიძება გამოიწვიოს. ეს არა მხოლოდ ჩვენს წონაზე, არამედ დღის განმავლობაში გუნება-განწყობილებასა და ენერგიაზეც უარყოფითად აისახება.
- ამ საკითხზეც უამრავი მითი არსებობს: ზოგი ცივ წყალს გვირჩევს, ზოგი - თბილს, ზოგი - გადადუღებულს, ზოგი კი ლიმნით, კურკუმითა თუ თაფლით შეზავებულს, თითქოს ეს ყველაფერი რაღაც ჯადოსნური საშუალება იყოს. ვაშლის ძმარიც გაგვიგია. თითქოს ეს ჯადოსნური სითხეა, რომელსაც მივიღებ და ან დეტოქსს ჩავატარებინებ ორგანიზმს, ან ცხიმის დაწვას შეუწყობს ხელს. ამ შემთხვევაშიც ვერ გეტყვით, რომ არსებობს რაიმე გაიდლაინი, გზამკვლევი ან კლინიკურად დამტკიცებული მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც, მაგალითად, ცივი ან თბილი წყლის მიღება ავტომატურად იმოქმედებს, როგორც ცხიმის მწველი საშუალება.
თუმცა ჩვენ ყოველთვის ვურჩევთ ადამიანებს, ოთახის ტემპერატურის წყალი მიიღონ, რადგან ცივმა წყალმა შესაძლოა, ყელის გაღიზიანება და სისხლძარღვოვანი სპაზმი გამოიწვიოს.
რაც შეეხება ლიმონიან წყალს, მისი მიღება ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ამით ორგანიზმს დეტოქსიკაციას ჩავუტარებთ. ეს უფრო გემოვნურ თვისებებზეა დამოკიდებული. თუ ადამიანს ლიმონი წყლის გემოს გაუმჯობესებაში ეხმარება და ამის შედეგად მეტ სითხეს იღებს, ეს კარგი გამოსავალია. მეც მივმართავ ამ ხრიკს, არ დაგიმალავთ, რადგან წყლის დალევა არ მიყვარს და ყოველთვის ვცდილობ, გემო შევუცვალო. თუმცა ის, ვინც წყალს ლიმონის ან სხვა დანამატის გარეშე ჩვეულებრივად სვამს, ამით უფრო ნაკლებ სარგებელს არ იღებს.
რაც შეეხება თაფლს, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ის დამატებითი შაქარია. შეიძლება სასარგებლო შაქრად მივიჩნიოთ, მაგრამ ის მაინც დამატებით კალორიებს შეიცავს და თაფლიანი წყლის ისეთ სითხედ განხილვა, რომელიც წონის კლებაში დაგვეხმარება, ნამდვილად მითია.
ეს განსაკუთრებით საყურადღებოა იმ ადამიანებისთვისაც, რომლებსაც პირველი ან მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტი აქვთ, რადგან თაფლიანმა წყალმა შესაძლოა, სისხლში შაქრის დონეც გაზარდოს.
ამიტომ წყალი ჩვეულებრივად შეგვიძლია მივიღოთ, ხოლო თუ მისი დალევა გვიჭირს, შეგვიძლია ჩემს ხრიკსაც მივმართოთ: გემო პიტნით, ტარხუნით ან ლიმონით გავაუმჯობესოთ, რათა დღის განმავლობაში რაც შეიძლება მეტი სითხე მივიღოთ.
- გაზიან წყალს ნამდვილად ვერ განვიხილავთ წონის კლების საშუალებად. თუ დღის განმავლობაში გაზიან სასმელს მივიღებ, ან რაც შეიძლება მეტს დავლევ, ეს ცხიმისა და სხეულის წონის კლების თვალსაზრისით ავტომატურად უკეთეს შედეგს არ მომცემს.
თუმცა იმასაც ვერ ვიტყვით, რომ ჩვეულებრივი სასმელი წყალი გაზიანი წყლით ჩავანაცვლოთ. უმჯობესია, ეს არ გავაკეთოთ, რადგან გაზიანმა წყალმა შესაძლოა, კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ გარკვეული დისკომფორტი გამოიწვიოს: მუცლის შებერილობა, ბოყინი და სხვა უსიამოვნო შეგრძნებები. ამასთანავე, ზოგიერთი გაზიანი წყალი დიდი რაოდენობით ნატრიუმს შეიცავს, რაც საზიანო შეიძლება იყოს იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც, მაგალითად, არტერიული ჰიპერტენზია აქვთ.
ამიტომ მაინც ვფიქრობ, რომ საუკეთესო ალტერნატივა სუფთა სასმელი წყალია.
- ალბათ, გსმენიათ, რომ ადამიანებს ხშირად ურჩევენ, დღის განმავლობაში, მაგალითად, ორი ლიტრი წყალი მიიღონ. თუმცა ეს არ არის რაღაც ჯადოსნური რაოდენობა, რომელიც ჩემთვისაც, თქვენთვისაც და ნებისმიერი სხვა ადამიანისთვისაც ერთნაირად მისაღებია.
სითხის საჭირო რაოდენობა ყოველთვის ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ასაკზე, სქესზე - მაგალითად, 20 წლის ადამიანს და 70 წლის ადამიანს სხვადასხვა რაოდენობის სითხე სჭირდება. მნიშვნელობა აქვს იმ კლიმატურ პირობებსაც, სადაც ადამიანი ცხოვრობს: ძალიან ცხელ გარემოშია თუ არა. ასევე გასათვალისწინებელია, ეწევა თუ არა ფიზიკურ აქტივობას. ვინც, როგორც ახლა თქვენ აღნიშნეთ, სპორტით აქტიურად არის დაკავებული, ბუნებრივია, მას შესაძლოა, მეტი სითხე სჭირდებოდეს.
მნიშვნელოვანია ისიც, არის თუ არა ქალი ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში - ამ დროს სითხის საჭირო რაოდენობაც იზრდება.
ამიტომ ეს ყველაფერი ინდივიდუალურია და ასეთ უნივერსალურ ფორმულას ვერ შემოგთავაზებთ. თქვენს მაყურებელს ვერ მოვუწოდებ, რომ ყველამ აუცილებლად სამი ან ორი ლიტრი წყალი მიიღოს.
- დაახლოებით ორი ლიტრი საშუალო, მინიმალურ მოცულობად შეიძლება, განვიხილოთ. დავიწყოთ ორი ლიტრიდან, კი ბატონო. თუმცა იცით, რა არის? ახლა ვინც გვისმენს, შესაძლოა, ბევრი ისეთი იყოს, ვინც დღის განმავლობაში წყალს პრაქტიკულად არ სვამს.
მეც ძალიან ბევრი პაციენტი მყავს, რომლებიც მეუბნებიან: "წყალს რომ დავინახავ, მაშინ მახსენდება, რომ მთელი დღე არ დამილევია". ასეთ ადამიანსაც რომ მოვთხოვოთ, ხვალიდან ორი ლიტრი წყლის მიღება დაიწყოს, ეს მისთვის ძალიან დიდი სტრესია.
თუ ადამიანი დღეში 500 მლ წყალს მაინც მიიღებს და შემდეგ რაოდენობას ნელ-ნელა გაზრდის, ესეც უკვე ძალიან კარგი ნაბიჯი იქნება. ნუ მოვთხოვთ მას, რომ თუ მთელი დღის განმავლობაში შესაძლოა, ერთი ფინჯანი წყალიც არ დაულევია, უცებ ორ ან სამ ლიტრზე გადავიდეს.
- როდესაც ადამიანი ამჩნევს, რომ წონაში მოიმატა ან ზედმეტი კილოგრამები აქვს, მხოლოდ ამ კილოგრამებს უყურებს და ძალიან აგრესიულად, აქტიურად იწყებს მათთან ბრძოლას, ოღონდ სასწორზე სასურველი ციფრი დაინახოს. ამ დროს კი აღარ აინტერესებს, რა დგას ამ ზედმეტი კილოგრამების მიღმა.
ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანი ხრიკი, რომელსაც ყოველთვის ჩემს პაციენტებს ვურჩევ და ახლა თქვენს ტელემაყურებელსაც ვურჩევ, საკუთარი თავის უკეთ გაცნობა და საკუთარ მეტაბოლიზმთან დამეგობრებაა.
უნდა დავაკვირდეთ, რა იწვევს სხეულის წონის მატებას. გაკვირვებული დარჩებით, რადგან ხშირ შემთხვევაში წონის მატების მიზეზი ზედმეტად დიდი რაოდენობით საკვების მიღება არ არის. ძალიან ბევრი ადამიანი გეტყვით, რომ დღის განმავლობაში არ იკვებება, საღამოს კი საკვებს მართლაც მხოლოდ ერთხელ იღებს, თუმცა ჭარბი წონა მაინც აქვს.
ამ ზედმეტი კილოგრამების მიღმა შესაძლოა მავნე ჩვევები იდგეს: ადამიანი არ საუზმობდეს, არ სადილობდეს და საკვებს მხოლოდ საღამოს იღებდეს. შესაძლოა, ემოციური კვება ჰქონდეს, რასაც კვებითი აშლილობა ედოს საფუძვლად. მიზეზი შეიძლება ჰორმონალური დისბალანსიც იყოს. როდესაც ამ მიზეზებს აღმოვაჩენთ, ჩვევების მოწესრიგება და წონის დაკლებაც გაცილებით სასიამოვნო და მარტივი პროცესი ხდება.
მეორე ხრიკი ისაა, რომ მკაცრი დიეტები არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავიწყოთ. უნდა გავზარდოთ სითხის მიღება, ტკბილი გაზიანი სასმელები სასმელი წყლით ჩავანაცვლოთ და ცომეულის რაოდენობა შევზღუდოთ. ერთი შეხედვით, ეს ძალიან მარტივი ხრიკებია, მაგრამ დამიჯერეთ, საკმაოდ დიდ შედეგს იძლევა.
მაგალითად, თუ ადამიანი ღამის პირველ საათზე იძინებს, შეუძლია, თავდაპირველად დაძინების დრო ღამის თორმეტ საათამდე გადმოსწიოს, შემდეგ კი - თერთმეტ საათამდე. ესეც უკვე დადებითად აისახება სხეულის წონაზე.
აუცილებელი არ არის, მაშინვე სპორტდარბაზში წავიდეთ და საათობით ვივარჯიშოთ. ყოველდღიურად 15-20 წუთის განმავლობაში ფეხით სიარულიც, ცეკვაც, თუნდაც სახლის პირობებში, საკმარისია იმისთვის, რომ ეს ჩვენს წონაზე დადებითად და ჯანსაღად აისახოს.
იდეალურ შემთხვევაში, კარგი იქნება, თუ ამას გამოკვლევებსაც დავუმატებთ და ვიტამინების, მიკრო- და მაკროელემენტების დეფიციტსა და ჰორმონალურ ბალანსსაც შევამოწმებთ. ეს უკვე საუკეთესო შედეგის მიღწევაში დაგვეხმარება, რადგან, გაგიკვირდებათ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ვიტამინებისა და მიკროელემენტების დეფიციტიც იწვევს სხეულის წონის მატებას.
- ძალიან აქტუალურ საკითხს შეეხეთ. მინდა გითხრათ, რომ დღესდღეობით მედიცინაში სასწორი მეორე ადგილზე გადავიდა.
როდესაც სასწორზე დაკლებულ კილოგრამებს ვხედავთ, არ ვიცით, რის ხარჯზე დაიკლო ადამიანმა წონა. მკაცრი დიეტის დროს ორგანიზმი კარგავს სითხეს, ცხიმოვანი ქსოვილის გარკვეულ ნაწილს და ცილოვან ქსოვილსაც, ანუ კუნთოვან მასას. კუნთოვანი მასის დაკარგვა კი ნივთიერებათა ცვლას ავტომატურად აუარესებს.
ამიტომ იმას, სწორად ვიკლებთ თუ არა წონაში და რეალურად ცხიმოვან ქსოვილზე ვმუშაობთ თუ არა, სასწორზე მეტად ჩვენი სხეულის გარშემოწერილობა გვიჩვენებს.
შესაძლოა, ადამიანმა სასწორზე მხოლოდ ორი-სამი კილოგრამით ნაკლები წონა დაინახოს, მაგრამ ვიზუალურად უფრო მოხდენილი იყოს და, მაგალითად, შარვალი, რომელსაც ადრე ვერ იკრავდა, ახლა უფრო თავისუფლად ერგებოდეს. მეორე მხრივ, შეიძლება. ხუთი-ექვსი კილოგრამიც დაიკლოს, მაგრამ ვიზუალურად დიდად არ შეცვლილიყოს და ენერგიულადაც არ გრძნობდეს თავს.
ამიტომ ადამიანებს ვურჩევდი, სასწორი მეორე ადგილზე გადადონ, საკუთარ თვითშეგრძნებასა და სხეულის გარშემოწერილობას დააკვირდნენ.
რაც შეეხება წონის კლებას, აქ არასოდეს ვხელმძღვანელობთ პრინციპით, რომ ადამიანმა, მაგალითად, დღეში ერთი კილო ან კვირაში ხუთი კილო აუცილებლად უნდა დაიკლოს. წონის ასეთი სწრაფი კლება ყოველთვის სითხის დაკარგვას უკავშირდება და არა ცხიმის წვას.
თვეში, მაგალითად, ოთხი კილოგრამის დაკლებაც სრულიად მისაღები შედეგია და არა ათი ან თხუთმეტი კილოგრამის.