25 წლის მოდელი, ტილან ბლონდო, რომელიც ექვსი წლის ასაკში "მსოფლიოში ყველაზე ლამაზ გოგონად" აღიარეს, 29 წლის მუსიკოს ბენ ატალზე დაქორწინდა.
წყვილის ქორწილი პარიზში გაიმართა. საქორწინო ცერემონიაზე მეფე-პატარძალი ვინტაჟური Porsche 356 Speedster-ით მივიდა. ბლონდომ ქორწილისთვის Eva Bouskila-ს დახვეწილი, სადა კაბა შეარჩია. ეს იმიჯი მოდელმა გლუვი ვარცხნილობითა და ნეიტრალური მაკიაჟით შეავსო. სიძეს კი ქორწილში კლასიკური, მუქი ლურჯი კოსტიუმი ეცვა.




შეგახსენებთ, რომ ტილან ბლონდომ მოდელად მუშაობა ჯერ კიდევ ხუთი წლის ასაკში დაიწყო. გოგონა მალევე Ralph Lauren-ის, Massimo Dutti-ისა და Pull & Bear-ის ბრენდების სარეკლამო კამპანიებში გადაიღეს. როდესაც ბლონდო შვიდი წლის იყო, ჟურნალ Vogue-ის საბავშვო დამატებამ, Vogue Enfants-მა, იგი "მსოფლიოში ყველაზე ლამაზ გოგონად" დაასახელა.
2023 წლიდან ბლონდო მომღერალ სერჟ გენსბურის შვილიშვილს, მუსიკოსსა და დიჯეის, ბენ ატალს ხვდება. ატალი მსახიობ შარლოტა გენსბურისა და რეჟისორ ივან ატალის ოჯახში დაიბადა. მისი ბებია და ბაბუა კი სერჟ გენსბური და ჯეინ ბირკინი არიან. მოდელის რჩეულმა მას ხელი სამი თვის წინ, საბერძნეთში ერთობლივი დასვენების დროს სთხოვა.




აღსანიშნავია, რომ ტილან ბლონდო ბავშვობიდან სამოდელო სამყაროში ტრიალებდა და მისთვის კამერები, მაკიაჟი და გადაღებები ყოველდღიურობის ნაწილი იყო. ფრანგული Vogue-ის სკანდალური ფოტოსესიის შემდეგ კი, სადაც ბავშვი გამომწვევი ფორმით იყო გადაღებული, მთავარ რედაქტორს კარინ როიტფელდს თანამდებობდა დაატოვებინა და მოდის ინდუსტრიაში ახალი წესები დაამკვიდრა, რადგან პატარა გოგონას ფოტოები მეტისმეტად ვულგარულად მიიჩნიეს. ამ ფოტოების გამო ტილანის დედაც მკაცრად გააკრიტიკეს და ნამდვილი სკანდალი აგორდა.

სკანდალის შემდეგ ტილანის კარიერა კვლავ გაგრძელდა. ჩნდებოდა ტანსაცმლის ბრენდების რეკლამებში და საკმაოდ წარმატებული იყო. მართალია, რამდენიმე წელში სხვა ბავშვს ერგო მსოფლიოს ულამაზესი ბავშვის ტიტული, თუმცა ტილანის კარიერისთვის ამას ხელი არ შეუშლია.

ცოტა რომ წამოიზარდა, მაშინაც აქტიურად ვითარდებოდა მისი კარიერა. მაგრამ მოგვიანებით აღიარა, რომ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა.
მაშინ გოგონა 20 წლის იყო. ინსტაგრამის გამომწერებს საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გაუზიარა და თქვა, რომ პრობლემები ადრეულ ასაკში შეექმნა. აღნიშნა, რომ საკვერცხის კისტის გასკდომის გამო ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. ოპერაციიდან სამი თვის შემდეგ კვლავ დაეწყო მუცლის საშინელი ტკივილი. ის ფიქრობდა, რომ ასე ოპერაციის გამო დაემართა.

მოდელმა დახმარებისთვის არაერთ გინეკოლოგს მიმართა, თუმცა ყველა მათგანმა უთხრა, რომ სანერვიულო არაფერი იყო. ოქტომბერში ტკივილი იმდენად გაძლიერდა, რომ ტილანი იძულებული გახდა, სასწრაფო დახმარება გამოეძახა. როგორც აღმოჩნდა, გოგონას 5,6 სანტიმეტრიანი კისტა ჰქონდა და კვლავ ოპერაცია დასჭირდა, თუმცა ყველაფერი კარგად დასრულდა.
ტილანი სამოდელო კარიერას განაგრძობს და პერიოდულად, მოკლემეტრაჟიან ფილმებშიც ჩნდება.
