როგორი იზრდება ბავშვი, რომელსაც ყველაფრის უფლებას აძლევენ – 9 თვისება, რომელიც შესაძლოა ზრდასრულ ასაკში გამოუვლინდეს - მშობლები

როგორი იზრდება ბავშვი, რომელსაც ყველაფრის უფლებას აძლევენ – 9 თვისება, რომელიც შესაძლოა ზრდასრულ ასაკში გამოუვლინდეს

2026-11-26 03:28:30+04:00

თანამედროვე მშობლები სულ უფრო ხშირად ცდილობენ, შვილებთან ყველა საკითხი განიხილონ, გაითვალისწინონ მათი სურვილები და თავი აარიდონ დასჯას. თუმცა სად გადის ზღვარი ბავშვის სურვილების პატივისცემასა და ყველაფრის უფლებას შორის? ხომ არ ვაკლებთ შვილებს მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ უნარებს, როდესაც მათ ყველა სურვილს ვუსრულებთ და ყოველგვარი სირთულისგან ვიცავთ?

ბავშვი, რომელიც მკაფიო წესებისა და საზღვრების გარეშე იზრდება, შესაძლოა ჩამოყალიბდეს ადამიანად, რომელსაც მიაჩნია, რომ გარშემომყოფები მის სურვილებს უნდა მოერგონ.

რა თვისებები შეიძლება გამოუვლინდეს ზრდასრულ ასაკში ადამიანს, რომელსაც ბავშვობაში ყველაფრის უფლებას აძლევდნენ?

1. სირთულეებთან გამკლავება არ შეუძლია

ბავშვებს, რომლებსაც ყველაფრის უფლებას აძლევენ, ხშირად საკუთარი შეცდომების აღიარება უჭირთ. ისინი მიჩვეულნი არიან სასურველის მიღებას ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე. ჰგონიათ, რომ საკმარისია უკმაყოფილება გამოხატონ, ფეხი დააბაკუნონ და გარშემომყოფები მაშინვე მათი სურვილების შესრულებას შეუდგებიან.

სწორედ ამიტომ ხშირად აწყობენ ისტერიკას ან ადვილად ყრიან ფარ-ხმალს, როდესაც მოვლენები მათი სურვილისამებრ არ ვითარდება. მათ არ ჰქონიათ შესაძლებლობა, გამოემუშავებინათ ცხოვრებისეული სირთულეების გადალახვისთვის აუცილებელი უნარები.

მშობლებისთვის მნიშვნელოვანია, შვილებს დისკომფორტთან გამკლავება ასწავლონ, რადგან ცხოვრება მის გარეშე წარმოუდგენელია. სირთულეები ხასიათს აწრთობს და გამძლეობას ავითარებს. როდესაც ბავშვს ყველა უსიამოვნებისგან ვიცავთ, მას ამ მნიშვნელოვანი გამოცდილების მიღების შესაძლებლობას ვართმევთ.

2. არავის ემორჩილება და საკუთარი თავის შეზღუდვა არ შეუძლია

ბავშვი, რომელსაც საკუთარი სურვილების შეზღუდვა არ უსწავლია, მუდმივად შეეცდება, მშობლების მიერ დაწესებული საზღვრები გამოსცადოს.

პიროვნების ჩამოყალიბების პროცესში პროტესტის გამოხატვა ბუნებრივია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მშობელმა ყველაფერი თვითდინებაზე უნდა მიუშვას.

თუ ბავშვი არასათანადოდ იქცევა, მნიშვნელოვანია, საკუთარ თავზე იგრძნოს ქცევის შედეგები და ისწავლოს პასუხისმგებლობის აღება საკუთარ შეცდომებსა და საქციელზე.

3. იმპულსურია

მოზარდობის ასაკში იმპულსურობა ბუნებრივი მოვლენაა, თუმცა ასაკის მატებასთან ერთად ადამიანმა საკუთარი სურვილებისა და ემოციების შეკავება, ასევე მოქმედების შედეგების წინასწარ გათვლა უნდა ისწავლოს.

თუ ბავშვობისა და მოზარდობის პერიოდში მშობლები შვილს გონივრულ შეზღუდვებს არ უწესებდნენ, შესაძლოა მას თვითკონტროლის უნარი სათანადოდ არ განუვითარდეს.

შედეგად, ზრდასრულ ასაკშიც გაუჭირდება საკუთარი სურვილების შეზღუდვა, ხშირად მიიღებს სპონტანურ, დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს და ვერ გაიაზრებს მათი შესაძლო შედეგების სიმძიმეს.

4. მანიპულირებისკენ არის მიდრეკილი

ბავშვები, რომლებსაც ყველაფერი ადვილად ეპატიებათ, შესაძლოა სწრაფად მიხვდნენ, რომ ტირილით, სიმართლის დამახინჯებით ან პასუხისმგებლობის სხვისთვის გადაბარებით არასასურველ შედეგებს თავიდან აიცილებენ.

ასეთი ქცევის მოდელი ზოგჯერ ზრდასრულ ასაკშიც გრძელდება. ადამიანს უჩნდება დამოკიდებულება: რატომ უნდა აიღოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, თუ შეუძლია, სხვას დააბრალოს ყველაფერი?

ამიტომ მნიშვნელოვანია, მშობელმა დროულად შეამჩნიოს მსგავსი ქცევა და არ მისცეს ბავშვს საშუალება, სასურველს ტყუილითა და მანიპულირებით მიაღწიოს. ამასთან, აუცილებელია ერთმანეთისგან განვასხვაოთ მანიპულირება და ბავშვის ემოციური საჭიროებების ბუნებრივი გამოხატვა.

5. შესაძლოა უპასუხისმგებლო გახდეს

თუ ბავშვს არასოდეს უგრძნია საკუთარი არასათანადო საქციელის შედეგები, შესაძლოა გაუჩნდეს განცდა, რომ ყველაფერი ყოველთვის ეპატიება.

თანდათან მას უყალიბდება დაუსჯელობისა და ყველაფრის უფლების განცდა.

რეალურ ცხოვრებაში კი ყველა ადამიანს ადრე თუ გვიან უწევს საკუთარ მოქმედებებზე პასუხისგება. მნიშვნელოვანია, ბავშვმა ეს გაკვეთილი რაც შეიძლება ადრე ისწავლოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ზრდასრულ ასაკში შესაძლოა ისეთი შეცდომა დაუშვას, რომელსაც მძიმე და გამოუსწორებელი შედეგები მოჰყვება.

6. სხვებზე ზრუნვა არ იცის

ადრეულ ასაკში ბავშვები ბუნებრივად ეგოცენტრულები არიან — მათ ჯერ არ იციან, როგორ იფიქრონ სხვებზე და იზრუნონ მათზე. ეს უნარი სხვა სოციალურ უნარებთან ერთად, ასაკის მატებასთან ერთად ვითარდება.

მშობლების ამოცანაა, დაეხმარონ შვილს იმის გაცნობიერებაში, რომ მის გარშემო სხვა ადამიანებიც ცხოვრობენ, რომლებსაც საკუთარი სურვილები, საჭიროებები და გრძნობები აქვთ.

ბავშვმა უნდა ისწავლოს თანაგრძნობა, სხვისი მდგომარეობის გაგება და სხვებზე ზრუნვა. თუ ოჯახში ყველაფერი მხოლოდ მისი სურვილების გარშემო ტრიალებს, ამ თვისებების განვითარება შესაძლოა გაუჭირდეს.

7. მადლიერების გრძნობა არ აქვს

პატარა ბავშვებისთვის მადლიერების განცდა ჯერ კიდევ გაუგებარია და ეს ბუნებრივია. ისინი ვერ აცნობიერებენ, რამდენად გაუმართლათ, რომ აქვთ სახლი, ტანსაცმელი, საკვები, სათამაშოები და მშობლების მზრუნველობა. ამ ყველაფერს ჩვეულებრივ მოვლენად აღიქვამენ, რადგან განსხვავებული რეალობა არ უნახავთ.

ამიტომ მშობლების შეგონება — „მადლიერი უნდა იყო, რომ ყველაფერი გაქვს!“ — ნაკლებად ეფექტურია.

უმჯობესია, მშობლებმა საკუთარი მაგალითით აჩვენონ შვილებს, რას ნიშნავს მადლიერება და იმის დაფასება, რაც აქვთ.

მოზარდებისთვის სასარგებლო გამოცდილება შეიძლება იყოს საქველმოქმედო საქმიანობაში მოხალისედ ჩართვაც, მაგალითად, სოციალურად დაუცველი ან მძიმე დაავადებების მქონე ადამიანების დახმარება. ეს მათ ცხოვრების განსხვავებული მხარეების დანახვასა და საკუთარი შესაძლებლობების დაფასებაში დაეხმარება.

8. ემოციების მართვა უჭირს

ბავშვებს ემოციური თვითკონტროლის უნარი ჯერ კიდევ სუსტად აქვთ განვითარებული. მათი თავის ტვინი განვითარების პროცესშია და ზოგჯერ უმნიშვნელო უსიამოვნებაც კი საკმარისია იმისთვის, რომ ძლიერი ემოციური რეაქცია ჰქონდეთ.

თუმცა თუ მშობლები ბავშვს ყოველთვის ყველაფრის უფლებას აძლევენ და მისი უკმაყოფილების თავიდან ასაცილებლად ყველა სურვილს უსრულებენ, მას შესაძლოა ემოციების მართვის სწავლა გაუჭირდეს.

ისეთი მნიშვნელოვანი თვისებების განვითარებისთვის, როგორებიცაა მოთმინება, საზრიანობა, პრობლემების გადაჭრის უნარი, პასუხისმგებლობა და თვითდისციპლინა, ბავშვს გარკვეული შეზღუდვები და მოვალეობები სჭირდება.

9. საკუთარი თავისთვის განსაკუთრებულ პირობებს მოითხოვს

ბავშვი, რომელიც ასეთ ატმოსფეროში იზრდება, შესაძლოა ჩამოყალიბდეს ზრდასრულ ადამიანად, რომელსაც ჰგონია, რომ განსაკუთრებულ მოპყრობასა და პრივილეგიებს იმსახურებს.

თუ მშობლები მას არასოდეს აძლევდნენ შესაძლებლობას, საკუთარი მოქმედებების, მათ შორის შეცდომებისა და არასათანადო საქციელის შედეგები ეგრძნო, შესაძლოა გაუჭირდეს საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობის აღება და სხვა ადამიანების ინტერესების გათვალისწინება.

ბავშვის ქცევის შედეგები აუცილებლად მკაცრი არ უნდა იყოს. მთავარია, ისინი ბუნებრივად გამომდინარეობდეს მისი მოქმედებიდან. მაგალითად, თუ ბავშვი სასწავლო წლის განმავლობაში მეცადინეობას თავს არიდებდა, შესაძლოა ზაფხულის არდადეგებზე დამატებითი მეცადინეობა დასჭირდეს.

რა თქმა უნდა, ბავშვი უკმაყოფილო იქნება და მშობელს წინააღმდეგობასაც გაუწევს, თუმცა ასაკის მატებასთან ერთად უკეთ გაიაზრებს, რატომ იყო ეს აუცილებელი.

დღეს წამოვიდა ასეთი ტრენდი, რომ შენიშვნა არ უნდა უთხრა ბავშვს... ოდესმე აუცილებლად მოგიბრუნდებათ და გეტყვით: სად იყავი მაშინ, როდესაც მე ამას ვაკეთებდი? რატომ არ გამაჩერე - მარინა კაჭარავა აღზრდაში დაშვებულ შეცდომებზე
რისი ბრალია, რომ ბავშვი შენიშვნის მიცემას ვერ იტანს და ინტერესს სწრაფად კარგავს - როგორ დავეხმაროთ ასეთ ბავშვს
შეგიძლია, ჩაარტყა, არა უშავს“, „ნუ იტყვი მადლობას, ბოდიშს, ნუ მიესალმები“, „მერე რა, დასცინე“... - რას ვასწავლით ამით ბავშვს? ჩარჩო, ზღვარიც, შენიშვნაც და არა-ს თქმაც საჭიროა