ეროვნულ სასწავლო გეგმაში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, საჯარო სკოლებში შემაჯამებელი დავალებები უფრო მეტად უნდა დაეფუძნოს მოსწავლეთა შემოქმედებით აზროვნებას, პრაქტიკულ საქმიანობასა და მიღებული ცოდნის გამოყენებას. მასწავლებლებმა მოსწავლეებს უნდა შესთავაზონ ისეთი დავალებები, რომლებიც მხოლოდ ფაქტებისა და ინფორმაციის დამახსოვრების შემოწმებას არ ემსახურება და მათგან დამოუკიდებელ მსჯელობას, პრობლემების გააზრებასა და გადაჭრას მოითხოვს.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2026 წლის 4 სექტემბრის №116/ნ ბრძანებით, რომელიც ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებებს ითვალისწინებს, განისაზღვრა შემაჯამებელი დავალებების შინაარსისა და შეფასების ახალი მოთხოვნები.
ცვლილებების თანახმად, შემაჯამებელი დავალების კომპონენტში სავალდებულოა შემოქმედებითი და კონკრეტული კონტექსტის მქონე დავალებების გამოყენება. ასეთი დავალებები მოსწავლისგან მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებასა და კომპლექსური პრობლემების გადაჭრას უნდა მოითხოვდეს.
ბრძანებაში შესაძლო ფორმებად ჩამოთვლილია:
ეს ჩამონათვალი ამომწურავი არ არის, რადგან დოკუმენტში მითითებულია, რომ მასწავლებლებს სხვა ტიპის დავალებების გამოყენებაც შეუძლიათ.
მთავარი მოთხოვნაა, მოსწავლემ ნასწავლი მასალის გააზრება და მისი პრაქტიკაში გამოყენების უნარი წარმოაჩინოს. შესაბამისად, შემაჯამებელი დავალება მხოლოდ სახელმძღვანელოდან მიღებული ინფორმაციის გამეორებასა და დამახსოვრებული ფაქტების ჩამოთვლას არ უნდა ემყარებოდეს.
მაგალითად, ისტორიის გაკვეთილზე მოსწავლეს შეიძლება დაევალოს კონკრეტული ისტორიული მოვლენის მიზეზებისა და შედეგების გაანალიზება და საკუთარი დასკვნების წარმოდგენა. საბუნებისმეტყველო საგნებში - დაკვირვების საფუძველზე კვლევითი ანგარიშის მომზადება. მათემატიკაში კი - რეალურ ცხოვრებისეულ სიტუაციასთან დაკავშირებული ამოცანის ამოხსნა და გამოყენებული მეთოდის დასაბუთება.
ახალი მოთხოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია შეფასების გამჭვირვალობა. ბრძანების მიხედვით, შემაჯამებელი დავალების ვალიდურობისა და ობიექტურობის უზრუნველსაყოფად, მასწავლებელმა წინასწარ უნდა შეიმუშაოს შეფასების კრიტერიუმები, ანუ შეფასების რუბრიკა და დავალების შესრულებამდე გააცნოს ის მოსწავლეებს.
ეს ნიშნავს, რომ მოსწავლემ წინასწარ უნდა იცოდეს, რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს მისი ნამუშევარი და რა კრიტერიუმებით შეაფასებს მას მასწავლებელი. შეფასების რუბრიკა ხელს უნდა უწყობდეს პროცესის გამჭვირვალობას და მოსწავლეს აძლევდეს შესაძლებლობას, დავალებაზე მუშაობის დაწყებამდე იცოდეს, დაახლოებით, რა შედეგებს უნდა მიაღწიოს.
ცვლილებების მიხედვით, საჯარო სკოლებში მოსწავლეთა შეფასება სემესტრის განმავლობაში სამ კომპონენტს დაეფუძნება: მიმდინარე საშინაო დავალებას, მიმდინარე საკლასო დავალებასა და შემაჯამებელ დავალებას. სამივე კომპონენტს თანაბარი წონა ექნება.
რაც შეეხება შემაჯამებელი დავალებების რაოდენობას, V კლასის მეორე სემესტრის, VI კლასისა და საბაზო და საშუალო საფეხურების თითოეული საგნისთვის სკოლამ სასკოლო სასწავლო გეგმით უნდა განსაზღვროს სემესტრის განმავლობაში ჩასატარებელი შემაჯამებელი დავალებების სავალდებულო მინიმალური რაოდენობა. რაოდენობა საგნობრივი თემების მიხედვით უნდა განისაზღვროს.
შესაბამისად, ბრძანება ყველა საგნისა და კლასისთვის ერთიან, ფიქსირებულ რაოდენობას არ ადგენს. ამ საკითხს სკოლები საკუთარი სასწავლო გეგმის ფარგლებში განსაზღვრავენ.
ამასთან, თუ საჯარო სკოლა გადაწყვეტს, რომელიმე საგანში მოსწავლე მხოლოდ შემაჯამებელი დავალებების კომპონენტით შეაფასოს, ამის შესახებ სათანადო დასაბუთება შესაბამის საგანმანათლებლო რესურსცენტრს უნდა წარუდგინოს შესათანხმებლად.
ბრძანება მოსწავლეთა ინტერესების დაცვის მექანიზმსაც ითვალისწინებს. თუ საჯარო სკოლის მოსწავლე გაცდენის გამო რომელიმე შემაჯამებელი დავალების შესრულებას ვერ შეძლებს, სკოლა ვალდებულია, მას გაცდენილი დავალების აღდგენის შესაძლებლობა მისცეს. აღდგენის ვადებსა და ჩატარების ფორმას თავად სკოლა განსაზღვრავს.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლის სემესტრული ქულის გამოთვლისას გათვალისწინებული უნდა იყოს სასწავლო გეგმით განსაზღვრული შემაჯამებელი დავალებების სრული რაოდენობა.
ვრცლად ბრძანებას შეგიძლიათ, საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გაეცნოთ.
თამარ იაკობაშვილი